Get All Access for $5/mo

ქალები, რომლებიც რეგიონებში ცოდნას ავრცელებენ გაიცანით პროგრამა YES-GEORGIA-ს ახალგაზრდა მეწარმეები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს ასევე დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი".

პროგრამა YES-Georgia მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნესტრენინგების, მენტორობისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება როგორც დამწყებ მეწარმეებს, ისე პროფესიონალებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამამ მოიცვა 4000-ზე მეტი ახალგაზრდა, მათ შორის 260-ზე მეტმა დაამუშავა ბიზნესგეგმა, 86-მა კი შეძლო მიეღო თანადაფინასება და უზრუნველეყო თავისი ბიზნესიდეის ბიზნესმოდელად გადაქცევა.

Entrepreneur პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შექმნილი "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" სამ ბენეფიციარს გაესაუბრა. სამივე გოგონა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთ მისიას ემსახურება ‒ გახადოს განათლება ხელმისაწვდომი და შექმნას სივრცე, სადაც მოზარდთა განვითარებისთვის საჭირო რესურსები იქმნება.

ხატია მიქავა – "ხატიას სკოლა"

ხატიამ სასწავლო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაიაზრა, რომ ეს საქმე ყველაზე მეტად აბედნიერებდა. როგორც ამბობს, უდიდესი პასუხისმგებლობისა და გამოწვევისათვის მზად იყო, YES GEORGIA-ს ფარგლებში მიღებულმა დაფინანსებამ კი მიზანი რეალობად გადაუქცია. ხატიას 18 წლის ასაკიდან წარმატებულ ორგანიზაციებში მუშაობის პარალელურად, ჰყავდა მოსწავლეები და რადგან მათთან გატარებული დრო დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, მეგობრის კითხვამ, თუ რატომ არ იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, ხატიას გადააწყვეტინა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის შექმნა განეხორციელებინა: "სიგიჟეს ჰგავდა, მთელი წელი, როცა ახსნა- განმარტება მიწევდა ყველასთვის, რომ მე ეს გამომივიდოდა. მჯეროდა, რომ ყველაფერს შევძლებდი. აპლიკაციის გაგზავნიდან მალევე დამიკავშირდნენ და დაიწყო ტრენინგების ეტაპი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემძინა ბიზნესსფეროში. ასევე, წავედი Erasmus+ ‒ პირველ საერთაშორისო პროექტში და იქიდან დაბრუნებულმა კიდევ უფრო თავდაჯერებულად დავიწყე მუშაობა იდეის განხორციელების პირველ ეტაპზე, რაც ითვალისწინებდა სასწავლო მასალების შედგენას, ბიზნესისთვის ადგილმდებარეობის მოძებნას, საჭირო ნივთების მოძიებას და ა.შ. თითქმის ერთი წელი დასჭირდა ყველაფრის მოგვარებას და 2017 წლის 16 აგვისტოს დავაფუძნე ორგანიზაცია, მივიღე მოსწავლეების პირველი ნაკადი, რაც ჩემდა გასაკვირად, იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდით. ყოველდღე ვიზრდებოდით, ვსწავლობდით და წლიდან წლამდე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა", ‒ ამბობს იგი.

"ხატიას სკოლას" გამოარჩევს თბილი ატმოსფერო, განსაკუთრებული დამოკიდებულებები მოსწავლეებთან, რომელიც ინგლისურთან ერთად უამრავ მნიშვნელოვან უნარს და თვისებას სძენს მათ. ხატიას მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამები მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე. ცენტრში აქვთ ყველა თანამედროვე ტექნიკა და ნივთი, რაც სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდის. როგორც ხატია გვიყვება, სხვა სასწავლო ცენტრებისგან განსხვავებით, ის მიღებას აცხადებს მხოლოდ ერთხელ, წლის დასაწყისში, და ქმნის ჯგუფებს ერთნაირი ცოდნის, დონისა და ასაკობრივი თანხვედრის გათვალისწინებით. წლის განმავლობაში, აკადემიურ ღონისძიებებთან ერთად, ცენტრში აქვთ გასართობი ღონისძიებები, რომელიც დადებითად მოქმედებს ბავშვებზე.

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა ხატიასა და ცენტრის ყოველდღიურობაზეც მოახდინა. სრულად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, გაკკვეთილები ტარდებოდა Zoom-ის აპლიკაციისა და სხვა დამხმარე ონლაინრესურსების საშუალებით: "ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი წიგნის გამოცემა, რომელიც აბიტურიენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მაინც მოვახერხე მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის მიწოდება და ამით როგორც ჩემს, ასევე სხვა უამრავ მოსწავლეს და მასწავლებელს გავუმარტივე დისტანციური სასწავლო პროცესი. ეს არ იყო მარტივი გამოწვევა, რადგან პირველივე თვეს გადავწყვიტე შეღავათი გამეკეთებინა მოსწავლეებისთვის და ამით ძალიან ვამაყობ, რადგან ვიცი, უამრავი მშობლისთვის ეს არსებული წნეხის ოდნავ შემსუბუქება მაინც იყო ფინანსურად. მთელი ეს პერიოდი დავუთმე ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობას და საზაფხულო სკოლისთვის მზადებას", - იხსენებს ხატია.

რენა აჯალოვა − "ლინგუა"

რენამ ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაამთავრა, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი რეგიონური ტრენერია სამეწარმეო მიმართულებით. სასწავლო ცენტრის გახსნის იდეა გაუჩნდა 2012 წელს, როდესაც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა. ზუსტად ამ დროს მიხვდა, რომ მარნეულში არ არსებობდა მოსამზადებელი კურსები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი ქართულ ენაში აბიტურიენტებისთვის. გარდა ამისა, არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ისინი შეისწავლიდნენ 3 სხვადასხვა ენას, შეხვდებოდნენ ერთმანეთს, გაუზიარებდნენ საკუთარ იდეებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სადაც ადგილობრივებს ინტეგრაციის უფრო მეტი საშუალება მიეცემოდათ.

რენამ დასთან ერთად სტუდენტობისას გადაწყვიტა ბიზნესის წამოწყება, თუმცა საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდათ: "თეორიული ცოდნის მიუხედავად, იდეის განხორციელებისას მთავარი

სირთულე პრაქტიკული გამოცდილების არქონა იყო. ყოველ ეტაპზე სხვადასხვა პატარა თუ დიდი დაბრკოლება ჩნდებოდა, მაგრამ ამის გადალახვა ჩვენ შევძელით. გარშემომყოფები არ გვიჯერებდნენ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევდით და ცენტრის მალევე დახურვას ვარაუდობდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ შევძლებდით საკუთარი სამეწარმეო იდეის განხორციელებას და დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლომდე მივიყვანდით ჩვენს საქმეს", − იხსენებს "ლინგუას" დამფუძნებელი.

რენას ოცნების განხორციელებაში "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დაეხმარა. როგორც გვიყვება, პროექტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება: "პროექტის ბენეფიციარობამ

მთავარი როლი შეასრულა ჩემი იდეის რეალიზებაში. 3 თვის განმავლობაში გავიარე ტრენინგკურსები, სადაც მივიღე დიდი გამოცდილება, გამოვიმუშავე ლიდერობის, მართვის, დაგეგმვის უნარ-ჩვევები, შევისწავლე ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა, განვავითარე სამეწარმეო უნარები და თვისებები. YES GEORGIA-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი ბიზნესიდეის განხორციელებაში, მომცა შესაძლებლობა გავაღრმავო ჩემი ცოდნა სამეწარმეო მიმართულებით და გავხდე წარმატებული მეწარმე".

როგორც რენა აღნიშნავს, მათი სასწავლო ცენტრი 3 წელია რაც ფუნქციონირებს და ერთ-ერთი წარმატებული ენების ცენტრია მარნეულში. ცენტრი ორიენტირებულია მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე, იგი მომხმარებლებს სთავაზობს ქართული, ინგლისური და რუსული ენების შესწავლის და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრენინგსემინარებით სხვადასხვა სფეროში, ასევე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.

დისტანციურ სწავლებაზე Covid- 19-ის პირობებში ხატიას მსგავსად რენაც გადავიდა: "გაკვეთილების ონლაინ ჩატარება ჩვენთვის და მომხმარებლისთვის სიახლე იყო, თუმცა ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ გადასვლა ონლაინ სწავლებაზე, მიუხედავად თავიდან არსებული ზოგიერთი სირთულისა. ჩვენი გუნდი, მასწავლებლები, ინტენსიურად მუშაობდნენ კურსების, სასწავლო მასალების ონლაინადაპტირებაზე სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, რამაც საბოლოოდ დადებითი შედეგი მოგვიტანა", − გვიყვება რენა.

გულო აფხაზავა − ქობულეთის ენების ცენტრი KLC

გულომ 2020 წლის მარტში დააფუძნა შპს ქობულეთის ენების ცენტრი KLC − გამორჩეული, მაღალკვალიფიციური, თანამედროვე, განვითარებადი, ინოვაციური მიდგომების მქონე დაწესებულება, სადაც ისწავლება ინგლისური, რუსული, გერმანული და თურქული ენები. საკურორტო ქალაქში აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ უცხო ენა, სამსახურის დასაწყებად ან დაწინაურებისთვის დამსაქმებელი ითხოვს უცხო ენის მინიმალურ კომპეტენციას. დასაქმების დროს კონკურენცია დიდია, ამ დროს კი დამსაქმებელი გადაწყვეტილებას იღებს ენების ცოდნის შესაბამისად. ცენტრში იგეგმება სპეცონლაინ კურსის შექმნა დასაქმებულთათვის, ვისაც არ შეუძლია ენების შემსწავლელ ცენტრში მოსვლა.

როგორც გულო აღნიშნავს, ცენტრის დაარსება მისი მეწარმეობით დაინტერესებას უკავშირდება: "YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში" ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" გავიარე 3-თვიანი ტრენინგ-კურსი ბათუმში. კურსის ბოლოს მსურველებს მოგვცეს შანსი, დაგვეწერა ბიზნესგეგმა და გაგვეტანა დამფინანსებლების წინაშე, სადაც გავიმარჯვე და მოთხოვნილი თანხით ტექნიკის შეძენა შევძელი. ამ პროგრამამ დამარწმუნა, რომ ყველაფერს შევძლებდი. აქ მივიღე განათლება ბიზნესის კუთხით, ასევე გამეზარდა სანაცნობო წრე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ამ პროგრამაში რომ მაპოვნინეს საკუთარი თავი და მისია, რომელსაც მინდა ცხოვრების ბოლომდე გავყვე. სამი სიტყვით რომ გითხრათ, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ბედნიერებაა!"

გულომ ენების ცენტრი რთულ ვითარებაში დააფუძნა − მალე მთელი სამყარო პანდემიამ მოიცვა, თუმცა ახლად შექმნილი ბიზნესისთვის დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობამ დიდი პრობლემები არ წარმოშვა. როგორც დამფუძნებელი იხსენებს, ონლაინ- გაკვეთილები მოსწავლეებს ZOOM-ის გამოყენებით უტარდებოდათ. ყოველი თვის ბოლოს ონლაინგამოცდას ესწრებოდა მშობელი. წარმატებულ მოსწავლეებს ონლაინსერტიფიკატი გადაეცემოდათ. ონლაინსწავლება ცენტრში 15 ივნისს შეჩერდა, ახლა კი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცენტრი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

გულოსთვის უცხო ენების ცენტრი საკუთარი თავის რეალიზებისთვის არსებული სივრცეა. მიზანი, რომლის განხორციელებაშიც პროგრამამ დიდი როლი ითამაშა: "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" არის ჩემთვის დიდი ოჯახი, სადაც ყველა გისმენს, გიზიარებენ გამოცდილებას, გგულშემატკივრობენ, ამაყობენ შენით, მუდამ მზად არიან მოგისმინონ და რჩევა მოგცენ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ამ გამოცდილების გარეშე არ ვიქნებოდი მე, როგორც წარმატებული ქალი მეწარმე," − ამბობს გულო.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე