Get All Access for $5/mo

ქართული ბრენდი ''მერაკი'' - როგორ ვაქციოთ მომხმარებლები მეგობრებად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დღესდღეობით, ის, თუ რა გაცვია, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტილი. ადამიანებისთვის ეს ხშირად ღირებულებებისა და იდენტობის განმსაზღვრელია და ძალიან ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ხარ", სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ქართული ბრენდი "მერაკი".

"მერაკი" წარმოადგენს ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას, რომელშიც თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული. როგორ გაჩნდა "მერაკის" იდეა და რას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით, Entrepreneur ბრენდის დამფუძნებელს, ანუკა გვენცაძეს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა "მერაკის" იდეა? რა იყო ძირითადი ინსპირაცია?

"მერაკი" არის შინ, მთელი გულით დაწყებული საქმე. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველად, მე და ბებიაჩემმა ჩანთები ხელით შევკერეთ. ბავშვობიდან მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა და შემექმნა, რასაც თავად ჩავიცვამდი ან ვატარებდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ, როდესაც პირველ პროდუქტებს ვქმნიდით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 4 წლის შემდეგ აქ ვიქნებოდი და მთელ ჩემს ენერგიასა და რესურსს MERAKI-ის განვითარებაში ჩავდებდი. MERAKI-იმ პირველი ნაბიჯები მაშინ გადადგა, როცა ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბრენდების რაოდენობა და მათ მიმართ ინტერესი არც ისე დიდი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაშინ ზუსტად გამოვიცანით რა სურდათ მომხმარებლებს და ისე განვითარდა მოვლენები, რომ MERAKI-ის პირველი გამოჩენიდან არცერთი წამი არ გავჩერებულვართ და 8 თვეში უკვე იმის რესურსი გვქონდა, რომ პირველი მაღაზია გაგვეხსნა.

ომელ ძირითად ღირებულებაზეა დაფუძნებული კომპანია?

მსურდა შემექმნა ისეთი კომპანია, რომლის მომხმარებელიც სიამოვნებით ვიქნებოდი ვგულისხმობ ხარისხს, მომსახურებას, სტილს, კონცეფციას. არ მინდოდა MERAKI ყოფილიყო ბრენდი, რომელიც მოსწონთ, სურთ, მაგრამ ვერ ყიდულობენ. ამიტომ, წლის განმავლობაში უამრავ კამპანიას ვგეგმავთ ხოლმე იმისთვის, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი და ხვდებოდეს, რომ მათზე ზრუნავენ.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი წარმატება კომპანიისთვის ამ დრომდე?
როდესაც MERAKI-ის წარმატებაზე მეკითხებიან, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, თუმცა, მათ შორის ყველაზე გარდამტეხი ჩვენი პირველი 50%-იანი ქეშბექ-აქცია გახლდათ. დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ვიდრე მაღაზია არ დაიკეტა, მომხმარებლების რიგი არ შეწყვეტილა. რიგი იმდენად დიდი იყო, რომ გამვლელები ვიდეოებსა და ფოტოებს უღებდნენ. ასეთი რიგები მხოლოდ უცხოური ბრენდების მაღაზიებთან მაქვს ნანახი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს მაღაზიასთანაც ვნახავდი. ყველაზე მეტად ის ახარებს ჩვენს გუნდს, რომ ყოველი მომდევნო ქეშბექ-აქცია წინაზე უფრო მასშტაბური და წარმატებულია. ყოველი აქციის შემდეგ, გვგონია, რომ სეთი წარმატებული აქცია აღარ გვექნება, თუმცა ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. ის, რომ უამრავი ერთგული მომხმარებელი გვყავს, არის ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა. ამაზე ღირებული კომპანიას ვერაფერი ექნება.

ამჟამად გყავთ თუ არა ერთგული მომხმარებლები და თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რას აფასებენ თქვენს კომპანიაში ისინი?

მომხმარებლების მიმართ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ბევრი მეგობარი შევიძინეთ წლების განმავლობაში, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და უამრავი ისტორია დავაგროვეთ. მიხარია, რომ ეს დამოკიდებულება ორმხრივია და მომხმარებლებს ბევრჯერ გავუხარებივართ. მაგალითად, ქეშბექ-აქციებზე დაჯდომასაც ვერ ვახერხებთ ხოლმე დილიდან საღამომდე და გარდა იმისა, რომ თბილი სიტყვებით გვაძლიერებენ და გვახალისებენ, ბოლო აქციაზე ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა ნამცხვრები მოგვიტანა. ასევე, "მერაკის" დაბადების დღეზე, 17 ივნისს მომხმარებელი მაღაზიაში ტორტით მოვიდა და ასე მოგვილოცა. ერთხელ, მომხმარებელმა მაღაზიაში ყოფნისას შემთხვევით გაიგო, რომ ჩვენს თანამშრომელს თავი სტკიოდა. არაფერი უთქვამს, ისე შემოუტანა ტკივილგამაყუჩებელი და წყალი. მსგავსი უამრავი ისტორიაა და მსგავსი შემთხვევები ყველაზე დიდი სტიმულის მომცემია. ასეთ დროს ვართ ყველაზე ბედნიერები, რადგან ვხვდებით, რომ რაღაც გამოგვივიდა და ჩვენი კომპანია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ტანსაცმელი, არამედ მის უკან დგას იდეა და ამ იდეას ადამიანები ხედავენ. ალბათ რამდენი მომხმარებელიც გვყავს, ყველას სხვადასხვანაირად ესმის ეს იდეა, თუმცა მგონია, რომ ყველას ერთი ასოციაცია აერთიანებს თითოეულისთვის "მერაკი" ასოცირდება სიფერადესთან და პოზიტიურ ემოციებთან.

რამდენიმე წლის წინ ვგეგმავდი სარეკლამო გადაღებას. მაღაზიაში ვფიქრობდი, რომელი მოდელი გადამეღო და როგორ დავკავშირებოდი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოს. მაღაზიაში შემოვიდნენ ჩვენი მომხმარებლები, რომლებმაც ისე ლამაზად მოირგეს ყველაფერი და ისე მოსწონდათ სამოსი, რომ უცებ მივხვდი ალბათ, ჩვენს მომხმარებელზე უკეთესი მოდელი ვერავინ იქნებოდა, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებთ.

ამ დღის შემდეგ არცერთ გადაღებას არ ჩაუვლია ჩვენი მომხმარებლების გარეშე. ყოველ გადაღებაში მორიგი ახალი მომხმარებელი იღებს მონაწილეობას. როდესაც საჯაროდ დავწერეთ, რომ გვსურდა გადაღებაზე მოგვეწვია ადამიანები, ძალიან ბევრი მსურველი გამოგვეხმაურა. ნელ-ნელა ყველას ვუსრულებთ ამ სურვილს და ჩვენც უბედნიერესები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ თანამშრომლობენ იმ ბრენდთან, რომელიც ასე ძალიან მოსწონთ. გვგონია, რომ ჩვენში მომხმარებელი განსაკუთრებით ასეთ ნიუანსებსა და დამოკიდებულებას აფასებს და ხედავს, მათთან სიახლოვე და კომუნიკაცია უდიდესი დადებითი ემოციებით გვავსებს. აქციებზეც, რიგში დგომის დროს ყოველთვის გავდივართ და ვესაუბრებით მომხმარებლებს, ინფორმაციას ვაწვდით ყველა დეტალზე, რაც აინტერესებთ, ვამხნევებთ, რომ რიგი მალე გავა, უბრალოდ ვესაუბრებით და სიცხეში ცივი სასმლით ვაგრილებთ. მომხმარებლები მაღაზიაში შემოდიან როგორც უცნობები და გადიან, როგორც ჩვენი მეგობრები. ეს ჩემი საყვარელი მომენტია "მერაკის" ისტორიებიდან.

რამდენად დიდი გუნდი დგას "მერაკის" უკან?
"მერაკის" უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ბრენდი. ვაკანსიებსაც არასდროს ვდებდით სპეციალურად განკუთვნილ საიტებზე, არამედ ვაქვეყნებდით სოციალურ გვერდებზე, ისევ და ისევ, ჩვენს სოციუმში. შესაბამისად, გვეხმიანებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე იცნობდნენ ბრენდს, სურდათ ჩვენს გუნდში მუშაობა და ჩვენი ბრენდის განვითარება. არ გვქონდა რაიმე განსაკუთრებული გამოცდილების მოთხოვნა. აპლიკანტებს უნდა დაეწერათ სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურდათ ჩვენთან მუშაობა და სწორედ ამან გამირთულა საქმე ისეთ წერილებს გვწერდნენ ჩვენს კომპანიაზე და ისეთი დიდი სურვილი ჰქონდათ, გამხდარიყვნენ "მერაკის" გუნდის წევრები, თვალებს ვერ ვუჯერებდი, რომ ჩემს კომპანიაში ვინმეს ასე სურდა მუშაობის დაწყება. ვფიქრობ, კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს ის უყვარდეთ და მოსწონდეთ. როდესაც თანამშრომლებს გულწრფელად უნდათ, რომ კომპანია წარმატებული იყოს, ის ბევრად მალე აღწევს წარმატების ახალ-ახალ საფეხურს. მგონია, რომ ისეთი ბრენდისთვის, როგორიც "მერაკია", მნიშვნელოვანია მაღაზიაში შემოსულ მომხარებელს დახვდეს ადამიანი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებული იქნება იმ პროდუქციით, რომელსაც ყიდის, როგორც მომხმარებელი. ვამაყობ, რომ "მერაკის" გუნდი სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმაა ექსპორტზე გასვლა. ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვწერს და იწერს ჩვენს პროდუქციას, თუმცა ეს ძალიან შემთხვევით ხდება. როგორც წესი, თავად გვპოულობენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გვსურს, ოფიციალურად, ჩვენი საიტის დახმარებით შეძლონ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩვენი პროდუქციის გამოწერა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"