Get All Access for $5/mo

"კაუჭი" - პიროვნული ზრდისა და განვითარების ცენტრი რეგიონში მცხოვრებთათვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"რეგიონში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. მჯერა, რომ ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი თაობა იზრდება. რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, პროფესია დამოუკიდებლად აირჩიონ, ლიდერული უნარები შეიძინონ, ემოციური ინტელექტი განივითარონ", - სოფიო შანშაშვილი, "კაუჭის" დამფუძნებელი.

სოფო პერსონალური ქოუჩი და პიროვნული განვითარების ტრენერია დედოფლისწყაროდან. პანდემიის დროს ეს პროფესიები შეისწავლა და როგორც თავად ამბობს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

"მივხვდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პიროვნულ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებოდა. ადამიანების მიმართ ჩემი სიყვარული მიბიძგებს, ვაკეთო ის, რაც სხვებს სარგებელს, ჯადოსნურ და ბედნიერ ცხოვრებას მოუტანს".

სოფიო სოციალურ პროექტებს ახორციელებს. მან აღმოსავლეთ საქართველოში პირველი პიროვნული განვითარების ცენტრი "კაუჭი" დააარსა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხმარება. პროგრამების, ტრენინგებისა და სესიების ფასი მათთვის ხელმისაწვდომია.

"მამაკაცებმა ქალის, როგორც პიროვნების, პატივისცემა უნდა ისწავლონ. ქალებმა ოჯახზე ზრუნვის პარალელურად საყვარელი საქმის კეთება უნდა შეძლონ. სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული დედა სწორი ღირებულებების მქონე შვილს აღზრდის".

2023 წლის იანვარში სოფიოს პიროვნული ზრდის დღიური "აჰა" მომენტი დაიბეჭდა. (ტექნიკებით ფსიქოთერაპიიდან და ქოუჩინგიდან. არსებული სავარჯიშოები ადამიანს დროის გაჩერებაში ეხმარება, რათა აქ და ახლა აიმაღლოს მოტივაცია, აპატიოს, მიიღოს, შეიყვაროს უპირობოდ, დაისახოს და მიაღწიოს მიზნებს.) "აჰამ" უკვე ასობით ადამიანის ცხოვრებაში "გამოანათა".

2022 წლიდან იგი მარტოხელა დედებისთვის უფასო სესიებს ატარებს. სოციალურად დაუცველ ქალებთან, მოზარდებთან მუშაობს ისეთ თემებზე,როგორიცაა ემოციური ინტელექტი, ლიდერობა და პროფორიენტაცია.

"მახსოვს "შეძახილები": ვის რაში სჭირდება შენი ქოუჩინგი, სოფელში ხალხს სხვა საზრუნავი აქვს, ფულს რაში "ყრი", რომ არასწორ ადგილას არასწორ საქმიანობას ვეჭიდებოდი და უამრავი მსგავსი.

გულწრფელად რომ ვთქვა, რამდენჯერმე მქონდა დანებების მცდელობა, მაგრამ ადამიანებიას და ჩემი საქმის სიყვარული ამის უფლებას არ მაძლევდა.

ვიღაცისთვის დღესაც სექტის წევრი ვარ და ვერ იაზრებენ, რისთვის სჭირდებათ განვითარება. "უმაღლესი" დაამთავრა, მშვენიერი სამსახური აქვს და შენ ზრდაზე უნდა ესაუბრო? რა, ოჯახში ვერ გაზარდეს? ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული ამბავია, მაგრამ მჯერა, სწორ გზაზე ვდგავარ და ჩემს საქმიანობას ჯიუტად ვაგრძელებ.

როგორც სოფიო იხსენებს, ადრე ტრენინგებს მხოლოდ თინეიჯერები ესწრებოდნენ. დედები საკუთარი თავისთვის დროს და თუნდაც მცირეოდენ თანხას ვერ იმეტებდნენ. საბედნიეროდ, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და მათაც დაიწყეს საკუთარ თავსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

"მთავარი გამოწვევა ფიზიკური სივრცის არარსებობაა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას. როგორც უოლტ დისნეი იტყოდა, "მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად, მე ვშოულობ ფულს ფილმების შესაქმნელად". ამ საქმიანობას მეც საკუთარი რესურსებით ვუძღვები. ვცდილობ ფული გამოვიმუშაო, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო სკოლის დარბაზში, სკვერსა თუ ონლაინსივრცეში.

თქვენს გულს მოუსმინეთ, საკუთარ ინტუიციასა და ოცნებებს მიჰყევით. მთავარია მიზანი იყოს "სუფთა და ეკოლოგიური". როცა იცი რატომ აკეთებ საქმეს, მაშინ ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავ.

ანტრეპრენერი არის თავის საქმეზე შეყვარებული, "ანთებული" და შეუპოვარი ადამიანი, რომელიც სასარგებლო პროდუქტს თუ მომსახურებას ქმნის. სადაც ადამიანებზე ზრუნვა და სიყვარული მეტია, ვიდრე ფინანსურ მოგებაზე ფიქრი.

ჩემთვის მთავარი ინსპირაცია და მოტივაცია ჩემი შვილები და ადამიანების უზომოდ დიდი სიყვარულია. ალბათ, გარემოზე ზრუნვაც მათ გამო დავიწყე, რათა მეტად უსაფრთხო და ჯანსაღი იყოს".

სოფიო ამბობს, რომ 2024 წლის ბოლომდე 50 უფასო სესიაა დაგეგმილი, რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ქალბატონებისთვის. მზადდება ლიდერობის პროგრამა ქიზიყელი ბავშვებისთვის. დაგეგმილია ფესტივალი და ტრენინგები ქალთა გაძლიერებისთვის. ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის სხვა ქოუჩებისა და ფსიქოლოგების მოწვევა.

"ცოტა შორეულ გეგმად რჩება სივრცის მოძიება და "კაუჭის" ცენტრის გახსნა, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. რაც მთავარია, პროფესიულ განვითარებას ვაგრძელებ და სამყაროს ახალი იდეებისთვის მზადყოფნას ვუცხადებ".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი