Get All Access for $5/mo

ხატია გაბუნია - "Per aspera ad astra"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "ბიმეისონი" ქუჩების კეთილმოწყობის კომპანიაა ქალაქ ხობში. ძალიან უჩვეულოა, როცა ასეთ, ევროპული სტანდარტის საწარმოს ნახავ ხობში და შემდეგ აღმოაჩენ, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი ქალია და სამშენებლო ტექნიკასაც ქალები მართავენ. ხატია გაბუნიას ვთხოვეთ, სამშენებლო ინდუსტრიაში მის მიერ გავლილ გზაზე მოეყოლა.

"ჩემს ამბავში, დარწმუნებული ვარ, ბევრი თავის თავს ამოიცნობს. საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია ოჯახის პასუხისმგებლობები მეტვირთა. ამიტომ სამსახურის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩემთვის.

მაშინ ფოთში არაფერი ხდებოდა. სულ 1 ან 2 კომპანია იყო ბაზარზე, ამიტომ სამუშაოს პოვნა მარტივი არ იყო. პარალელურად, მუდმივად ვცდილობდი სხვადასხვა სასწავლო კურსები გამევლო, თუმცა ბევრი არაფერი მოიძებნებოდა.

სამშენებლო ინდუსტრიაში, იმ დროისთვის ერთ-ერთ ახალბედა სამშენებლო კომპანიაში ოფისის მენეჯერად მუშაობით შევდგი ფეხი. კომპანიის ყველა პროცესი თავიდანვე მაინტერესებდა. მინდოდა მესწავლა. ვეძებდი გამოწვევებს. დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი და ვიმკვიდრებდი თავს სრულიად უცხო გარემოში.

მალე ამავე კომპანიაში ბუღალტერია ჩავიბარე. თუმცა ჩემი ინტერესი, მხოლოდ უშუალოდ ჩემი სამუშაოთი არასოდეს შემოიფარგლებოდა. მუდმივად მხიბლავდა ციფრებს მიღმა ცოცხალი პროცესი.

ბევრი ღამე გამითენებია ოფისში იმის გამო, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. არასდროს მქონია განცდა, რომ სადაც ვმუშაობდი, სხვისი კომპანია იყო. სწორედ ამიტომ ყველაფრის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

ჩემი ზრდა ამ კომპანიასთან ერთად გაგრძელდა 15 წელი. ბევრი პოზიცია შევიცვალე. ბევრი მიმართულებით გამიჩნდა ცოდნა და დამიგროვდა უდიდესი გამოცდილება. ისეთი გამოცდილება, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ. დადგა მომენტი, როცა აღმოვაჩინე, რომ სამშენებლო ინდუსტრია ჩემთვის უკვე ძალიან ნაცნობი იყო".

ხატია გაბუნია ამბობს, რომ კომპანია იმ ადამიანების მიმართ ნდობაზე დაფუძნებით შექმნა, ვის დაქვემდებარებაშიც 15 წელი იმუშავა. თუმცა კომპანიის დაბადება ერთი კონკრეტული მომენტი არაა, ეს ხანგრძლივი პროცესია.

"როცა "ბიმეისონის"დაბადებაზე ვფიქრობ, მახსენდება, რამდენჯერ მიმუშავია წვიმასა და ქარში, საველე პირობებში, ხშირად ფიზიკურად იმისათვის, რომ შემექმნა ის, რაც ჩემს გონებაში არსებობდა - ევროპული სტილისა და ხარისხის საწარმო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიქმნა, იყო ის გუნდი, რომელიც ჩემ გარშემო შეიკრიბა.

არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა გავიაზრე, რომ ღირებულებები, რითიც მე ამ კომპანიის შექმნა დავიწყე, აღარ იყო მხოლოდ ჩემი, არამედ ამ ღირებულებებს გუნდის ყველა წევრი იზიარებდა. თავად იყვნენ შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის დამცველები.

ამ გუნდმა განაპირობა ის, რომ "ბიმეისონი" ორი წლის თავზე წარმატებული კომპანია გახდა. გულახდილად გეტყვით, შედეგებმა ჩემს თავდაპირველ მოლოდინს გადააჭარბა. იმ ისტორიის შემდეგ, რაც მე და კომპანიამ ერთად გამოვიარეთ, "ბიმეისონი" ჩემთვის განსაკუთრებულ კომპანიად დარჩება".

ხატია გაბუნია გვიყვება, რომ, მიუხედავად დიდი წარმატებისა, "ბიმეისონი" ფუნქციონირებას წყვეტს.

"გულდასაწყვეტია, რომ "ბიმეისონის" დასასრული იმავე ადამიანებმა გამოიწვიეს, ვის მიმართ ნდობითაც კომპანია შეიქმნა. მტკივნეულია, როცა არჩევანის წინაშე დგები - გახდე შენი ჩადებული წლებისა და შრომის ტყვე, უარი თქვა შენს ღირებულებებზე ან დარჩე შენი ღირებულებების ერთგული და უარი თქვა შენ მიერ ჩადებულ უზარმაზარ შრომასა და დროზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, ვიცოდი, არაფერია თავისუფლებაზე ფასეული, რადგან თავისუფლების გარეშე ღირებული არაფერი იქმნება."

ჩვენ ვთხოვეთ ხატია გაბუნიას, გაეზიარებინა თავისი მოსაზრება ანტრეპრენერების შესახებ.

"ანტრეპრენერების ისტორიები ყოველთვის წარმატებული სუპერგმირის ისტორიები არაა. ხშირად ეს არის მარცხის, ბევრი მარცხის, ზოგჯერ საკუთარი თავით, ზოგჯერ სხვებით გამოწვეული უამრავი იმედგაცრუების ისტორია. ენტერპრენერი ხომ სწორედ ისაა, ვინც მოძრაობას არასოდეს წყვეტს. ვისთვისაც მარცხი კიბის მორიგი საფეხურია, ვისაც არ ტოვებს უკეთესი მომავლის რწმენა."

ხატიას შორს მიმავალი სამომავლო გეგემები აქვს. რაც მთავარია, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაშორებას არ გეგმავს და გვპირდება, რომ ძალიან მალე თბილისთან ახლოს ახალი, ევროპული სტილის სოფლის მშენებლობას შეუდგება.

"ახალი შემართებით და საუკეთესო გუნდით, თბილისთან ახლოს თანამედროვე, ევროპული სტილის სოფლის მშენებლობის პროექტს ვიწყებ და იმედი მაქვს, ჩემს ხედვას, თანამედროვე სტილის კეთილმოწყობილ ქუჩებზე, ამ პროექტში განვახორციელებ.

პარალელურად, ვგეგმავ დავიწყო მუშაობა დიდ პროექტზე გარემოს დაცვის მიმართულებით. სამყარო შესაძლებლობებით არის სავსე. მთავარია, რომ მათ მიმართ ღიაობა გვქონდეს და ყოველთვის გვწამდეს, რომ მომავალი ყოველთვის უკეთესია".

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი