კოკო შანელი – დიზაინერი, რომელმაც თანამედროვე მოდა განსაზღვრა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კოკო შანელს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ეს სახელი უკვე მრავალი წელია ელეგანტურობასა და თავად მოდის ცნებასთან ასოცირდება, რადგან მისმა დიზაინმა და სტილისადმი რევოლუციურმა მიდგომამ ინდუსტრიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გაბრიელ "კოკო" შანელი 1883 წელს საფრანგეთის ისტორიულ ქალაქ სომიურში დაიბადა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ბავშვობა ობოლთა თავშესაფარში გაატარა. სწორედ იქ ისწავლა კერვა, რამაც მოგვიანებით მისი კარიერა განსაზღვრა.

თავდაპირველად შანელს კაბარეს მომღერლობა სურდა და სხვადასხვა პატარა სცენაზეც გამოდიოდა. ცნობილი მეტსახელი "კოკოც" ერთ-ერთი სიმღერის გამო შეერქვა, რომელსაც ასრულებდა. თუმცა, მომღერლობის ოცნება ბოლომდე ვერ აისრულა და საბოლოოდ მისი ცხოვრება მოდის სამყაროს დაუკავშირდა.

შანელმა კარიერა მკერავად დაიწყო პატარა მაღაზიაში, სადაც პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა. 1910 წელს მან პარიზში, კამბონის ქუჩის №21-ში, თავისი პირველი ქუდების სალონი გახსნა. მისი დიზაინი სიმარტივითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, რისი წყალობითაც სწრაფად მიიპყრო ყურადღება, ხოლო 1913 წელს ბიზნესი გააფართოვა და ტანსაცმლის ხაზიც დაამატა.

1918 წელს შანელმა თავისი სალონი იმავე ქუჩაზე უფრო დიდ სივრცეში გადაიტანა. მჭიდრო კორსეტებისა და უხეში მასალის ნაცვლად, კოკო შანელმა უპირატესობა მიანიჭა კომფორტულ ქსოვილებსა და თავისუფალ, მსუბუქ სილუეტებს. მან გამოიყენა ჯერსის ქსოვილი, რომელიც მანამდე ძირითადად მამაკაცის თეთრეულისთვის გამოიყენებოდა. ამ ნაბიჯით კოკო შანელმა უარი თქვა ტრადიციული მოდის წესებზე და ხელახლა განსაზღვრა ფემინურობის ცნებაც. მის მიერ შექმნილი თითოეული დიზაინი ერთ ძირითად პრინციპზე იდგა – ფორმის, ფუნქციისა და თავისუფლების სინთეზზე. "სიმარტივე ყოველი ჭეშმარიტი ელეგანტურობის მთავარი გასაღებია", – ამბობდა კოკო შანელი. მისი პირადი სტილი ზუსტად ირეკლავდა მის დიზაინერულ ფილოსოფიას: მინიმალისტური, ელეგანტური და კომფორტული.

1921 წელს შანელმა პარფიუმერიაშიც მოახდინა რევოლუცია, როდესაც პარფიუმერ ერნესტ ბოსთან თანამშრომლობით შექმნა ლეგენდარული სუნამო Chanel No. 5. ეს იყო პირველი სუნამო, რომელშიც სინთეზური ნოტები გამოიყენეს. სუნამოს სახელი – Chanel No. 5. – იმის გამო დაერქვა, რომ კოკომ წარდგენილი ნიმუშებიდან სწორედ მეხუთე ვარიანტი აირჩია.

კოკო შანელის კოლექციებში ბევრ ისეთ დიზაინს აღმოვაჩენთ, რომელმაც მოდის ტრენდებს დაუდო საფუძველი. ერთ-ერთი მათგანია "პატარა შავი კაბა" – თანამედროვე გარდერობის შეუცვლელი ნაწილი, ცნობილი როგორც "LBD". პატარა შავი კაბა შანელმა 1926 წელს წარადგინა და ის მომხმარებლებმა მალევე შეიყვარეს მისი უნივერსალურობის გამო. ამერიკულმა Vogue-მ კი შანელის "პატარა შავი კაბა" შეადარა "ფორდის" ავტომობილს, რაც მიანიშნებდა მის თითქმის საყოველთაო პოპულარობაზე. ამავე პერიოდში კოკომ რევოლუცია მოახდინა სამკაულების მიმართულებითაც – მან პოპულარულ ტრენდად აქცია ხელოვნური მარგალიტებისა და ბიჟუტერიის ტარება და ის ძვირფას სამკაულებთან სინთეზით წარმოადგინა, რაც მანამდე მიუღებლად ითვლებოდა.

დიზაინერმა ქალის მოდაში ნამდვილი რევოლუცია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოახდინა. ომმა შეცვალა საზოგადოებრივი ნორმები და ქალებმა ტანსაცმელში მეტი პრაქტიკულობის ძიება დაიწყეს, რასაც შანელმა იდეალურად უპასუხა.

დიდი წარმატების მიუხედავად, შანელმა თავისი სალონის კარები 1939 წელს დახურა, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. სხვა დიზაინერებმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა შანელმა ომის პერიოდი პარიზში, სასტუმრო "რიცში" გაატარა. ამ პერიოდში მას რომანი ჰქონდა გერმანელ ოფიცერ ჰანს გუნთერ ფონ დინკლაგესთან, რის გამოც ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთში კოლაბორაციონიზმშიც დაადანაშაულეს და რამდენიმე წლით შვეიცარიაში გადასახლებამ მოუწია.

პირადი სირთულეების გადალახვის შემდეგ, შანელმა იგრძნო, რომ ვერ შეძლებდა შორიდან ეყურებინა მოდის სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ დროს კრისტიან დიორმა ახალი კოლექცია "New Look" წარადგინა, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში მოდის მოყვარულთა რჩეულად იქცა.

შანელის მაღალი მოდის დიდი დაბრუნების დებიუტი 1953 წელს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფრანგი კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება არ მოჰყოლია, რამდენიმე სეზონის განმავლობაში შანელმა დროსთან ერთად მოიპოვა გავლენა. მან განაახლა თავისი კლასიკური ხელწერა და გადაამუშავა ტვიდის დიზაინი. შანელის ტვიდის კოსტიუმი ახალი თაობისთვის სტატუსის სიმბოლოდ იქცა – ვიწრო ქვედაბოლო და საყელოს გარეშე შეკერილი პიჯაკი, რომელიც გაფორმებული იყო ოქროსფერი ღილებით, დაკერებული ჯიბეებითა და ბოლოში ჩაკერილი ოქროსფერი ჯაჭვით, რაც უზრუნველყოფდა სამოსის იდეალურ დგომას.

1955 წლის თებერვალში შანელმა წარადგინა ლეგენდარული ჩანთა Chanel 2.55 – მხარზე გადასაკიდი ოქროსფერი ჯაჭვით. 1957 წელს მან შექმნა ორფერიანი ფეხსაცმელი – ღია ფერის კორპუსით, რომელიც ვიზუალურად აგრძელებდა ფეხს, და შავი ცხვირით, რომელიც ტერფს უფრო პატარას აჩენდა.

კოკო შანელის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა კინემატოგრაფია. მას უზომოდ უყვარდა კინო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხელოვნების სამყაროს ცნობილ ფიგურებთან, მათ შორის პაბლო პიკასოსა და ჟან კოქტოსთან. შანელი კოქტოსთან სხვადასხვა პროექტზე თანამშრომლობდა, მათ შორის ქმნიდა კოსტიუმებს მისი სპექტაკლებისთვის.

შანელის პირადი ცხოვრებაც არანაკლებ კომპლექსური იყო. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მამაკაცთან, ვესტმინსტერის ჰერცოგთან ურთიერთობამ ის ინგლისურ ტვიდის ქსოვილთან დააახლოვა, რამაც შთააგონა შეექმნა ლეგენდარული შანელის ტვიდის კოსტიუმი – მამაკაცური ელემენტებით, რომელიც ქალურ სილუეტთან იყო შერწყმული.

თავად შანელის ცხოვრების წესი კვებავდა მის იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოყურებოდეს და ეცვას თანამედროვე ქალს. მისი გამხდარი, ანდროგენული ფიგურა და მოკლედ შეჭრილი თმა იმდროინდელი სტილის განმსაზღვრელ დეტალად იქცა. "იმისათვის, რომ იყოთ შეუცვლელი, ყოველთვის განსხვავებული უნდა იყოთ", – ამბობდა შანელი.

კოკო შანელი 1971 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ასისტენტებმა განაგრძეს კოლექციების შექმნა, სანამ 1983 წელს კარლ ლაგერფელდმა არ გადაიბარა ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლი.

ლაგერფელდის დიზაინში გაერთიანებული იყო კოკო შანელისთვის დამახასიათებელი დეტალები: ტვიდის ქსოვილები, ფერები, ოქროს ჯაჭვები და საკულტო ორმაგი "C" ლოგო, რაც მოწმობს გაბრიელ შანელის წვლილის მნიშვნელობას მეოცე საუკუნის მოდაში.

შანელის მოდის სახლისთვის დღემდე ამოსავალი წერტილია ის ხელწერა და კოდები, რომლებიც კოკო შანელმა შექმნა. თავისი რევოლუციური მიდგომებით კოკო შანელი მოდის ისტორიაში არა მხოლოდ გენიალურ დიზაინერად ჩაიწერა, არამედ ნოვატორად, რომელმაც მთელი ინდუსტრიის გეზი განსაზღვრა.