ლავანდების პლანტაცია და არომაპროდუქტები - გაიცანით "ტოტოს ლავანდების" ბრენდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ტოტოს ლავანდების" შექმნის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე არომაპროდუქტების წარმოების დანერგვა და ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის განსხვავებული სანახაობის შექმნა გახლდათ. თავად ეს იდეა საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან მოდის, სადაც საკმაოდ გავრცელებულია ლავანდის პლანტაციების გაშენება და მისგან არომაპროდუქტების წარმოება.
"სულ ვფიქრობდი, მქონოდა ლავანდის ბაღი. ყველაფერი აგარაკიდან დაიწყო, სადაც ეზოში დეკორატიული დანიშნულებით მრავლად გვაქვს ლავანდა დარგული. პანდემიის პერიოდში მომეცა იმის დრო, რომ შემესწავლა ეს მცენარე. რამდენიმე თვე მოვანდომე მის შესახებ კვლევას, აღმოვაჩინე, რომ თურმე ლავანდის 450-ზე მეტი სახეობა არსებობს. შევისწავლე თითქმის ასი სახეობა, რომელსაც პროდუქციის წარმოებაში იყენებენ და ასე მივაგენი ამ ბრიტანულ ჯიშს, რომელიც ევროპიდან ჩამოვიტანე.
ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სახეობა გვაქვს გაშენებული, მაგრამ რამდენიმე სახეობაზე კიდევ ვფიქრობ. ჩამოვიტანე მცირე რაოდენობა, გავაშენე ერთ ზოლად და ასე ვთქვათ, დავაკვირდი, როგორ გაიხარებდა იმ პირობებში, სადაც მის გაშენებას ვაპირებდი. გაამართლა, გაიხარა და ასე დავიწყე ამ იდეის განხორციელება. შემდეგ თვითონ გამოვიყვანეთ ნერგები, გავამრავლეთ ეს ჯიში და დავიწყეთ ნელ-ნელა მიწის ათვისება. 2022 წლის ბოლოს უკვე ეთერზეთის გამოხდასაც შევუდექით", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს "ტოტოს ლავანდების" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო სანიკიძე.
ამჟამად კომპანია აწარმოებს ისეთ არომაპროდუქტებსა და თავის მოვლის საშუალებებს, როგორიცაა: ლავანდის ეთერზეთი, ლავანდის ჰიდროზოლი, თვალის ბალიშები, აბაზანის მინერალური მარილები, მასაჟისთვის განკუთვნილი ზეთი, სურნელოვანი სანთელი და ლავანდისა და წიპწის ზეთის როლერი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისა და ძილის მოწესრიგებისთვის. სულ ახლახან ბრენდმა სხეულის დამატენიანებელი სკრაბიც დაამატა. როგორც ნინო სანიკიძე აღნიშნავს, ლავანდა გამოირჩევა ბუნებრივად სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით, რაც საშუალებას აძლევს, ეტაპობრივად გაზარდოს პროდუქტის ასორტიმენტი და მუდამ სიახლეები შესთავაზოს მომხმარებლებს.
"ჩვენი ერთ-ერთი დამატებითი მიმართულება ლავანდის ნერგების გამოყვანაა. 2023 წლიდან დავიწყეთ ადგილზე ვიზიტორების მიღება, რამაც
დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლების მხრიდან. მათ ადგილზე ხვდებათ მაღაზია-სახელოსნო, სადაც ლავანდის პროდუქცია მზადდება. ასევე აქვთ საშუალება, შეიძინონ ჩვენი წარმოებული პროდუქტები, ნერგები და ლავანდის ბაღში სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ .
ამ ეტაპზე ვაფართოებთ ლავანდის ბაღს. უახლოეს გეგმაში გვაქვს, მოვაწყოთ მოსასვენებელი ადგილები ვიზიტორებისთვის, გავაფართოოთ პროდუქციის წარმოება და გავზარდოთ ასორტიმენტი. ასევე, გვსურს, ადგილზე მოსულ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა: ფოტოგადაღება, მასტერკლასები და სხვ. ამას გარდა, ლავანდების გარემოში მოეწყობა სივრცე სხვადასხვა ღონისძიებისთვის", - აღნიშნავს "ტოტოს ლავანდების" დამფუძნებელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც ნინო სანიკიძეს დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობისას შეხვდა, უნდა აღინიშნოს, რომ "ტოტოს ლავანდების" კომპანია პანდემიის პერიოდში დააფუძნა. საქმის წამოწყება გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა დამფუძნებლისთვის, ვინაიდან გამოცდილება სრულიად სხვა სფეროში ჰქონდა მიღებული. პანდემიის გამო კი, საფრანგეთსა და ბრიტანეთში დაგეგმილი სასწავლო და პრაქტიკული ვიზიტები გაუუქმდა და ამ საქმის შესწავლამ დისტანციურად მოუწია. გარდა ამისა, ერთ-ერთ გამოწვევას კომპეტენტური გუნდის წევრების მოძიებაც წარმოადგენდა. ვინაიდან ეს მიმართულება ქართული ბაზრისთვის ახალია, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებსაც ამ სფეროში საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. თუმცა ნინო სანიკიძისთვის გამოწვევები ახალი უნარების შესწავლის შესაძლებლობა გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, დამოუკიდებლად საქმის წარმოება გაძლევს საშუალებას, შენებურად მართო სხვადასხვა პროცესი და საკუთარ თავს მისცე შეცდომებისა და ექსპერიმენტების უფლება, ვინაიდან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან თავად შენ ხარ პასუხისმგებელი.
"ვფიქრობ, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიახლეებისა და დაცემის და მუდმივად მზადაა, ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით გაუძღვეს. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, ყოველთვის ვეუბნები - "აუცილებლად სცადე", თუ არაფერს მოიმოქმედებ, შედეგი ყოველთვის იქნება ნული. იყავი მზად იმისთვის, რომ რაღაცები შეიძლება არ გამოვიდეს, მთავარია, ძალისხმევა არ დაიშურო. უნდა ისწავლო პატარა შედეგებით ტკბობა და სულ მზად იყო სიახლეებისთვის", - აღნიშნავს ნინო სანიკიძე.