Cyber Week Sale! 50% Off All Access

"ლილისი" - ბუტიკური სტილის საკონდიტროდ ქცეული სტარტაპი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული ტკბილეულის ბრენდი "ლილისი" მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მრავალფეროვან, უგემრიელეს და 100%-ით ნატურალურ პროდუქციას. იგი საუკეთესო რამ არის, როდესაც არ იცი, თუ როგორ გაახარო საყვარელი ადამიანები. აღსანიშნავია ისიც, რომ "ლილისი" მუდმივად ცდილობს მომხმარებლის სასიამოვნო სიახლეებით განებივრებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, რაზეც სულ ახლახან გახსნილი ფილიალიც მეტყველებს. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ ბუტიკური სტილის საკონდიტრო "ლილისი", რომლის შექმნის ისტორია ბავშვობის მონატრებასა და გემოებს უკავშირდება. საკონდიტროს სამი დამფუძნებელი ჰყავს: ლიკა (ლილი) ხუნწარია, ქეთევან ხუნწარია და მერი ყვავილაშვილი.

ლიკა (ლილი) ხუნწარია პროდუქციის წარმოების მართვასა და კომერციას ხელმძღვანელობს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად დატვირთული ცხოვრებისა, პერიოდულად ცდილობდა ბებოს რეცეპტების რვეულიდან გემრიელობების მომზადებას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. "ზიზი ბებო გასული საუკუნის 80-იან წლებში, ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი კონდიტერი იყო. მისი საქორწილო ,,გედებიანი ტორტის" გემო დღესაც ახსოვთ იმ თაობის წარმომადგენლებს. ბებოს მიერ დატოვებული ნოსტალგიური რეცეპტების რვეული გახდა ჩვენი სტარტაპის ინსპირაციის წყარო".

ლიკას აზრით, როცა ოცნება რეალისტურია, ყველას შეუძლია დაისახოს მიზანი და დროის გარკვეულ პერიოდში საყვარელ საქმიანობად აქციოს. "ამის ნათელი მაგალითი აბაშიძის ფილიალის აწყობის პროცესშიც ვნახეთ. ახალი ფილიალი ჯერ ერთი თვეც არ არის რაც გავხსენით, ი.აბაშიძის 9-ში. დიდხანს ვემზადებოდით და ბევრი ემოცია დავახარჯეთ მას. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ჩვენი ფილიალის გახსნაში, არიან ჩვენი მეგობრები, რომლებსაც, თითოეულს საკუთარი პატარა სტარტაპი აქვს: ინტერიერის დიზაინერები, ავეჯი, დეკორაციები; ასევე, ჩვენი მეგობრის წამოწყებაა Light Life Studio, რომლის სანათმა საოცარი სითბო შემოიტანა ინტერიერში; ამ ფოტოსესიისთვის ვიზაჟიც კი ჩვენმა მეგობარმა − ნათია კობახიძემ გაგვიკეთა, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თავის სტარტაპში. ძალიან დიდი სიყვარული დაიხარჯა თითოეულ დეტალში. ვფიქრობ, მომხმარებელი ამას იგრძნობს... ამდენად, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ ვირჩევთ კონკრეტულ საქმიანობას და ის სიყვარულით ვაკეთოთ".

ქეთევან ხუნწარია ფინანსებსა და ბიზნესის განვითარებას უძღვება. მისი თქმით, არაერთი სირთულე ახლდა "ლილისის" გახსნას, თუმცა იგი პანდემიას გამოარჩევს, რომელიც არათუ მხოლოდ მათი საკონდიტროსთვის, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ბიზნესისთვის არაერთი პრობლემის საწინდარი გახდა. "სირთულე იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალსახად ვერ გამოვყოფთ ერთ კონკრეტულს, მაგრამ პანდემია იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ზუსტად მაშინ დაგვემთხვა, როდესაც "ლილისი" ახალი გახსნილი იყო. ამას მოჰყვა ნედლეულის პერიოდული დეფიციტი, მომხმარებლამდე პროდუქციის მიტანის სირთულეები, სრულიად ახალ ბიზნესმოდელზე გადაწყობა კი იყო ერთ-ერთი ძირითადი სირთულე, რომელმაც "გაგვაკაჟა" და საბოლოოდ გაცილებით მიზანსწრაფულები გაგვხადა. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო გუნდი, რომელსაც ვენდობოდი და მჯეროდა ოცნებების ახდენის".

მერი ყვავილაშვილი მასტერკლასებსა და სანქუქებს კურირებს. იგი ამბობს, რომ კომპანია სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რომლებიც კომპანიაში ეტაპობრივად განვითარდა. "ლილისის" ძირითადი მენიუ ტრადიციული ტკბილეულია, რომელსაც 2021 წლიდან მის შვილობილბრენდ − "სანქუქი ლილისისგან" დაემატა. "სანქუქიმ" არსებული ნიშის გაფართოებისა და სადისტრიბუციო არხების ზრდის შესაძლებლობა მოგვცა. ამ მიმართულების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მრავალფეროვანი ასორტიმენტის კორპორაციული სეგმენტისთვის შეთავაზება − როგორც ბრენდირებული ტკბილეულის, ასევე საფურშეტე და საბავშვო ტკბილეულის. ახლახან კი დავიმატეთ სხვადასხვა გულსართის ცომეული და მცირე კაფეტერია − "ნიბლე ლილისისგან", სადაც მომხმარებელს 15-ზე მეტი სახეობის საუზმეს და ლანჩის მენიუს ვთავაზობთ".

აღსანიშნავია ისიც, რომ სამი მეგობარი კვლავ განაგრძობს "ლილისის" განვითარებას და საზოგადოებას სამომავლოდ უფრო მეტ სიახლეს ჰპირდება. საკონდიტრო ამ ეტაპზე უკვე დიდი ცვლილებების პროცესშია, თითოეული ცვლილება კი დიდი გამოწვევაა დამფუძნებლებისთვის, რომელიც განვითარებაში ეხმარებათ და აძლევთ წინსვლის შესაძლებლობას. ამ წლის მთავარი მიზანი კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება გახლავთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში "ლილისი" სასურველი დამსაქმებელი გახდეს, ხოლო სამომავლოდ იგეგმება გაფართოება ფილიალების დამატებისა და ბიზნესის დივერსიფიცირების გზით.