Luciano Agency – ერთ სივრცეში გაერთიანებული მარკეტინგული ეკოსისტემა ბიზნესებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Luciano Agency წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ჭრის ფრაგმენტული მარკეტინგის პრობლემას. კომპანიის თანადამფუძნებლის, ელენე ჯოხაძის თქმით, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც დაინახეს, რომ ბიზნესებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სერვისის სხვადასხვა ადგილას ძიება, რაც არათანმიმდევრულ და არაეფექტურ შედეგს იძლევა.
"ჩვენი მიზანი იყო, ბაზარზე შემოგვეტანა სისტემური მიდგომა, სადაც კლიენტი ერთ სივრცეში იღებს სრულ მარკეტინგულ ეკოსისტემას. ჩვენი ძირითადი სერვისები მოიცავს:
- AI სერვისები – აგენტების, ვორკფლოუების, ჩატბოტების შექმნა, AI ფოტო და ვიდეოკონტენტი ბიზნესის საჭიროებისამებრ;
- სტრატეგიული მარკეტინგი – ბრენდის პოზიციონირება და გაყიდვებზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება;
- ვებსაიტების სტრუქტურირება და შექმნა – ბიზნესზე მორგებული თანამედროვე პლატფორმების აწყობა;
- ბრენდინგი და დიზაინი – კომპანიის უნიკალური ვიზუალური იდენტობის ფორმირება;
- სოციალური მედიის მართვა და კონტენტკრეაცია – უშუალოდ კონტენტის შექმნა (მათ შორის ვიდეოგრაფია) და სარეკლამო კამპანიების ადმინისტრირება.
ჩვენ ზუსტად ამ სერვისების სინთეზს ვიყენებთ. კლიენტს არ უწევს ცალკე ვებდეველოპერის და ცალკე კონტენტკრეატორის ძებნა, ყველაფერს ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს", – ამბობს ელენე ჯოხაძე.
მისი თქმით, მარკეტინგული სააგენტოების ბაზარი უაღრესად კონკურენტულია – ამ სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და ახალი სააგენტოს დაფუძნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარი თითქოს გადაჯერებულია მოთამაშეებით, დიდ გამბედაობას მოითხოვს.
"ბევრს აქვს იდეა, მაგრამ ძალიან ცოტას ჰყოფნის გამბედაობა, გადადგას რეალური ნაბიჯები, შეკრას გუნდი, შექმნას მართვის სისტემები და უშუალოდ დაუპირისპირდეს გამოწვევებს. მე და ჩემს პარტნიორებს ეს რისკის გაწევის უნარი და სტრატეგიული გათვლა აღმოგვაჩნდა", – აღნიშნავს ის.
კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის მოპოვება და შიდა საოპერაციო სისტემების სრულყოფილად გამართვა იყო.
"როდესაც ბაზარზე ახალი შემოდიხარ, აუცილებელია აჩვენო მაღალი კომპეტენცია და ავტორიტეტი. თავდაპირველად რთული ჩანდა კრეატიული პროცესებისა და მკაცრი მენეჯმენტის ერთმანეთთან სინქრონიზაცია. თუმცა, დისციპლინით და დაუღალავი შრომით შევძელით ასეთი სტრუქტურის შექმნა".
ელენე ჯოხაძე აღნიშნავს, რომ როგორც სააგენტოს დამფუძნებლებს, ასაკობრივ სტერეოტიპებთან მოუწიათ შეჯახებამ, რადგან ხშირად საზოგადოებას უჭირს ახალგაზრდა, ენერგიული პროფესიონალების უკან სერიოზული გამოცდილებისა და კომპეტენციის დანახვა.
"ჩვენი სააგენტო სრულად გამორიცხავს ნებისმიერ წინასწარგანწყობას, ჩვენ ვაფასებთ მხოლოდ კომპეტენციას, დისციპლინასა და საქმისადმი ერთგულებას, რადგან პროფესიონალიზმს არ აქვს სქესი ან სხვა მახასიათებელი".
მას დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ ყველაფრის საძირკველია დისციპლინა, ემოციების მართვა და სტრატეგიული აზროვნება.
"ვისწავლე, რომ არ უნდა ელოდო იდეალურ მომენტს, ის უნდა შექმნა. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი: ააშენეთ მყარი სისტემები. ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ ბიზნესს სტრუქტურა და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები სჭირდება.
ქალებსა და გოგონებს, რომლებიც თავს იკავებენ, ვურჩევდი: ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად საკუთარ გონებაში არსებული შიშია. არ მისცეთ საზოგადოების მოლოდინებს უფლება, გააქროს თქვენში ამბიციები. დაიწყეთ მოქმედება და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს მომავალზე", – ამბობს ელენე ჯოხაძე.
მისი განმარტებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები მხოლოდ დაბრკოლებას ამჩნევენ; რომელსაც აქვს ხედვა და ჰყოფნის ნებისყოფა, ეს ხედვა რეალობად აქციოს.
"ანტრეპრენერობა არ არის უბრალოდ კომპანიის ფლობა; ეს არის მუდმივი პრობლემების გადაჭრის პროცესი, რისკების გააზრებულად მართვა, გუნდის ლიდერობა და ისეთი ღირებულების შექმნა, რომელიც ბაზარზე ცვლილებებს იწვევს".
კომპანიის თანადამფუძნებლის ინსპირაციის წყარო მუდმივი პიროვნული და პროფესიული ზრდის პროცესია.
"როდესაც ხედავ, თუ როგორ იქცევა შენი სტრატეგიული გათვლები კლიენტის რეალურ წარმატებად და როგორ ვითარდება შენი შექმნილი ბრენდი ნულიდან, ეს უდიდესი მოტივაციაა. ასევე, ინსპირაციას ვიღებ თავად შენების პროცესიდან, იდეის აღებიდან, მისი დამუშავებიდან და საბოლოო, მყარი სტრუქტურის მიღებიდან. ძლიერი გუნდისა და კლიენტების ბაზის შექმნა მაძლევს ენერგიას, რომ არასდროს გავჩერდე მიღწეულზე", – აღნიშნავს ის.
ელენე ჯოხაძე ამბობს, რომ სამომავლო განვითარების ხედვაა, Luciano Agency იქცეს ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და შედეგებზე ორიენტირებულ სააგენტოდ, რომელიც ასოცირდება პრემიუმ ხარისხსა და ინოვაციურ მიდგომებთან.
"უახლოესი 1 წლის გეგმაში შედის: სააგენტოს შიდა საოპერაციო პროცესების კიდევ უფრო დახვეწა და ავტომატიზაცია. კლიენტების პორტფელის გაფართოება ახალი, მასშტაბური ბიზნესებით და მათთვის სრულფასოვანი მარკეტინგული მომსახურების (მათ შორის, კომპლექსური ვებპლატფორმების) შექმნა. ასევე, გეგმაში გვაქვს გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი ტალანტების მოზიდვა.
ზოგადი მიზანია, მუდმივად ვზრდიდეთ ჩვენი სერვისების სტანდარტს და ვქმნიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც კლიენტებისთვის უდავო ავტორიტეტსა და ლიდერობას უზრუნველყოფს თავიანთ ინდუსტრიებში", – ამბობს ელენე ჯოხაძე, Luciano Agency-ს თანადამფუძნებელი.