Get All Access for $5/mo

MADAM WINE ქალების ღვინო ქალებისთვის ანტრეპრენერი 50+

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

მანანა ახვლედიანი 50 წელს გადაცილებული იყო, როცა ერთ დღეს წარმატებულ კარიერას გამოემშვიდობა. მცირე დანაზოგით, ბებიის დანატოვარი უნიკალური სამკაულების გაყიდვით მიღებული თანხით, ღვინის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. ის არც საკუთარ ქარხანას ფლობს, არც ვენახებს. ღვინოს კი უკვე მეოთხე წელია, აწარმოებს. პირველი ბოთლი 2015 წლის დეკემბერში ჩამოასხა და 2016 წლის იანვარში ექსპორტზე გაიტანა ესტონეთში, ბრენდს კი Madam Wine უწოდა. Madam Wine-ის საექსპორტო რუკა ყოველწლიურად ფართოვდება: პოლონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, ინგლისი. ქვეყანა, სადაც ექსპორტზე პრინციპულ უარს ამბობენ (თუმცა, შემოთავაზებები ბლომადაა), რუსეთია, გასაგები მიზეზების გამო. მანანა ღვინოს სპეციალურად ქალებისთვის აწარმოებს.

"ღვინის კომპანიაში სრულიად შემთხვევით, 2003 წელს მოვხვდი. ერთჯერადი პროექტის შემდეგ სამსახური შემომთავაზეს და დავრჩი. ექსპორტის დოკუმენტაციის ადმინისტრირებას ვაკეთებდი. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპანიებში ცნება "მარკეტინგი" და პროდუქციის რეკლამირება ძალიან ბუნდოვანი თემა იყო. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ღვინო", – იხსენებს მანანა ახვლედიანი, "მიმაჩნია, რომ უნდა იცოდე, რას ყიდი".

მეღვინეებთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, უამრავ ტრენინგს ესწრებოდა. მალევე სომელიეს სერტიფიკატი მიიღო. დადიოდა გამოფენებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას ამყარებდა. ამასობაში 15 წელი გავიდა და უკვე მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თითქოს ყველაფერი ჰქონდა: კარგი ანაზღაურება, სტაბილური, მშვიდი ცხოვრება, თუმცა როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ფერადოვნება გაქრა. "ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გახდა", − იხსენებს მანანა, − "გარკვეულ მომენტში გავაცნობიერე, რომ სიახლე მჭირდებოდა". მიუხედავად იმისა, რომ 50 წელს გადაცილებული ვიყავი, სამსახურის დატოვება გადავწყვიტე".

მანანას გადაწყვეტილებამ კომპანიის მენეჯმენტი გააოცა. თავდაპირველად იფიქრეს, რომ თანამშრომელს რაიმე აწყენინეს, შვებულებაც შესთავაზეს. თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო. რაც მთავარია, ახლობლების მხარდაჭერა ჰქონდა. "მათ მხარი რომ არ აებათ, ალბათ ვერ გავბედავდი", – იხსენებს მანანა.

კარგად ხვდებოდა, რომ დადგა დრო, მთელი ენერგია საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე მიემართა.

ასე იქცა წარმატებული მენეჯერი მეღვინე ქალად. საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, რომ Madam Wine-ის ბრენდზე, ექსპორტზე, ტექნოლოგიასა და პარტნიორების მოძიებაზე დამოუკიდებლად ემუშავა.

"კომპანიის დამფუძნებელიც მე ვარ, დირექტორიც, ხანდახან – დამლაგებელიც". Madam Wine-ს სულ რაღაც 4 თანამშრომელი ჰყავს: მეღვინე, მენეჯერი, ბუღალტერი და თავად იდეის ავტორი.

ბრენდის კონცეფციაზე დიდხანს ფიქრობდა. სამსახურიდან წამოსვლის დროს კი უკვე იცოდა, რომ ღვინის ბაზარზე ცარიელი ნიშა უნდა აეთვისებინა: ნაწარმი ქალებისთვის უნდა შეექმნა. "ჩემი მიზანი იყო, ღვინის შესახებ რაც შეიძლება მეტი ქალბატონისა და ახალგაზრდისთვის გამეზიარებინა დაგროვილი ცოდნა. მინდოდა, ახალგაზრდა თაობას არჩევანი არა ენერგეტიკული სასმელების, არამედ ჭიქა ღვინის სასარგებლოდ გაეკეთებინა".

ამ ეტაპზე ანტრეპრენერი 5 ტიპის ღვინოს აწარმოებს:

"სავარდო-როზე"− ნახევრადმშრალი, ვარდისფერი ღვინოა, რომელიც 3 ჯიშის ყურძნისგან მზადდება: სირა, მონტეპულჩიანო და კაბერნე სოვინიონი. როზე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. გაყიდვების ყველაზე დიდი წილი სწორედ მასზე მოდის.

"სამაისო" (Lovely Woman) − წითელი ნახევრადტკბილი ღვინოა;

"სადიასახლისო" (Housewife) − წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც დიასახლისებს საშუალებას მისცემს, ამ ღვინით განსაკუთრებული კერძი მოამზადონ.

"დალოცვილი კახური" (Kakhuri) − მშრალი წითელი ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. იგი უფრო სასაჩუქრეა. "დალოცვილი კახური მაგ ტუჩების ფერია", − აწერია ეტიკეტს.

"სახალისო" (Coquette) − წითელი ნახევრადმშრალი ღვინოა, რომელიც საფერავის, თავკვერისა და კაბერნეს კუპაჟია და გათვლილია კოქტეილისთვის. იგი მეტად ხალისიანი ღვინოა, ამიტომ არის "სახალისო" .

მეღვინეობა საკუთარი ვენახისა და წარმოების გარეშე

მანანა ახვლედიანის Madam Wine-ი თანამედროვე ქართული მეღვინეობის სტანდარტულ ბიზნესმოდელში არ ჯდება. მანანას არც კი უფიქრია, საკუთარი ვენახი გაეშენებინა, ან საწარმოს მშენებლობაში დაეხარჯა მთელი დანაზოგი. ღვინის წარმოებაში მიღებულმა გამოცდილებამ მიახვედრა, რომ საწყის ეტაპზე, მსგავსი ტიპის საქმიანობის წამოწყებისას დიდი ხარჯის გაწევა წარმატების შანსს თითქმის უნულებდა.

"საქართველოში ამ ბიზნესს ბევრი არასწორად უყურებს. ჯერ კიდევ მაშინ როცა არ ჰყავთ სტაბილური კლიენტი, პარტნიორი, ყიდულობენ ან აშენებენ ქარხნებს, ხარჯავენ ძალიან დიდ თანხას, და მხოლოდ შემდეგ იწყებენ პარტნიორის მოძიებას. ეს საკმაოდ დიდ შრომას და დროს მოითხოვს, ბოლოს კი მძიმე კრიზისში ვარდებიან და იწყებენ ბიზნესის გაყიდვას. მე ბოლოდან დავიწყე: ჯერ მოვიძიე პარტნიორი და კიდევ ბევრს ვშრომობ ამისათვის, ხოლო სტაბილური შემოსავლის შემდეგ დავიწყებ საკუთარი მცირე ქარხნის მშენებლობას, თუმცა ინვესტორის თანამონაწილეობასაც არ გამოვრიცხავ".

თელავში არსებულ ღვინის ქარხანასთან იჯარის ხელშეკრულება გააფორმა, დაიქირავა მეღვინე და კახეთის სოფლებს დაუარა. ჯერ კიდევ რთველის დაწყებამდე, მას სოფლიდან სოფელში, ვენახიდან ვენახში მოსიარულეს ნახავთ. თითოეული მევენახის ყურძენს სწავლობს და ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას. არ ჰყავს სტაბილური კონტრაქტორი მომწოდებელი, რადგან მთავარი ყურძნის ხარისხია.

მეღვინესთან ერთად შერჩეული ყურძენი ქარხანაში მიაქვს. სულ 4 საათი აქვს − რთველის შემდეგ, ნებისმიერი ჯიშს მაქსიმუმ 4-საათიანი სასიცოცხლო ფაზა აქვს, სანამ ფერმენტაციის პროცესი დაიწყებოდეს და ყურძენი საუკეთესო თვისებებს დაკარგავდეს. დაწურული სითხე ქარხანაშივე ღვინდება და ინახება. ადგილზე მიმდინარეობს ჩამოსხმის პროცესი.

საქართველოში ჩატარებულ ღვინის გამოფენაზე პირველმა წარმატებამ სტიმული მისცა, წარმოება კიდევ უფრო განევითარებინა. სოციალური ქსელები და გამოფენები Madam Wine-ის ძირითადი მარკეტინგული აქტივობაა. მათი მეშვეობით აცნობს ნაწარმს ღვინის სპეციალისტებს, დეგუსტატორებს, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. სწორედ გამოფენებზე ჩნდება ახალ ქვეყანაში შესვლის პერსპექტივები. ქართულ ბაზარზე მანანას მიერ წარმოებული ღვინის მცირე პროცენტი ხვდება. ბრენდი შესულია ღვინის მაღაზიათა ქსელში "ზე ღვინო", გუდაურის სასტუმროებში და ბათუმში არსებულ რამდენიმე რესტორანში.

მანანა ბრენდის სოციალურ მედიასა და ვებგვერდს თავად მართავს. ვებგვერდი www.madamwine.ge EBRD-ის დაფინანსებით შექმნა.

საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენცია

2 წლის განმავლობაში, Madam Wine-ის სახელით, 6 ათასი ბოთლი ჩამოისხა და ქვეყნიდან საექსპორტოდ გავიდა. ღვინის ექსპორტი, ბევრი სხვა ადგილობრივი პროდუქციისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივია. მანანა ღვინოს ISO-სა და HACCP-ის სტანდარტის მქონე ქარხანაში აწარმოებს. თითოეული პარტიიდან ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე არსებულ "ღვინის ლაბორატორიაში" მიდის, სადაც ხარისხი მოწმდება, შემდეგ პროდუქცია ხვდება ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიაში. კომისიის წარმატებულად გავლის შემდეგ, გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი.

"ევროპულ ბაზარზე საბაჟო გადასახადის გაუქმებამ საშუალება მოგვცა იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ ღვინის სახეობებს კონკურენცია გავუწიოთ − როგორც ხარისხით, ისე ფასით".

Madam Wine-ის პროდუქცია ქარხნული წარმოების ევროპული ღვინოა. მანანა ყურძენს საქართველოში ყიდულობს, ხოლო ბოთლი, საცობი, ჩაჩი და ეტიკეტი ევროპიდან შემოაქვს. "ბოთლს საფრანგეთში ვყიდულობ, საცობს − პორტუგალიაში, ეტიკეტს კი უკრაინაში ვამზადებინებ. პრემიუმკლასის ღვინოს ვაწარმოებ. შესაბამისად, ყველა კომპონენტი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. საქართველოში მინის ტარის წარმოება არ ხორციელდება. რაც შეეხება ეტიკეტებს – ბევრი სტამბაა, თუმცა არაერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც შეკვეთა სულ სხვა იყო და შედეგი სხვა. ხან ქაღალდის ხარისხი არ მომეწონა, ხან ფერი. უკრაინულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. მათ დიზაინერს ჩემს იდეებს ვუზიარებ, ის კი ეტიკეტს ჩემი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით ქმნის".

12 ქართველი მეღვინე ქალი ევროპულ ბაზარზე

მანანა ახვლედიანის მთელი ყურადღება ახლა 23-24 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზეა მიპყრობილი. გაზაფხულზე ნიდერლანდებში ქალ მეღვინეთა გამოფენა იმართება. უცხოელი პარტნიორებისგან სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ გამოფენა ქართველი ქალი მეღვინეების გარეშე დაიგეგმა. როგორც ღვინის სამშობლოს წარმომადგენელს შეეფერებოდა, გამოფენის ორგანიზატორებს დაუკავშირდა და ქართული მეღვინეობის უძველესი ისტორიის შესახებ უამრავი მასალა გადაუგზავნა.

"ორგანიზატორი საქართველოში დავპატიჟე. 3 დღით გვეწვია, აქაურობით მოიხიბლა. დიდი ქარხნებიც ვაჩვენეთ და პატარა წარმოებებიც. გაოცებული დარჩა. გამგზავრების წინ კი მითხრა: "ფრანგულმა ღვინომ თავისი ისტორია უკვე მოგვიყვა, ასევე, ესპანურმა და იტალიურმა. დადგა დრო, რომ ქართულმა ღვინომ მოუყვეს მსოფლიოს თავისი ამბავი და ამას ქართველ ქალებზე უკეთ ვერავინ გააკეთებს". გამოფენაზე 12 ქალი მივემგზავრებით. მათ შორისაა, მაგალითად, მირანდა ჩხეტიანი, სრულიად ახალგაზრდა ლეჩხუმელი მეღვინე სოფელ ტვიშიდან, რომელიც სოფელში თითქმის მარტო დარჩა, არ მიატოვა მამა-პაპისეული კარ-მიდამო. ვენახს თვითონ უვლის და საოცარ ღვინოს აყენებს. გამოფენაზე წამომსვლელთა უმეტესობა, საკუთარი ფინანსების არქონის გამო, მონაწილეობას ვერ შეძლებდა, რომ არა "აწარმოე საქართველოს" უდიდესი დახმარება, რომელმაც გამოფენა 80%-ით დაგვიფინანსა. ამჟამად ვეძებ სპონსორს, რომ მგზავრობის ხარჯები დაგვიფაროს. დიდი კომპანიებისთვის გამოფენაში მონაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს, მცირე მეწარმეებს კი ამისი ფუფუნება იშვიათად აქვთ".

გამოფენის ფარგლებში, ქალები ჰააგაში, როტერდამში, ბრიუსელში ჩავლენ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივას გაიჩენენ.

მცირე წარმოების დიდი პერსპექტივები

კიდევ ერთი დიდი პერსპექტივა Madam Wine-თვის დიდი ბრიტანეთის ბაზარია. ღვინის ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი მისი პროდუქციით დაინტერესდა. მანანამ მას მხოლოდ ინგლისის ბაზრისთვის ახალი პროდუქტი შესთავაზა, რამაც მასში დიდი ემოციები გამოიწვია. ღვინის დასახელებისა და ამ ღვინის შექმნის ისტორიის თავისებურების გამო, მან მითხრა, რომ ეს ღვინო მაღაზიებში არ შევა, თაროებზე ჩვეულებრივი ღვინის გვერდით არ დაიდება, რადგან ღვინის სახელწოდებიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ის მხოლოდ სპეციფიკური სეგმენტისთვის იქნება გათვალისწინებული. ერთი სული მაქვს, ახალი პროექტი დავიწყო. ეტიკეტის დიზაინი თითქმის მზად არის. რაჭა-ლეჩხუმში არსებულ უნიკალურ ყურძნის ჯიშებს გამოვიყენებ და წითელ, მშრალ ღვინოს დავაყენებ".

შედარებით შორეულ გეგმებში მცირე წარმადობის ქარხანა-სასტუმროს აშენება და ღვინის ტურიზმის განვითარებაა. მცირე დანაზოგითა და ბებიის დანატოვარი უნიკალური სამკაულების გაყიდვით წამოწყებული Madam Wine წლიდან წლამდე იზრდება. ექსპორტის პერსპექტივებიც ფართოვდება. რამდენიმე თვეა თანამშრომლობს ჰოლანდიელ პარტნიორთან. მისი დახმარებით გეგმავს მოხვდეს იმ დიდ ჯგუფში, რომელიც მსოფლიოს მეღვინე ქალებს აერთიანებს. "ასაკი შემაფერხებელია მხოლოდ მაშინ, თუ შინაგანად ჩაქრები, დროს დაემორჩილები. მე კი მხოლოდ ახლა ვიწყებ. გეგმები დიდია და ამოუწურავი. ვიცი, წინ დიდი წარმატებებია".

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში