MAISON DES NOCES – თქვენი ქორწილისთვის დახვეწილ და განუმეორებელ დღესასწაულს შექმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MAISON DES NOCES (HOUSE OF WEDDINGS) ივენთკომპანია, რომელიც 2025 წელს შეიქმნა. კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ქორწილებისა და სხვადასხვა განსაკუთრებული დღესასწაულის დაგეგმვაზე.

MAISON DES NOCES დამკვეთს სთავაზობს დიზაინსა და დეკორს, ფლორისტის მომსახურებას, ფოტო/ვიდეოგადაღებას, არტისტისა და დიჯეის მოწვევას მსოფლიოს მასშტაბით.

"მსურდა ისეთი სახელი შემერჩია, რომელიც საფრანგეთსა და იქაურ სტილთან იქნებოდა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და კომპანიას MAISON DES NOCES ანუ HOUSE OF WEDDINGS დავარქვი.

ჩვენი მიზანი ძალიან ბევრი კმაყოფილი და ბედნიერი დამკვეთია, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია სულ მცირე დროში იქნება იმაზე ცნობილი, ვიდრე მოსალოდნელია, რადგან ჩემი გუნდი ამისთვის მზადყოფნაშია", – ანი სპანდერაშვილი, MAISON DES NOCES-ის დამფუძნებელი.

ფოტო: ანი ფანცულაია

როგორც ანი აღნიშნავს, კომპანიის სტილი ძირითადად დამკვეთზეა მორგებული და ორგანიზების პროცესი მათი სურვილიდან გამომდინარე მიმდინარეობს. თუმცა ეს არ გამორიცხავს MAISON DES NOCES-ის სახასიათო სტილს, რომელიც ფრანგულ კლასიკურ სტილთან ასოცირდება.

ანი ასევე გვიყვება, რომ გუნდი პროფესიონალი და მოტივირებული ადამიანებისგან შედგება – დეკორატორები და დიზაინერები, ფლორისტები, ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები. ეს ის ადამიანები არიან, ვინც სულსა და გულს დებენ საკუთარ საქმეში. მათი მრავალწლიანი გამოცდილება კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, მათი მუშაობის სტილი კი განსხვავებული და საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულია.

ფოტო: ანი ფანცულაია

"ქორწილის ორგანიზებამდე, პირველ რიგში, დამკვეთთან შეხვედრას ვნიშნავთ. მისი სურვილიდან გამომდინარე, ყველა დეტალს ვითვალისწინებთ და ამის შემდეგ ყველაფრის ორგანიზება იწყება. დამკვეთთან შეხვედრა პირისპირ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ონლაინრეჟიმში საუბარი, რადგან პირისპირ შეხვედრა პროცესის წარმართვას უფრო გვიადვილებს".

ანი ამბობს, რომ ორგანიზება წყვილთან შეთანხმებით ხდება, რადგან მათი განსაკუთრებული დღის დაგეგმვა სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. გუნდი, გამოცდილებიდან გამომდინარე, წყვილს საუკეთესო დეკორაციებსა და გაფორმების სტილს სთავაზობს, რათა დამკვეთს ორგანიზების პროცესი გაუადვილდეს.

"ქორწილის მომზადება არცთუ ისე მარტივი პროცესია, მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ 2 დღეში რაიმეს ორგანიზება მომხდარა და დამკვეთისთვის სასურველი შედეგი მიღებულა. მაგრამ გააჩნია დიზაინს, გაფორმებას და იმას, გვაქვს თუ არა ესა თუ ის დეკორაცია ადგილზე.

3-4 კვირა საჭიროა, როდესაც ყველაფერი ადგილზე გვაქვს, ხოლო თუ გვიწევს სხვადასხვა დეკორაციის შეძენა და გამოწერა, თვეზე მეტი გვჭირდება. მაგრამ კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე, ქორწილი 2 კვირაშიც დაგვიგეგმავს. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია სირთულეზე, თუ რა სირთულის და დატვირთვის ქორწილია".

MAISON DES NOCES-ის სერვისი არის მორგებული ინოვაციურ დიზაინზე, დეკორაციებსა და სტილზე.

"ვცდილობთ, ისეთი რამ შევთავაზოთ დამკვეთს, რაც სხვას ჯერ არ გამოუყენებია. ჩვენი გუნდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დეკორატორებსა და ფლორისტებთან თანამშრომლობს. ისინი საკუთარ ნამუშევრებსა და გამოცდილებას გვიზიარებენ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი სერვისების ჩამონათვალი სხვა კომპანიის სერვისებისგან გამოირჩევა".

კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. გუნდისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ქვეყნის გარეთ ქორწილის დაგეგმვა.

"როგორც გითხარით, უცხოელი პარტნიორები ამაში ნამდვილად გვეხმარებიან. შეგვიძლია ქორწილის ორგანიზება ქვეყნის გარეთაც დავგეგმოთ და უცხოურ ბაზარზე ჩვენი კომპანია და გამოცდილება წარვადგინოთ".

ანი გაუთვალისწინებელ შემთხვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს დამკვეთს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობენ. ურჩევენ, რომ ქორწილი ისეთ ადგილას დაგეგმონ, რომელიც მათთვის განსაკუთრებულ დღეს დისკომფორტს არ შეუქმნის.

"ყველაფერი სეზონზეა დამოკიდებული და ჩვენ ვცდილობთ, აქ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩავერთოთ და დამკვეთს დავეხმაროთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათ მნიშვნელოვან დღეს არ გააფუჭებს".

ფოტო: ანი ფანცულაია

ანი მიიჩნევს, რომ დღეს ბევრი ახალი ტენდეციაა ქორწილების დიზაინში. ძალიან აქტუალური გახდა ვინტაჟური გაფორმებები. ადრე თუ ძალიან გადატვირთული დეკორაციები იყო ტრენდული, ახლა უფრო მინიმალისტურია და ნაზი.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა დიდი ზომის ყვავილებით გაფორმებაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ტრენდულია ასევე ბუნებრივი სანთლებით წყვილისა და სტუმრების მაგიდების გაფორმება.

ქორწილის დაგეგმვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. მიმაჩნია, რომ ჩემი ძლიერი მხარე დროის მენეჯმენტი და ორგანიზებაა. სწორედ ამიტომ, ამ საქმეზე შეყვარებული ვარ. აქვე ვიტყვი, რომ სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, მქონდა ივენთკომპანია SOCIETY TBILISI, რომელიც ასევე აღმოჩნდა თქვენს ჟურნალში.

ყველაზე დიდი გამოწვევა რთული შეკვეთების გაფორმებაა, თუმცა არ ვუშინდებით და ამასაც მშვენივრად ვართმევთ თავს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს კომპანია ასოცირდებოდეს სანდოობასა და არაორდინარულობასთან. ანუ ვიყოთ კომპანია, რომელიც ქმნის ახალსა და უჩვეულოს".

კომპანიის სახელია MAISON DES NOCES ანუ HOUSE OF WEDDINGS. ანი ამბობს, რომ სახელზე დიდხანს არ უფიქრია, რადგან იცოდა, რომ ფრანგული უნდა ყოფილიყო. სახელი ზუსტად ასახავს, თუ რას წარმოადგენს კომპანია, მარტივად მისახვედრი და, ამავდროულად, დახვეწილი.

"სახელის დატვირთვა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიაც საფრანგეთთან არის კავშირში და თუ რა კავშირშია, ამას შემდეგ გაგანდობთ. მაგრამ უფრო მეტად ის დატვირთვა აქვს, რომ ყველაფერი ფრანგული ჩემთვის სინაზესა და დახვეწილობასთან ასოცირდება. კომპანია ზუსტად ამაზეა ორიენტირებული, რომ დამკვეთს დახვეწილი და განუმეორებელი დღე შეუქმნას".