Get All Access for $5/mo

Malibu - კომპანია, რომელიც სადღესასწაულო თავგადასავლის შექმნაში გეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Malibu − ასე ჰქვია ლიკა ჯიღაურისა და მარიამ კლდიაშვილის მიერ შექმნილ ბიზნესს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გაფორმებასა და ორგანიზებას მარტივად და კრეატიულად უზრუნველყოფს.

პირველი ნაბიჯები გოგოებმა რვა წლის წინ გადადგეს. როგორც თავად იხსენებენ, იმ პერიოდში ძნელად თუ მოიძებნებოდა კომპანიები, რომლებიც სრულყოფილ და კრეატიულ საქორწინო მომსახურებას გაუწევდნენ მომხმარებელს. სწორედ ეს გახდა Malibu-ს შექმნის ინსპირაციის წყარო, რომლის მიზანი და ამოცანაც თავიდანვე მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და ინდივიდუალურად მორგებული საორგანიზაციო სერვისის შეთავაზება იყო.

ბრენდის განვითარებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ნელ-ნელა ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის მქონე ქორწილებზე გაიზარდა მოთხოვნა. ამას დამატებული, არაერთი უცხოელი დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით, რომლებიც დასამახსოვრებელი და საინტერესო დღის შესაქმნელად სწორედ საქართველოს ირჩევენ.

"ნებისმიერი ბიზნესის დაწყება სირთულეებსა და გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული და მოთხოვნაც საკმაოდ მცირეა. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, იდეის გარშემო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გავერთიანდით და დავიწყეთ საქმის კეთება. აღსანიშნავია, რომ სწორედ Malibu იყო ჩვენი ძირითადი საქმიანობა და, შესაბამისად, სრულად ვიყავით მასზე კონცენტრირებული", − აღნიშნავს მარიამ კლდიაშვილი.

ღონისძიებებისა და, განსაკუთრებით, ქორწილების ორგანიზება სრულიად განსხვავდება სხვა სტანდარტული სამსახურებისგან. პროექტზე მუშაობის განმავლობაში, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გოგოებს ხშირად 24-საათიან სამუშაო რეჟიმში უწევთ ყოფნა, რაც თავის მხრივ დიდ ძალისხმევას საჭიროებდა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ლიკასა და მარიამს მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ, შესაბამისად, ამ რეჟიმში მუშაობა თითქმის წარმოუდგენელი იყო მათთვის. გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლის კუთხით გოგოებს ბევრი გამოწვევა არ ჰქონიათ, თუმცა მაინც იყო რამდენიმე შემთხვევა.

"პროექტებზე მუშაობისას, როდესაც დეკორაციებისთვის რთული კონსტრუქციების აწყობა იყო საჭირო, მოლაპარაკების პროცესში ცოტა საეჭვოდ გვიყურებდნენაინტერესებდათ, როგორ შევძლებდით ამ ყველაფერს. თუმცა ჩვენი პორტფოლიოს გაცნობის შემდეგ მსგავსი სიტუაციები აღარ გვხვდებოდა", − იხსენებს ლიკა ჯიღაური.

Malibu-ს შემქმნელები მუდმივად საკუთარი ბრენდისა და იდეების განვითარებაზე მუშაობენ − ეცნობიან სიახლეებსა და ტენდენციებს მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ღონისძიებების ორგანიზების, ასევე მოდის ინდუსტრიაში. როგორც თავად აღნიშნავენ, ინსპირაციას ირგვლივ არსებული თითოეული დეტალიდან იღებენ, სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში მოგზაურობისას კი ახალ იდეებს იძენენ, რომლებსაც შემდგომ რეალობად აქცევენ.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ, პირველ რიგში, გვასწავლა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ მოინდომებ და ისწავლი, შეგიძლია ნებისმიერ მიზანს მიაღწიო. ასევე უმნიშვნელოვანესია გუნდის, თანამშრომლების სწორად შერჩევა. თითოეული მათგანისთვის იმის ჩვენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის მათ მიერ შესრულებული თუნდაც ერთი შეხედვით უბრალო სამუშაო", − აღნიშნავს მარიამ კლდიაშვილი.

ამ ეტაპზე ბრენდი ახალი სივრცის შექმნაზე მუშაობს, სადაც მომხმარებლები კიდევ უფრო კომფორტულად შეძლებენ კომპანიის ნამუშევრების დათვალიერებას, ინვენტარის შერჩევასა და სამუშაო პროცესში ჩართვას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Malibu-ს მიზანია, საკუთარი სერვისები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს და უცხოურ ბაზარზე დაიმკვიდროს თავი.

ფინანსები

სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.