Get All Access for $5/mo

მეღვინე გოგო რაჭიდან გაიცანით მარგველიძეების საოჯახო მარანი სადმელიდან!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში მარგველიძეების საოჯახო მარანს შეხვდებით, რომლის ფუნქციონირებასა და მართვაშიც ახალგაზრდა მეღვინე გოგონა − მარიამ მარგველიძე, საკუთარ ოჯახთან ერთად აქტიურადაა ჩართული. მარანში წინა თაობების ტრადიცია ახლებურად გრძელდება და ვითარდება ახალგაზრდა ქალი ანტრეპრენერის ხედვებით. მარანი ამბროლაურის აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე, ტყის სიახლოვეს მდებარეობს, საიდანაც ხედი რიონის ულამაზეს ხეობაზე იშლება.

მარიამი მეღვინეების ოჯახში გაიზარდა. მარნის საქმიანობაში ბაბუასთან ერთადაა ჩართული, რომელიც პროფესიით მეღვინეა და რომლის შთაგონებითაც მარიამმა საკუთარი პროფესია ამ გზას დაუკავშირა. ამჟამად ის აგრარულ უნივერსიტეტში, მეღვინეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ მის ოჯახში ღვინის სიყვარული ხელოვნებად არის ქცეული და მისთვისაც ეს ბავშვობიდან უძვირფასესი სფეროა. ბაბუის წინაპრებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. დღეს ტრადიციის გამგრძელებელი თავადაა და ამით უზომოდ ამაყობს.

"თუკი აქამდე ბაბუაჩემთან ერთად ღვინის დაყენების პრაქტიკული ცოდნა მქონდა, ახლა უკვე თეორიითაც ვამდიდრებ, რაც მეხმარება იმაში, რომ ღვინო პროფესიულად იყოს დაყენებული. ღვინის დაყენების პროცესში მთავარი მოქმედი პირები მე და ბაბუაჩემი ვართ. რაც შეეხება მარანის მართვას, ეს მთელ ოჯახს გვაქვს გადანაწილებული: დედა ადმინისტრაციულ საკითხებს ითავსებს, ჩემი და − ხატია, სოციალური ქსელების მართვით არის დაკავებული, მამა ტექნიკური საქმეებს აგვარებს და ასე, ყველა ერთად, საკუთარი ფუნქციებით ვცდილობთ მარანი თავისი ტრადიციებით გავაცოცხლოთ", − უყვება Entrepreneur Georgia-ს მარიამი.

თავად მარანი და მასთანვე არსებული სასტუმრო გრძელი ისტორიის მატარებელია. მარგველიძეების მარანი არსებული მარნებიდან იმით განსხვავდება, რომ აქ განთავსებული უნიკალური ისტორიული და ეთნონივთებიდან გამომდინარე, ის გარკვეულწილად მუზეუმის ფუნქციის მატარებელიცაა. ოჯახი დღემდე დიდ შრომას სწევს იმაში, რომ მარანმა ავთენტურობა არ დაკარგოს და ამავდროულად, მისი თანამედროვეობასთან შერწყმაც საინტერესოდ მოხდეს.

შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული, ღვინის დაყენების ტრადიცია კი 9 თაობას ითვლის: "როგორც გადმოცემით ვიცით, სახლი უკრაინელი და რუსი მხატვრების დახმარებით მოიხატა და ამ არქიტექტურის ანალოგი მთელ საქართველოში არ არის. მარანში მოსულ სტუმარს შესაძებლობა აქვს ნახოს ისეთი ნახატები, რომლებიც საუკუნეს ითვლის. უშუალოდ მარანში განთავსებული ყველა ნივთი თავის ისტორიას ინახავს. სტუმრების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტილოზე შესრულებული ნამუშევარი, რომლის ავტორი სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილი არარის. ტილოს სახელწოდებაა "სამოთხე და ჯოჯოხეთი", − ამბობს მარიამი.

ღვინის დაყენების ტექნოლოგია ტრადიციული რაჭული აქვთ, რადგან მათი ვენახები ხვანჭკარის მიკროზონაშია და მთელი მონდომებით ცდილობენ მისი ავთენტურობა სრულად შეინარჩუნონ. ამიტომ, ღვინის დაყენება მთლიანად რაჭული ტრადიციული წესების თანახმად ხდება. "აქ, ამ მარანში რაჭული სამყაროა − მთელი თავისი სისავსით, ტრადიციებით, გარემოთი და მასპინძლობით", − ამბობს მარიამი.

ამ ეტაპზე ღვინის ორ სახეობას − ხვანჭკარას და რაჭულ თეთრას აყენებენ. სამომავლოდ კი ახალი გამოწვევები აქვთ − მალე მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ სახეობას, მშრალ ალექსანდროულს შესთავაზებენ.

კითხვაზე, თუ რა სახის სირთულეებს აწყდება, გვაპუხობს: "არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რთულია იყო მეღვინე ქალი, როდესაც ამ საქმესთან რატომღაც მხოლოდ მამაკაცი ასოცირდებოდა. მე გამიმართლა, რადგან ოჯახმა ჩემი გადაწყვეტილება სწორად შეაფასა და გვერდით დამიდგა, რათა ეს საქმე ბოლომდე და წარმატებით მივიყვანო. არ არის მარტივი, თუმცა არც არაფერია შეუძლებელი, თუ შენი საქმის სიყვარული გაქვს. მე შემეძლო უფრო მარტივი გზა ამერჩია და ალბათ ბევრი ჩემი თანატოლივით დიდ ქალაქში მეცხოვრა, თუმცა მიმაჩნია, რომ ავირჩიე სწორი გზა − დავბრუნდე სოფელში, მივცე სხვებსაც მოტივაცია, რომ არ მოხდეს სოფლის დაცლა და აქედან შევძლოთ მსოფლიოს მოვუყვეთ ქართული ღვინის განსაკუთრებულობაზე. გამოწვევები ყოველთვის დიდია, თუმცა ეს არ მაშინებს, მზად ვიყავი ამისთვის ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროფესიას ვირჩევდი", − აცხადებს მარიამი.

მარიამი ფიქრობს, რომ ქალ მეწარმეებს დღეს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, რადგან განათლება და ფინანსურ რესურსებზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება, ხოლო მისი სამომავლო გეგმების სია კიდევ გრძელია. ამისათვის საქმიანობასთან ერთად მუდმივ განვითარებაზეც აქტიურად ზრუნავს. ამჟამად საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ბენეფიციარია, სადაც ცოდნასთან ერთად ფინანსურ მხარდაჭერასაც იღებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ეხმარება სწორი მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მისი მარნის შესახებ. უნარები, რომლებიც აგროტურიზმშია საჭირო, დამატებით ცოდნას და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ამ პროექტში უკვე გაიცნო ქალი მეწარმეები, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას და სიახლეებს უზიარებენ, ამით კი ერთმანეთს კიდევ უფრო აძლიერებენ. მარიამს მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტები და მარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია, რათა სფერო უფრო განვითარდეს და ქართველი ქალი მეღვინეების ღვინო მსოფლიომ გაიცნოს.

გეგმები დიდი აქვს, რომლის ეტაპობრივად განხორციელებასაც გეგმავს. ღვინის ბოთლირება წელს პირველად დაიწყეს, რითაც ღვინის ბიზნესში შესვლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. საწყის ეტაპზე 500 ბოთლი დაამზადეს, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმში წარდგენისთვის ეყო. უახლოეს მომავალში, თბილისის ღვინის მაღაზიებში შესვალაა დაგეგმილი, ისე რომ მარიამის ღვინო ყველა მაღალი კლასის მაღაზიაში იყოს წარმოდგენილი. სამომავლო მიზანი კი ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე გასვლაა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში