Get All Access for $5/mo

მეტყველებისა და აზროვნების განმავითარებელი რესურსები ბავშვებისთვის - თაკო მოდებაძის ანტრეპრენერული გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თაკო მოდებაძის სტარტაპი Tako For Kids 2021 წლიდან აწარმოებს მეტყველებისა და აზროვნების განმავითარებელ მონტესორულ ბარათებს, სამაგიდო თამაშებსა (ე.წ. Busy Boards) და დასაკრავებიან ალბომებს 0-3 და 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ეს პირველი მსგავსი ტიპის ქართული ნაწარმია.

როგორც ანტრეპრენერი ქალი ამბობს, მისი პროდუქცია ეხმარება ბავშვს მეტყველების განვითარებაში, სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში, ვიზუალური მეხსიერების გავარჯიშებასა და სამყაროს შემეცნებაში, ასევე, სხვადასხვა საინტერესო თემების მარტივად ათვისებაში: ტრანსპორტის სახეობები, ფრინველების ჯიშები, ყვავილები, პროფესიები და ა.შ.

მეტყველების ბარათები და რესურსები დაფუძნებულია მონტესორის პრინციპზე - რეალისტურ გამოსახულებაზე - რაც უადვილებს ბავშვს, გაეცნოს ნამდვილ გარემომცველ სამყაროს და უფრო მარტივად ადაპტირდეს მასთან. ამ რესურსების საშუალებით მშობელს შეუძლია მარტივად ასწავლოს ბავშვს ნამდვილი ფრინველების და ყვავილების ჯიშები, ამინდი და სტიქიური მოვლენები, ემოციები და გრძნობები, წყალქვეშა სამყარო, ხილი, ბოსტნეული, ცხოველები და კიდევ 50-ზე მეტი თემა.

"2 წელზე მეტია უკვე ეს რესურსები არაერთ ბავშვს დახმარებია მეტყველების დაწყებასა და სხვა უნარების განვითარებაში, ათასობით კმაყოფილი მშობელი გვიგზავნის პოზიტიურ უკუკავშირს და ასევე მათ კონკრეტულ საჭიროებასაც, რის მიხედვითაც ინდივიდუალური შეკვეთებიც მზადდება. გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სარეაბილიტაციო ცენტრსა თუ საბავშვო ბაღთან. ამ ეტაპზე იყიდება 5 არხის საშუალებით: Tako for kids Instagram ბლოგი, Velistore, Monte.ge, "კოკიტოს სათამაშოები" ბაზარი ორბელიანზე და კონცეპტუალური მაღაზია "პეტიტ ბაზარი", - ამბობს თაკო მოდებაძე.

ბიზნესის დაწყების ინსპირაცია თაკოს შვილია - პანდემიის პერიოდში ახალშობილის დედა მიხვდა, რომ ბავშვისთვის უფრო მეტი უნდა შეეთავაზებინა, ვიდრე ქართულ ბაზარზე მოიპოვებოდა. სწორედ ასე დაიწყო სხვადასხვა ბარათისა და ნაკრების წარმოება.

"კესანე ჩემი საქმიანობის პატარა შემფასებელია, უკვე გამართულად საუბრობს ბარათების წყალობით და შენიშვნებსაც მაძლევს ხოლმე".

თაკო ამბობს, რომ მისი მხრიდან ბიზნესის დაწყება ნამდვილად იყო გაბედული ნაბიჯი. არ იცოდა, როგორ მიიღებდა მომხმარებელი პროდუქციას და მეწარმეობაშიც გამოუცდელი იყო, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა.

"იყო პანდემია და ისედაც ყველაფერი "თავდაყირა" იდგა, მითუმეტეს, ჩემი ახალი სტატუსი "დედა" ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა და დიდი გარდატეხა მოხდა ჩემში. სწორედ ამის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ჩემი შვილისთვის შემექმნა, პირველ რიგში, ეს საინტერესო რესურსები", - იხსენებს თაკო.

მისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დროის დეფიციტი რჩება. თაკო ბიზნესსაქმიანობის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მუშაობს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და აქვს ინსტაგრამბლოგი. გარდა ამისა, მუდმივად მუშაობს სტარტაპისთვის პროდუქციის გადახალისებაზე, სიახლეების შემოტანასა და ახალ პროდუქტზე.

თაკო ამბობს, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ, პირველ რიგში, ასწავლა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ამ მდგომარეობის ქცევა მისთვის მისაღებ გარემოდ. თაკო მიიჩნევს, რომ კომფორტის ზონაში ყოფნა გაჩერებას ნიშნავს, ეს კი აუცილებლად მოითხოვს ქმედებასა და გამოცოცხლებას.

"მასწავლა, რომ როგორც არ უნდა მეშინოდეს ნაბიჯის გადადგმის და ჩემი კომფორტის ზონიდან გასვლის, ეს მაინც უნდა გავაკეთო, რადგან ყველაზე საინტერესო ყოველთვის ამ ზღვარს მიღმა იმალება და არა ჩვეულ რუტინულ ყოველდღიურობაში", - გვეუბნება ანტრეპრენერი ქალი.

მომავალ მეწარმეებს ურჩევს, დიდხანს არ იფიქრონ საკუთარ იდეებზე და მალევე დაიწყონ ქმედება. თაკოს თქმით, ბევრი ფიქრი ერთგვარ დაბრკოლებადაც კი იქცევა და ამიტომ საჭიროა, იდეის გაჩენას მოქმედება მოჰყვეს.

"ფურცელზე დაწერილი იდეა ფურცელზევე დარჩება. მხოლოდ მისი განხორციელება გასწავლის, რა და როგორ უნდა გააკეთო. აწარმოე დღიური, ჩაიწერე ყველა სწორი და არასწორი ნაბიჯი".

თაკო ამბობს, რომ სამომავლო გეგმები მრავალნაირია - სურს, გააფართოოს წარმოება და პროდუქციის ასორტიმენტი, გავიდეს ახალ ბაზრებზე და დაიწყოს თანამშრომლობა სხვა ქართველ მეწარმეებთან.

"ვარ გახსნილი ახალი თანამშრომლობებისა და ახალი იდეებისთვის. წლის ბოლომდე კონკრეტული მიზნები მაქვს შესასრულებელი, ვიმედოვნებ, ყველა პუნქტს წარმატებით შესრულებულთა სიაში გადავიტან", - გვეუბნება ის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი