MGL GROUP – ლოგისტიკური ხიდი რეგიონებს შორის: საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის გარანტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
MGL GROUP, რომელიც აერთიანებს MGL BULGARIA-ს, MGL GEORGIA-სა და MGL PARCEL-ს, 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე როგორც ბულგარულ-ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ქმნის სტრატეგიულ ხიდს რეგიონებს შორის.
MGL GEORGIA-სა და MGL PARCEL-ის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ლალი ოყუჯავას თქმით, ბიზნესის ძირითადი მისია საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის საიმედო და პროგნოზირებადი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. ის ამბობს, რომ ლოგისტიკა მხოლოდ ტრანსპორტირებას არ წარმოადგენს – ეს არის სტაბილურობის, დროის, რისკისა და პასუხისმგებლობის მართვა.
"სწორედ ამ სისტემური ხედვის შემოტანა იყო ჩვენი მთავარი მიზანი ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ B2B და B2C სეგმენტებში და ვფარავთ ამერიკას, ევროპას, შუა აზიას, აზიას, დსთ-ის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონს. ჩვენი სერვისები მოიცავს ექსპორტს, იმპორტს, ტრანზიტს, რეექსპორტსა და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმის მართვას.
ბაზარზე შემოვიტანეთ არა მხოლოდ სერვისი, არამედ მიდგომა, რომელიც მოიცავს სტაბილურ პარტნიორობას, პროცესების გამჭვირვალობას, გრძელვადიან და ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას, რისკების წინასწარ ანალიზსა და მინიმიზაციას.
MGL Group-ის ბრენდი ასოცირდება სანდოობასთან. ეს არის არა მარკეტინგული პოზიციონირება, არამედ წლების განმავლობაში მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგი", – ამბობს ლალი ოყუჯავა.
კომპანიის დირექტორის თქმით, ბიზნესის დაწყება ყოველთვის ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროში, როგორიც ლოგისტიკაა, სადაც თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ათეულობით კომპანიაზე, თანამშრომელსა და საერთაშორისო პარტნიორზე.
"სიმამაცე მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ მოდის სისტემური აზროვნება, კრიზისების მართვის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, რომლებიც შენს გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული. ლიდერობა ნიშნავს მზადყოფნას – იყო სტაბილური მაშინ, როცა გარემო არასტაბილურია; მიიღო გადაწყვეტილება არაპროგნოზირებად ვითარებაში და შეინარჩუნო სტრატეგიული კურსი მოკლევადიანი რყევების მიუხედავად", – აღნიშნავს ის.
ლალი ოყუჯავა ამბობს, რომ გამოწვევა არასოდეს არის ჩიხი – ეს არის ამოცანა, რომელიც მოითხოვს ახალ ხედვას.
"ლოგისტიკა გლობალური ცვლილებების, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ფონზე მუდმივად დინამიკურ გარემოში ფუნქციონირებს. ასეთ პირობებში ზრდა ნიშნავს სტრუქტურირებულ მართვას, პარტნიორული ქსელის გაძლიერებას და სწრაფ ადაპტაციას. ნებისმიერი კრიზისის დროს ჩვენი მთავარი ორიენტირი იყო სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი რეპუტაციის დაცვა. მოკლევადიანი მოგება არასოდეს დგას გრძელვადიან ნდობაზე წინ".
ლალი ოყუჯავას თქმით, ქალის ლიდერობა ხშირად გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და პროცესებისადმი სისტემური მიდგომით, რაც ლოგისტიკის მსგავს სფეროში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ის ხაზს უსვამს, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ იდეა – ეს არის პასუხისმგებლობის მართვა, ხოლო საკუთარი საქმის დაწყება ნიშნავს: გრძელვადიანი თამაშისთვის მზადყოფნას, ფინანსური და ემოციური გამძლეობის ქონას, სტრუქტურის შექმნას, რომელიც შენ გარეშე იმუშავებს.
"ჩემი რჩევა იქნება – ნუ იწყებთ ბიზნესს მხოლოდ დამოუკიდებლობის სურვილით და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას აქვს. დაიწყეთ, თუ მზად ხართ სისტემის შექმნისთვის. გაიაზრეთ, რა პრობლემას აგვარებთ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბაზრისთვის.
ქალებსა და გოგონებს ვეტყოდი: თუ გაქვთ ხედვა და მზად ხართ შრომისთვის, არ დაელოდოთ სრულყოფილ პირობებს. სრულყოფილი გარემო არ არსებობს – არსებობს ცდა. შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს, გარანტიები არ არსებობს", – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
მისი განმარტებით, ანტრეპრენერი წარმოადგენს ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს გაურკვევლობაზე – ადამიანი, რომელიც ქმნის სტრუქტურას ქაოსურ გარემოში.
"ჩემთვის ინსპირაცია არის ფუნქციონირებადი სისტემა – როდესაც იცი, რომ შენი შექმნილი სტრუქტურა სხვებისთვის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ინსპირაცია არის ზრდა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. ოჯახები, ბიზნესები, ადამიანები, ვინც სარგებელი მიიღო შენი საქმიანობიდან – ჩემთვის ეს არის ყველაზე ღირებული საქმე".
მისი თქმით, ამჟამინდელი სტრატეგიული მიზანია კომპანიის მუდმივი განვითარება – პროცესების სტანდარტიზაცია, მმართველობითი მოდელის გაძლიერება და ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ეფექტურ ოპერირებას.
"იგეგმება კომპანიის გლობალიზაცია, პარტნიორული ქსელის გაფართოება და ოპტიმიზაცია ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი მთავარი კაპიტალი – სანდოობა და იდენტობა.
ჩვენთვის წარმატება არ არის სწრაფი ზრდა. წარმატება არის მდგრადი ზრდა", – ამბობს ლალი ოყუჯავა, MGL GEORGIA-სა და MGL PARCEL-ის თანადამფუძნებლი და დირექტორი.