Get All Access for $5/mo

"მიუწვდომელი მიზნები არ არსებობს" - მაია კახიძის ანტრეპრენერული თავგადასავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მრავალშვილიან დედას, მაია კახიძეს, ყოველთვის უნდოდა ისე ემუშავა, ოჯახთანაც ახლოს ყოფილიყო და შემოსავალიც დამაკმაყოფილებელი ჰქონოდა. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, ქობულეთში, რუსთაველის 292ა-ში საოჯახო სასტუმრო "ლუკა" გაეხსნა.

მაია იხსენებს, რომ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაზე ძალიან ბევრი იფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ნულიდან დაწყება უწევდა, იმედიანად იყო განწყობილი და სჯეროდა, რომ მონდომებით ყველაფერი გამოუვიდოდა.

"არ მქონდა შემოსავალი. არც ბანკი მაძლევდა სესხს, რადგან არ მიფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი. მშენებლობა ეტაპობრივად დავიწყე, რომ იტყვიან, აგურს აგურზე ვდებდი და ასე მივდიოდით წინ. შემდეგ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის შესახებ გავიგე, რომელიც საოჯახო სასტუმროს განვითარებას ემსახურებოდა - გავიმარჯვე და დავიწყე აშენებულის მოპირკეთება, შელამაზება. ეს დაფინანსება იმ ეტაპისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობა იყო ჩემთვის", - იხსენებს მაია Entrepreneur-თან ინტერვიუში.

ანტრეპრენერი ქალი ამბობს, რომ სასტუმროს მხოლოდ აშენება და მოპირკეთება არ ეყოფოდა. თუმცა, რადგანაც მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული, არ ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, სესხით ესარგებლა.

გამოსავლის ძიებაში კი ასეთ გზას მიაგნო: "ვეძებდი გზებს, როგორ წამეყვანა ბიზნესი წინ. დავრეგისტრირდი აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაში, სადაც ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე და საჭირო ინფორმაცია მივიღე ტრენინგებზე ქალი მეწარმეების განვითარებაზე. ეტაპობრივად დავიწყე დაფინანსებების მოძიება და ბიზნესის განვითარება".

როცა ბიზნესის დაწყების პერიოდს იხსენებს, მაია ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან ძალიან რისკიანი, თუმცა გამართლებული ნაბიჯი ჰგონია. მისი თქმით, არც თვითონ და არც მისი მეუღლე დასაქმებულები არ იყვნენ და მუდმივი შემოსავალიც არ ჰქონდათ.

"მქონდა პატარა ჯიხური, სადაც საკვებ პროდუქტს ვყიდდი და ამაზე ვმუშაობდი ჩემსავე ეზოში. მეუღლე ფიზიკურად თუ იმუშავებდა, ისიც პერიოდულად. ბავშვები გამოსაკვები გვყავდა. ისე დავიწყე მშენებლობა, არ მიფიქრია, რა დაბრკოლებები მექნებოდა. უბრალოდ, ავდექი და გავრისკე - აღმოჩნდა, რომ გამართლებულად. დღესაც ასეთი ვარ - რისკის არ მეშინია", - ამბობს მაია.

დაბრკოლებებსა და გამოწვევებზე საუბრისას მაია ფინანსურ ნაწილს უსვამს ხაზს. როგორც ამბობს, ძალიან რთული იყო ყველაფრის ნულიდან დაწყება იმ პირობებში, როცა შემოსავალიც კი არ ფიქსირდებოდა იმისთვის, რათა ბანკიდან სესხი გამოეტანა.

ამბობს, რომ ხშირად ოჯახის ახლობლებს სთხოვდა ამაში დახმარებას - მათი დახმარებით გამოჰქონდა სესხი, აკეთებდა განვადებას ტექნიკასა თუ საყოფაცხოვრებო ავეჯზე და ასე აწყობდა სასტუმროს.

"მთავარი მიზანი იყო, ნომრები კეთილმომეწყო და დამეკმაყოფილებინა ჩემთან ჩამოსული სტუმრები. კმაყოფილი სტუმარი ჩვენს ბიზნესში ძალიან ბევრს ნიშნავს".

საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ამბობს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა მოინდომოს და რაიმეს ვერ მიაღწიოს. მაიას თქმით, არ არსებობს მიზანი, რომელსაც ადამიანი შრომით ვერ შესწვდება.

"წარმატებული ბიზნესი ჩვენგან მოითხოვს მსხვერპლს, თუმცა გახსოვდეთ - შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი", - ურჩევს ის დამწყებ ანტრეპრენერებს.

გარდა საოჯახო სასტუმროსი, მაია მეფუტკრეობასაც ეწევა. როგორც გვიყვება, თავიდან მხოლოდ სამი სკა ჰყავდა, ახლობლის ნაჩუქარი. ფიქრობდა, რომ ოჯახისთვის ნატურალური თაფლი ექნებოდა. თუმცა დამსვენებლებისგან იმხელა ინტერესი წამოვიდა, ფუტკრების მოშენებაც გადაწყვიტა.

"მონაწილეობა გადავწყვიტე სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამაში, დამიფინანსეს სკები მოშენება და დავიწყე გაფართოება. ამჟამად 50 ოჯახი სკა მყავს. გამაწევრეს აჭარის მეფუტრეობათა ასოციაციაში, მიწვევდენ გამოფენებზე, ფესტივალებზე, რამაც ხელი შეუწყო ჩემი თაფლის პოპულარობას", - ამბობს მაია.

მეწარმე ქალი სასტუმრო "ლუკას" სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ უკვე დაწყებული აქვს ბიზნესის გაფართოება და მეორე სასტუმროს მშენებლობა, რომელიც სრულად შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული. ახალ შენობაში უკვე გახსნილია სასურსათო მარკეტიც.

"ამ ეტაპისთვის ვსარგებლობ "აწარმოე საქართველოს" სუბსირდირების პროგრამით. გამოვიტანე შეღავათიანი სესხი და ვარ მშენებლობის პროცესში. მალე მექნება უფრო მეტი ახალი, უფრო კომფორტული თანამედროვე ნომრები და, რაც მთავარია, ნომრები ადაპტირებულიიქნება შშმ პირებისათვის".

საბოლოო მიზანი მაიასთვის მისი საქმიანობების გაერთიანებაა - უნდა, რომ მეფუტკრეობა და სასტუმროს ბიზნესი გააერთიანოს, დამსვენებლებს კი აგროტურიზმის დაუვიწყარი გამოცდილება შესთავაზოს. მაიას გეგმაა, ზემო აჭარის სოფელ ხინოში, სადაც ფუტკარი იზაფხულებს, დასასვენებელი კოტეჯები ააშენოს და დამსვენებლებს იქ უმასპინძლოს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი