MOVA – გამომცემლობა მათთვის, ვინც ქმნის მომავალს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"MOVA იმ ადამიანებისთვის შევქმენი, რომლებიც თავადაც მუდმივად რაღაცას ქმნიან: კარიერას, ბიზნესს, ახალ იდენტობას, მომავალს. ამ ადამიანებს საერთო ღირებულებები - ცნობისმოყვარეობა, ამბიცია და იმის რწმენა აერთიანებთ, რომ ზრდა ხშირად ერთი სწორი ფიქრით იწყება." - ასე აღწერს თამთა ჯაფარაშვილი MOVA-ს — ახალ ქართულ გამომცემლობას, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გამოჩნდა ბაზარზე და რომლის ამბიციაც თავიდანვე სცდება წიგნების გამოცემის ტრადიციულ მოდელს.

MOVA საინტერესო მოსაზრებების, კულტურისა და შემოქმედებითი იდეების გზაჯვარედინზე მყოფი წამოწყებაა, რომელიც გამოსაცემად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს ბიზნესის, თვითგანვითარების, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესახებ. წიგნის შინაარსსა და ხარისხთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა გზას გადის წიგნი მას შემდეგ, რაც მკითხველის ხელში აღმოჩნდება.

"წიგნებს არამხოლოდ ვკითხულობთ, არამედ ერთმანეთს ვჩუქნით, ვუზიარებთ, ხელნაწერ მიძღვნებს ვტოვებთ, ინტერიერს ვუხამებთ, ხელახლა ვკითხულობთ, ვფიქრობთ, არ ვივიწყებთ. წიგნები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. შესაბამისად, MOVA-ს ვიზუალური სამყარო ერთდროულად სინემატოგრაფიულიც არის და შინაარსობრივად მდიდარიც. ის ჩვენი მკითხველის ამბიციების პირდაპირ ანარეკლს წარმოადგენს." - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

MOVA-ს შექმნამდე თამთა ჯაფარაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ლურჯ ოკეანეს"- პირველ ქართულ საგამომცემლო პროექტს ბიზნესისა და თვითგანვითარების შესახებ. მის სახელს უკავშირდება 85-ზე მეტი საერთაშორისო ბესტსელერის პირველი ქართულენოვანი გამოცემის მომზადება, რომელთა უმრავლესობაც საქართველოში ყველაზე გაყიდვად წიგნადაც არაერთხელ იქცა.

"გაციფრულების, სანახევროდ ეკრანებთან გატარებული ცხოვრების, ადამიანური მარტოობის, ყურადღების დეფიციტისა და ინფორმაციული გადაღლის ფონზე, ჩნდება განცდა, რომ ბეჭდურმა წიგნმა მკითხველი დაკარგა და ფიზიკურ ეგზემპლარზე ორიენტირებული საგამომცემლო ბიზნესის მომავალი ბუნდოვანია. მე კი აბსოლუტურად პირიქით მგონია და სწორედ ეს რწმენა იქცა MOVA-ს შექმნის საფუძვლად - ხელოვნური ინტელექტისა და dating აპლიკაციების სამყაროში, წიგნი იქცა აწმყოში ყოფნის, ემოციური ღიაობის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებისა და პიროვნული ზრდის შეუცვლელ სიმბოლოდ. წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია." - განმარტავს თამთა.

MOVA30-ის - ბიზნესის, თვითგანვითარების, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესახებ შექმნილი 30 გარდამტეხი წიგნის კოლექციაში პირველი, იაპონელი მოაზროვნეების, იჩირო კიშიმისა და ფუმიტაკე კოგას წიგნია - "გაბედე, იყო მიუღებელი". თავისუფლება, გამბედაობა, ბედნიერება, ადამიანებთან ურთიერთობა, ტრავმასთან დამოკიდებულება და მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, მნიშვნელობის შეგრძნება, მიკუთვნებულობა - წიგნი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს მარტივი, მსუბუქი ენით ფარავს, შთაგაგონებს და ცვლილებებისკენ გიბიძგებს.

უახლოეს პერიოდში MOVA30-ის საგამომცემლო სერიას სტივენ პრესფილდის, რაიან ჰოლიდეის, რობერტ გრინის, ჯეფრი პფეიფერის და სხვა, ინდუსტრიის განმსაზღვრელი ავტორების პირველი ქართულენოვანი გამოცემები შეემატება.

"MOVA-ს მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ ისეთი წიგნები შემოგთავაზოთ, რომლებიც შეცვლის თქვენს მიმართებებს სამყაროსთან. ზოგი მათგანი გამბედაობას შეგმატებთ, ზოგიც დაგამშვიდებთ, მაგრამ ვფიქრობ, არასდროს გაგიჩნდებათ ის განცდა, რომ კითხვისას დრო დაკარგეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ეს უკანასკნელი - საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს, შესაბამისად, სერიაში ნაწარმოების შეტანამდე - ყურადღებით ვუკვირდებით - რამდენად იქნება ის ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო აღმოჩენების მომტანი." - ამბობს გიორგი მაჭარაშვილი, MOVA-ს მთავარი რედაქტორი.

თანამედორვე ბიზნესსამყაროში წიგნის "კონკურენტი" არ არის მხოლოდ სხვა ჟანრის ან გამომცემლობის წიგნი. მის კონკურენტად შეიძლება იქცეს Netflix-ის ახალი სერიალი, TikTok-ი, Spotify, პოდკასტი, ღონისძიება, მოგზაურობა ან ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელსაც ადამიანი თავისუფალ დროს უთმობს. ამიტომ MOVA-ში ფიქრობენ, რომ გამომცემლობამ მკითხველს უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ შინაარსობრივად მდიდარი გამოცემა, არამედ პროდუქტი, რომლის ყიდვა, ფლობა და გაზიარებაც ადამიანს მოუნდება.

"შესაძლოა ძალიან კარგი წიგნი გამოსცე, მაგრამ თუ ვერ შექმენი კონტექსტი, რომელშიც მკითხველს მისი აღმოჩენა მოუნდება, თანამედროვე ყურადღების ეკონომიკაში უბრალოდ დაიკარგები."

გუნდის მიზანია, რომ წიგნზე MOVA-ს ლოგო ხარისხისა და სანდოობის ნიშნად იქცეს და მკითხველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივოს. ბრენდის გარშემო კი შეიქმნას თანამოაზრეების წრე, ადამიანების, რომელთა მთავარი ღირებულებებიც ამბიცია, ცნობისმოყვარეობა, საკუთარი თავის შეცნობა და სხვა ადამიანების გაგების უნარია.

"არ დაგპირდებით, რომ MOVA-ს გამოცემები თქვენს ცხოვრებას ერთ ღამეში შეცვლის, ან უსასრულო მოტივაციის წყაროდ იქცევა. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ამ წიგნებს შესწევთ ძალა დაგანახოთ საწყისი წერტილი, თქვენი გასავლელი გზის დასაწყისი ან შემდეგი გაჩერება. პროგრესისაკენ სწრაფვა კი აუცილებლად მიგიყვანთ იმ მომენტამდე, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას შეძლებთ და ბედნიერებასაც ეზიარებით". - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

MOVA-ს გამოცემების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, საიტზე www.movareads.com