Get All Access for $5/mo

"მთავარი რისკების სწორად შეფასება, საკუთარი თავის რწმენა და შრომაა" - მაია ვერძაძის Hill Inn

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაია ვერძაძემ სასტუმრო Hill Inn-ის გახსნა საკუთარი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა. ერთხელაც ქალაქიდან გასვლისა და დასვენების გადაწყვეტილება მიიღო და აღმოაჩინა, რომ იმ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს, რასაც ეძებდა, არცერთი სასტუმრო არ სთავაზობდა.

Entrepreneur-თან ინტერვიუში სასტუმროს გახსნის იდეის გაჩენას ასე იხსენებს:

"მინდოდა დამესვენა სასტუმროში, სადაც იქნებოდა სიმშვიდე, ვიქნებოდი უსაფრთხოდ, არ მექნებოდა განცდა, რომ კორპუსში ბინა ვიქირავე და ერთი კედელი მყოფდა მეზობელთან, არ იქნებოდა ხალხმრავალი ადგილი. აღმოვაჩინე, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სასტუმრო, რომელიც არატურისტულ ზონაში მდებარეობდა. საინტერესოდ ჩავთვალე ეს ფაქტი და მეტად საინტერესო გამოწვევა მეგონა პირველი სასტუმროს გაკეთება სადმე, სადაც მხოლოდ შენ გამო მოდიან".

მეგობრებს მისი დაკვირვება გაუზიარა და მომავალი ბიზნესპარტნიორისგან საინტერესო იდეაც მოისმინა, თუ როგორ დაეწყოთ ბიზნესი. დავით არძენაძესთან ერთად საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

Hill Inn მაღალმთიან აჭარაში 2020 წლის აპრილში გაიხსნა - მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში. მაია იხსენებს, რომ ისტერიკული პანიკისა და გაურკვევლობის ფონზე სასტუმროს გახსნა გაბედული და ერთგვარად რისკიანი ნაბიჯიც იყო, თუმცა მალევე დაინახეს, რომ გამართლებული რისკი გასწიეს.

"Hill Inn გაშენებულია მთის ფერდზე. ბუნებრივია, ამ ლოკაციამდე არ მიდიოდა წყალი, ელექტროენერგია, გაზი (არც ახლა გვაქვს), მაგრამ მაინც ყველაზე დიდი პრობლემა გზის არარსებობა იყო, სამშენებლო მასალის ატანისას ორჯერ ვიცვლიდით სატვირთო მანქანას და ყველაფრის გადმოცლა ხელით გვიწევდა". - იხსენებს მაია.

ქალი ანტრეპრენერი გვიყვება, რომ რეგიონში Hill Inn-ის გახსნის შემდეგ ათობით მსგავსი ლოკაცია გაჩნდა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ტურიზმის ამ მიმართულებას და დასაქმდა მოსახლეობა.

მაია ფიქრობს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს და სხვადასხვა მიმართულებიდან სასურველს ირჩევდეს.

იდეის გაჟღერებისა და Hill Inn-ზე მუშაობის პირველ ეტაპზე, როგორც მაია იხსენებს, გარშემო მყოფებისგან სკეპტიკური დამოკიდებულება წამოვიდა.

"ძალიან ვხალისობთ იმ პერიოდის საუბრების გახსენებით. მხოლოდ ჩვენ ორს და რამდენიმე მეგობარს სჯეროდა Hill Inn-ის იდეის, რომლის თანახმადაც მომხმარებელს სჭირდებოდა განმარტოება, სხვა დამსვენებლებისგან იზოლირებულად ყოფნა და სივრცე, სადაც სინთეზურია ველური ბუნება და მაღალი ხარისხის სერვისი", - ამბობს მაია ვერძაძე.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ ასწავლა. მაია მომავალ ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ არ განსაზღვრონ წარმატების მიღწევის ალბათობა და მისი ხარისხი სტანდარტული მახასიათებლებით, როგორებიცაა საერთაშორისო განათლების მიღება, ძლიერი ოჯახი ან სხვა.

"მთავარი რისკების სწორად შეფასება, საკუთარი თავის რწმენა და ბევრი შრომაა. ყველა ჩიხი, რომელშიც აღმოჩნდებით წინ სიარულის პროცესში, გამოწვევად მიიღეთ. ამ დროს შიში, თვითგვემა ან სინანული არაფერს მოგცემთ, გარდა დროის დაკარგვისა - ეძიეთ გზა, რომლითაც ჩიხს უკან მოიტოვებთ და ერთი ნაბიჯით დაუახლოვდებით საკუთარ მიზანს".

მაია ამბობს, რომ საქმეში მოტივაციას თვითგანვითარება, მუდმივად წინსვლაზე ფიქრი და იმის გააზრება აძლევს, რომ შეუძლია ადამიანების ცხოვრება შეცვალოს, დაეხმაროს მათ. ანტრეპრენერის თქმით, იმის გაანალიზება, რომ გუშინდელ მაიაზე მეტი გამოცდილება აქვს, ხვალინდელ დღეზე ფიქრი და გამოწვევების იდენტიფიცირება არის მისთვის შთაგონების წყარო.

ანტრეპრენერის საქმეს სერფინგს ადარებს. ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც "დგახარ თვალუწვდენელი ოკეანის პირისპირ თვითრწმენით, დიდი სურვილი და მიზანი გადგმევინებს ნაბიჯს ოკეანისკენ, თან გაქვს დაფა, რომელიც ერთადერთი იარაღია ტალღებთან ბრძოლისას. ალღო გკარნახობს, როდის რა მანევრი გააკეთო იმისთვის, რომ არ დაკარგო ბალანსი, წამის მეათედში იღებ გადაწყვეტილებას, სად გააკეთო ყველაზე დიდი ნახტომი".

ამჟამად მაია "ანგელოზი ინვესტორია", რაც იმას ნიშნავს, რომ დამწყებ ბიზნესმენებს, სტარტაპებს უწევს დახმარებას როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას და იდეების განხორციელებაში ეხმარება.

მაიას სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც Hill Inn-ის განვითარებას, ისე სხვა პროექტებს. უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ სასტუმროში სარესტავრაციო სეზონი დაიწყოს, რათა სრულად განაახლოს ინფრასტრუქტურა, რაც მაღალ მთაში, რთულ კლიმატურ პირობებში ზიანდება. გარდა ამისა, Hill Inn-ის სტუმრებისთვის დაემატება ახალი სერვისები, სასტუმროში განთავსების ახალი ნომრები და ახალი გამოცდილება.

"რაც შეეხება პირად გეგმებს Hill Inn-ის მიღმა, ახლახან დავიწყე ორ პროექტზე მუშაობა. მე და ჩემი გუნდი აქტიურად მივიწევთ წინ, რომ თბილისის მცხოვრებლებს საჭირო და საინტერესო ლოკაციები შევთავაზოთ. აღსანიშნავია, რომ Hill Inn და ორი მიმდინარე პროექტი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. იმედს ვიტოვებ, რომ ერთ წელიწადში სამი დამოუკიდებელი და წარმატებული ბიზნესი მექნება ", - გვეუბნება მაია.

ფინანსები

სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.