Get All Access for $5/mo

მზარეულობა, როგორც მედიტაცია ანა დონდუას გზა სარესტორნო ბიზნესამდე და რჩევები დამწყებ რესტორატორებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ანა დონდუამ დიდი ხნის ჰობი და ინტერესის სფერო დღეს უკვე საკუთარი ცხოვრების მთავარ საქმიანობად აქცია. აზიური სამზარეულოს მაგიამ 20 წლის წინ მოხიბლა, როდესაც თბილისში ახლად გახსნილ ჩინურ რესტორანში იხვი პეკინურად და კუნგ პაო პირველად დააგემოვნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აზიური სამზარეულოს სიღრმისეულად გაცნობა, ძალების მოსინჯვა და არაერთი ექსპერიმენტი. დროთა განმავლობაში კი ამ საქმეში იმდენად დახელოვნდა, რომ მაღალანაზღაურებად კორპორაციულ სამსახურზე უარი თქვა და საკუთარი სარესტორნო ბიზნესი წამოიწყო. ანა დონდუა, დღეს "Pepperboy - ფეფერბოი"-ს დამფუძნებელი და ამავე დროს მოქმედი შეფმზარეულია. ანა დონდუა ჟურნალ Entrepreneur-ს საკუთარი ცხოვრების საინტერესო დეტალებს უზიარებს.

აზიური სამზარეულოს მოყვარულებმა კარგად იციან რესტორანი "Pepperboy - ფეფერბოი", რომელიც თარხნიშვილის 2 ნომერში პანაზიური სამზარეულოს, აზიის ქვეყნების ეგზოტიკურ კერძებსა და მრავალფეროვანი გემოს პალეტებს აერთიანებს. აქ ვიზიტი ნამდვილ აღმოსავლურ სამყაროში მოგზაურობას და დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება სტუმრებს. ამისთვის აქ ყველაფერზე იზრუნეს. რესტორნის ინტერიერის თითოეული დეტალი მულტიკულტურული გაერთიანების კონცეფციას პასუხობს და ამავდროულად დამოუკიდებელი დატვირთვის მატარებელია.

"პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. ეს პროფესია ჩემი 1990-იანების ბავშვობისა და ახალგაზრდობის ზუსტი გამოხატულებაა იმ გაგებით, რომ ახალგაზრდები ამ პერიოდში პროფესიას ნებაყოფლობით და შეგნებულად არ ირჩევდნენ, უფრო პირიქით ხდებოდა. არსებული ოჯახური და სოციალურ-ეკონომიკური წყობა განსაზღვრავდა, რომელი პროფესია უფრო პოპულარული იქნებოდა. პოპულარულობა კი იმით განისაზღვრებოდა, თუ რომელი პროფესია უფრო პერსპექტიული აღმოჩნდებოდა მომავალში მეტი შემოსავლის მისაღებად".

ანას თავისი სადიპლომო პროფესიით არასდროს უმუშავია. კარიერის 20 წელი კერძო სექტორში, მათ შორის საბანკო სისტემაში, დეველოპერულ ბიზნესში და უმეტესწილად, საერთაშორისო კორპორაციებში მუშაობდა.

"ჩემი საქმიანობა თავიდანვე ბუნებრივად განვითარდა მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ შეიცვალა სამსახურებრივი მოცემულობა. იცვლებოდა კომპანიები, პოზიციები, ადამიანები. განტოლების ერთადერთ მუდმივ მაჩვენებლად რჩებოდა სამზარეულო, რომელიც არის ადგილი, სადაც სრულად ვკარგავ პერსონას, ვკარგავ ეგოს და მთელი სამყარო მიმართულია მხოლოდ იმისკენ, თუ როგორი გამოვა კერძი. მზარეულობა ჩემი მედიტაციაა", – გვიყვება ანა.

აზიური სამზარეულოთი გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თითოეული გასვლა საზღვარგარეთ, სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტით დაბრუნებას ნიშნავდა. იმდროინდელი სამსახურიდან ხშირად მივლინებაში წასული კი ამას კარგად ახერხებდა.

"სამსახურიდან თვეში რამდენჯერმე მიწევდა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში სიარული და ყველაფერი საზღვარგარეთიდან ჩამომქონდა. ახალგაზრდა გოგონების ჩემოდნები ტანსაცმლით, ბიჟუტერიით და კოსმეტიკით თუ არის სავსე, ჩემი ჩემოდნები მუდმივად სხვადასხვა იშვიათი ინგრედიენტებით იყო დატვირთული. ყოველი რეცეპტი, რომელზეც ვმუშაობდი, საჭიროებდა რამდენიმე უჩვეულო ინგრედიენტს, რომელიც სხვადასხვა ადგილიდან უნდა მომეპოვებინა", – გვიყვება ანა. აზიური სამზარეულოთი ამგვარ გატაცებას ამ კულტურასთან სიახლოვითაც ხსნის. ამბობს, რომ აზიური კულტურა ყოველთვის მისი პიროვნების და შინაგანი სამყაროს ნაწილი იყო. ღრმა ბავშვობიდან იაპონური ანიმეებით გატაცებული აქტიურად კითხულობდა საიბერპანკის სუბჟანრს, რომლის სიუჟეტების უმეტესობა პოსტაპოკალიპტურ ან მომავლის აზიურ ქალაქებში ვითარდებობდა. ეს ყველაფერი კი ძალიან ახლოს იყო მასთან.

"ჩემთვის აზია, აზიის ქვეყნები, მათი კულტურების მრავალფეროვნება, თავისებურებები და რაც მთავარია, გემოს პალეტები იმდენად თვითმყოფადი და საინტერესოა, რომ მათ გარეშე, ვფიქრობ არც მიცხოვრია", – გვიხსნის ანა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: კარიერის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გადასვლა შესთავაზეს. სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ დრო იყო გაბედული ნაბიჯი გადაედგა, მიეღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ქვეყანაში და საკუთარი საქმისთვის მოეკიდა ხელი. იმ საქმისთვის, რომლის შესახებაც უკვე კარგა ხანს ფიქრობდა. სწორედ აქედან იწყება ანას ანტრეპრენერული საქმიანობა და მის მიერ შექმნილი ბრენდის "Pepperboy − ფეფერბოი" ისტორია.

არ მალავს, რომ ანტრეპრენერობა ბევრ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

ისევე, როგორც ყველა სტარტაპს, მასაც უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელთა გადალახვას მისი მეუღლის, ცხოვრების პარტნიორისა და, როგორც თავად ამბობს, დაუღალავი ქომაგის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა.

"ბევრი შეცდომა დავუშვი. ჯერ არც ისე დიდი გზა გვაქვს გავლილი, თუმცა უკვე მოვასწარით მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილების გათავისება, რასაც სოციალური ქცევის პარადიგმები ჰქვია. ერთადერთი ნამდვილი შეცდომა ისაა, რომლისგანაც არაფერს ვსწავლობთ. სტერეოტიპების მსხვრევა არის ყველაზე რთული პროცესი ყველა საქმიანობაში. წინააღმდეგობებით სავსე წელი გამოვიარე, მივიღე უდიდესი გამოცდილება, და ამან მხოლოდ გამაძლიერა. ვფიქრობ, ახლა უფრო ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ ყველა სირთულეს და მიმღებლობაც მეტი მაქვს. ვისწავლე ის, რომ მოვლენებს და მოცემულობას ვერ შეცვლი, შეგიძლია მხოლოდ შეარჩიო ქმედებები და რეაგირება ამ სიტუაციების გასამკლავებლად. ზოგადად, ადამიანის ბუნება მრავალწახნაგიანია და ყველა სირთულე ბიზნესში ამასთან არის დაკავშირებული. დანარჩენი ტექნიკური თუ საოპერაციო საკითხებია, რომელსაც სწორი დაგეგმვით და პროაქტიულობით გადაჭრი".

დღეს "Pepperboy − ფეფერბოი" უკვე შემდგარი ოჯახური ბიზნესია, სადაც თითოეული დასაქმებული ოჯახის წევრად მიიჩნევა. თანამშრომლის აყვანისას, უმთავრესი, რასაც ანა დონდუა ყურადღებას აქცევს, ადამიანის სიახლეებისადმი მზაობა და ის დამოკიდებულებაა, რომლითაც იგი ახალ სამსახურში სამუშაოს დასაწყებად მოდის.

"მე არ ვინტერესდები CV-ით და მრავალწლიანი გამოცდილებებით. გონებაგახსნილობა, სითამამე, შრომისმოყვარეობა და ცნობისმოყვარეობა არის ჩემთვის ის თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნებისმიერს, ვისაც ჩემთან მუშაობა სურს. დანარჩენს მე თვითონ ვასწავლი და ხელს შევუწყობ პროფესიონალიზმის განვითარებაში. მთავარია გახსნილი გონება და მიმღებლობა ახალი, უცხო პარადიგმების მიმართ. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ სამზარეულოში და ერთად ვამზადებთ კერძებს. მუდამ ჩემი გუნდის გვერდით ვარ. ჩართული გახლავართ ყოველდღიურ საქმიანობაში. მენიუ და მასში არსებული ყველა რეცეპტი პირადად ჩემ მიერ არის დასმული მრავალი ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად", – გვიყვება ანა.

ანას მიაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიოში აზიური სამზარეულო დღეს აღმავლობის გზაზე დგას. ისეთ მეგაპოლისებშიც კი, როგორიცაა ნიუ-იორკი, პარიზი და ლონდონი, აზიური სამზარეულო პოპულარობის პიკზეა. ამ მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება. ბოლო დროს თბილისში მომრავლებული აზიური სწრაფი კვების ობიექტები ამის კარგი დასტურია. თუმცა, ანა დონდუას მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არაა, რადგან აზიური სამზარეულო ბევრად ფართო მასშტაბის ფენომენია და საჭიროებს სერიოზულ ჩართულობას განვითარებისთვის, რადგან მის მიმართ ცნობადობა და მიმღებლობა ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია. "Pepperboy − ფეფერბოი" ამ კუთხით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისისთვის.

"საკმაოდ რთული გზა გვაქვს არჩეული. არ ვუშვებთ კომპრომისებს ხარისხზე, არ "ვაქართულებთ" რეცეპტებს, ვირჩევთ ავთენტური გემოს პალეტებს, არ ვეძებთ ადვილ გზებს თავის მოსაწონებლად. პირიქით − ვცდილობთ, დავანახოთ მომხმარებლებს აზიური არომატების კომპლექსურობა და მრავალფეროვნება. პან-აზიური ნიშნავს, რომ ეს არ არის ვიწრო ეთნიკური რესტორანი ან ერთი კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო. ჩვენ შევარჩიეთ კერძები, რომლებსაც აზიის სხვადასხვა ქვეყნები გვათავაზობენ და გავაერთიანეთ ერთგვერდიან მენიუში. მენიუ საკმაოდ დინამიკურია, ანუ მუდმივად იხვეწება, ემატება საინტერესო კერძები და იცვლება სეზონურად", – გვიზიარებს ანა საკუთარი საქმიანობის ნიუანსებს.

ბავშვობის გატაცებებისა და ინტერესების ანარეკლია რესტორნის ინტერიერიც: "მე გავიზარდე "სუპერმარიოზე" და არკადულ თამაშებზე. სათამაშო აპარატები ყველა პარკში იდგა და უამრავი საათი მაქვს მათ თამაშში გატარებული. იყო ასეთი, 8-ბიტიანი პიქსელ-თამაში "ფეფერბოი". ბიჭუნა დარბოდა და გაზეთებს არიგებდა. "ფეფერბოი" უბრალოდ სიტყვათა თამაშია, ბავშვობის ნოსტალგიაა. ჩვენი ლოგოც პიქსელ-არტშია შესრულებული უნიჭიერესი არტისტისა და ჩემი მეგობრის, კვაჭის მიერ. საიბერპანკი ვახსენე − ეს არის მეცნიერული ფანტასტიკის სუბჟანრი, რომელშიც მოვლენები ხშირად აზიის სხვადასხვა ქალაქში ვითარდება. ჩვენი კონცეფციის გამოხატულებაც სწორედ ისეთი საიბერპანკ ელემენტებია, როგორებიცაა ნეონის განათება, კედელზე გამოხატული არტი, მეტალისა და ხის ნიუანსები, განათება და ა.შ. ინტერიერის დიზაინზე ვითანამშრომლეთ თინათინ ძირკვაძესთან. მასთან ერთად უამრავი სესია ჩავატარეთ, სადაც სკრუპულოზურად ვათანხმებდით ინტერიერის თითოეულ დეტალს".

ფიქრობს, რომ ინდუსტრია, რომელშიც შეაბიჯა, მუდმივ სწავლასა და განვითარებას მოითხოვს. სხვაგვარად, ამ სფეროში არაფერი გამოდის. თავადაც ყოველდღიურად ამ უწყვეტ პროცესშია. მიაჩნია, რომ ამ სფეროს გასავითარებლად ბაზარზე ახალი მოთამაშეები უნდა გამოჩნდნენ. დამწყებებს კი აი, რას ურჩევს:

უპირველესად, მნიშვნელოვანია ბაზრის შესწავლა, იმის გაგება, გარკვეულ ნიშას ირჩევთ თუ მეინსტრიმის ნაწილი იქნება თქვენი ობიექტი.

აუცილებელია კონცეფცია და ბრიფის შემუშავება, რომლითაც იხელმძღვანელებთ ყველა მიმართულებით − იქნება ეს ინტერიერის დიზაინი, ბრენდინგი, სამზარეულო თუ ბიზნესის სხვა ასპექტები.

დიდი იქნება ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ცდილობს მოაქციოს ნებისმიერი ორიგინალური იდეა არსებულ სტანდარტებში და ყოფით ჩარჩოებში. იყავით გაბედულები! არ შეგეშინდეთ ყველაზე თამამი იდეების და კურაჟით შეხვდით გამოწვევებს.

არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ეს. ყოველი ახალი დღე, შეცდომა და წარმატება, ახალი გაკვეთილია.

იყავით თქვენი გუნდის გვერდით, ჩაერთეთ ყოველდღიურ საქმიანობაში. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მუდამ სჭირდება საზრდოობა იმისათვის, რომ არ შეწყვიტოს საერთო მიზნისკენ სწრაფვა".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი