Get All Access for $5/mo

კაფე მზიური - ბიზნესი სოციალური დატვირთვით დაამსხვრიე სტერეოტიპები - ჩაქუჩით და ჩაქუჩის გარეშე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

შესანიშნავი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ოცნება გასული საუკუნის 80-იან წლებში რეალობად იქცა. მდინარე ვერეს პირას უზარმაზარი საბავშვო პარკი გაშენდა, რომელსაც "მზიური" დაერქვა. პარკის შექმნის იდეა ჩანასახშივე საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი წევრებისთვის − მოზარდებისთვის ჯანმრთელი, მზიანი, კეთილი გარემოს შექმნას ემსახურებოდა. პოლიტიკურ ბატალიებს, მთავრობების ცვლილებასა და ბოლო წლებში უკვე ბუნებრივ კატაკლიზმებს "მზიურის" პარკი ძლივს გადაურჩა. აქაურობის პოტენციალი ბოლო წლებში არათუ სრულად ათვისებული, მივიწყებულიც კი იყო. ცნობილი მწერლის ნააზრევიდან და ოცნებიდან კი მხოლოდ "მზიურის" შესასვლელში დადგმული სტატუეტები და სახელწოდება დარჩა. "მზიურის" პარკმა ახალი სიცოცხლე 2006 წელს შეიძინა, როდესაც ინიციატივებით, იდეებითა და ენერგიით აღსავსე ახალგაზრდებმა პარკისთვის სულის მეორედ შთაბერვა მოისურვეს და ბევრის გასაკვირად, გამოუვიდათ.

ანა გოგუაძე კაფეში დღის ძირითად ნაწილს ატარებს. ყველაფერში გარკვეულია − კაფეს სამზარეულოს ფუნქციონირების დეტალებით დაწყებული, სტუმრების სამიზნე კატეგორიითა და ინტერესებით დამთავრებული. "მზიური კაფე" მისი ნააზრევისა და ოცნების განსახიერებაა.

13 წლის წინ 18 წლის იყო, როდესაც ნოდარ დუმბაძის პიროვნებითა და შემოქმედებით შთაგონებულმა, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, "მზის ფესტივალი" წამოიწყო. მთელი მისი ენერგია და რესურსი წელიწადის ერთი დღის მოწყობა-გახალისებას ეძღვნებოდა. ყველაფერი პატარებისთვის კეთდებოდა. საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად პოულობდა სპონსორებს, უხსნიდა საბავშვო ფესტივალის მიზანსა და მნიშვნელობას. 1 ივნისს ასეულობით ბავშვი მშობელთან ერთად "მზიურში" იკრიბებოდა, მხიარულობდა. საღამოს კი აქაურობა ცარიელდებოდა. პარკი სტანდარტულ, შავ-თეთრ ყოველდღიურობას უბრუნდებოდა.

"წარმოუდგენელი" პროექტი

"შენობა, რომელშიც ამჟამად "მზიურის კაფე" ფუნქციონირებს, ნანგრევებად იყო ქცეული. 2015 წელს საქართველოში სოციალური საწარმო ახალი ხილი იყო. მეგობარმა ამიხსნა, რას ნიშნავდა ეს ტერმინი. ასე გამიჩნდა იდეა, ამ ნანგრევებში კაფე გაკეთებულიყო, რომელიც "მზიურს" თავდაპირველ ფუნქციას დაუბრუნებდა. თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ იმუშავებდა, 3 თვეში დაიხურებოდა".

როდესაც ანა გოგუაძის იდეას აღმსრულებელი არ გამოუჩნდა, გადაწყვიტა, ნაბიჯი თავად გადაედგა. "მზის ფესტივალის" ორგანიზატორებთან ერთად საჯარო პროექტი მოამზადა, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა. ქალაქ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა. ანა გოგუაძე სოციალური საწარმოს გახსნის მიზნით ითხოვდა ნანგრევები მათთვის გადაეცათ. ვინაიდან, სოციალური საწარმოს შემოსავალი იშვიათად წვდება იჯარის ხარჯებს, იდეა კი ჩანასახშივე სოციალური იყო, ინიციატორებს სახელმწიფო სტრუქტურის ყურადღების იმედი ჰქონდათ.

სოციალური კაფე ყველასთვის

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ხელმომწერთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდებოდა. მედიაც დაინტერესდა და ოცნება ანა გოგუაძის "მზიურის კაფეზე" რეალური გახდა. "წარმოუდგენელი რამ მოხდა. ტერიტორია მართლაც გადმოგვცეს. სრულიად უსასყიდლოდ, 2 წლის განმავლობაში გამოყენების უფლებით. მერიამ საკუთარ თავზე სარემონტო სამუშაოებიც აიღო. საერთო ჯამში კი კომპანიებისგან 200 ათას ლარამდე შეგროვდა. პირველი დაფინანსება 50 ათასი ლარის ოდენობით თიბისი ბანკისგან მივიღეთ", − იხსენებს ანა.

მისი მიზანი სპონსორების დოტაციაზე ყოფნა არასოდეს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, "მზიურის კაფე" სუპერმომგებიანი ბიზნესი ვერასოდეს გახდებოდა, სურდა, კაფეს საკუთარი შემოსავლებით ხარჯები მაინც დაეფარა.

"მზიურის კაფეს" შიდა სივრცე 30-მდე ადამიანს იტევს. გარე, სანახევროდ შემოსაზღვრული ეზო გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თითქმის ყოველდღიურად სავსეა. კაფეში ხშირად ეწყობა კინოჩვენებები, საჯარო ლექციები, ვორქშოფები, შეხვედრები. ღონისძიებების ორგანიზებას საკუთარ თავზე "მზიურის კაფეს" ადმინისტრაცია იღებს. აქაურობის კარი, ასევე ღიაა ნებისმიერი არაკომერციული ინიციატივისთვის.

როდესაც თბილისის მერიასთან ანგარიშის ჩასაბარებლად მიდიოდნენ, აღმოაჩინეს, რომ 2 წლის განმავლობაში უკვე 250-მდე ღონისძიება გამართულიყო. 2018 წელს ჩატარებული ივენთების რაოდენობამ კი 135-ს მიაღწია. კაფეს გახსნიდან 2 წელიწადში ანა გოგუაძეს თბილისის მერიამ იმავე ვადით სივრცის განკარგვის უფლება გაუგრძელა.

"ეს სივრცე ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისაა. ყოველკვირეულად არაერთ ღონისძიებას ვმასპინძლობთ, გვაქვს თბილისში პირველი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მენიუ. ერთ-ერთი პირველი კაფე ვართ, რომელმაც უსახლკარო ძაღლი, "მურადა" შეიფარა. "მურადას" თავისი კლუბიც აქვს, შინაური ცხოველების პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად აქ ხშირად იკრიბებიან. გვინდა კომფორტული სივრცე შევქმნათ, ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც ქალაქისთვის ღირებულებას ქმნის".

პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუმრების გონების სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხისკენ მიპყრობა, თითოეულ ახალგაზრდა სტუმარში მიმღებლობის გამომუშავება და სტერეოტიპებისგან თავისუფალი თაობის აღზრდაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

"ბევრ სოციალურ პროექტში ვერთვებით. მაგალითად, "მწვანე საჩუქრის" ფარგლებში ქაღალდს ვაგროვებთ და გადასამუშავებლად ვაბარებთ. აქ მომსვლელ ბავშვებს არასოდეს უკვირთ, როდესაც მათ გვერდით ვინმე ეტლით მოსარგებლე ზის. ღონისძიებებს ცხოველთა უფლებების შესახებაც ხშირად ვატარებთ", − ამბობს ანა.

ბრძოლა არსებობისთვის

"მზიურის კაფეს" ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ ქირის ან იჯარის გადახდა არ უწევს. კომუნალური გადასახადები იმ სტანდარტში ჯდება, რომელიც კვების ყველა ობიექტისთვის საერთოა. სოციალური საწარმოს სტატუსის მიუხედავად, კაფე სპეციალური პირობებით არ სარგებლობს. ყველაზე მძიმე ფინანსური პერიოდი აქაურობისთვის ზამთარია. ამ დროს სტუმართა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. ეზოს ათვისება ვერ ხერხდება და კაფე შიდა სივრცის ამარა რჩება. ზამთრის პერიოდის "გადასაგორებლად" ქეითერინგის სერვისი მოიფიქრეს. სხვადასხვა ღონისძიებასა და ორგანიზაციას, დაკვეთის შემთხვევაში, სამზარეულო კვების ადგილზე მიტანით უზრუნველყოფს.

"მზიური კაფე" იმის დამსახურებაა, რომ კიდევ შემრჩა ენთუზიაზმი. რთულია, ყველაფერი დიდი ნერვების ფასად კეთდება. ძალიან ძნელია, ხარისხი შეინარჩუნო და თან გადასახადების გადახდა მოახერხო".

თუმცა, დიდი მიზნისთვის ამდენი დროისა და ენერგიის ხარჯვა ნამდვილად ღირს. კითხვაზე, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მსგავს კაფეებს საზოგადოებისთვის, ანა გვპასუხობს: "თუკი 10 წლის განმავლობაში ასეთი დაწესებულებები მომრავლდება, ადამიანები სამოქალაქო აქტივიზმს ისწავლიან. გააცნობიერებენ, რომ სახლი კარის ზღურბლზე არ მთავრდება და თავად უნდა იზრუნო თუნდაც იმ ქუჩაზე, სადაც ცხოვრობ. ვფიქრობ, "ახალმა მზიურმა" ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა".

ჩაქუჩები სტერეოტიპების დასამსხვრევად

ანა გოგუაძეს საზოგადოება "მზის ფესტივალის" ორგანიზების გარდა ფოტოხელოვანის საქმიანობითაც იცნობს. ახლა ძველი, საყვარელი პროფესიისთვის დრო აღარ რჩება. მისი რესურსი უამრავ საქმეზე ნაწილდება. ერთ-ერთი "მზიურის კაფეა". ასევე, "ჯეოსელის" მარკეტინგის ძველ გუნდთან ერთად შექმნილი მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია "ანაგრამა".

"ანაგრამამ" სოციალურ მედიაში აქტივობა სარვამარტო პროექტით დაიწყო და ქალებს, რომლებიც კომპანიის დამფუძნებელთა აზრით, სტერეოტიპებს ცხოვრების სტილით უპირისპირდებიან, საჩუქრად ორიგინალური ჩაქუჩები დაუგზავნა − რაც შეიძლება მეტი აზრსმოკლებული წარმოდგენის დასამსხვრევად.

"ყოჩაღი გოგონების თაობა მოდის. მჯერა, ბევრ რამეს შეცვლიან. ამ ეტაპზე მთავარ სტერეოტიპად ის მიმაჩნია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ქალის ძირითადი ფუნქცია მხოლოდ დედობა ჰგონია. არადა, მშობლობისას პასუხისმგებლობას ორივე მხარე თანაბრად უნდა ინაწილებდეს. "ვფიქრობ, თუკი ქალის ძირითად როლად მხოლოდ დედობას აღვიქვამთ, ქალი-კოსმონავტის, ქალი-პოლიციელის თუ ქალი-დაცვის თანამშრომლის წარმოდგენა ძალიან გაგვიჭირდება", − ამბობს ანა.

წლების წინ სტერეოტიპული აზროვნების შედეგების წინაშე არაერთხელ აღმოჩენილა. ალბათ ამანაც უბიძგა, რომ საზოგადოების ცნობიერების განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანა და რაც შეიძლება ნათელი, აზრიანი თაობის ხათრით, დრო და ენერგია სოციალური პროექტებისთვის დაეთმო.

"ჩემს ბავშვობაში ეტლით მოსარგებლე ადამიანებს იშვიათად ხედავდნენ. მე აქტიური ბავშვი ვიყავი, მეგობრებთან დიდ დროს ვატარებდი, კაფეებშიც ხშირად დავდიოდი, პაბებშიც, კონცერტებზეც, ოპერაშიც. მაშინ ვატყობდი, რომ მარტო ვიყავი, მაშტერდებოდნენ. იმ პერიოდში საკუთარი თავის უზრუნველყოფაც თავად შემეძლო. ფოტოგრაფიის დამსახურებით, ჩემი შემოსავალი მქონდა. სწავლას ვერ ვახერხებდი, რადგან უნივერსიტეტში პანდუსი არ არსებობდა".

ახლა საკუთარ სოციალურ კაფეს მართავს. ბევრი სირთულის გადალახვა უწევს, რათა ის იდეა, რომლის დადებითი გავლენისაც სჯერა, განახორციელოს, "ახალ მზიურს" სოციალური დანიშნულება შეუნარჩუნოს და ისეთი სივრცის მასპინძელი იყოს, რომელიც ყოველ სტუმარს ახლის შემეცნების, გაგების, განვითარების საშუალებას მისცემს. მერე რა, რომ კაფეს გახსნის დღემდე, ამ ბიზნესის ბევრი არაფერი გაეგებოდა. სამსახურში გამოუცდელი კადრები აჰყავს, მისთვის მთავარი პოტენციური თანამშრომლის დამოკიდებულებები, ინტერესები და პიროვნებაა. ჩეკის ამორტყმას კი როგორმე თავადაც ასწავლის, ისევე, როგორც თავად ისწავლა პირველ სამუშაო დღეს მთელ გუნდთან ერთად.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"