ნატალი მერკვილაძის წარმატების ისტორია ესთეტიკურ მედიცინაში - არაქირურგიული ტრანსფორმაცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნატალი მერკვილაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. ის სტუდენტობიდან გამოირჩეოდა პროფესიის უდიდესი სიყვარულით, რაზეც მიუთითებს წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სტიპენდიები.
როგორც რესპოდენტი გვიამბობს, ის პირველივე კურსიდან მონაწილეობს ყბა-სახის ქირურგიის ურთულეს ოპერაციებში, სადაც დეტალურად ისწავლება თავ-კისრის ანატომია, თანდაყოლილი ანომალიების გამოსწორება, სახის ტრავმების მკურნალობა და ა.შ
ძირითადი პროფესიის პარალელურად ნატალიმ გაიარა საბაზისო კურსი ინექციურ კოსმეტოლოგიაში და, უკვე წლებია, რაც არა მხოლოდ ზრუნავს პაციენტების სილამაზეზე, არამედ უამრავ სამედიცინო მიმართულების სტუდენტს უზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, რითაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას.
უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებით თანამშრომლობდა სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან და ესთეტიკურ ცენტრებთან. ათასობით კმაყოფილმა და მადლიერმა პაციენტმა მისცა მოტივაცია და ინსპირაცია, რათა საკუთარი კომპანია და ბრენდი ჩამოეყალიბებინა.
"ინსპირაციის მთავარი წყარო გახდნენ ჩემი პაციენტები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიზიარებდნენ კმაყოფილებასა და გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხს. საერთაშორისო კონგრესები გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ მსოფლიო დონის გაიდლაინებსა და ტენდენციებს, რათა საქართველოში დავნერგოთ გლობალურად აღიარებული და აპრობირებული მეთოდები," - იხსენებს ნატალი Entrepreneur-თან ინტერვიუში.
დღეს უკვე ნატალის მედიცინის ცენტრი წარმატებით პოზიციონირებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში და უამრავ ადამიანს აძლევს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას.
ნატალი პროფესიული მიმართულებით მუდმივად ვითარდება, რადგან თვლის, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე დიდი ხელოვნებაა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო დონის კონგრესებსა და კონფერენციებზე როგორებიცაა:
- SURGICAL : MIS GLOBAL CONFERENCE – PALMA DE MALLORCA 2024 – IMPLANTS, DERMATOLOGY, AESTHETICS;
- DUBAI DERMA CONFERENCE – EXPERIENCE FUTURE OF HEALTH 2025.
"ნატალის მედიცინის ცენტრის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ინექციური კოსმეტოლოგია არამხოლოდ სილამაზეს, არამედ პაციენტების მენტალური ჯანმრთელობისა და თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება.
მოგეხსენებათ, ინექციური კოსმეტოლოგიის ძირითადი დანიშნულება არაქირურგიული მეთოდით მეტად დახვეწილი და სიმეტრიული ფორმების შექმნაა, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს თითოეული ადამიანის ვიზუალს, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესთეტიკური მედიცინა ხელოვნების და მეცნიერების სინთეზია. მისი მეშვეობით ადამიანები პოულობენ ჰარმონიულ ურთიერთობას არა მხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ სამყაროსთან. ნატალის მთავარი ამოცანაც სწორედ ის არის - ადამიანები აავსოს დადებითი ემოციებით, დაეხმაროს მათ თვითშეფასების ამაღლებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მისივე თქმით, ყველა ადამიანს დაბადებიდანვე აქვს საკუთარი უნიკალური სილამაზე, რომელიც გამორჩეულია, რაც მისი პიროვნების ინდივიდუალიზმს წარმოადგენს.
"ჩემი მიზანი არ არის პაციენტის ვიზუალის რადიკალური ცვლილება, არამედ ვეხმარები მათ, რომ ჩემი ხედვით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნან."
გამოცდილება და პაციენტების უკუკავშირი მიანიშნებდა, რამდენად მოთხოვნადი იყო მის მიერ შეთავაზებული სერვისი. თუმცა, კლინიკის დაფუძნება საწყის ეტაპზე ნატალისგან დიდ გამბედაობასაც მოითხოვდა.
"ბაზარზე დიდი კონკურენციაა და არ არსებობს წარმატების ლიფტი, ყველას ჩვენი კიბე გვაქვს ასავლელი, ამ გზაზე კი უდიდესი სიფრთხილე და გამბედავი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თუმცა, თუ არ გავრისკავთ, შამპანიურს ისე ვერ დავლევთ."
ნატალი მერკვილაძის სამომავლო გეგმებში, პირველ რიგში, გამოცდილების კიდევ უფრო გამდიდრება და პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტი ზრუნვა დგას. გარდა ამისა, კლინიკა მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო აღიარება და შესაბამისი სერტიფიცირება მოიპოვოს. მისი სურვილია, გახსნას ნატალის მედიცინის ცენტრის რამდენიმე ფილიალი, რომლებიც იქნება ISO-სა და FDA - ის სტანდარტებით აღიარებული.
ქალი ანტრეპრენერი ამბობს, რომ სჯერა, თუკი მიზანს დაისახავ და მისთვის იშრომებ, წარმატების მწვერვალს აუცილებლად მიაღწევ. ნატალის თქმით, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და არც გადაუჭრელი პრობლემები არსებობს მიზნისკენ სავალ გზაზე.
"ცხოვრებას განსაზღვრავს სამყაროსადმი ინდივიდუალური აღქმა, პოზიტიური აზროვნება და ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც შენ დაუშვებ, რომ იყოს", - ამბობს ნატალი მერკვილაძე.