ნათია ირემაშვილი არასტანდარტულ და უნიკალურ ლანდშაფტის დიზაინს ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ ინდივიდუალური ლანდშაფტის დიზაინი, რომელიც მათ სივრცეს დამატებით ღირებულებას შემატებს. ვმუშაობ რთულ და არასტანდარტულ იდეებზე, რათა დამკვეთის ბაღი უნიკალური გახდეს. ჩემი ძირითადი საქმიანობაა ინდივიდუალური და საჯარო სივრცეების ფუნქციური და ესთეტიკური ლანდშაფტის დიზაინ-პროექტების შექმნა.

ჩემი მიზანია, ექსტერიერის ტერიტორია მწვანე, ცოცხალ არქიტექტურად გარდავქმნა, რომელიც შენობის სტილსა და გარემოს იდეალურად ერწყმის. ბოლო ორი წელია, მომსახურებას პროექტების შესრულების სრული საავტორო ზედამხედველობა დავამატე. ეს საშუალებას იძლევა, კლიენტებს შევთავაზოთ ერთიანი, უწყვეტი სერვისი, იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო განხორციელებამდე. ეს არის გარანტია იმისა, რომ მიიღებენ ზუსტად იმ შედეგს, რაც 3D ვიზუალიზაციაშია ნაჩვენები, რადგან მე ხარისხის კონტროლს ყველა ეტაპზე უზრუნველვყოფ", – ნათია ირემაშვილი, ლანდშაფტის დიზაინერი.

როგორც ნათია იხსენებს, ლანდშაფტის დიზაინში სრულიად განსხვავებული სფეროდან შეაბიჯა. ავიაციაში 10-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება დიზაინი, მცენარეები და ბუნებასთან სიახლოვე იყო.

"ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მთელი ცხოვრებისეული სურვილის რეალიზება. ვფიქრობ, საქართველოში ლანდშაფტის დიზაინი ახლა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჩემი მიზანი იყო არა უბრალოდ გამწვანება, არამედ სხვა ხედვისა და მუშაობის სპეციფიკის დანერგვა. მომხმარებელს სჭირდება მწვანე სივრცე, რომელიც იქნება მისი ცხოვრების სტილზე მორგებული, ფუნქციური და გამორჩეული ვიზუალის მქონე. ვცდილობ ვაჩვენო, რომ ამ სფეროში მრავალფეროვანი და თამამი იდეების განხორციელება სავსებით შესაძლებელია, და მჯერა, რომ ქართველი მომხმარებელი ამ სიახლეებისთვის მზადაა".

ნათია გვიყვება, რომ 32 წლის ასაკში სამსახურიდან წამოსვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. იმისათვის, რომ ახალ პროფესიულ საქმიანობაში თავი დაემკვიდრებინა, რთული და გაბედული ნაბიჯი გადადგა, კიდევ ერთხელ გახდა სტუდენტი.

"სწავლის პარალელურად დროებით უმუშევარი ვიყავი. მთელი ჩემი დრო და რესურსი მხოლოდ ცოდნის მიღებას დავუთმე. სფერო, სადაც არავინ გიცნობს, ხელგაშლილი არ დამხვედრია. პირველი კლიენტების ნდობის მოპოვება საკმაოდ დიდი ბრძოლა იყო.

თუმცა გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი საქმისადმი უდიდესი სიყვარული დაინახეს და ჩემი განსხვავებული ხედვა დააფასეს. ეს იყო ჩემი მთავარი ტრამპლინი, რომელმაც მეტი თავდაჯერებულობა და გამბედაობა შემმატა. სურვილი და შინაგანი გრძნობა, რომ ეს არის ის, რაც მაბედნიერებს და რისი კეთებაც მსურს, ყველა სირთულეზე დიდი და ძლიერი აღმოჩნდა. ოჯახის, მეგობრებისა და ლექტორების თანადგომის გარეშე ეს პროცესი გაცილებით რთული იქნებოდა".

ნათია ასევე აღნიშნავს, რომ ავიაციაში 10-წლიანი საქმიანობა, დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან დაეხმარა ახალ პროფესიაში. ამბობს, რომ მისთვის მთავარი შთაგონება სამი ძირითადი წყაროდან მოდის:

კლიენტი და ემოცია: დამკვეთის ისტორიები, მათი დამოკიდებულება მცენარეებთან, მოგონებები ბავშვობიდან. ან, უბრალოდ, ის ემოციები, რისი განცდაც სურთ თავიანთ "პატარა სამოთხეში" დასვენებისას. ნათია ცდილობს, ეს ემოციები მწვანე სივრცედ აქციოს.

არქიტექტურა: ლანდშაფტის დიზაინის განუყოფელი ნაწილია შენობის არქიტექტურა. არსებული არქიტექტურა დიდ ინფორმაციას კარნახობს, რაც შემდგომ, ბაღის პროექტირებისას, ლანდშაფტსა და შენობას შორის კავშირად იქცევა.

კომპანიის ღირებულებები: კორპორაციულ პროექტებზე მუშაობისას დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიის ღირებულებებსა და პრინციპებს, რათა ლანდშაფტი მათ იდენტობას სრულად ასახავდეს.

"ჩემი უახლოესი მიზნები ინოვაციურ და შთამაგონებელ პროექტებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტირების დროები უკვე რამდენიმე თვით წინასწარ არის დაჯავშნილი, ვეძებ ისეთ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლებიც ჩემთვისაც იქნება ახლის მომცემი და შთამაგონებელი.

ვცდილობ, მიღწეულ შედეგზე არ გავჩერდე, ცოდნას მუდმივად ვიღრმავებ. ვცდილობ, ის სიახლეები და თანამედროვე მეთოდები, რაც ევროპულ და საერთაშორისო ლანდშაფტის დიზაინში ინერგება, ჩემს პროექტებში წარმატებით გამოვიყენო. ჩემი მიზანია, მეტ ადამიანს გავაცნო ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რაც მათ სივრცეებს რეალურად გააჩნია, და ქართულ ბაზარზე პროფესიული სტანდარტები ავამაღლო".