Get All Access for $5/mo

ნინჩო ჯიბლაძე - ინტრაპრენერიც და ანტრეპრენერიც შემოქმედებითიც და დისციპლინირებულიც, საქმიანიც და მეოჯახეც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

ნინჩო ჯიბლაძე რუბრიკა "ინტრაპრენერისთვის" ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი რესპონდენტია. ინტრაპრენერი ანტრეპრენერისგან ხომ იმით განსხვავდება, რომ არა საკუთარ, არამედ დიდ ორგანიზაციაში მუშაობს მენეჯერად და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. ნინჩომ კი Gulf-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და კომპანიის ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე უკვე რამდენიმე წელი გაატარა და სწორედ ინოვაციური, კრეატიული პროექტებით დაგვამახსოვრა თავი. ძნელია წარმოიდგინო Gulf-ი ნინჩოს გარეშე და ნინჩო Gulf-ის გარეშე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად, ნინჩო ჯიბლაძე ჟურნალ OK!-ის რედაქტორობას, ტელეწამყვანობას, 2 შვილის დედობას, მეუღლისა და შვილებისთვის საკმარისი დროის დათმობას და იოგას ვარჯიშსაც ასწრებს. Entrepreneur-ს ნინჩოს არც ახალი, ამჯერად უკვე ანტრეპრენერული ნაბიჯიც გამოპარვია, რაც მის ოჯახურ ბიზნესს უკავშირდება.

გაიცანით ნინჩო ჯიბლაძე უფრო ახლოს, გნებავთ ინტრაპრენერის, გნებავთ ანტრეპრენერის ამპლუაში.

როგორც ამბობს, დროის მენეჯმენტი მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. ნინჩო ჯიბლაძე გაწონასწორებული და თავდაჯერებული ადამიანია. გაწონასწორებულობაზე არ შემოგედავებათ. აი, თავდაჯერებულობაზე კი შესაძლოა არ დაგეთანხმოთ. წლებთან ერთად ისწავლა, როგორ ექცია საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაეჭვება სიძლიერედ და წარმატების მისაღწევ იარაღად.

მისი დილა 7 საათზე იწყება. სამსახურში წასვლამდე, ბავშვები სასკოლოდ უნდა გაამზადოს, თავის მოვლაც მოასწროს და ოჯახსაც არ მოაკლოს ზრუნვა. შემდეგ მთელ დღეს Gulf-ის სათაო ოფისში ატარებს, ლანჩის დროს ზოგჯერ იოგას ვარჯიშს უთმობს. პარალელურად კი, დაუსრულებელი შეხვედრებია.

"Gulf-ში 2011 წელს მოვედი, ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. შემდეგ გაირკვა, რომ მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელს ეძებდნენ. კანდიდატი ვერა და ვერ შეარჩიეს. დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურა შემეთავაზებინა", − იხსენებს ნინჩო.

ასე აღმოჩნდა ორმაგი დატვირთვით კომპანიის ტოპმენეჯმენტში. რთული და მრავალფეროვანი საქმისთვის თავის გართმევაში პირველ დამხმარედ დროის მენეჯმენტსა და დისციპლინის სიყვარულს ასახელებს.

ნინჩომ კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისაღები გამოცდები ჯერ საერთაშორისო ჟურნალისტიკის ახალგახსნილ ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ შეერთებულ შტატებში წავიდა სასწავლებლად. საქართველოში ჩამოსულმა, ინგლისურის სპეციალისტის დიპლომიც აიღო. "ახლა საერთოდ ვეღარ ვიხსენებ, რაიმე თუ მისწავლია. მაშინ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო მედიაში".

2009 წელს "სელექტ ჯგუფი" დააარსა − ღონისძიებების მართვის კომპანია. იმ პერიოდში ივენთმენეჯმენტი შედარებით ახალი ხილი იყო და ნინჩოსაც ბევრი შეკვეთა ჰქონდა. ღონისძიებების ორგანიზებას დღემდე ახერხებს. თუმცა, დროის უქონლობის გამო, შეკვეთებს არცთუ ხშირად იღებს.

ტელევიზიაში მუშაობდა, სხვადასხვა ჟურნალისთვის წერდა. რამდენიმე წელი სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო დეპარტამენტში მსახურობდა, შემდეგ საჯარო სექტორში, პროტოკოლის სამსახურის უფროსად. ბოლოს კი Gulf-ში აღმოჩნდა − კომპანიაში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს და 1300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოყვანა ნინჩოს და მისი გუნდის პირველი წარმატება გახლდათ. "Gulf-ის სადგურები დაახლოებით 3 თვეში მთელ საქართველოს მოედო. 1 წლის შემდეგ კვლევა რომ ჩავატარეთ, გაირკვა, რომ გამოკითხულთა 75%-მა Gulf-ის შესახებ იცოდა".

ნინჩოსთვის კომპანია, სადაც 8 წელი გაატარა, მთლიანად ადამიანებთან, ლოიალურ თანამშრომლებთან, საკუთარ გუნდთან და მათთან ერთად დასახულ და მიღწეულ მიზნებთან ასოცირდება. "Gulf-ი მთლიანად თანამშრომლებზეა დამოკიდებული, სწორედ ხალხი ქმნის და ავითარებს ბრენდს".

საკუთარი გუნდი თავად შექმნა. "ინტუიციას ვენდე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ შერჩეული ყველა თანამშრომელი საკუთარი საქმის ნამდვილი გურუ აღმოჩნდა".

კრეატიულობასთან, გუნდურობასა და ლოიალობასთან ერთად, ნინჩოსთვის დისციპლინა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვიცეპრეზიდენტისა და კომპანიის პრიორიტეტები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. "მიხარია, რომ სამსახურში არცერთი ჩემი თანამშრომელი არასოდეს აგვიანებს".

დისციპლინასთან ერთად, თანამშრომელთა თავისუფალი დროის პატივისცემა კომპანიის კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. "საღამოს 7-ის ნახევრის შემდეგ, აქ ვეღარავის ნახავთ. გვინდა, ჩვენმა თანამშრომლებმა დრო მეგობრებთან, ოჯახებთან გაატარონ, დაისვენონ".

Gulf-ის პრიორიტეტთა სიაში, ასევე სოციალური პასუხისმგებლობაა. კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, სოციალური აქტივობებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს შეადგენს. გასულ წელს, სწორედ მარკეტინგის გუნდის ინიციატივით, სააღდგომოდ Gulf-ი სოლიდარობის ფონდს უწევდა დახმარებას. საბოლოო ჯამში, 2017-ში კომპანიამ ქველმოქმედებაში 140 ათასი ლარი დახარჯა.

"ბევრი ორგანიზაცია მძიმე თემებთან ასოცირებას ხშირად ერიდება. მათიც მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ ჩავერთოთ. ხელი ყოველთვის მოვლენების პულსზე გვიდევს და სადაც დახმარების გაწევა აუცილებელია, მივდივართ, ვერთვებით".

Gulf-ის სახეები, თანამშრომელთა უდიდესი პროცენტი, ველზე მუშაობს. ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლები მენეჯმენტს ხშირად ხვდებიან, ეწყობა ექსკურსიები, შეხვედრები. რაც შეეხება მარკეტინგის გუნდს, შეხვედრებსა და დაგეგმვას ყოველდღიური სახე აქვს. ნინჩო კი, როგორც ხელმძღვანელი, უმნიშვნელოვანესად, გუნდის წევრთაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს მიიჩნევს.

"ვერასოდეს იქნები მენეჯერი, თუკი "ჭიქასა და კალმისტარს გაეკიდე". ჩემს თანამშრომლებს სრული უფლება აქვთ, საქმე ჩემგან დამოუკიდებლად აკეთონ. მათგან რჩევასაც ხშირად ვიღებ. თუკი საქმე ბიუჯეტის გაწერას ან რომელიღაც გლობალურ პროექტს ეხება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვმუშაობთ".

კომპანიაში გატარებული 8 წლის შემდეგ მიაჩნია, რომ Gulf-ისთვის მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელება შეუძლია. კომპანია კი, თავის მხრივ, თვითგანვითარების საშუალებას აძლევს.

"როგორც სამსახურისა და გარემოს ხშირი ცვლაა სასარგებლო, სწორედ ასევე, ერთსა და იმავე კომპანიაში სტაბილურად განვითარებაც სასარგებლოა. აქ კიდევ ბევრი კარგი რამ შემიძლია გავაკეთო".

ნინჩოსთვის თვითგანვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ზუსტად თავადაც ვერ გეტყვით, როდის აღმოაჩინა, რომ საკუთარი მიღწევებით უკმაყოფილო იყო, ანდა ეგონა, რომ "საერთოდ არაფერი იცოდა". თუმცა, ფაქტია, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა ერთ დღესაც თავის ძლიერ მხარედ აქცია.

აქტიურად კითხულობს პროფესიულ ლიტერატურას, ეცნობა სფეროს სიახლეებს. მეგობრობს სმარტფონთან და მიაჩნია, რომ კომუნიკაციის ეს საშუალება შესანიშნავ სამსახურს უწევს.

"დროს არასოდეს ვკარგავ. თუნდაც რიგში ვიდგე, შემიძლია მარტივად წავიკითხო. ირგვლივ აურაცხელი ინფორმაციაა. შესანიშნავად შეგიძლია განვითარდე. სულ რომ ერთ ოთახში იჯდე და არსად გახვიდე, უამრავი წყაროა ინტერნეტში, რომელიც საშუალებას მოგცემს, პროფესიონალად იქცე".

დღემდე აქტიურად მუშაობს საჯარო გამოსვლებზე. Spotlight-ზე პირველად გამოსვლით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, დრო შეკვეცა და სცენა რამდენიმე წუთში დატოვა. თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვიტავს.

ცოტა ხნის წინ კი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა − ტელეკომპანია "პირველის" ტელეგადაცემაში "ქალების ნარატივი", წამყვანის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს. ასე რომ, გამოსვლების შიშთან ჭიდილი წინ მიიწევს.

ბოლო ერთი წელია ჟურნალ OK!-ის რედაქტორობასაც ითავსებს. შეთავაზება კინაღამ უარყო, თუმცა: "მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ შეიძლებოდა გამომსვლოდა". ასე გახდა მთავარი რედაქტორი. აქტიურადაა ჩართული გამოცემის დაგეგმვის პროცესში, თემების შერჩევასა და ჟურნალის გუნდთან მუშაობაში.

"ჩემი მიზანია, ჟურნალის ფურცლებიდან ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებიც შემოქმედებითები არიან, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ, ისეთ ძალას წარმოადგენენ, რომელთა შესახებ ბევრმა არც კი იცის − იქნებიან ისინი მუსიკოსები, მსახიობები თუ მხატვრები".

ასეთ დატვირთულ რეჟიმში დრო აუცილებლად რჩება იოგასთვისაც. მისი ლანჩის დრო ხშირად ვარჯიშს ეთმობა. მრავალფეროვან საქმეებთან შეჭიდებული მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი მისი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია.

"იმ ფილოსოფიის მიმდევარი ვარ, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური ჯანმრთელობა სულიერ სიმტკიცეს ნიშნავს. იოგას დროს საკუთარი თავი საფეხურიდან საფეხურზე გადაგყავს. შეგიძლია ხელებზე დადგე ისე, რომ არაფერს მიეყრდნო და როცა გამოგდის, ხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია".

უკვე 3 წელია მეუღლესთან ერთად კიდევ ერთ საქმეს შეეჭიდა. "ქართული ვაშლის ბაღი" – ასე დაარქვეს კომპანიას. აგროკრედიტით, გორის რაიონში 8 ჰექტარი მიწა შეიძინეს, შემდეგ კი, ვაშლის ნერგები გააშენეს. ნინჩო ჯიბლაძე და ვლადიმერ ჩხარტიშვილი გორს ხშირად სტუმრობენ. მთელი წლის განმავლობაში 6 ადამიანი მამულს უვლის, უკვე საზაფხულოდ კი, ვაშლის მოსავლის შეწამვლაში, მოვლაში, დაკრეფაში, დასაწყობებასა და დისტრიბუციაში 100-მდე ადამიანი ერთვება.

გასულ წელს პირველი მოსავალიც მოიწიეს. ვაშლის რაოდენობა მცირე იყო. სურათი წელს რადიკალურად შეიცვალა. ოჯახური ბიზნესის მეორე მოსავალი 200 ტონას შეადგენს. "ულამაზესი და უგემრიელესია. მთელი მოსავალი ნარჩევს ჰგავს. ამის ჩირად, ან წვენად ქცევა გამორიცხულია".

მთელ საქართველოში ვაშლის წლევანდელი მოსავლის სიმრავლის გამო, ოჯახური ბიზნესი 200 ტონა ვაშლის გაყიდვიდან დიდ შემოსავალს არ ელის. თუმცა, ყველაზე პესიმისტური გათვლით, ბიზნესში ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღება 5 წლის შემდეგ უნდა მოხდეს. სამომავლო პერსპექტივაა პროდუქტის ბრენდინგსა და ექსპორტზე მუშაობაც.

ამ ეტაპზე ოჯახურ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ხალხის მიერ გამოვლენილი სიყვარულია. Facebook-ის სულ რაღაც 700-ლაიქიან გვერდზე განთავსებულმა 10 დოლარით დასპონსორებულმა ვიდეომ 69 ათასი ნახვა, 517 გაზიარება, 2000-მდე მოწონება, უამრავი გამოხმაურება და სიყვარული დაიმსახურა. "ბარაქა, ბარაქა", სულ ამას გვწერდნენ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენით".

პროფესიული წარმატების მთავარ მიზეზად დისციპლინირებულობა მიაჩნია. ბავშვობაშიც და ახლაც, ერთნაირად უყვარს წესრიგი, დღის გაწერილი გრაფიკი, სწავლა. თანაც სწავლა კარგად გამოსდის: "Fast Learner-ი ვარ, ყველაფერს სწრაფად ვითვისებ". სწრაფი სწავლის გარდა, მულტიტასკინგსაც დიდ პლუსად მიიჩნევს.

საკუთარი თავის მიმართ მუდმივი უკმაყოფილების გრძნობა ნინჩოსთვის მთავარი ბიძგია, რომელიც საშუალებას აძლევს ახალი ცოდნა მიიღოს, განვითარდეს და თავისი პერსონის საუკეთესო ვერსიად ჩამოყალიბდეს.

როგორ შევქმნათ
ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი