Get All Access for $5/mo

NINELLIE - საქართველოს რუკა, როგორც შთაგონება 20% of my country is occupied by Russia!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ნინელი ჩხაიძემ ატელიე 7 წლის წინ გახსნა. პროფესიით დიზაინერია, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებით. ერთ დღესაც მიხვდა, რომ ერჩივნა დრო იმ საქმისთვის დაეთმო, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად იტაცებდა და უყვარდა. ბრენდს Ninellie 3 წლის წინ უწოდა. პირველ წარმატებას გემო მაშინ გაუგო, როდესაც კამუფლაჟიან, სამხედრო მაისურებზე საქართველოს რუკის კონტური დაიტანა. მაისურებს წელის ჩანთები მოჰყვა. ნინელი ჩხაიძე ახალგაზრდა დიზაინერია. იმ ანტრეპრენერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა წამოწყებებიც მთლიანად ემოციებსა და ენთუზიაზმზეა დაფუძნებული, ნაკლებად − წინასწარ განსაზღვრულ ბიზნესსტრატეგიასა და მარკეტინგული აქტივობების სკრუპულოზურად გაწერილ გეგმებზე.

საქართველოს რუკის კონტური კამუფლაჟზე

"4 წლის წინ ქვილთის ერთ-ერთი საერთაშორისო გამოფენისთვის ვემზადებოდი, ნამდვილად არ მქონდა სამოსის ხაზზე მუშაობის დრო. 26 მაისი მოდიოდა და უცებ გონებაში გამიელვა, გამეკეთებინა კამუფლაჟის მაისურები, რომლებზეც საქათველოს რუკის კონტური იქნებოდა დატანილი. ასეც მოვიქეცი. 26 მაისს მოხდა კოლექციის პრეზენტაცია, დაიწერა სტატიები, გაკეთდა ფოტოსესია", − იხსენებს ნინელი. ბრენდის პირველი წარმატებული ნაბიჯი 26 მაისს უკავშირდება. საერთოდაც, Ninellie-ის კომერციული ხაზი თითქმის სრულად საქართველოს თემატიკითაა შთაგონებული.

ავტორისთვის საქართველოს რუკა და პატრიოტული თემა ყოველთვის საინტერესო და სასურველი განსახორციელებელი იყო. ამ მიზნით დაიწყო რუკის კონტურის სხვადასხვა ქსოვილის მაისურზე, ჰუდიზე თუ წელის ჩანთაზე გადატანა. პროდუქცია დღითი დღე პოპულარული ხდებოდა, იზრდებოდა ატელიეს თანამშრომელთა რაოდენობაც. წლების განმავლობაში Ninellie-სთვის გაყიდვის არხი სოციალური მედია იყო. ცოტა ხნის წინ კი "გალერია თბილისში" პირველი სტენდიც გაიხსნა.

"გავითვალისწინეთ დროის დეფიციტის ფაქტორი, ბევრს არ აქვს დრო შეკვეთილ ნივთს რამდენიმე დღე ელოდოს. გარდა ამისა, მომხმარებელთა დიდ ნაწილს სურს, ხარისხი ადგილზევე შეამოწმოს, ამიტომ გავხსენით სტენდი "გალერია თბილისში", რომელიც ამავე დროს ტურისტული ლოკაციაცაა", − ამბობს დიზაინერი.

ნინელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც იყო, ატელიე მხოლოდ შეკვეთებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და სტაბილური წარმოება დაეწყო.

სტენდის გახსნა ამ ეტაპზე კომერციულად გამართლებულ ნაბიჯად მიაჩნია. იმის მიუხედავად, რომ დაინტერესებულთ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბროსეს 2 ნომერში მდებარე ატელიეს ესტუმრონ, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში დადგმულ გაყიდვის წერტილს ბევრი სხვა უპირატესობა აქვს − გამვლელი ტურისტი იქნება თუ რიგითი თბილისელი, რომელიც Ninellie-ის პროდუქციით დაინტერესდება, ადგილზე შეძლებს პირადი მოხმარებისთვის თუ სასაჩუქრედ ნებისმიერი პროდუქტის შეძენას.

Ninellie-ს უკვე ჰყავს სტაბილური დამკვეთები. ძირითადად, საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის სასაჩუქრედ იძენენ. ასევე, ქართველი ემიგრანტებისთვის გასაგზავნად. "მოგზაურობის წინ აუცილებლად მიჰყავთ ერთი "ნინელი". თან ეს უკვე თითქოს გარკვეული ტრადიციაა. ჩემი მთავარი ინსპირაცია და მამოტივირებელი მესიჯი ამ ხაზის შექმნისას იყო ის, რომ სადაც უნდა წახვიდე, რა სიშორეზეც უნდა იყო სამშობლოსგან, ის მუდამ გულში უნდა გყავდეს და თან დაგქონდეს", − ამბობს დიზაინერი.

აღსანიშნავია, რომ პატრიოტული თემატიკის ხაზის გამოჩენისთანავე, Ninellie-ის ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა და არაერთმა ბრენდმა დაიწყო საქართველოს რუკის გამოყენება საკუთარ პროდუქტში.

20% OF MY COUNTRY IS OCCUPIED BY RUSSIA

ზემოთ მოყვანილი ტექსტისა და მავთულხლართის ვიზუალის სამოსსა თუ აქსესუარებზე გადატანის იდეა წელიწადნახევრის წინ განვითარდა. იმ პერიოდში ოკუპანტმა რუსეთის ფედერაციამ საზღვარი რამდენიმე მეტრით კვლავ გადმოსწია და ნინელისაც სურვილი გაუჩნდა, საკუთარი პროტესტი შემოქმედებითი ფორმით გამოეხატა.

ასე შეიქმნა ნამუშევრები, წარწერით 20% of my country is occupied by Russia. ჰუდები და ჩანთები როგორც საქართველოს რუკის კონტურის ვიზუალით, ისე მავთულხლართის დეტალებითაა გაფორმებული.

"აგვისტოს ომის ისტორია მწარედ მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ყოველთვის მინდოდა, პროტესტის ნიშნად რაიმე მეთქვა, ჩემი პროფესია კი მაძლევს ამის საშუალებას, რომ სათქმელი ხელოვნებით გამოვხატო. რაც შეეხება ოკუპაციის თემას − ეს საკითხი იქამდე იქნება აქტუალური, სანამ ქვეყანა ოკუპირებულია".

დღესდღეობით Ninellie-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი სწორედ ანტისაოკუპაციო სამოსი და აქსესუარებია. "თუმცა, ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ყოფილა მარკეტინგული, ან პიარ სტრატეგიის ნაწილი", − ამბობს დიზაინერი, − "მუდამ მეუბნებიან, რომ ტენდენციებს ალღოს სწრაფად ვუღებ, არადა, უბრალოდ, რაც მაწუხებს, იმას გამოვხატავ ჩემი შემოქმედებით".

ნინელი ჩხაიძე 4 წელია ბრენდ Ninellie-ის ხელმძღვანელობს. უკვე 8 თანამშრომელი ჰყავს, აქვს გარე გაყიდვის წერტილი, ონლაინგამოწერის სერვისი. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს საკუთარი თავის შენახვა გამოსდის, აქამდე არასოდეს შეუხედავს თავისი საქმიანობისთვის ტიპური ანტრეპრენერის თვალით.

"არც ბიზნესის სტრატეგია მქონია, არც მარკეტინგული გეგმები", − ამბობს დიზაინერი. თუმცა, მთლიანად ემოციებსა და საშემსრულებლო ხელოვნებაზე დაფუძნებული ბრენდის წინსვლისთვის რომ განვითარების სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია, კარგა ხანია, მიხვდა. სწორედ ამიტომ ცდილობს, თავისი ატელიე და ბრენდი Ninellie სწორი გზით გაზარდოს, ინტუიციური ნაბიჯები კი უკვე ბიზნესგეგმის ნაწილად აქციოს.

ქვილთი

ნინელის ფართო აუდიტორია ზემოთ ნახსენები თემებით იცნობს, თუმცა, რას საქმიანობს დიზაინერი ამ ყველაფრის მიღმა, არანაკლებ საინტერესოა. მას ფერად და მყუდრო ატელიეში ვესტუმრეთ. ნინელი ჩხაიძე ქვილთის სპეციალისტია. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც თავის შემოქმედებით ნატურას შეუძლია მაქსიმალური გასაქანი მისცეს, არც გაყიდვის წერტილებზე იფიქროს, არც კომერციაზე. ქვილთის ხელოვნებას ჯერ კიდევ სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე ეზიარა, როდესაც სადიპლომო ნამუშევარი სწორედ ამ უძველესი მეთოდოლოგიის მიხედვით შექმნა.

ქვილთი ნაჭრებითა და ნაკუწებით ინსტალაციების, პანოებისა და სამოსის შექმნას გულისხმობს. შრომატევადი საქმე რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ესკიზის დასრულების შემდეგ საათები, დღეები და კვირები შესაფერისი ნაჭრების მოგროვებას თუ მათ დაგვირისტებას ეთმობა. ქვილთის მეთოდოლოგიას სიღრმისეულად ონლაინ კურსების მეშვეობით გაეცნო, მოიძია ქვილთის ფესტივალები, ვორქშოფები და მას მერე, რაც მიხვდა, რომ მისი ტექნიკა განვითარდა, გააკეთა პროექტი, რომლის ფარგლებში გაემგზავრა საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთში, სადაც აიმაღლა კვალიფიკაცია საერთაშორისო ვორქშოპებით და ასევე ქართული პროდუქტი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. ნინელის ნამუშევრებს დიდი ოვაციებით შეხვდნენ, მომდევნო წელს კი, დიზაინერი აღნიშნული ფესტივალის მოწვეული ეგზებიტორი გახდა, სადაც მან პირველად ტექსტილის ფესტივალის არსებობის ისტორიაში წარადგინა საქართველო დამოუკიდებელ მონაწილე ქვეყნად. ექსპოზიცია იმდენად უცხო და საინტერესო იყო, რომ ცალკე სივრცე გამოუყვეს. ნინელიმ ექსპოზიციის მთავარ თემად კვლავ საქართველო აირჩია.

დიდი ხნის გატაცებისთვის ამჟამად ბევრი დრო არ რჩება. სამაგიეროდ, ქვილთის ტექნოლოგიებით Ninellie-ისთვის სამოსსაც ამზადებს, რომელიც საშუალოზე მაღალი ღირებულების პროდუქტია. გასულ წელს კი აღნიშნული კოლექცია პარიზში, ერთ-ერთ ცნობილ Paris Bridal Fair-ის შოურუმზე გაიტანა.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"