Get All Access for $5/mo

OnWay - საფოსტო-საკურიერო მომსახურება ციფრულ ერაში ერთ დროს, თავად საკურიერო სერვისის აქტიური მომხმარებელი, დღეს ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიის დამფუძნებელია.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia; ლოკაცია - Regus საქართველო

ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის გლობალური და მძლავრი განვითარების პარალელურად, იზრდება საფოსტო-საკურიერო მომსახურებების როლი. დღევანდელი ბაზარი მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას.

კომპანია OnWay სწორედ ამ ინდუსტრიის წარმომადგენელია. ბაზარზე 3 წელია გამოჩნდა, თუმცა მის შექმნას დიდი გამოცდილება უძღვოდა. ერთ დროს, თავად საკურიერო სერვისის აქტიური მომხმარებელი, დღეს ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიის დამფუძნებელია. ელექტრონული კომერციის სფეროში მისი პირველი ნაბიჯები კი ჯერ კიდევ 2008 წლიდან იწყება. თუ რა გამოცდილებით შეიქმნა OnWay და როგორ ვითარდება ის ციფრულ ეპოქაში, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი, თამარ გოგოლაშვილი Entrepreneur-ს უყვება:

"ჩემი პირველი გამოცდილება ერთ-ერთ პირველ ონლაინმაღაზიას უკავშირდება, რომელიც 2008-2009 წლებში დავაფუძნე. სფერო ძალიან ახალი იყო. შესაბამისად, ბევრი რამის სწავლა მომიწია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ონლაინმაღაზიის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ვითარდებოდა ონლაინკომერციის ბაზარი, იქმნებოდა ინფრასტრუქტურა, იზრდებოდა სფეროსადმი ცნობადობა და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდებოდა ელ. კომერციის მომხმარებელი. ონლაინმაღაზიის უმთავრესი ელემენტი გაყიდვების შემდეგ უკვე მიწოდება იყო. წლების წინ თავადაც მიწევდა ამანათების დარიგება, ვინაიდან საფოსტო კომპანიები ისე აქტიურად, როგორც დღეს, ამ მომსახურებას არ გვთავაზობდნენ. დაახლოებით 4 წლის წინ თავადაც ვიყენებდი საკურიერო კომპანიების მომსახურებას, თუმცა ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობდა და ეს სფერო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებდა. ამ პროცესებს დაემთხვა ისიც, რომ სამაგისტრო ნაშრომად თემა ელექტრონული კომერციის სფეროდან ავირჩიე. ბაზრის მნიშვნელოვანი ანალიზისა და გათვლების შემდეგ კი გადავწყვიტე, ამ მიმართულებით უფრო სიღრმისეული ნაბიჯები გადამედგა".

წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება 2017 წელს OnWay-ის შექმნის სპონტანურ იდეად და რეალურ ფაქტად გარდაიქმნა. თამარმა პირველ ეტაპზე მიზნად ისეთი მომსახურების შექმნა დაისახა, რომელიც არსებული ანალოგებისგან განსხვავებული იქნებოდა. ის სრულიად ციფრულ პლატფორმაზე დაფუძნებული და მომხმარებლების პირდაპირ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნესი უნდა ყოფილიყო. რამდენიმეთვიანი სამზადისის შემდეგ კი, ზუსტად 3 წლის წინ, 17 ოქტომბერს "ონვეიმ" პირველი ამანათი პირველ მომხმარებელთან გაგზავნა. მას შემდეგ მიწოდების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2 კურიერითა და 1 ოპერატორით დაწყებული საქმე დღეს უკვე 100-მდე მოტივირებულ თანამშრომელს და არაერთ მკაფიო მიზანს აერთიანებს."ყველაზე დიდი გამოწვევა თავად საფოსტო-საკურიერო პროცესების სირთულე აღმოჩნდა, რომელიც გუნდისგან ყოველწამიერ ჩართულობასა და უამრავი გადაწყვეტილების მყისიერად მიღებას, მუდმივ მოქმედებას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდი ღირსეულად ართმევს თავს უმთავრესს − მუდმივ მოძრაობასა და განვითარებას", − ამბობს თამარ გოგოლაშვილი.

ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირების პარალელურად, OnWay-იმ საქმიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით იურიდიული კომპანიებისთვის მომსახურების გაწევითაც დაიწყო. სულ მალე მთელი ქვეყანა მოიცვა და გამოცდილებასთან ერთად, პორტფოლიოც გაიმდიდრა. დღეს OnWay-ის ოფისები უკვე საქართველოს 6 ქალაქშია წარმოდგენილი და რიგში კიდევ რამდენიმეა. მსგავსად ყველა სტარტაპისა, ცვლილებები კომპანიის ბუნებრივი თანმდევია. თუმცა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ის მაინც Covid19-ის გამოჩენის შემდეგ აღმოჩნდა.

"ჩაკეტვის პერიოდი ჩვენი კომპანიისთვის არაერთი მიმართულებით გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული კომერციის ბაზარი, რამაც ავტომატურად გაზარდა მოთხოვნა ჩვენს სერვისზე. გაზრდილი მოთხოვნისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ჩვენმა კომპანიამ ძალიან სწრაფ რეჟიმში შეძლო ადაპტირება და სრულად გადაწყობა, რაც ჩვენთვის ფასდაუდებელ გამოცდილებად იქცა. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო გახდა. ამის მიზეზი კი ის თანადგომა აღმოჩნდა, რომელიც ჩაკეტვის პერიოდში კომპანიებმა ერთმანეთის მიმართ გამოვიჩინეთ".

OnWay-ის პარტნიორი კომპანიების უმეტეს ნაწილს ონლაინმაღაზიები წარმოადგენს. პანდემიის გავრცელების შემდეგ, მათ მხარდასაჭერად, თამარმა FB-ჯგუფი Voice Of Ecommerce შექმნა, რათა სფეროს წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობა, საკუთარი ინტერესების დაცვა და აზრთა ურთიერთგაცვლა მარტივად შეძლებოდათ. ჯგუფმა სულ მალე საფუძველი ჩაუყარა ელექტრონული კომერციის ასოციაციას.

"უახლოეს პერიოდში ჯგუფის წევრებისთვის და არა მხოლოდ, იგეგმება ვებინარის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც დარგის სპეციალისტები ჯგუფის წევრებს სამომავლო ბიზნესსაქმიანობის დაგეგმარებაში დაეხმარებიან. ვებინარის მიზანია, ხელი შეუწყოს საკურიერო კომპანიებისა და ონლაინმაღაზიების კოორდინირებულ მუშაობას, რათა მათ მაღალი დატვირთვის პირობებშიც მომხმარებლისათვის კომფორტული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება შეძლონ. განსაკუთრებით კი წინასაახალწლო პერიოდში", − თამარ გოგოლაშვილი.

არაერთი ცვლილების მიუხედავად, უცვლელი რჩება "ონვეის" ღირებულებები: გუნდურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, მომხმარებლებზე ზრუნვა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ამ ყველაფრით, ის ერთი მხრივ საფოსტო ბაზარს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს, მეორე მხრივ კი მომხმარებლებს გამარტივებული და კომფორტული მომსახურების მიღების შესაძლებლობას უქმნის. OnWay-ის თითოეული სერვისი მომხმარებელთა საჭიროებების დეტალური გათვალისწინებითა და ოპტიმალური გამოსავლების მიგნებითაა შექმნილი.

"OnWay იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ცდილობს მისდიოს მომხმარებლის პულსაციას და დაამყაროს მასთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც ორმხრივად მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის გარანტია. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ჩვენი სერვისები, რომელიც OnWay-ის ჯგუფმა სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის შექმნა. მიუხედავად დივერსიფიცირებისა, ყველა ასეთ სერვისს გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი აერთიანებს, რაც გზავნილების გადაადგილებას მთელი საქართველოს მასშტაბით უსწრაფესად უზრუნველყოფს".

გადაზიდვის პარალელურად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კომპანიის თანამედროვე ციფრული პორტალით, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაარეგისტრირონ, გაგზავნონ და თვალი ადევნონ თავიანთ გზავნილებს. ინტერნეტმაღაზიებისთვის კი ინფორმაციის გაცვლის ბევრად მარტივი გზა − პორტალთან ინტეგრირებაა შესაძლებელი. სრული ავტომატიზაცია მათ საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ მთავარზე − წარმოებასა და გაყიდვებზე. ვირტუალური თაროების სწრაფად დაცარიელების მიუხედავად, აუცილებელია მომხმარებლებისთვის პროდუქციის კომფორტულად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ მომენტში კი მათ სანდო და გამოცდილი ლოგისტიკური პარტნიორი სჭირდებათ. პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ციფრულ პროდუქტებზე. OnWay-ის ახალ კლიენტებს შორის არიან ბანკები, რომლებიც განახლებული ლოგისტიკური და ციფრული სერვისებით სარგებლობენ. თავად კომპანია კი უახლოეს მომავალში უფრო მეტ ციფრულ სიახლეს გვპირდება.

OnWay საკონსულტაციო საქმიანობასაც ეწევა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს არა მხოლოდ ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულად ფუნქციონირებას, არამედ ელ. კომერციაში ადაპტირებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებასაც სთავაზობს.

"ჩემი 12-წლიანი გამოცდილება ონლაინვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვნად მეხმარება, თითოეული კლიენტისთვის პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები გამოვნახო. მათ არა შაბლონურ, არამედ კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ გადაწყვეტებს ვთავაზობ. ვფიქრობ, ამ სფეროს მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაიზრდება სრულიად ელექტრონული კომერცია და მათ შორის საფოსტო-საკურიერო მომსახურების ბაზარიც. Covid19-მა თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინა. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საფოსტო-საკურიერო მომსახურება, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ყველანი ჩაკეტილები ვიყავით. საფოსტო კომპანიები საშვებით შეუზღუდავად ვმუშაობდით, რათა მოქალაქეების მობილობა შეგვემცირებინა, მოგვემარაგებინა ისინი პირველადი საჭიროების ნივთებით და რთულ პერიოდში, მცირე კომფორტი მაინც შეგვექმნა მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაგვიდგა, ელექტრონულ პროდუქტებსა და საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა გაზრდილია. მომდევნო პერიოდში, როდესაც ქვეყანა კრიზისს დაძლევს, დარწმუნებული ვარ ეს ინდუსტრია უფრო სწრაფად გაიზრდება. ახლა კი სწორედ ის დროა, რომ ამ მიმართულებით გავაღრმავოთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, და ახალი ციფრული ერისთვის მოვემზადოთ. ამ პროცესში აუცილებელია ყველამ ერთად გავიაზროთ საკუთარი პასუხისმგებლობა და ერთიანი ძალებით შევქმნათ განახლებული, უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემო", − თამარ გოგოლაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან