Parma – ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი, რომელიც კომფორტს და დახვეწილ დიზაინს აერთიანებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ნინუ წითლიძე

დღესდღეობით, როცა მსოფლიო სწრაფი მოდის გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივმა წარმოებამ, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს. Parma ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელმაც მაღალი ხარისხი და უნიკალური დიზაინი იდეალური კომბინაციით გააერთიანა.

Parma-ს შესახებ Entrepreneur-ს ბრენდის დამფუძნებელი, მარიამ გოგსაძე უყვება:

"Parma-ს თითოეულ მოდელი ხელით იქმნება, ამიტომ ჩანთებს რაოდენობრივად ცოტას ვამზადებთ. სწორედ ეს სძენს მათ განსაკუთრებულობას. ვცდილობთ, რომ მაღალი ხარისხის მიუხედავად, ფასი ხელმისაწვდომი იყოს, რაშიც მასალები და კერვის მეთოდი გვეხმარება".

Parma-ს ჩანთები იმგვარი დიზაინით იქმნება, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა სტილის ადამიანს განსხვავებულ გარემოებებში შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, ჩანთას ყოველდღიური გამოყენებისათვის ეძებთ თუ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის – Parma-ს კოლექციაში თქვენთვის სასურველ მოდელს აუცილებლად აღმოაჩენთ.

მარიამ გოგსაძე ამბობს, რომ მთავარი მოტივაცია იყო, მას და მის გუნდს შეექმნათ ჩანთები, რომლებიც ერთდროულად იქნებოდა ხარისხიანი, გამოსაყენებლად კომფორტული და, რაც მთავარია, დახვეწილი და ლამაზი. როგორც Parma-ს დამფუძნებელი გვიყვება, სანამ რომელიმე ახალი მოდელი გასაყიდად გამზადდება, ის ტესტირების ეტაპებს გადის. ამის შემდეგაც დიზაინი უკუკავშირის მიხედვით იხვეწება. ჩანთის დიზაინზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა დიზაინერისთვის, რამდენადაც ვიზუალურთან ერთად, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. აუცილებელია, რომ ის მარტივი იყოს სატარებლად. მნიშვნელოვანია იმის გათვლა, კონკრეტული მოდელი უფრო კომფორტულია სარჩულით თუ მის გარეშე; ჯიბე სად იქნება უფრო მოსახერხებელი, საკეტის გახსნა ცალი ხელითაც შესაძლებელია თუ არა და ასე შემდეგ. Parma-ს გუნდი თითოეულ მოდელზე მუშაობისას ყველა ამ დეტალს ზედმიწევნით ითვალისწინებს და სწორედ ეს განაპირობებს მათი მომხმარებლების კმაყოფილებასაც.

Parma-ს ისტორია პანდემიის პერიოდში დაიწყო. სწორედ ამიტომ მარიამ გოგსაძეს არაერთი გამოწვევის გადალახვამ მოუწია. მისი შეფასებით, ბრენდის დაფუძნება, გარკვეულწილად, გამბედაობასაც მოითხოვდა.

მარიამ გოგსაძე:

"ალბათ გახსოვთ, პანდემიისას მთელ მსოფლიოში გაურკვევლობა და სრული ქაოსი სუფევდა. არავინ ვიცოდით, რა გველოდა. ხალხი პროდუქტს და პირველადი მოხმარების ნივთებს იმარაგებდა და სწორედ ამ ქაოსში გამოჩნდა ჩემი და დედაჩემის ნათელი წერტილი – Parma. ბუნებრივია, თავიდან ჩვენც გვეშინოდა დაწყების, მაგრამ შეუძლებელია რამეს სიყვარულით აკეთებდე და არ გამოგივიდეს. დედა უკვე 40 წელია, ამ სფეროშია. არაჩვეულებრივად ეხერხება ფეხსაცმელების და ჩანთების დიზაინი და კერვა. მე მარკეტერი ვარ და ამასთანავე – მოდის ინდუსტრიაზე შეყვარებული ადამიანი. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი შევქმენით და ამიტომაც მგონია, ყველაზე მთავარი, რაშიც გაგვიმართლა, სწორედ ერთმანეთია".

საკუთარი ბიზნესის მართვას, თავისუფლებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს. ანტრეპრენერების ყველაზე რთული გამოწვევა რისკების რაციონალურად გაცნობიერება, შიშების დამარცხება და გამბედაობის პოვნაა.

"ძალიან უცნაურია, მაგრამ ხანდახან ყველასი შეიძლება დავიჯეროთ, გარდა საკუთარი თავისა. Parma 300 ლარით დაწყებული მცირე ბიზნესია და მაშინ რომ გეთქვათ, ათასობით გოგო თქვენი ჩანთების ერთგული მომხმარებელი გახდებაო, ალბათ არც დავიჯერებდით. თუმცა პირველივე მომხმარებლის დადებით კომენტარს მალე მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავრწმუნდით ჩვენს შესაძლებლობებში. ცხადია, დროდადრო დგება პერიოდები, როდესაც, უბრალოდ, ძალა გეცლება; როცა თითქოს ისე კარგად არ მიდის საქმე, როგორც დაგეგმილი გქონდა; თითქოს შენს მაქსიმუმს აკეთებ და უკან მინიმუმი გიბრუნდება. აი, ამ დროს საკუთარ თავს უსვამ კითხვას – "ღირს ეს ყველაფერი ამად?" "იქნებ სხვა რამ სცადო?" მაგრამ ყოველი ასეთი კითხვის შემდეგ საბოლოოდ მაინც ის იმარჯვებდა, რაც გულით გვიყვარს. ამგვარად, უკვე მეხუთე წელია, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენ მაინც სიყვარულით ვქმნით ქალებისთვის განსაკუთრებულ ჩანთებს. Parma-მ მასწავლა, რომ საკუთარი თავის რწმენა და საქმის სიყვარული არის იმ ყველაფრის გასაღები, რასაც ჩვენ წარმატებას ვეძახით", – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში მარიამ გოგსაძე.

დღევანდელ რეალობაში ბევრისთვის დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყების მთავარი დაბრკოლება სწორედ დროისა და რესურსების სწორად გადანაწილებაა – განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ბიზნესის დაწყებამ მარიამ გოგსაძეს ბევრი რამ ასწავლა. საკუთარი თავის რწმენასთან ერთად, ისეთი უნარები გამოიმუშავა, რომელიც ბიზნესის მართვისას აუცილებელია – გამბედაობა, თვითდისციპლინა და დროის მართვა. ამასთანავე, მარიამმა წარმატებით გადაჭრა ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანა – საკუთარი საქმე და სრულგანაკვეთიანი სამსახური ერთმანეთთან წარმატებით შეეთავსებინა. დღესაც ის არის უძრავი ქონების პლატფორმის, SS.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და, ამავდროულად, Parma-ს თანადამფუძნებელი. "ჩემი გამოცდილებით, ყველაფერი ორგანიზებასა და სწორ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული", – აღნიშნავს მარიამ გოგსაძე.

მარიამს სჯერა, რომ ფიქრებსა და განწყობას დიდი ძალა აქვს. მიაჩნია, რომ ხშირად საკუთარ წარმოსახვაში ვიქმნით დაბრკოლებებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს. წარმატებისკენ მიმავალი გზა ფიქრების დალაგებით, შიშების გადალახვითა და გაბედული ნაბიჯებით იწყება.

"ყველას ვურჩევ, გაბედონ და თავიანთი სურვილებით იცხოვრონ. სწორედ აქედან იწყება ნამდვილი გზა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ. რაღაცის დასაწყებად ყველაზე სწორი დრო სწორედ ახლაა. არ გადადოთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და დანარჩენი თავისთავად მოვა. მოქმედებას მოაქვს შედეგი, ყველაზე დიდი შეცდომა კი არაფრის კეთებაა", – ამბობს მარიამი.

სწორედ ამ სულისკვეთებით Parma-ს დამფუძნებლებმა დაიწყეს კამპანია მაისურებით, რომლის გზავნილია – "გაბედე". ამ სიტყვით Parma ყველა ქალს შეახსენებს, რომ საკუთარ ოცნებებთან მხოლოდ ერთი დაბრკოლება აშორებს – შიში, რაც გაუბედაობას იწვევს.

ანტრეპრენერის კარიერის დაწყება მხოლოდ ბიზნესის მართვას არ გულისხმობს. ეს ერთგვარი ემოციური გზაც არის, რომელიც სავსეა სიხარულით, პატარა გამარჯვებებით და შეცდომებით. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, რომელიც მუდმივად წინსვლისკენ გიბიძგებს. მარიამისთვის ეს საქმის და მომხმარებლების სიყვარულია.

მარიამ გოგსაძე:

"უდიდესი სიამოვნებაა, ქმნიდე ქალებისთვის პროდუქტს, მონაწილეობდე მათ გაბედნიერებაში და ისინიც კმაყოფილი უკუკავშირებით გიბრუნდებოდნენ. ამას სრულიად გულწრფელი ვამბობ – გადაჭარბების გარეშე. საოცარი გრძნობაა, როცა ქალები მათთვის მნიშვნელოვანი დღისთვის შენს შექმნილ პროდუქტს ირჩევენ. ყველა პატარა ბრენდის მფლობელისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, როცა საჯარო სივრცეში პირველად, სრულიად შემთხვევით ხედავს თავისი პროდუქტის მომხმარებელს. ზუსტად მაგ მომენტში იაზრებ, რომ შენი ბრენდი ხალხს უყვარს, გიცნობენ და გირჩევენ".

მარიამისთვის ბრენდის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოება მუდმივი განვითარებაა. მომავალში კოლექციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და მოდელების სელექციის გაზრდას გეგმავს. ამ პროცესში ბრენდის უცვლელი და უპირობო პრიორიტეტი კი კვლავაც ხარისხია.

მარიამ გოგსაძე:

"ვიზრუნებთ იმაზე, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი დიზაინის ჩანთები და აქსესუარები, რომლებიც გაუმარტივებთ საყვარელი და საჭირო ნივთების ტარებას. ამავდროულად კი მათ ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს".
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი