Get All Access for $5/mo

პოტერია – რეინტეგრაციის ახალი პლატფორმა ქალებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

"პოტერია" სოციალურ საწარმო-სახელონოს წარმოადგენს, რომლის საქმიანობა ქართული რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და მასში, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების ჩართვას გულისხმობს.

საწარმო 2018 წელს თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო "ესტიას" ბაზაზე დაარსდა. თავად "ესტიას" დამფუძნებლები სამი მეგობარი − ელისაბედ დიმიტრიადი, ნათია ნოზაძე და ნათია კალმახელიძე არიან. მეგობრებმა გადაწყვიტეს, საკუთარი საქმიანობისთვის მეტი ღირებულება შეეძინათ და სოციალური საწარმოს იდეის განხორციელებას შეუდგნენ. საწარმოს მთავარ მიზნად კი რეწვით საქმიანობაში პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებული ქალების აქტიურად ჩართვა და მათი გაძლიერება დაისახეს.

"პოტერიას" დირექტორი მედო კევლიშვილი სოციალური საწარმოს შესახებ Entrepreneur-ს უყვება: "ქალბატონების გუნდს მე 2018 წლის გაზაფხულზე შემოვუერთდი. განვითარების ერთ-ერთი გეგმა ჩვენი კერამიკის საწარმოს შექმნა იყო. დაარსდა "პოტერია" – სოციალური საწარმო-სახელოსნო, რომელიც ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას. განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების, რომლებიც უფრო მეტად სტიგმატიზებულები არიან საზოგადოებაში და გაცილებით რთული გზის გავლა უწევთ რეინტეგრაციისთვის. ქალბატონების სრულფასოვან რეინტეგრაციას ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებითი საქმიანობის გზით გვინდა მივაღწიოთ. ამავდროულად, ისინი შემოქმედებით პროცესში ჩართვით ერთგვარ არტ-თერაპიასაც გადიან. ასევე, ვინარჩუნებთ უნიკალურ ქართული თიხის ტრადიციებს. ამ ასპექტების სინთეზით კი საწარმო ძალიან ღირებულ საქმეს აკეთებს".

დარგის პროფესიონალებთან ერთად, სახელოსნოს რეწვით საქმიანობაში ჩართული ქალბატონები უშუალოდ იღებენ დახვეწილი კერამიკული ხელნაკეთი ნივთების შექმნაში მონაწილეობას. აქ მოსვლის შემდეგ, პირველ ეტაპზე ისინი უშუალოდ პროფესიონალებისგან, კერამიკოსებისა და მხატვრებისგან სწავლობენ ხალხური რეწვის საქმიანობის ტექნიკას, ნიუანსებს. ეუფლებიან ახალ პროფესიას, შემდეგ კი ამავე სახელოსნოში საქმდებიან. ამჟამად სახელოსნოში უკვე 7 ქალბატონია დასაქმებული.

გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალებისა, "პოტერიას" სახელონოს კარი ხალხური რეწვითა და თიხით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვისაც ღიაა. მსურველთათვის, "პოტერიას" თიხაზე მუშაობის სასწავლო კურსი აქვს. კერამიკული და თიხის პროდუქციის წარმოება კი საწარმო-სახელოსნოს ძირითად სამუშაო მიმართულებად რჩება.

"პოტერიას" ნაწარმში მრავალფეროვანი თეთრი თიხის − უტილის ხელნაკეთ ნივთებს შეხვდებით. მცირე სუვენირების, ორიგინალური და ექსკლუზიური დიზაინით დამზადებული ნივთების შეძენა როგორც ერთეული სახით, ასევე კორპორაციული დაკვეთითაც შეიძლება. "პოტერიას" კოლექციებში ასევე ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარი და იშვიათი სარესტორნო ჭურჭელიც მოიძებნება.

ერთწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, "პოტერიას" საწარმო-სახელოსნო უკვე იქცა სივრცედ, სადაც ერთდროულად შესაძლებელია როგორც იშვიათი თიხის ნივთების შეძენა, ასევე შემოქმედებითი განტვირთვა და ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნებასთან ზიარება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი