ქართული კომპანია Davbuild-ი ხელოსნების მოძიების პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სარემონტო სამუშაოებისთვის პასუხისმგებლიანი ხელოსნების პოვნა ერთ-ერთი შრომატევადი და რთული პროცესია. ხშირად არ გვაქვს ინფორმაცია, სად უნდა მოვიძიოთ შესაბამისი კადრები - ვეკითხებით ახლობლებს, ვკითხულობთ ან ვაქვეყნებთ განცხადებებს, ვუკავშირდებით სხვადასხვა პირს ინდივიდუალურად. ეს ყველაფერი კი უდიდეს დროით რესურსს მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოძიებული კადრი ვერ ამართლებს მოლოდინებს და სრული პროცესის გავლა ხელმეორედ გვიწევს.
სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ნინო-რუსუდან დავლაძემ კომპანია Davbuild შექმნა, რომელიც ხელოსნების მოძიების პროცესს უფრო მარტივსა და მოხერხებულს ხდის.
"ვცდილობ, შევცვალო სტერეოტიპი "ყველა ხელოსანი მატყუარაა". პროფესიით ფინანსისტი ვარ, უამრავ სფეროში მომსახურე კომპანიებთან მაქვს კავშირი. იდეა, რომ მქონოდა საკუთარი ბიზნესი, ადრინდელი პერიოდიდან მოდის. მაგრამ კონკრეტულად ამ სფეროში თუ ვცდიდი ბედს, ეს გადაწყდა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ქალის ჩართულობის გარეშე არასოდეს გამოდის ხარისხიანი რემონტი. შესაბამისად, მსურდა ეხილათ წარმატებული ქალი და მისი როლი ამ ბიზნესში", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნინო-რუსუდან დავლაძე.
Davbuild-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებასა და სიმამაცეს, რაც იმ დროს ნამდვილად აღმოაჩნდა კომპანიის გუნდს. როგორც ყველა წამოწყებას, Davbuild-იც შეხვდა გარკვეული ტიპის გამოწვევებს. ერთ-ერთი წინააღმდეგობა სწორედ გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებას ეხებოდა.
"ძალიან საპასუხისმგებლოა ეს საქმე. მოითხოვს ზღვა ენერგიას, დეტალებზე ორიენტირებულობას, ინჟინრულ ხედვას, სიმამაცესა და გამბედაობას. მოვძებნე საკუთარ თავში ეს თვისებები და დღეს თქვენ წინაშე ვარ.
პირველი იმედგაცრუება მქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ რადგან ხარ ქალი, არ აღგიქვამენ სერიოზულად ამ სფეროში, ეჭვი ეპარებათ შენს გამოცდილებასა და უნარებში. ფიქრობენ, რომ არ გამოგივა, ვერ შეძლებ. საბედნიეროდ, მყავს გვერდით ადამიანი, ვინც ყოველდღე მმატებდა თვითშეფასებასა და რწმენას, რომ მე ყველაფერი შემიძლია.
სამწუხაროდ, გენდერული სტერეოტიპების ბუმია ამ სფეროში. სადაც მივდივარ, ყველას უკვირს - უი, თქვენ, ქალბატონო?.. და დიახ, მე. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია", - განმარტავს ნინო-რუსუდან დავლაძე.
დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ Davbuild-ის დამფუძნებელს ასწავლა, რომ წარმატებული კომპანიის შესაქმნელად აუცილებელია, თავადაც ისევე მონდომებით შრომობდნენ და იყვნენ ჩართულები, როგორც გუნდის სხვა წევრები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვნენ და არ გადადონ მომავლისთვის ის საქმე, რაც შესაძლებელია დღესვე შესრულდეს.
"დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა გაძლევს საშუალებას, გამოავლინო შენი მიმალული უნარები, განვითარდე, გაიზარდო, მართო შენი ემოცია და ეცადო იყო განსხვავებული.
დამწყებ ტოპმენეჯერებს ვურჩევდი, იყვნენ ლიდერები და არა ბოსები. რაც მეტად ჩაერთვებიან საქმეში და იქნებიან უშუალოები, მით მეტად გულწრფელ ემოციებს მიიღებენ სანაცვლოდ და აუცილებლად ვეტყოდი, რომ შეცდომები ბუნებრივია.
ასევე, მნიშვნელოვანია, არასოდეს არ გადადონ ხვალისთვის ის, რაც შეუძლიათ აკეთონ დღეს".
რესპონდენტის აზრით, ანტრეპრენერი ის ადამიანია, რომელიც რისკის გაწევასთან, შეუპოვრობასთან, სიმამაცესთან, ქარიზმასა და ახალი სიტყვის თქმასთან ასოცირდება. გამბედაობა სწორედ ის უმთავრესი თვისებაა, რომლის ბოლოსაც აუცილებლად გველოდება წარმატება. "ძალიან მიზანდასახული ვარ, დამოუკიდებელი და ძლიერი. ეს სამი თვისება საკმარისია იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, სადაც აღიარების მოლოდინი ნაკლებია. მაგრამ მე ვარ ქალი ანტრეპრენერი და ეს უკვე ინსპირაციაა", - განმარტავს ანტრეპრენერი.
რაც შეეხება გეგმებს, Davbuild-ი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ საზოგადოებას არაერთი დასრულებული პროექტი, ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს. "გეგმა და მიზანი ერთია, მეტი ქალი სარემონტო ბიზნესში. აუცილებლად წლის ბოლოს საკუთარ თავს და მთელ ჩემს გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ეს შევძელით", - აღნიშნავს ნინო-რუსუდან დავლაძე.