რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს? "ნიკოლო" უკვე 7 წელია ამ კითხვაზე პასუხს უმარტივებს მომხმარებელს, უმაღლესი ხარისხის ტყავის აქსესუარების კოლექციებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხშირად ძალიან ბევრი ფიქრი გვიწევს იმაზე, თუ რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს. ვცდილობთ გავიგოთ, რა მოსწონს, რა უყვარს და, შესაბამისად, მოვიძიოთ ისეთი ნივთები ან შეთავაზებები, რომლითაც მის სურვილებს ავასრულებთ. ეს ყველაფერი კი, ზოგიერთ შემთხვევაში, დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეზღუდული რესურსები გვაქვს.
ქართული კომპანია "ნიკოლო" არის მარტივი გადაწყვეტა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბევრს ფიქრობს, თუ რა აჩუქოს საყვარელ ადამიანს. "ნიკოლო" მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტყავის აქსესუარებს (ქამრები, საფულეები, ჩანთები და სხვა), რომლის შეძენაც მათ ხელმისაწვდომ ლოკაციებზე, მისაღები ფასით შეეძლებათ.
"თავიდანვე, როცა ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა, გვინდოდა, რომ მომხმარებელს ჰქონოდა საშოპინგოდ მარტივი გადაწყვეტის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი ლოკაციებით, ფასითა და ხარისხით. იმ დროისთვის, როცა "ნიკოლო" დავაარსეთ, შევქმენით სრულიად ახალი მოცემულობა, სადაც ტყავის აქსესუარები: ქამრები, საფულეები, ჩანთები და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ტყავის აქსესუარი ჩვენს მომხმარებლებს მარტივი, ე.წ. პოპ აპ კუნძულების საშუალებით მივაწოდეთ.
მანამდე კი ტყავის აქსესუარებს ვხვდებოდით კონკრეტულად ტყავის მაღაზიებში, ტანსაცმლის მაღაზიებში სხვა აქსესუარებთან ერთად ან კონცეპტუალურ სივრცეებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნიკოლო" იყო პიონერი, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ტყავის კოლექციები და გაიშალა ყველა დიდ სავაჭრო მოლში, გაამარტივა საჩუქრების შერჩევის პროცესი განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ძირითადი გამოწვევა, "რა ვაჩუქოთ მამაკაცს", ვაქციეთ ჩვენს ყოველდღიურ მისიად და შევძელით მომხმარებლის გონებაში ამ კითხვაზე პასუხი "ნიკოლო" ყოფილიყო. გარდა საჩუქრებისა, ჩვენს პროდუქციას, რა თქმა უნდა, პირადი დანიშნულებისთვის ძალიან ბევრი მომხმარებელი იძენს არაერთხელ",- Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნინო სუხიტაშვილი, "ნიკოლოს" დამფუძნებელი.
დღესდღეობით კომპანია და მისი გუნდი სტაბილურად იზრდება, თუმცა თავდაპირველად, როდესაც ყველაფერი საძირკვლიდან შენდებოდა, ჩნდებოდა რამდენიმე გამოწვევაც, რომლის გადალახვასაც განსაკუთრებული გაბედულება სჭირდებოდა.
ნინო სუხიტაშვილის აღნიშვნით, როდესაც პირველ ე.წ. პოპ აპ კუნძულს ამზადებდნენ თბილისის ერთ-ერთი მოლისთვის, იმ პერიოდში არ არსებობდა მსგავსი სივრცის არსებობის გამოცდილება. შესაბამისად, "ნიკოლო" გახლდათ ის პიონერი წარმოება, რომელმაც პირველმა სცადა მსგავსი ბიზნესმოდელი მომხმარებელთან ურთიერთობისთვის ვითარებაში, სადაც არ არსებობდა მსგავსი გამოცდილება, ქალაქში ერთადერთ მოლში თამამად მისვლა და კუნძულის სივრცის მოთხოვნა არსაიდან მოსული ბრენდისთვის დიდი გამბედაობა იყო. "თამამად ვიტყვი, რომ გავბედე და ბოლომდე ვენდე ჩვენი წარმოებისა და მასალების ხარისხს, ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მინდოდა შეეძინა ჩვენი ტყავის აქსესუარები. დღეს ვამბობ, რომ "ნიკოლოს" არსებობა სრულად დაფუძნებულია გაბედულებაზე, სიმამაცესა და უდიდეს რისკზე, რომელსაც მისი არსებობის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მთელი გუნდი ერთად გავდივართ", - განმარტავს ნინო.
როდესაც ნინო სუხიტაშვილმა "ნიკოლოზე" მუშაობა დაიწყო, ეს მისი პირველი სამეწარმეო გამოცდილება გახლდათ. შესაბამისად, კომპანიის შენების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა. თუმცა მიაჩნია, რომ ის სირთულეები და წინააღმდეგობები, რაც ამ გზაზე შეხვდა, მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ბიზნესის სამართავად. "ალბათ ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოწვევა მაინც პანდემია იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმ რთულ პერიოდშიც კი ძალიან ოპერატიულად ვუპასუხეთ გამოწვევებს, რითაც დღეს უკვე ძალიან ვამაყობ.
სამწუხაროდ, ბევრჯერ შევხვედრივარ გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მაგალითად, მამაკაცებს უკითხავთ/უთქვამთ "ხელმძღვანელი თქვენ ხართ?", "უფროსს გავესაუბრებით". თითქოს აღქმა უჭირდათ, რომ შეიძლება ახალგაზრდა გოგოს დაეფუძნებინა მასშტაბური ბრენდი და ხელმძღვანელიც თავად ყოფილიყო და კუნძულზე ბრენდის ლოგოს გაკვრაშიც ყოფილიყო ჩართული. როდესაც ერთ-ერთ კუნძულს ვხსნიდით და ჩემი ხელით ვამაგრებდი ლოგოს, მოვიდა მოლის თანამშრომელი. უფროსს რომ დაუძახოთ? - გისმენთ. - არა, უფროსი მინდა, - მეუბნება. დაახლოებით 10 წუთი ვუხსნიდი, რომ დამფუძნებელი ვარ, ბოლოს დამიჯერა ან არ დამიჯერა... მიუხედავად მაშინ ცოტა გაღიზიანებისა და გულისტკენისა, ჩემს შემთხვევაში, მაინც უფრო დიდი მოტივაცია გამოდგა, ვიდრე პირიქით.
ასეთ დროს მთავარია სიმშვიდე და კონცენტრირება იმ გამოწვევის ირგვლივ, რაც გვაქვს. და ზოგადად, გახსოვდეთ, ყველაფერს მოაგვარებთ, თუ გვერდით ძლიერი გუნდი და ოჯახი გყავთ, რადგან ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერაა", - განმარტავს "ნიკოლოს" დამფუძნებელი.
ნინო სუხიტაშვილისთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისა და ხვალინდელი დღის მიმართ. მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომ ამ გადაწყვეტილებების ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამ მიდგომით გეგმავს ნინო სუხიტაშვილი კომპანიის გზას წარმატებისკენ. მიმდინარე წლის განმავლობაში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას აპირებს. გამბედაობითა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გეგმავს კიდევ უფრო საინტერესო კოლექციების და კამპანიების შეთავაზებას ფართო საზოგადოებისთვის.