Get All Access for $5/mo

როგორ აღმოვაჩინოთ ახალი ქვეყნები და ვიმოგზაუროთ საკუთარ თავში - რას სთავაზობს ტურისტული კომპანია Zen Travel მომხმარებლებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფი და ქაოსურია, გარემო კონკურენტული და ყოველდღიურობა კი დატვირთული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აღვიდგინოთ დაკარგული ენერგია და მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. ახალი ძალების მოსაკრებად ერთ-ერთი კარგი საშუალება გამაჯანსაღებელი მოგზაურობაა, რომელიც არამხოლოდ ახალ ქვეყანას აღმოგვაჩენინებს, არამედ უკეთესობისკენ შეგვიცვლის ცხოვრების ხარისხს.

Zen Travel პირველი ქართული ველნეს ტურისტული კომპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოში ალტერნატიული და ტრანსფორმაციული მოგზაურობის ხელშეწყობაა და დღეს მომხმარებლებს თვითშემეცნებაზე დაფუძნებულ მოგზაურობას თავაზობს. მსგავსი მოგზაურობის შემდგომ ადამიანები სწავლობენ სტრესის მართვას, ემოციებზე დაკვირვებას და მათ რეგულირებას, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სასიცოცხლო ენერგიების განახლებას.

"10 წლის წინ პირველად გამოვაცდეთ გაცნობიერებული მოგზაურობის ძალა და მისი ტრანსფორმაციული ეფექტი ჩვენს ცხოვრებაზე. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავით სამხრეთ ინდოეთის სანაპიროზე, სიმწვანეში ჩაფლულ გამაჯანსაღებელ კურორტზე, სადაც გავიგეთ ჰოლისტური პრაქტიკების ძალა ჩვენი ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გაჯანსაღებისა და ენერგიების განახლებისთვის", - თამარ ჯაკონია და თამარ გიორგაძე ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალისტები არიან, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში და ინდივიდუალურად 40-ზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურიათ. როდესაც 2016 წელს პირველი ე.წ. Retreat მენეჯმენტის კომპანია დააფუძნეს, მსგავსი ჰოლისტიკური დასვენების ფორმა უჩვეულო იყო საქართველოსთვის. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, დღეს თვითზრუნვა უკვე აქტიურად იკიდებს ფეხს, შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს დასვენებისა და მოგზაურობის ალტერნატიული პრაქტიკებით.

"როდესაც პირველი ე.წ. Retreat პროგრამა გამოვაცხადეთ, საკმაოდ ბევრი კითხვა და ინტერესი დაფიქსირდა, თუმცა რეალურად არავის გაუბედავს და შეუძენია. ჩვენც მოთმინებითა და შეუპოვრობით მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ. ამაში ძალიან გვეხმარებოდა ჩვენი საქმის სიყვარული, სიღრმისეული ცოდნა და იმის რწმენა, რომ ჩვენი საქმიანობა თანამედროვეობის რეალურ პრობლემას ჭრიდა და ამას დაინახავდნენ სხვებიც. ამიტომ დავიწყეთ პროგრამების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა და საქართველოს პოპულარიზაცია, როგორც ტრანსფორმაციული მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. ვუმასპინძლეთ 20-მდე ქვეყნის მოქალაქეს ჩვენს საავტორო პროგრამებზე, რომელსაც ქართველი იოგები, ქოუჩები და სხვადასხვა პრაქტიკოსები უძღვებოდნენ ქვეყნის გამორჩეულ ადგილებში.

ნელ-ნელა საქართველოს ბაზარიც მომწიფდა და წელს ჩვენ უკვე ვქმნით კორპორაციულ Retreat პროგრამებსაც ქართული კომპანიებისთვის, რომელთაც ეგზოტიკურ ადგილებში მიჰყავთ თავიანთი კლიენტები და თანამშრომლები სხვადასხვა თემატიკის ტრანსფორმაციულ პროგრამებზე დასასწრებად. მოთხოვნადია იოგა, ფიტნეს, ჰოლისტური, დეტოქს, თერაპიული, გამაჯანსაღებელი და სხვა პროგრამები", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თამარ ჯაკონია, Zen Travel-ის თანადამფუძნებელი.

Zen Travel-ზე მუშაობისას გუნდი სხვადასხვა გამოწვევას შეხვდა. იმ პერიოდში, როდესაც გამაჯანსაღებელი ტურიზმის ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ საქართველოს მასშტაბით გამართული და შესაბამისი ინფრასტრუქტურა (სასტუმროები, ვეგეტარიანული რესტორნები, სავარჯიშო და სამედიტაციო სივრცეები და სხვა) არ არსებობდა. თუმცა არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში კომპანიამ შეძლო შეექმნა მიმზიდველი და დასამახსოვრებელი გარემო მოგზაურთათვის.

რაც შეეხება მეორე გამოწვევას, ეს გამაჯანსაღებელი მოგზაურობის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ეხება. მოგზაურობა ადამიანთა უმრავლესობისთვის მხოლოდ ახალი ადგილების ნახვასთან ასოცირდება. Zen Travel-ის მიზანი კი იმის ჩვენებაა, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას შესაძლებელია ტურისტი გაეცნოს ადგილობრივ კულტურულ თავისებურებებს და ამასთან, მთლიანად გადაეშვას საკუთარი ძალების აღდგენაზე.

"Zen Travel-ის მიერ ორგანიზებული Wellness Retreat არის მოგზაურობა, სადაც ერთადერთი საზრუნავი დღის განმავლობაში გაქვს გაქვს მხოლოდ ის, რომ აირჩიო რითი ასიამოვნო და გაართო საკუთარი თავი, იქნება ეს - სარელაქსაციო მასაჟის გაკეთება, ვარჯიშით სხეულის გამოღვიძება, მედიტაციით გონების დამშვიდება, ველურ ბუნებაში სეირნობისას საკუთარი გულის ხმის მოსმენა, უგემრიელესი ჯანსაღი საკვების მირთმევა, არტთერაპია და საკუთარი შემოქმედებითი ნიჭით ტკბობა, აუზში უწონო მდგომარეობაში ლივლივი და ვარსკვლავებზე დაკვირვება, ენერგეტიკული პრაქტიკებით საკუთარ თავთან დაკავშირება და, უბრალოდ, არაფრის კეთებით ნეტარებისა და მადლიერების შეგრძნება", - განმარტავს თამარ გიორგაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი.

Zen Travel-ში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისას აუცილებელია გაბედო და გააჟღერო საკუთარი სურვილები და ოცნებები, აქციო ისინი მომავლის მიზნებად და დაისახო სამოქმედო გეგმა. მათი ხედვით, აუცილებელია, მიზანი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ემსახურებოდეს არამხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებისა და სამყაროს კეთილდღეობასაც. ამის შემდგომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებას, პიროვნული და პროფესიული უნარების მუდმივ სრულყოფასა და საკუთარი თავის რწმენას, რომ შენ ეს შეგიძლია და იმსახურებ.

"ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ადამიანები ფოკუსირდებიან კითხვაზე "როგორ" (როგორ მიაღწევ სასურველ მიზანს/შედეგს) და გაურკვევლობის შიშით პირველი ნაბიჯების გადადგმა უჭირთ. ამის ნაცვლად, ჩემი რჩევაა, კონცენტრირდნენ თითოეულ პატარა ნაბიჯზე საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, შემოიკრიბონ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანები ირგვლივ და შემართებით იარონ წინ. ასეთ შემთხვევაში სამყარო აუცილებლად დაგეხმარება, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდე და შენი მიზნები რეალობად აქციო.

რაც შეეხება ინსპირაციას ჩვენს საქმიანობაში, ორივე დამფუძნებლის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს თვითგანვითარებაზე ზრუნვას, ახალი ინსტრუმენტებისა და გზების აღმოჩენას, რომელიც უფრო დაგვაახლოებს უნიღბო მე-სთან და შინაგან ხმასთან. საქმიანობაშიც იმავე პრინციპით ვხელმძღვანელობთ, ჩვენი შთაგონება ზრუნვაა. მხოლოდ რეალიზებულ, გაცნობიერებული ცხოვრების მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საუკეთესო მშობლები, მეგობრები, თანამშრომლები, შვილები და საზოგადოების წევრები", - აღნიშნავს თამარი.

Zen Travel-ის გუნდის მიზანია, გამაჯანსაღებელი მოგზაურობის ფორმა ნორმად იქცეს ქართულ საზოგადოებაში და საჭიროებისამებრ, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რეგულარულად დაისვენოს ემოციურად, ფიზიკურად და გონებრივად. აღნიშნული პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება Zen Travel-ის პლატფორმებზე როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური ჯავშნებისთვის. კომპანიაში ღრმად სწამთ, რომ მათი მრავალფეროვანი კატალოგით ყველა ჭეშმარიტი მოგზაურის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.