როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი ნულიდან - მარიამ ჯიბლაძის "ბი მობაილი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბი მობაილი" წარმატებული საცალო გაყიდვების ქსელია, რომელიც სმარტფონებისა და კომპიუტერის აქსესუარებს ყიდის. თუმცა ყველაფერი 2017 წელს, მარიამ ჯიბლაძისა და მისი ბიზნესპარტნიორის (რომელიც ახლა მისი მეუღლეა) გაბედული გადაწყვეტილებით დაიწყო. როგორ იქმნება ბიზნესი ნულიდან და როგორია წარმატებული ანტრეპრენერის გზა?

მარიამ ჯიბლაძე ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი ბიზნესი უნდა ჰქონოდა. უნივერსიტეტში სწავლისას უკვე იცოდა, რომ ანტრეპრენერობა იყო მისი გზა, თუმცა მანამდე სურდა გამოცდილება შეეძინა.

ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული ინტერესით, მან და მისმა პარტნიორმა შეამჩნიეს, რომ იმ დროისთვის საქართველოში ტექნიკის მაღაზიები ძირითადად სმარტფონების გაყიდვაზე იყვნენ ფოკუსირებული, ხოლო მათი აქსესუარების არჩევანი მწირი იყო. გარდა ამისა, ბაზარზე მცირე ბიზნესებს ნაკლებად აინტერესებდათ მომსახურების ხარისხი. სწორედ აქ დაინახეს ნიშა – მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისისა და პროდუქციის შეთავაზება.

"როდესაც თავად შევეჯახე ცუდ მომსახურებას, მივხვდი, რომ აქ დიდი შესაძლებლობა იყო. გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა მაღალხარისხიანი მომსახურება, ისეთი, როგორსაც დიდი ტექნიკის მაღაზიები სთავაზობენ მომხმარებლებს", – იხსენებს მარიამი.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე დამკვიდრებული კარიერული გზა გაქვს. მარიამი წარმატებული თანამშრომელი იყო "საქართველოს ბანკში" და რეგულარულად ხვდებოდა საუკეთესო თანამშრომლების სიაში. თუმცა მან გაბედა და კარიერა დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობაზე გაცვალა.

"მაშინ მეგობრები და ახლობლები არ მირჩევდნენ, დამეტოვებინა სტაბილური სამსახური და საკუთარ საქმეს შევჭიდებოდი. კაპიტალის სიმცირეც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო – ბიზნესი მხოლოდ 3 000 ლარის დანაზოგით დავიწყეთ. თუმცა, მჯეროდა, რომ ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლიდა", – ამბობს მარიამი.

გზად მრავალი კრიზისი შეხვდათ. როგორც დამწყებ ბიზნესს, მათ არ ჰქონდათ დიდი ფინანსური რესურსი, არ ჰყავდათ მუდმივი მომხმარებლები და ნდობის მოპოვება სჭირდებოდათ. თუმცა სწორი მენეჯმენტისა და მიზანმიმართული შრომის წყალობით კომპანიამ რთული პერიოდი გადალახა.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სავაჭრო ცენტრებისთვის იმის დამტკიცება, რომ ჩვენ შეგვეძლო წარმატებული ბრენდის შექმნა. თუმცა ბევრი მცდელობის შემდეგ შევძელით მათთან თანამშრომლობა და დღეს ჩვენს ქსელს ექვსი ფილიალი აქვს თბილისსა და ბათუმში", – აღნიშნავს ის.

ბიზნესში გაბედულება და რისკის გაწევა ყოველდღიური გამოწვევაა. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი "ბი მობაილისთვის" პანდემია იყო, როდესაც ფიზიკური მაღაზიები დაიხურა.

"მაშინ ბევრი ბიზნესი გაჩერდა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას შესაძლებლობად შევხედეთ. სწრაფად გადავეწყვეთ ონლაინგაყიდვებზე და შევთავაზეთ მომხმარებლებს ადგილზე მიტანის სერვისი. ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა გახდა", – ამბობს მარიამი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესში გადამწყვეტი ფაქტორია შეუპოვრობა.

"ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა საკუთარი საქმე, მაგრამ ელოდება "სწორ დროს". რეალურად, სწორი დრო ყოველთვის არის, როცა ნაბიჯს დგამ. მუდმივი გადადება კი მხოლოდ გვაშორებს მიზნამდე".

მარიამ ჯიბლაძის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიზანდასახული შრომა ყოველთვის ამართლებს. სჯერა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ შეგაშინოს კრიზისმა. მარცხი ყოველთვის იქნება, მაგრამ მასწავლებლის როლიც უნდა შევასრულოთ – ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ.

"ბიზნესში, როგორც ცხოვრებაში, გადამწყვეტი ისაა, რამდენად შეგიძლია სირთულეების გადალახვა", – გვეუბნება რესპონდენტი.

დღეს "ბი მობაილი" განაგრძობს გაფართოებას. მომდევნო ნაბიჯი ახალი ფილიალების გახსნა რეგიონებში და ბრენდის ცნობადობის გაზრდაა.

"გვინდა ონლაინგაყიდვები კიდევ უფრო განვავითაროთ. უკვე წარმატებით ვთანამშრომლობთ "ვოლტთან", ახლა კი სხვა პლატფორმებთანაც ვგეგმავთ თანამშრომლობის დაწყებას. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად".

მარიამ ჯიბლაძის ამბავი იმაზე მეტყველებს, რომ წარმატება მხოლოდ გამბედაობისა და დაუღალავი შრომის შედეგია. ბიზნესი ნულიდან იწყება, მაგრამ თუ მიზანს სწორად განსაზღვრავ და გზაზე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობად აქცევ, ნებისმიერი იდეის რეალიზებაა შესაძლებელი.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ