როგორ ცვლის "სეილს თიმი" დეველოპერული გაყიდვების სტანდარტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერულ ბიზნესში წარმატება მხოლოდ აშენებული კვადრატული მეტრებით არ იზომება; ის სწორი სტრატეგიის, წარმატებული გაყიდვებისა და იურიდიული მხარდაჭერის ერთობლიობაა. სწორედ ამ რთული ჯაჭვის სისტემატიზაციის საჭიროება გახდა საფუძველი კომპანია "სეილს თიმის" (Sales Team) შექმნისა, რომლის სათავეშიც ორი ქალი – დამფუძნებელი, მარიამ ფიფია და დირექტორი, თინათინ კობალავა დგას.

იდეა არ გაჩენილა თეორიული მსჯელობისას: ის 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგი იყო. მარიამმა და თინათინმა დაინახეს, რომ დეველოპერებს უწევდათ რესურსების გაფანტვა: მარკეტინგის, გაყიდვების, არქიტექტურული თუ იურიდიული მომსახურების ცალ-ცალკე, სხვადასხვა აუთსორს კომპანიებში მოძიება.

სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, დაენგრიათ ეს ფრაგმენტული მიდგომა და შეექმნათ სრული სერვისის პაკეტი, რომელიც დეველოპერს საშუალებას მისცემდა, ერთი ფანჯრის პრინციპით მიეღო ყველაფერი, რაც პროექტის წარმატებისთვისაა საჭირო.

"პრაქტიკაში საჭიროება მოითხოვდა არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ არქიტექტურულ და იურიდიულ მომსახურებასაც. ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც დეველოპერი ზოგავს დროსაც და ხარჯებსაც".

კომპანიამ ბაზარზე შემოიტანა უნიკალური გამოცდილება, რომელიც შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს:

  • ბიზნესსტრატეგიის შექმნა: პროექტის სწორად დაგეგმვა საფუძვლიდან დასრულებამდე.
  • სრული მარკეტინგული მომსახურება: ბრენდის ცნობადობა და სწორი კომუნიკაცია.
  • გაყიდვები ყველა დაკავშირებული სერვისით.
  • არქიტექტურულ/დიზაინერული პროექტირება: ვიზუალური და ფუნქციური სრულყოფილება.
  • იურიდიული და საბანკო მომსახურება: ტრანზაქციების უსაფრთხოება და ფინანსური მართვა.
  • გაყიდვების შემდგომი კონტროლი: ურთიერთობა მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც.

ამ მასშტაბურ სექტორში შესვლა, ცხადია, დიდ სიმამაცეს მოითხოვდა. დასაწყისიც სიმბოლური იყო – ერთი ლეპტოპი და მხოლოდ საკუთარი, პირადი რესურსები. თუმცა, ენთუზიაზმი და მოტივაცია ყოველდღიურად იზრდებოდა.

მარიამი და თინათინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი, რადგან მაშინ ჩამოყალიბდა მათ შორის ის ნდობა და მეგობრული ურთიერთობა, რაც დღევანდელი წარმატების საფუძველია. მათ სჯეროდათ საკუთარი ხედვისა და იცოდნენ, რომ სირთულეები ადამიანს მხოლოდ აძლიერებს და შინაგან სიმტკიცეს მატებს.

"დასაწყისი ყოველთვის რთულია. დღეს ეს ეტაპი განსაკუთრებით თბილად გვახსენდება. იმ გზის გავლა აუცილებელი იყო, რათა დღევანდელ შედეგამდე მოვსულიყავით".

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მათ ასწავლა, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია. თუმცა, ამ შედეგამდე მისასვლელად ოთხი ფუნდამენტური ფაქტორია საჭირო:

  • დაუღალავი შრომა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
  • ინტუიცია, გადაწყვეტილებების მიღებისას შინაგანი ხმის მოსმენა და მისდამი ნდობა.
  • უდიდესი მოთმინება რთული პერიოდების გადასალახად.
  • შეუპოვარი ბრძოლა, რათა არასდროს თქვა უარი საკუთარ ოცნებაზე.

მათი მთავარი ინსპირაცია კი თავად საქმის სიყვარულია. მარიამს და თინათინს სწამთ, რომ თუ საქმიანობა სიამოვნებას არ განიჭებს, მას სრულყოფილად ვერ შეასრულებ. კმაყოფილი პარტნიორების მზარდი რიცხვი კი მათი საუკეთესო მოტივატორია.

დღეს "სეილს თიმის" 6-წლიანი არსებობის განმავლობაში პორტფელი შთამბეჭდავია: 7 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი. თუმცა, კომპანია გაჩერებას არ აპირებს. ბაზარზე მზარდი მოთხოვნა მათ უბიძგებთ, კიდევ უფრო გააძლიერონ პოზიციები დეველოპერულ სექტორში.

უახლოესი ერთი წლის გეგმები მოიცავს ახალ იდეებს, რომლებიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მათი მთავარი მიზანია, "სეილს თიმი" იყოს კომპანია, რომელიც ბაზარზე პირდაპირ შედეგთან ასოცირდება. ისინი მზად არიან, ეს წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ ყველას, ვისაც სურს გახდეს მათი გუნდის წევრი და ამ სფეროში ახალი სიტყვა თქვას.

"არასდროს თქვათ უარი თქვენს ოცნებაზე, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და დაგვიჯერეთ, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება", ამბობენ ქალი ანტრეპრენერები ინტერვიუს დასასრულს.