საერთაშორისო განათლება საქართველოში – საჰარ ჰარბის ედუპრენერული ხედვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ის, რაც მცირე პროექტით დაიწყო, დროთა განმავლობაში საჰარ ჰარბის ცხოვრების განმსაზღვრელ ეტაპად იქცა. საქართველოში პირველად ჩამოსულმა აქ სასურველ ბიზნესგარემოზე ბევრად მეტი იპოვა: სტუმართმოყვარეობამ, ბუნების სილამაზემ, სასიამოვნო კლიმატმა და უსაფრთხოების განცდამ მას იდეალური პირობები შესთავაზა. ამავდროულად, მან დაინახა შანსი, განეხორციელებინა ის, რაზეც საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ოცნებობდა: აეშენებინა კარიერა განათლების სფეროში და შეექმნა ახალი შესაძლებლობები ბავშვებისთვის.

მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ ჯერ კიდევ თინეიჯერობიდან მოდის. სულ რაღაც 15 წლის ასაკში, საჰარ ჰარბი უკვე წარმოიდგენდა თავის მომავალს განათლების სფეროში და მისი ამბიცია ინდივიდუალური კარიერით არ შემოიფარგლებოდა. მას სურდა შეექმნა რაღაც საკუთარი, რაღაც ისეთი, რაც ბევრ ბავშვს მისწვდებოდა და მათ ცხოვრებაში გარდამტეხ, პოზიტიურ ცვლილებას შეიტანდა. წლების შემდეგ, დედობამ ამ ამბიციას ახალი, პერსონალური განზომილებაც შესძინა.

"განათლება ჩემთვის ძალიან პირადული საკითხი გახდა. დავიწყე ფიქრი იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საკუთარი შვილისთვის მენდომებოდა, და იმაზე, თუ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა", – იხსენებს ის.

საბოლოოდ ეს ყველაფერი ქმედებაში აისახა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ამბიციები მხოლოდ თავისი ოჯახით შემოეფარგლა, საჰარ ჰარბმა გადაწყვიტა, შეექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ფართო საზოგადოებას მოუტანდა სარგებელს. სწორედ ამან განაპირობა "სმარტმენის" (Smartman) დაფუძნება, რომლის მეშვეობითაც მან ქართულ საზოგადოებას UCMAS, ბავშვებისთვის განკუთვნილი, აბაკუსზე დაფუძნებული მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა გააცნო.

პროგრამა შეირჩა ქალი ლიდერის მტკიცე რწმენით იმის შესახებ, რომ განათლების მყარი საფუძველი ადრეულ ასაკშივე იყრება. ბაზარზე ახალი საგანმანათლებლო კონცეფციის შემოტანა კი, პარალელურად, ნიშნავდა იმ ადამიანების კარგად გაცნობას, რომლებსაც ეს პროგრამა უნდა მომსახურებოდა. ქართულ ოჯახებსა და პედაგოგებთან საუბრისას საჰარ ჰარბმა აღმოაჩინა, რომ მათ აერთიანებდათ ბავშვების განათლებისადმი დიდი ერთგულება და მზაობა, შეესწავლათ მათი განვითარების ხელშემწყობი დამატებითი გზები.


მან ამ პროცესში შესაძლებლობა დაინახა და "სმარტმენის" მიდგომაც თანამშრომლობაზე აშენდა: მშობლების ნდობის მოპოვება, პედაგოგების მხარდაჭერა და ისეთი საინტერესო სასწავლო გამოცდილების შექმნა, რომლის მეშვეობითაც ბავშვები საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას შეძლებდნენ. როგორც საჰარ ჰარბი განმარტავს, ოჯახების მოლოდინების გაგება და ბავშვების რეალური პროგრესით პროგრამის ღირებულების წარმოჩენა ამ ურთიერთობების ასაშენებლად უმნიშვნელოვანესი იყო.

საჰარ ჰარბისთვის საგანმანათლებლო მიმართულებით მიზანსა და ბიზნესის წარმატებას შორის ამგვარი ბალანსის შენარჩუნება ედუპრენერობის მთავარი არსია. ბიზნესის ცოდნამ მას ორგანიზაციის აშენებისა და გაფართოების საშუალება მისცა, თუმცა, მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა განათლების ხელმისაწვდომობა იყო, UCMAS კი – პირველი ნაბიჯი; "სმარტმენის" განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მისი ამბიციებიც. კომპანიის უფრო ფართო საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიისა და რობოტიკის მიმართულებითაც გახდა, რამაც ბავშვებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენის, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და სხვადასხვა სფეროს შესწავლის ახალი გზები გაუხსნა.

"მეწარმეობა მიზიდავდა, მაგრამ ბიზნესის მიღმა არსებული მიზანი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც მისი წარმატება. მინდოდა, რომ ჩემი განვლილი გზის ცენტრში სწორედ განათლება ყოფილიყო", – იხსენებს ის Entrepreneur-თან ინტერვიუში.


საჰარ ჰარბის ამბიციაა, დაეხმაროს ბავშვებს, გასცდნენ ტექნოლოგიების ფუნქციონირების უბრალო გაგებას და გახდნენ საკმარისად თავდაჯერებულები, რათა თავად ჩაატარონ ექსპერიმენტები. ეს იმ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელმაც ის თავდაპირველად ჩამოიყვანა საქართველოში: ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი, განავითარონ ახალი უნარები და შეეგებონ მომავალს ცნობისმოყვარეობითა და თავდაჯერებულობით.

ნდობის მოპოვება და ადგილობრივი თანამოაზრეების შემოკრება

პროგრამაში ჩართვის სურვილის მქონე პირველი ოჯახების ნდობის მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოწვევა იყო, რომლის წინაშეც საჰარ ჰარბი საქართველოში UCMAS-ის შემოტანისას დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას საერთაშორისო დონეზე ცნობადობა და აღიარება ჰქონდა, ის მაინც უცხო ხილი იყო ქართველი მშობლებისთვის, რომლებსაც სჭირდებოდათ გაეგოთ, თუ რას სთავაზობდა იგი მათ და ღირდა თუ არა ამაში პირველ რიგში ბავშვების, შემდეგ კი ოჯახების რესურსების დაბანდება.

საჰარ ჰარბმა არჩია, რომ გამოცდილება ყოფილიყო ოჯახებთან მთავარი "მოსაუბრე". მისმა გუნდმა ოჯახების საცდელ გაკვეთილებზე მიწვევა დაიწყო, სადაც ბავშვებს აბაკუსს აცნობდნენ და სხვადასხვა აქტივობაში რთავდნენ. ერთ საათში მშობლებს შეეძლოთ დაკვირვებოდნენ საკუთარი შვილების რეაქციებს, ენახათ, თუ რა ისწავლეს მათ და გაეგოთ, თუ როგორ მუშაობდა პროგრამა პრაქტიკაში.
იმის მაგივრად, რომ მხოლოდ განმარტებებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის რეპუტაციას დაყრდნობოდა, "სმარტმენმა" ყურადღება მისი ღირებულების უშუალოდ პრაქტიკაში ჩვენებაზე გაამახვილა. სწორედ ამ პირველმა შეხვედრებმა ჩაუყარა საფუძველი იმ ურთიერთობებს, რომლებსაც კომპანია თანმიმდევრული სწავლებით, ღია კომუნიკაციითა და თითოეული ბავშვის პროგრესისადმი ინდივიდუალური ყურადღების მიქცევით ავითარებდა.


წარსულის გაანალიზებისას ბიზნესლიდერი ამბობს, რომ სწორედ ეს პერიოდი გამოდგა მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ბაზარზე რაიმე სიახლის დანერგვა მხოლოდ საინტერესო იდეის წარდგენაზე გაცილებით მეტს მოითხოვს; წარმატებასა და ნდობის მოპოვებას სჭირდება დრო, მოთმინება, შედეგების დემონსტრირების უნარი და, ამასთანავე, იმ ადამიანებში ინვესტირება, რომლებიც ამ გამოცდილების უშუალოდ აუდიტორიამდე მიტანაზე არიან პასუხისმგებელნი. მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და სწავლების ხარისხის შენარჩუნება "სმარტმენისთვის" ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც თავად პროგრამის დანერგვა.

სწორედ ამ მიდგომამ შეუწყო ხელი UCMAS-ის ზრდას თბილისის ფარგლებს გარეთ. დღეს ქსელი საქართველოს 12 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, თერჯოლასა და ხაშურში.ამ გაფართოებაში დიდი როლი აქვთ ადგილობრივი პარტნიორებსა და მასწავლებლებს, რომლებიც დაეხმარნენ პროგრამას სხვადასხვა რეგიონში ადგილის დამკვიდრებაში.

ორმა მოვლენამ ამ ზრდას სულ სხვა, საერთაშორისო განზომილება შესძინა. 2024 წელს საქართველოდან UCMAS-ის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე პირველი და მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, რითაც დაამტკიცეს, რომ ადგილობრივად განათლების მიმღებ ბავშვებსაც შეუძლიათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენა. ერთი წლის შემდეგ კი თავად საქართველო გახდა UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრის მასპინძელი ქვეყანა.


საჰარ ჰარბისთვის ეს მიღწევები ორგანიზაციის უბრალო აღიარებაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. მათ
ნათლად აჩვენეს, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ადგილობრივი საგანმანათლებლო ინიციატივები ბავშვებს საერთაშორისო პლატფორმებსა და შესაძლებლობებთან აკავშირებს.

თუმცა, გაფართოება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ახალი ლოკაციების გახსნის საკითხი. ედუპრენერი ხაზს უსვამს ისეთი პარტნიორების პოვნის მნიშვნელობასაც, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და არიან მოწოდებულნი, გაიზიარონ მისი მიდგომა განათლების ხელმისაწვდომობაზე. თითოეული ახალი ქალაქი წარმოადგენს არა მხოლოდ ახალ ბაზარს, არამედ კიდევ ერთ თემს, სადაც "სმარტმენმა" ურთიერთობები უნდა ააშენოს და ოჯახების ნდობა დაიმსახუროს.

ადგილობრივი პარტნიორობა და საერთო ამბიციები

12 ქალაქში საგანმანათლებლო ქსელის გაფართოება მხოლოდ კარგად განვითარებულ პროგრამაზე მეტს მოითხოვს. ის დამოკიდებულია იმ ადამიანებზეც, რომლებიც მზად არიან, ეს პროგრამა საკუთარ ქალაქებში შეიტანონ და მის გარშემო მდგრადი ბიზნესი ააშენონ. ამგვარად, ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა "სმარტმენის" განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

კომპანიის ჩართულობა საწყისი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგით როდი სრულდება. პარტნიორები იღებენ მითითებებსა და რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ წარადგინონ UCMAS-ის პროგრამის უპირატესობები, ააშენონ ურთიერთობები მშობლებთან და მარკეტინგული გუნდის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ. მიზანია, დაეხმარონ მათ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც საკუთარი ცენტრების როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესმიმართულებების მენეჯმენტისთვის არის აუცილებელი.

"ჩემი როლია, დავეხმარო პარტნიორებს, განვითარდნენ როგორც პედაგოგების, ისე ბიზნესის მფლობელების ამპლუაში. წარმატებულ ადგილობრივ ცენტრს რეგიონში სჭირდება მაღალი ხარისხის სწავლება, მკაფიო კომუნიკაცია და იმ ოჯახების ნდობა, რომლებსაც ის ემსახურება", – განგვიმარტავს საჰარ ჰარბი.

თუმცა, მას სჯერა, რომ ამ მოდელის რეალური ღირებულება ყველაზე კარგად იმ ადამიანების გამოცდილებით შეიცნობა, რომლებიც სწავლებასა და ცენტრის მართვას პრაქტიკაში ახორციელებენ. მათი მოტივაცია შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ მათ ერთი საერთო რწმენა აერთიანებთ: ბავშვების საგანმანათლებლო შესაძლებლობებს არ უნდა განსაზღვრავდეს იმ ქალაქის ზომა ან მდებარეობა, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ნინო გორგიშელი, ფილოლოგიის დოქტორი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომლის პროფესიული ცხოვრებაც დიდი ხანია განათლებასა და მომავალი თაობების განვითარებას უკავშირდება. მისი გადაწყვეტილება, UCMAS გორში შეეტანა, ბუნებრივად იშვა მისივე პროფესიული და პიროვნული ღირებულებებიდან. ეს შესაძლებლობა მხოლოდ მორიგი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას კი არ გულისხმობდა, არამედ სადაც ისინი ცხოვრობენ. ბავშვებისთვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამისა და შესაძლებლობების შეთავაზებას.


"განათლება ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ უწყვეტი განვითარების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და საზოგადოების პროგრესში წვლილის შეტანის საშუალებაა", – ამბობს ის. ნინოს სჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და რომ პედაგოგების პასუხისმგებლობაა, შექმნან ისეთი გარემო, სადაც ამ უნარების გამოვლენა და განვითარება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი რწმენა გახდა მარიამ შონიას მოტივატორიც, დაეფუძნებინა UCMAS-ის ცენტრი ფოთში. მისი მიზანი იყო, საზღვაო ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად უფრო მეტად დიდ ურბანულ ცენტრებში ვრცელდება. მას სურდა, ბავშვებს გაეგოთ, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა ზღუდავდეს მათ მისწრაფებებს და არ უნდა უშლიდეს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ კონკურენციაში.


მარიამ შონიას ეს ერთგულება განსაკუთრებით თვალსაჩინო მაშინ გახდა, როდესაც მან გადაწყვიტა, სრულად დაეფინანსებინა ადგილობრივი შესარჩევი ტურის გამარჯვებულის, დავით ინწკირველის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრება. მგზავრობის, განთავსებისა და მონაწილეობის ხარჯების დაფარვით, მან ბავშვს შესაძლებლობა მისცა, პატარა ქალაქი საერთაშორისო ასპარეზზე წარედგინა.
"ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდ ქალაქში ცხოვრება დიდი ოცნებების ასახდენად აუცილებელი წინაპირობა არ არის. რეგიონში გაზრდილი თითოეული ბავშვი იმსახურებს შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი და უნარები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს", – ამბობს მარიამ შონია.

მისთვის დავითის მონაწილეობა და წარმატება ინდივიდუალურ მიღწევაზე მნიშვნელოვანია. მას იმედი აქვს, რომ ბავშვის გამოცდილება სხვებსაც შეაგულიანებს, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიჰყვნენ იმ ოცნებებს, რომლებიც თავდაპირველად შესაძლოა მიუღწევლად ეჩვენებოდეთ.

"მინდა, რომ ფოთისა და საქართველოს სხვა რეგიონების ბავშვებს არასდროს ეშინოდეთ დიდი ოცნებების, რადგან მჯერა, რომ შესაძლებლობებს გეოგრაფიული საზღვრები არ გააჩნია", – დასძენს ის.

ზუსტად ამავე მოტივაციამ უბიძგა კიდევ ერთ ადგილობრივ პარტნიორს, თინათინ ვარდიძეს, შეეტანა UCMAS ახალციხეში. მისთვის პროგრამის ქალაქში წარდგენა ემსახურებოდა იმას, რომ რეგიონის ბავშვებს ისეთივე მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ჰქონოდათ წვდომა, როგორზეც მათ თანატოლებს დიდ ქალაქებში აქვთ.


"UCMAS ჩვენი ბავშვებისთვის ახალი შესაძლებლობების სივრცეა. მინდოდა, რომ ამგვარი საერთაშორისო პროგრამა ახალციხეშიც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ინოვაციური საგანმანათლებლო შესაძლებლობები ხშირად დიდ ქალაქებთან ასოცირდება, თუმცა მჯერა, რომ რეგიონებში გაზრდილ ბავშვებს ზუსტად ისეთივე ხარისხიან პროგრამებსა და განვითარების შესაძლებლობებზე უნდა ჰქონდეთ წვდომა", – გვიხსნის ის.

თინათინ ვარდიძის თქმით, ცენტრის გახსნა ახალი საგანმანათლებლო ბიზნესის დაწყებაზე მეტს ნიშნავდა.
ეს იყო შესაძლებლობა, შექმნილიყო ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებდნენ ესწავლათ, ეთამაშათ, განევითარებინათ საკუთარი უნარები და თანდათან უფრო თავდაჯერებულები გამხდარიყვნენ. მათ ყოველდღიურ პროგრესში პირველი შედეგების დანახვა კი განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა: ეს მას არწმუნებს იმაში, რომ ინიციატივის მიღმა მდგარ იდეას უკვე მოაქვს რეალური, პოზიტიური ცვლილებები.

საერთაშორისო პროგრამის სკოლებში გაფართოება

ადგილობრივი ცენტრების ქსელის მიღმა, "სმარტმენმა" ასევე იზრუნა იმაზე, რომ UCMAS სასკოლო გარემოშიც გამხდარიყო ხელმისაწვდომი. პირველი პარტნიორობა 2019 წელს "ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან" (British International School) დამყარდა, რომლის ხელმძღვანელობამაც პროგრამა კლასგარეშე აქტივობების ღირებულ დანამატად მიიჩნია და საჰარ ჰარბის ხედვას მხარი დაუჭირა. ამ თანამშრომლობამ გზა გაუხსნა პარტნიორობას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის: "ბრიტანულ-ქართულ სკოლასთან" (British Georgian School), ფრანგულ სკოლასთან (École Française), სკოლა "სადუნთან", "ევროპულ სკოლასთან" (European School), "ახალ სკოლასთან" (New School), "ბაქსვუდთან" (Buckswood), "წმინდა გიორგის სახელობის სკოლასთან" (St. George's), "აია-ჯესთან" (AIA-GESS), "პრომეთესთან" (Promethe), ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის
და N30 საჯარო სკოლებთან, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან, "ინტელექტსა" (Intellect) და "აკადემოსთან" (Akademos).

ამ თანამშრომლობების წყალობით, მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში ისე, რომ არ მოუწიოთ მათთვის ნაცნობი სასკოლო გარემოს დატოვებამ. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ UCMAS-ის სერტიფიკატები და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში.
პარტნიორობის დამყარება გრძელვადიანი ვალდებულების მხოლოდ საწყისი ეტაპია. სკოლის ხელმძღვანელობის, მშობლებისა და მოსწავლეების ნდობის შენარჩუნება მოითხოვს თანმიმდევრულობას სწავლებაში, კარგად მომზადებულ ინსტრუქტორებსა და ღია კომუნიკაციას. მიზანია, გახდე სანდო საგანმანათლებლო პარტნიორი, რომლის წვლილიც უბრალოდ მორიგი კლასგარეშე აქტივობის შეთავაზებას სცდება.

ეს თანმიმდევრულობა, განსაკუთრებით მრავალ ქალაქსა და სკოლაში მოქმედ ქსელში, დიდწილადაა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც პროგრამა მიჰყავთ. ამიტომ "სმარტმენი" დიდ ყურადღებას უთმობს მასწავლებლების შერჩევას, გადამზადებასა და განვითარებას. კანდიდატები შეირჩევიან მათი განათლებისადმი დამოკიდებულებით, მოთმინებისა და ბავშვებთან საერთო ენის გამონახვის უნარის მიხედვით.


ამ პიროვნული თვისებების მიღმა, აუცილებელია პროფესიული მომზადებაც: ინსტრუქტორები უნდა იყვნენ სერტიფიცირებულნი და პროგრამის მიმდინარეობისას UCMAS-ის თერთმეტივე დონის ტრენინგი უნდა გაიარონ.

მასწავლებელთა განვითარება საწყისი სერტიფიცირებით არასდროს სრულდება. "სმარტმენი" წელიწადში ორ დამატებით ტრენინგს ატარებს, რომლებსაც თავად საჰარ ჰარბი ან UCMAS-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები უძღვებიან, რათა გააძლიერონ სწავლების არსებული პრაქტიკა და დანერგონ პროგრამის სიახლეები. კომპანია ასევე ემზადება სპეციალური ციფრული პლატფორმის დასანერგად, რომელიც როგორც ინსტრუქტორებს, ისე მოსწავლეებს პრაქტიკისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემს და მათ პროგრესს შეუწყობს ხელს.


"როდესაც ინსტრუქტორები შემდგომი დონეების სასწავლებლად კვალიფიკაციას იმაღლებენ, ისინი აღრმავებენ საკუთარ გამოცდილებას და სწავლებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ. მათი ზრდის მხარდაჭერა აუცილებელია იმ ხარისხის შესანარჩუნებლად, რომელსაც ოჯახები ჩვენგან ელიან", – განმარტავს საჰარ ჰარბი.

საგანმანათლებლო სტანდარტებისადმი დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს ეს ისტორიაც: ერთ-ერთ ეტაპზე "სმარტმენი" არჩევანის წინაშე დადგა: გაეხსნა ახალი ფილიალი, სადაც ოჯახებს უკვე ჰქონდათ გამოხატული ინტერესი, თუ გადაედო მანამ, სანამ სათანადოდ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორი არ დაინიშნებოდა. კომერციული თვალსაზრისით, უფრო ადრე გახსნა ნიშნავდა მეტი ოჯახის მოცვას და შემოსავლის უფრო ადრე მიღებას. მიუხედავად ამისა, საჰარ ჰარბმა ფილიალის გახსნის გადადება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა შემოსავლის გადავადებასა და დაინტერესებული მშობლებისთვის მოცდის თხოვნას, მაგრამ მას არ სურდა პროგრამის გაშვება ისე, რომ სწავლების ხარისხში დარწმუნებული არ ყოფილიყო.

"მშობლები ჩვენ გვანდობენ საკუთარი შვილების დროსა და განვითარებას. ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის აუცილებლად ხარისხთან ერთად უნდა მოდიოდეს", – ამბობს საჰარ ჰარბი.

მისთვის ამ ნდობის დაცვა მდგრადი ბიზნესის მშენებლობისგან განცალკევებული არ არის; ეს მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა. ეს მიდგომა ასევე აჩვენებს, თუ როგორ იმართება ორგანიზაცია
ზრდის კვალდაკვალ. მეტი ლოკაციის, პარტნიორისა და ინსტრუქტორის ჩართვასთან ერთად, საჰარ ჰარბი თანდათან ჩამოშორდა თითოეული ოპერაციული დეტალის პირადად მართვას. განრიგის შედგენა, ყოველდღიური ოპერაციები და ადგილობრივი კოორდინაცია სულ უფრო მეტად არის დელეგირებული
იმ ადამიანებზე, რომლებიც საქმესთან ფიზიკურად ყველაზე ახლოს არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარ პასუხისმგებლობებზე სრული კონტროლი აიღონ.

ამავდროულად, მისი როლი უფრო მეტად ფოკუსირდა სტრატეგიულ მიმართულებაზე, საგანმანათლებლო სტანდარტების შენარჩუნებაზე, გუნდის განვითარებასა და იმ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობაზე, რომლებსაც "სმარტმენი" თავისი პარტნიორებისა და ოჯახების წინაშე იღებს. პასუხისმგებლობის დელეგირებას ის აღიქვამს არა უბრალოდ დიდი ორგანიზაციის მართვის გზად,
არამედ მასში მომავალი ლიდერების განვითარების შესაძლებლობად.

საჰარ ჰარბისთვის ორგანიზაციის შენება ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ადამიანებს
აქვთ თავდაჯერებულობა, მიიღონ გადაწყვეტილებები, წამოაყენონ საკუთარი ინიციატივები და პროფესიულად გაიზარდონ. ხედვა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ადამიანზე, რომელიც ბიზნესის ყველა ასპექტს მართავს. მას უნდა იზიარებდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც საბოლოოდ ამ ყველაფრის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი.

მენტალურ არითმეტიკას მიღმა: მომავლის უნარების განვითარება დღეს

როგორ შეუძლია საგანმანათლებლო პლატფორმას, დაეხმაროს ბავშვებს საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობასა და სწავლისადმი მეტი ცნობისმოყვარეობითა და ჟინით მიდგომაში?

UCMAS აბაკუსზე დაფუძნებულ მენტალურ არითმეტიკას ეყრდნობა. ბავშვები თავდაპირველად თვლას ფიზიკური აბაკუსის გამოყენებით სწავლობენ, ხოლო თანდათანობით გადადიან ამ ინსტრუმენტის გონებაში ვიზუალიზაციასა და ანგარიშის მენტალურად შესრულებაზე. გაკვეთილები აერთიანებს პედაგოგის მითითებებს, რეგულარულ პრაქტიკასა და საინტერესო აქტივობებს, რაც მოსწავლეებს უნარების ეტაპობრივად განვითარების საშუალებას აძლევს.

მეთოდოლოგიის ქვაკუთხედი სწორედ არითმეტიკაზე დგას, მაგრამ საჰარ ჰარბი მის მთავარ ღირებულებას უფრო ფართო სასწავლო გამოცდილებაში ხედავს. UCMAS ავსებს სასკოლო განათლებას იმით, რომ ბავშვებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, იმუშაონ ციფრებთან, ავარჯიშონ კონცენტრაცია და გამოწვევებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმკლავდნენ. მიზანი უბრალოდ დაანგარიშების სიჩქარის გაუმჯობესება კი არ არის, არამედ იმის გააზრებაში დახმარება, თუ რამხელა კმაყოფილება მოაქვს თანმიმდევრული ძალისხმევით რომელიმე უნარის დაუფლებას.

კომპანიის მიდგომა პროგრესის შეფასებისადმი სწორედ ამ განსხვავებას ასახავს. მოსწავლეთა დაწინაურება პროგრამის საფეხურებზე, შეფასების შედეგები და გამოსვლები შეჯიბრებებზე იძლევა მათი მენტალური არითმეტიკის უნარების, განსაკუთრებით სიზუსტისა და სიჩქარის, განვითარების გაზომვად ინდიკატორებს. ამ შედეგების პარალელურად, მშობლები და მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს დაკვირვებებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ბავშვების თავდაჯერებულობაში, ჩართულობასა და მიზანდასახულობაში ამჩნევენ.

საჰარ ჰარბი განსაკუთრებული სიფრთხილით მიჯნავს ამ ორ ასპექტს ერთმანეთისგან. კლასში ნაჩვენები შედეგები და შეჯიბრებების მაჩვენებლები პროგრამის ფარგლებში აკადემიური პროგრესის კონკრეტულ მტკიცებულებებს იძლევა, ხოლო ოჯახებისა და პედაგოგების უკუკავშირი სრულიად განსხვავებულ, თუმცა, თანაბრად ღირებულ პერსპექტივას გვთავაზობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ გამოცდილებაზე.

"ჩემთვის პასუხისმგებლიანი საგანმანათლებლო ბიზნესლიდერობა ნიშნავს სიცხადეს ორივე მიმართულებით: იმასთან დაკავშირებით, თუ რას აჩვენებს ჩვენი მონაცემები და რას ამჩნევენ ოჯახები", – განმარტავს საჰარ ჰარბი ჩვენთან საუბრისას.

მისი ხედვით, მოსწავლის განვითარება არ უნდა იზომებოდეს ექსკლუზიურად შეჯიბრის შედეგებით. იმ ბავშვის პროგრესი, რომელიც ოდესღაც ყოყმანობდა აქტივობებში ჩართვას, თუმცა, თანდათან უფრო თავდაჯერებული გახდა გამოწვევებთან გამკლავებისას, შეიძლება ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს.

ერთ-ერთი მოსწავლე, რომლის გამოცდილებაც ამ ფილოსოფიას ეხმიანება, ანი ავეტისოვაა. 2026 წელს "სმარტმენმა" დააფინანსა მისი მონაწილეობა UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსზე, რამაც მას საშუალება მისცა, პროგრამის მეშვეობით შეძენილი ცოდნა და უნარები საერთაშორისო ასპარეზზე გამოეცადა.


საჰარ ჰარბისთვის ამგვარ ასპარეზზე მოსწავლეთა მხარდაჭერა კომპანიის საგანმანათლებლო პასუხისმგებლობის გაგრძელებაა. ეს ეხება ბავშვებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ძალების გამოცდას ახალ გარემოში, საკუთარი თავის გამოწვევასა და იმის გააზრებას, თუ რის მიღწევა შეუძლიათ მომზადებითა და ძალისხმევით. ანის გზამ კიდევ უფრო განამტკიცა ედუპრენერის რწმენა, რომ ორგანიზაციის როლი სცილდება უბრალოდ პროგრამების ქსელის გაფართოებას: მან ასევე ხელი უნდა შეუწყოს ცალკეულ მოსწავლეებს ისეთ შესაძლებლობებზე წვდომაში, რომლებიც სხვა შემთხვევაში მათთვის მიუწვდომელი დარჩებოდა.

ეს ფილოსოფია უდევს საფუძვლად "სმარტმენის" გადაწყვეტილებას, საქართველოში UCMAS-ის ყოველწლიური ეროვნული შეჯიბრებები გამართულიყო. საერთაშორისო ქსელის ფარგლებში შეჯიბრებები საერთო ტრადიციის ნაწილია, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს, რათა აღნიშნონ საკუთარი მომზადების შედეგები და შეაფასონ პროგრესი თანატოლების გვერდით. ამ ტრადიციის ადგილობრივად დანერგვით კი
"სმარტმენმა" შექმნა კიდევ ერთი პლატფორმა ბავშვებისთვის, რათა დაისახონ მიზნები, გამოსცადონ ჯანსაღი კონკურენცია, ისწავლონ სტრესის მართვა და იამაყონ საკუთარი მიღწევებით.

"გვინდა, თითოეულმა ბავშვმა ისეთი შეგრძნებით დატოვოს ასპარეზი, რომ მათ ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმის მიუხედავად, წაიღებენ თუ არა სახლში თასს", – ამბობს საჰარ ჰარბი. ამდენად, აქცენტი გადატანილია არა ექსკლუზიურად ჯილდოებსა თუ რეიტინგებზე, არამედ მიზნისკენ სწრაფვის გამოცდილებასა და პირადი პროგრესის გააზრებაზე.

2025 წელს საქართველომ კავკასიაში პირველად უმასპინძლა UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრს "სმარტმენისთვის" ეს ღონისძიება წარმოადგენდა პროგრამის განვითარებისთვის გაწეული ექვსწლიანი შრომის აღიარებასა და შესაძლებლობას, ქვეყანაში UCMAS-ის საერთაშორისო საზოგადოება მოეწვია.


ამ ამბიციის რეალობად ქცევას მთელი ერთწლიანი მომზადება დასჭირდა, რაც მოიცავდა ღონისძიების დაგეგმვას, ლოჯისტიკას, მარკეტინგსა და პარტნიორებთან კოორდინაციას. საჰარ ჰარბი ამ პროცესს აღწერს, როგორც უდიდეს ორგანიზაციულ წამოწყებას, რომელმაც მოითხოვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა სპონსორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, მათ შორის თბილისის მერიისა და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის", სეუ-ს (SEU) ჩართულობით, რომელიც ოფიციალური მასპინძლის როლში მოგვევლინა.


"მადლიერი ვარ ყველასი, ვისაც სჯეროდა ამ ღონისძიების და მხარი დაგვიჭირა. UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრის კავკასიაში პირველად ჩამოყვანა ჩემთვის საამაყო იყო: შესაძლებლობა, გვეჩვენებინა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს, და ჩვენი მოსწავლეებისთვის სახლიდან გაუსვლელად მიგვეცა საერთაშორისო გამოცდილება", – იხსენებს ის.

საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობამ საქართველო უფრო ფართო საგანმანათლებლო ქსელში ჩართო და ადგილობრივ მოსწავლეებს საშუალება მისცა, საერთაშორისო საზოგადოება ქვეყნიდან გაუსვლელად გაეცნოთ. ეს ასევე გარდამტეხი ეტაპი იყო "სმარტმენის" განვითარებაში, რამაც აჩვენა, თუ როგორ შეეძლო ინიციატივას, რომელიც ერთი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვით დაიწყო, ეტაპობრივად შეექმნა კავშირები და შესაძლებლობები, რომლებიც მის თავდაპირველ მასშტაბებს შორს სცდებოდა.


ამ გამოცდილებამ საჰარ ჰარბის წარმოდგენა ლიდერობაზეც შეცვალა. ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება მოითხოვდა მკაფიო მიმართულების დასახვას, სხვებისთვის პასუხისმგებლობების მინდობასა და ფოკუსის შენარჩუნებას მრავალი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების პროცესში. მან შეიძინა გაცილებით დიდი თავდაჯერებულობა ამბიციური პროექტების მართვაში, თუმცა, ამასთანავე, უფრო მეტადაც გაიაზრა, რომ წარმატებული ლიდერობა დამოკიდებულია სხვებისთვის ძალაუფლების განაწილებასა და მათ წახალისებაზე, შეიტანონ საკუთარი წვლილი.

საერთაშორისო გამოცდილება შეჯიბრის მასპინძლობით არ დასრულებულა. 2026 წელს საქართველოს 17 მოსწავლე შრი-ლანკაში გაემგზავრება UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. მათ მომზადებაში ჩვეულებრივი გაკვეთილები ერწყმის მიზანმიმართულ პრაქტიკას, რაშიც მათ ინსტრუქტორები და ოჯახები უჭერენ მხარს. ბიზნესლიდერი ამ გამოცდილებას ბავშვების განვითარების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიქვამს, იქნება ეს უცხო გარემოში ორიენტირება, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლების გაცნობა, თუ სტრესულ სიტუაციაში საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ეს შესაძლებლობები დაეხმარება ბავშვებს, გაიაზრონ, რომ საერთაშორისო პლატფორმები მათთვის მიუწვდომელი არ არის.

შემდეგი მიზანი: საგანმანათლებლო ჰაბის აშენება

იმ ფონზე, როდესაც "სმარტმენი" აგრძელებს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და საკუთარი პოზიციების გამყარებას მთელ საქართველოში, საჰარ ჰარბი უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპი. მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი მთავარი ამბიციაა ფართო საგანმანათლებლო ჰაბის დაარსება, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს რამდენიმე საერთაშორისო პროგრამას. ეს იქნება ცენტრი, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ სხვადასხვა ინტერესის კვლევას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციების მოპოვებაზე მუშაობას.

მისი გეგმები ასევე ეფუძნება სურვილს, მხარი დაუჭიროს მოსწავლეებს მათი ადრეული საგანმანათლებლო წლების მიღმაც. ინჟინერიის, რობოტიკისა და დამატებითი საერთაშორისო პროგრამების განვითარების კვალდაკვალ, ედუპრენერს სურს, რომ "სმარტმენის" შეთავაზებები მოსწავლეებთან ერთად ვითარდებოდეს და ინარჩუნებდეს აქტუალურობას მათი ინტერესებისა და ამბიციების ცვლილებებთან ერთად. ამის მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ თავად პროგრამების გაფართოებას, არამედ იმ გუნდისა და პარტნიორობის გაძლიერებას, რომლებიც ორგანიზაციას უჭერენ მხარს.

12 ქალაქისგან შემდგარი არსებული ქსელი უკვე ქმნის საფუძველს შემდეგი ეტაპისთვის, თუმცა, საჰარ ჰარბს სჯერა, რომ მხოლოდ გეოგრაფიული წარმომადგენლობა არ იძლევა საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის გარანტიას. მანძილი, ფინანსური ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური ინსტრუქტორების არსებობა - ეს ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას იმაზე, შეძლებენ
თუ არა ოჯახები პროგრამით სარგებლობას. ამდენად, "სმარტმენის" მიდგომაა, გააღრმაოს არსებული ადგილობრივი მხარდაჭერა, განაგრძოს პარტნიორობებისა და სკოლებთან თანამშრომლობის განვითარება
და გამოავლინოს თემები, სადაც დამატებითი რესურსები შესაძლებელს გახდის მეტი ბავშვის ჩართულობას.


პრინციპი მარტივია: ბავშვის შესაძლებლობებს არ უნდა განსაზღვრავდეს ის, თუ სად იზრდება იგი. საჰარ ჰარბს ასევე აქვს იმედი, რომ განავითარებს კომპანიის გამოცდილებას საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოსწავლეთა დაფინანსების კუთხით, რაც მეტ ახალგაზრდას მისცემს ისეთ გამოცდილებაზე წვდომას, რაც გაუფართოებს მათ თვალსაწიერს და დააკავშირებს თანატოლებთან საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ორგანიზაციის ზრდასთან ერთად შეიცვალა თავად ბიზნესდლიდერის წარმოდგენაც იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს წარმატება. იმ ბავშვებმა, მასწავლებლებმა და პარტნიორებმა, რომლებთანაც მას უმუშავია, ყველამ მოახდინა გავლენა მის მსოფლმხედველობაზე. ბავშვებმა მას ასწავლეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების დაფასება: შეკითხვის დასმა, მარცხის შემდეგ თავიდან ცდის მნიშვნელობა, ან თავდაჯერებულობის არსი, რომ გაბედო რაიმე უცნობის გაკეთება; მასწავლებლებმა დაანახეს, თუ რამდენადაა დამოკიდებული ასეთი პროგრესი მოთმინებაზე, თანმიმდევრულობასა და წახალისებაზე, ხოლო პარტნიორებმა აჩვენეს საერთო ხედვის ღირებულება, რაც სხვებს საშუალებას აძლევს, აიღონ პასუხისმგებლობა და განახორციელონ საკუთარი იდეები.

"ზრდა და ჯილდოები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ადამიანები ჩვენი შრომით იღებენ. როგორც ლიდერი, ახლა თავს ვეკითხები: ხდებიან მოსწავლეები უფრო დამოუკიდებლები? იზრდებიან მასწავლებლები პროფესიულად? აქვთ თუ არა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერა წარმატების მისაღწევად? სწორედ ეს პასუხები მეუბნება, რამდენად კარგად ვხელმძღვანელობ პროცესს", – ამბობს ის.

რა რჩევას მისცემდა საგანმანათლებლო ან სოციალური მიზნის გარშემო ბიზნესის აგებით დაინტერესებულებს?

საჰარ ჰარბისთვის შინაარსიანი იდეა გამართული ბიზნესმოდელით უნდა იყოს გამყარებული, თუკი მას ხანგრძლივი ღირებულების შექმნა სურს. ხარჯების გაგება, ფასწარმოება, ადამიანებში ინვესტირება და ხარისხის შენარჩუნება გაფართოების პროცესში – ეს არ არის მხოლოდ ოპერაციული საკითხები; ისინი განსაზღვრავენ, შეძლებს თუ არა ბიზნესი თავისი მისიის შესრულებას.

ის განსაკუთრებულ ხაზს უსვამს ზრდამდე ბიზნესმოდელის გამართულობის შემოწმებას, მომხმარებლის მოსმენისა და როგორც ფინანსური შედეგების, ისე საგანმანათლებლო გამოსავლების შეფასების მნიშვნელობას. ძლიერმა მისიამ შეიძლება შთააგონოს პირველადი იდეა, თუმცა სწორედ ჯანსაღი ბიზნესდისციპლინა აძლევს მას ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

კითხვაზე, რასთან ისურვებდა მისი სახელი ასოცირდებოდეს წლების შემდეგ, საჰარ ჰარბი უბრუნდება იდეას, რომელიც მისი საქმიანობის ქვაკუთხედად რჩება: რწმენის შესაძლებლობად ქცევა.
"აღიარება, რომელიც ყველაზე მეტს ნიშნავს, არის ჩემთვის ნათქვამი სიტყვები: ამ გამოცდილებამ დამანახა, თუ რად შემიძლია ვიქცე".