საქართველოს გეოლოგიური სამსახური – სანდო პარტნიორი სამშენებლო სფეროში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს გეოლოგიური სამსახური წარმოადგენს კომპანიას, რომლის მთავარი საქმიანობაც სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადებაა ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტებისთვის. კომპანიის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ნინო სადრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში მთავარი გამოწვევა არასწორი საინჟინრო-გეოლოგიური მონაცემებია, რაც იწვევს ან არარაციონალურად მაღალ კონსტრუქციულ ხარჯებს, ან პირიქით – კრიტიკულ საინჟინრო რისკებს.
"სწორედ ამიტომ შევქმენით საქართველოს გეოლოგიური სამსახური. ბიზნესის დაწყება ჩემმა 30-წლიანმა გამოცდილებამ და ბაზარზე ხარისხიანი სერვისის დეფიციტმა გადამაწყვეტინა. ჩვენი მიზანი იყო ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და მეცნიერულ მიდგომას დაამკვიდრებდა. ვინაიდან საქართველოში საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მნიშვნელობა ხშირად ჯეროვნად არ არის შეფასებული, ჩვენი მთავარი მოტივაცია სწორედ მაღალი პროფესიული სტანდარტის დანერგვა გახდა", – ამბობს ნინო სადრაძე.
ის აღნიშნავს, რომ კომპანიის შექმნა მოითხოვდა გაბედულებას, თუმცა 30-წლიანმა გამოცდილებამ და მის გარშემო არსებულმა მაღალკვალიფიციურმა ადამიანურმა რესურსმა მისცა იმის რწმენა, რომ შეძლებდნენ ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
"ჩვენი მთავარი სიძლიერე სწორედ კომპეტენციაა – ეს არის ის ფუნდამენტი, რამაც საშუალება მოგვცა, დაარსებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი პროექტი განგვეხორციელებინა. დღეს ჩვენი პარტნიორები არიან ქვეყნის წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც გვენდობიან ყველაზე რთული საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად".
ნინო სადრაძის თქმით, კომპანიის დაფუძნების საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა რესურსების სიმცირე იყო. აღნიშნავს, რომ მთავარი სიძლიერე მაშინაც და დღესაც ადამიანური რესურსია – გუნდი, რომელსაც იდეის სჯერა და დაუღალავად შრომობს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სირთულედ საკუთარი საბურღი დანადგარებისა და ლაბორატორიის უქონლობა ესახებოდათ.
"ამ პროცესების აუთსორსინგი მომსახურებას აძვირებდა, ჩვენს შესაძლებლობებს ზღუდავდა და კონკურენტულ გარემოში ბაზარზე დარჩენას რისკის ქვეშ აყენებდა. თავიდან ეს პრობლემა გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, თუმცა გუნდის დაუღალავი ძალისხმევითა და "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით შევძელით საბურღი დანადგარების შეძენა და თანამედროვე სტრანდარტების ლაბორატორიის აღჭურვა.
ჩვენი გუნდი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ვმუშაობთ ევროპულ სტანდარტებსა და ევროკოდებთან დაახლოების მიმართულებით. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ თან ახლავს უდიდესი კმაყოფილების განცდა – განცდა იმისა, რომ რასაც ქმნი, არის ღირებული, ხარისხიანი და საიმედო".
ის ხაზს უსვამს, რომ გეოლოგიის მიმართულებით ქალი ლიდერები იშვიათად გვხვდებიან საქართველოში, ამიტომ სტერეოტიპებთან გამკლავებამ და საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებამ ნამდვილად მოუწია.
"ჩემთვის ეს სირთულე ყოველთვის დამატებითი მოტივაცია იყო, რათა მეტი მეშრომა და მაღალი კომპეტენცია დამედასტურებინა. მნიშვნელოვანია, ჩემი მაგალითით ვაჩვენო სხვა ქალებს, რომ ამ სფეროში პროფესიული რეალიზება და წარმატებული საქმიანობა სავსებით შესაძლებელია".
კომპანიის დირექტორს დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ პასუხისმგებლობის მასშტაბი აქ სრულიად სხვაა. მისი თქმით, გაცილებით მარტივია იყო შემსრულებელი სხვის კომპანიაში, ვიდრე თავად მართო პროცესები და შექმნა სამუშაო ადგილები.
"თუმცა, სწორედ ეს სირთულე იძლევა ყველაზე დიდ უპირატესობას – გადაწყვეტილებებში თავისუფლებას და შესაძლებლობას, საქმე საკუთარი ხედვითა და მაღალი სტანდარტით აკეთო.
დამწყებ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს ვურჩევდი: ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ დაეყრდენით კომპეტენციას. როცა ზუსტად იცი შენი საქმე, ბარიერები ნაკლებად გაშინებს. ხოლო იმ ქალებს, რომლებიც ყოყმანობენ, ვეტყოდი: მთავარია შინაგანი მზაობა რთული გამოწვევებისთვის. თუ გაქვთ იდეა და პროფესიული ცოდნა, ნუ მისცემთ გარემოებებს თქვენი შეფერხების უფლებას. საკუთარი საქმის ქონა არა მხოლოდ ფინანსური დამოუკიდებლობა, არამედ უდიდესი პროფესიული კმაყოფილებაა", – ამბობს ნინო სადრაძე.
მისი განმარტებით, ანტრეპრენერი არის პროფესიონალი, რომელსაც აქვს უნარი, საკუთარი ხედვა რეალობად აქციოს – ეს არის გამბედაობა, აიღო სრული პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე.
"ჩემი ინსპირაცია ხილული შედეგია – იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა ჩვენი კვლევა უსაფრთხო ნაგებობის ფუნდამენტად. პროფესიულ კმაყოფილებას მანიჭებს რთული საინჟინრო-გეოლოგიური ამოცანების გადაჭრა და ის ნდობა, რომელსაც მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლები (ინჟინრები) ჩვენი კომპანიის მიმართ გამოხატავენ".
ნინო სადრაძის თქმით, კომპანიის განვითარების ხედვა სტანდარტების მუდმივ ამაღლებას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი რეგულაციები ჯერ კიდევ არ ითხოვს ევროკოდების (Eurocodes) სრულ დანერგვას, კომპანიის მიზანია კვლევის პროცესი მაქსიმალურად დაუახლოოს საერთაშორისო ნორმებს.
"უახლოესი ერთი წლის გეგმაშია კომპანიის წილის გაზრდა საერთაშორისო პროექტებში. ჩვენ უკვე გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და გვსურს საქართველოს გეოლოგიური სამსახური გახდეს სანდო პარტნიორი ყველა იმ მასშტაბური პროექტისთვის, სადაც ხარისხის მიმართ უმაღლესი მოთხოვნები არსებობს", – ამბობს ნინო სადრაძე, საქართველოს გეოლოგიური სამსახურის თანადამფუძნებელი და დირექტორი.