📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სარეკლამო მომსახურება ერთ სივრცეში - რას სთავაზობს 4P House ორგანიზაციებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სარეკლამო სფეროში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და სწრაფი მომსახურების მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში, დღემდე ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური იყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც ბაზარი არ იყო გაჯერებული მსგავსი ტიპისა და მიმართულების სარეკლამო კომპანიებით. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ანი კობიძემ, ბაზარზე შეექმნა ახალი გამოცდილება და დაეფუძნებინა კომპანია 4P House, რომელიც კორპორაციულ მომხმარებლებს მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებას შესთავაზებდა. შედეგად, კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, ოფისიდან გაუსვლელად, ერთი ზარის ან მეილის საშუალებით მიიღონ პროექტის განფასება, მზა დიზაინი და საბოლოო პროდუქტი.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს მომხარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და პროდუქცია, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში სრული სარეკლამო მომსახურების მიღებას. მომხმარებელი ჩვენთან მოდის იდეით, რომ პირობითად სურს სავაჭრო სივრცის შექმნა. ჩვენ ტექნიკურად ვუგეგმავთ პროექტს, ვუმზადებთ დიზაინს, ვაწვდით განფასებას, ვუმზადებთ სტენდს, უნიფორმას, ვობლერს, ფასმაჩვენებელს, სავიზიტო ბარათებს და ა.შ. დაბოლოს, ვაწვდით დანიშნულების ადგილზე. ჩვენი მომსახურება მნიშვნელოვნად უზოგავს მომხმარებელს დროსა და ფინანსურ რესურსებს. ამ ყველაფრის მისაღწევად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანი კობიძე, 4P House-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ანი კობიძემ საკუთარი ბიზნესსაქმიანობა 23 წლის ასაკში, ყოველგვარი საწესდებო კაპიტალითა და დროებითი ოფისით დაიწყო. იმ პერიოდისთვის შეეძლო კარიერა სტაბილურ, მაღალანაზღაურებად კომპანიაში გაეგრძელებინა, თუმცა მან დამოუკიდებელი საქმიანობა არჩია. ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დამოუკიდებელმა საქმიანობამ გააძლიერა და ასწავლა ის მიდგომები, რასაც დღესაც აქტიურად იყენებს ბიზნესის მართვისას.

"დამოუკიდებელმა საქმიანობამ მასწავლა, რომ დაბრკოლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ის გვაფერხებს, მაგრამ არ გვაჩერებს. ყოველი ახალი გამოწვევა ამავე დროს არის გაძლიერების შესაძლებლობაც.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანტრეპრენერებს ვურჩევდი, იყვნენ მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული. ტოპმენეჯერებს კი ვურჩევდი, შექმნან ნაკლებად ბიუროკრატიული გარემო საკუთარ კომპანიებში და გუნდის წევრებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ საიდანღაც დავიწყეთ.

ამ დროის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ვიშრომოთ თანამიმდევრულად, ვიყოთ გულწრფელნი ყველა ურთიერთობაში, განსაკუთრებით - ჩვენს მომხმარებლებთან და ურთიერთობებს შევხედოთ ხანგრძლივი დროის ჭრილში. თუ გვსურს ვიყოთ ანტრეპრენერები, უნდა გავხდეთ მიზანდასახული, მშრომელი და ჯიუტი ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ", - განმარტავს ანი კობიძე.

ისევე, როგორც ყველა ახალ წამოწყებას, საქმიანობის დასაწყისში 4P House-საც შეხვდა გამოწვევები. საწყის ეტაპზე ერთ-ერთ დიდ გამოწვევას საკუთარი საწარმოს არარსებობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ანი კობიძის განმარტებით, წინაღობა იყო და არის ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაცია. ამასთან, კომპანიისთვის ერთ-ერთი ყურადსაღები გამოწვევა ორგანიზაციებიდან კადრების გადინება და მენეჯმენტის ცვლილებაც გახლდათ, ვინაიდან ამ დროს ხშირად ეჭვქვეშ დგება არსებული პარტნიორობის შენარჩუნება. თუმცა შრომითა და მომხმარებლებისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით ანი კობიძემ გამოწვევები შესაძლებლობებად აქცია და შედეგად 4P House-ს ერთგული მომხმარებლები შესძინა.

"რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ განვითარებად ქვეყანაში, სადაც გენდერული უთანასწორობაა შრომით ბაზარზე. როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდა ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი საქმიანობა და ძირითადად ყველა მიმართულების შეთავსება მიწევდა: დირექტორის, კონსულტანტის, კორპორაციული გაყიდვების და ა. შ.

როდესაც ხარ ახალგაზრდა გოგო "ფერადი კაბით", მიდიხარ შეხვედრაზე, საუბრობ გულწრფელად და ღიად, ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში მოსმენაც კი უჭირთ. ბევრად მეტი ძალისხმევა გჭირდება, რომ საქმიანად დაიწყონ ფიქრი. შესაბამისად, თავიდან ძალიან ხშირად, ახლა იშვიათად, თუმცა დღესაც მიწევს გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება. საბედნიეროდ, დღესდღეობით მდგომარეობა დადებითი მიმართულებით იცვლება.

ქალებს/გოგონებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ დაწყება და მოიძიონ თანამოაზრე ადამიანები, რომლებსაც რჩევას ჰკითხავენ და შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდებიან. ქალ მეწარმებს ვურჩევ ნაკლები ყურადღება მიაქციონ პატრიარქალურ გარემოს ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად დაასაქმონ ქალები თავიანთ კომპანიებში", - აღნიშნავს 4P House-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მიმდინარე წელს ანი კობიძე წარმოების გაფართოებას გეგმავს, კერძოდ კი - პრემიუმ ხარისხის მასალების მიმართულებით. ამ საკითხზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და გაზაფხულისთვის, 4P House პარტნიორ ორგანიზაციებს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. გარდა ამისა, ანი კობიძე გუნდის გაფართოებასა და კომპანიაში რაც შეიძლება მეტი ქალის დასაქმებას გეგმავს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია