Join our Waitlist for Expert Advice!

შოკოლადის საუცხოო გემო, სურნელი და სიმშვიდე ერთ ბრენდში, სახელად "არტიზანი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

წარმოიდგენდით, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არა ხინკლის, მწვადისა და ხაჭაპურის დასაგემოვნებლად გაეშურებოდა, არამედ ქართული შოკოლადის გასინჯვას მოინდომებდა? ალბათ ვერა. არც ნინოს წარმოედგინა, მაგრამ მან და მისმა გუნდმა შოკოლატერია "არტიზანში" იმდენად გემრიელი შოკოლადი და სასიამოვნო გარემო შექმნეს, რომ რთულია, შვეიცარიელს და ბელგიელსაც კი, სულმა არ წაძლიოს და არ ესტუმროს ამ ადგილს, აბაშიძის 10 ნომერში. ჟურნალი Entrepreneur "არტიზანის" დამფუძნებლებს, ნინო და ხათუნა ბიწკინაშვილებს, ასევე PR-მენეჯერ ნინა პერტენავას ესაუბრა და გაიგო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ქალები წარმატებული ქართული ბრენდის შექმნას და განვითარებას.

სტუმრები, რომელთა აზრი ძვირფასია

შოკოლატერია "არტიზანი" მხოლოდ კაფე და საკონდიტრო არ გეგონოთ. ეს დიდი და ლამაზი ოჯახია, დადებითი ემოციებით, სადაც მომხმარებლებს სტუმრებად მოიხსენიებენ. ყველა ღიმილით გხვდება, შეფკონდიტერი მუდამ ღიღინებს, ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს და ეს დადებითი აურა შოკოლადშიც იგრძნობა.

დიდი ხანია უკვე, რაც ნინო ქეითერინგის სფეროში საქმიანობს. პარალელურად, მუდამ რაიმე ახლის შექმნისკენ ისწრაფვოდა, სურდა განსაკუთრებული პროდუქტი და გარემო შეექმნა განსაკუთრებული ადამიანებისთვის, და ბოლოს გადაწყვიტა, შოკოლატერია გაეკეთებინა.

შოკოლადი ხელნაკეთი, ნატურალური უნდა ყოფილიყო, ნატურალური ხილის, თხილეულისა და ყვავილების შიგთავსით. იდეების განვითარება არაჩვეულებრივ შეფკონდიტერს დაევალა, რომელსაც შოკოლადზე ბელგიასა და საფრანგეთში აქვს ნამუშევარი.

ნინომ განსაკუთრებული ყურადღება ინტერიერსაც დაუთმო. "ინტერიერი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მოხდენოდა შოკოლადის თემას. გვინდოდა, ძველი ბიბლიოთეკის სტილში გაგვეკეთებინა. ვფიქრობდით, რაც შეიძლება სასიამოვნო გარემო შეგვექმნა, რათა შემოსვლისას, ადამიანს შეეგრძნო შოკოლადის გემო, სურნელი და სიმშვიდე, ერთად. აი, ისე, როგორც რეკლამებშია".

ნინო ხშირად დადის სხვადასხვა ქვეყანაში: ბელგიაში, შვეიცარიაში, რათა ნახოს, როგორ ამზადებენ შოკოლადს. მაგრამ როგორც თავად ამბობს, ბევრ სიახლეს არ აწყდება. თუმცა, გუნდის შემოქმედებითობა სრულიად საკმარისი გამოდგა.

იდეების დახვეწა დღემდე მუდმივად მიმდინარეობს – ცვლიან დეკორს, ქმნიან ახალ გემოებს. ჯერჯერობით 30-მდე გემო აქვთ. ახლახან დაამატეს საფერავის შოკოლადი, შოკოლადი გლინტვეინით. მალე სხვა ალკოჰოლური გემოების შეთავაზებასაც აპირებენ. ბომბონების ფორმებსაც ცვლიან. უბრალოდ, ყველაფერს ერთად არ აკეთებენ, სტუმრებს თავგზა რომ არ აუბნიონ.

დიახ, სტუმრებს და არა კლიენტებს. მთელი გუნდი შეთანხმდა, რომ აქ მოსული ადამიანი სტუმარია და როგორც შინ, ისე უნდა დახვდნენ. "ასე რომ დავხვდებით, ბევრად კარგად იგრძნობს აქ შემოსული ადამიანი თავს, უფრო კომფორტულად". შედეგად, ბევრს სახელებით იცნობენ და აზრსაც ეკითხებიან. ზოგადად, ნინოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრების აზრი, მათი უკუკავშირი.

"არტიზანში" ყოველთვის უსმენენ სტუმრებს და ამის მიხედვით ცვლიან არსებულს ან ახალს ამატებენ. რამდენიმე ადამიანისთვის უკვე შეიქმნა მათთვის საყვარელი გემო. მაგალითად, ერთმა სტუმარმა, მას შემდეგ, რაც თეთრი შოკოლადი ვარდით დააგემოვნა, გამოთქვა სურვილი, რომ ყვავილების მეფე შავი შოკოლადისთვისაც დაემატებინათ. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.

შიგთავსად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნატურალურ ხილს, ცუკატებს, ჩირსა და ყვავილებს იყენებენ. ხილი კახეთიდან მოაქვთ, საოჯახო მეურნეობებიდან, და შიგთავსის სახის მისაღებად არ ადუღებენ. უნდათ, ცოცხალი დარჩეს და ყველანაირი სასარგებლო ნივთიერება და გემო შეინარჩუნოს.

ყვავილები ნინოს საკუთარ ბაღში მოჰყავს, კონებად კრავს და თავად აშრობს.

ნედლეული ქართულია, გარდა შოკოლადისა. შოკოლადის მასა იმპორტირებულია. კაკაოს შემოტანა და მისგან შოკოლადის მიღება არც უფიქრიათ. ძალიან რთულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული.

შოკოლადს არ ემატება კონსერვანტები. სწორედ ამიტომ, შენახვის მოკლე ვადა აქვს – ორი კვირიდან ერთ თვემდე. ისიც – სწორი შენახვის პირობებში.

შოკოლადთან ერთად, ნამცხვრებს, სალათებსა და სენდვიჩებს სთავაზობენ მომხმარებლებს. თავიდან ნინოს საკვების შერევა არ უნდოდა ტკბილეულთან, მაგრამ აქაც მომხმარებლების აზრის გათვალისწინება მოუწია.

შოკოლადის კულტურის პოპულარიზაცია

დიდი სურვილი აქვთ, ხალხი ნამდვილი შოკოლადის კულტურას მიაჩვიონ. ერთი გზა, ამის მისაღწევად, საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა სოციალურ ქსელებში.

"პოტენციურ სტუმრებს ფეისბუქის საშუალებით ვუხსნით, თუ რამდენად სასარგებლოა ნატურალური ხელნაკეთი შოკოლადი, რომ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და სხვადასხვა მინარევს".

ასევე აქტიურად ესწრებიან შოკოლადის ფესტივალებს. "ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა წლევანდელ ფესტივალზე ბოტანიკურ ბაღში – 13 ათასი ადამიანი. ამდენს ნამდვილად არ ველოდით". არტიზანი ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო. გამეორებას მარტის ბოლოს აპირებენ, ისევ ბოტანიკურ ბაღში. ამჯერად, ფესტივალზე მხოლოდ მათი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ სტუმარი შოკოლადს კაფეში აგემოვნებს, შეძენაც შეუძლია. კომპანიისთვის სასაჩუქრე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. "გვინდოდა, შოკოლადი ძვირფასი საჩუქარი ყოფილიყო. გვაქვს ლამაზ-ლამაზი შეფუთვები".

შეფუთვებს სხვადასხვა სახელოსნო უბეჭდავთ. ნინო უშუალოდ მონაწილეობს დიზაინის შექმნაში. თავიდან ხელნაკეთი შეფუთვები უნდოდათ, მაგრამ ეს ძალიან აძვირებდა შოკოლადის ფასს. მიუხედავად ამისა, დღესასწაულებზე მაინც ახერხებენ ხელნაკეთი შეფუთვების შეთავაზებას თავიანთი სტუმრებისთვის. შეფუთვას მისალოცი წარწერებიც აქვს. მაგალითად, "დედას მთელი გულით".

თითო შეკვეთაზე რამდენიმე ათასი ცალი ყუთი სჭირდებათ, ამიტომ მრავალფეროვნებაში მაინც იზღუდებიან. "დიდი ბრენდებისგან განსხვავებით, დამწყები კომპანიისთვის ძალიან რთულია, გაწვდეს ნაირ-ნაირ ყუთებს".

სტუმრები შოკოლადს საჩუქრად ძალიან ხშირად გზავნიან საზღვარგარეთ – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ასევე, კომპანია კორპორაციულ შეკვეთებზეც მუშაობს, განსაკუთრებით – დღესასწაულებზე. მაგალითად, სარვამარტოდ, საახალწლოდ. ამ დროს კომპანიები შოკოლადს თავიანთი მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის უკვეთავენ.

შოკოლადის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. დაახლოებით მაღაზიების მსგავსი ფასებია: 10 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 70 ლარამდე ადის. კაფეს კლიენტებს კი შეუძლიათ უგემრიელესი ყავა ან ჩაი ბომბონებთან ერთად, სულ რაღაც 10 ლარად მიირთვან.

რადგან უნდათ, რომ შოკოლადი მათი სავიზიტო ბარათი იყოს, ფასნამატს მინიმალურს ადებენ. შესაბამისად, შოკოლადიდან დიდ მოგებაზე გათვლა არ აქვთ. კაფეში სხვა პროდუქტებიც იყიდება შედარებით მაღალი ფასნამატით და შემოსავლებს ეს აბალანსებს.

მისია შესრულებულია. უგემრიელესი და ამავდროულად ხელმისაწვდომი შოკოლადი ნამდვილად გახდა შოკოლატერია "არტიზანის" სავიზიტო ბარათი. ამას ისიც მოწმობს, რომ უცხოელებმაც კი დაიწყეს აქ სიარული.

"თავიდან ვერც კი წარმოგვედგინა, რომ უცხოელს შოკოლადით დავაინტერესებდით. გვეგონა, მხოლოდ ხინკლისა და მწვადის გასასინჯად დადიოდნენ. მაგრამ ამ ახალმა გემოებმა ისინიც კი მოიზიდა".

გუნდი არც იმას ელოდა, რომ მათზე სტატიები დაიწერებოდა საერთაშორისო პლატფორმებზე. "ძალიან ბევრი ბლოგერი ტურისტი მოდის და წერენ სტატიებს. მას შემდეგ ვიგებთ ხოლმე ამ სტატიების არსებობის შესახებ, რაც ტურისტი გვეუბნება, რომ ჩვენზე სტატია ნახა, სადაც რეკომენდაციას გვიწევდნენ და სწორედ ამიტომ გვესტუმრა".

სამომავლო გეგმები

ფართოვდებიან, მალე დამატებით ერთი ფილიალის გახსნას გეგმავენ საბურთალოზე. მოთხოვნა მზარდია, ნელ-ნელა ხალხი იგებს, რა განსხვავებაა მაღაზიაში ნაყიდ შოკოლადსა და ხელნაკეთ შოკოლადს შორის.

ჯერჯერობით ექსპორტზე არ ფიქრობენ, რადგან შოკოლადი მალფუჭებადია, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სჭირდება, რაც ტრანსპორტირების დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა ფრენჩაიზზე აქტიურად მიდის მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებში.

"არტიზანს" რეცეპტები ჯერჯერობით დაპატენტებული არ აქვს, არც სახელწოდება, მაგრამ ამას აუცილებლად აპირებენ უახლოეს მომავალში, რადგან სავარაუდოდ ფრენჩაიზინგისთვის დასჭირდებათ.

ადგილობრივ ბაზარზე კი შესაძლოა მაქსიმუმ ერთ ქსელში შეიტანონ შოკოლადი. მიუხედავად იმისა, რომ ქსელებიდან მოთხოვნა არსებობს, ნინო ჯერ მაინც თავს იკავებს, ვერ გადაუწყვეტია.

ფიქრობს, რომ სჯობს თავად გახსნან მეტი ფილიალი. "როცა შოკოლადი ქსელური ხდება, ადამიანს შესაძლოა შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს ხარისხი გაფუჭდა. ასევე შესაძლებელია, ჩვენც ვერ მივადევნოთ თვალი ქსელებში ხარისხის კონტროლს, შენახვის პირობებს".

მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯერჯერობით ყველაზე უსაფრთხოდ, მიტანის სერვისის დანერგვას მიიჩნევენ. აპირებენ, სერვისი თავად მართონ, ისევ და ისევ ხარისხის გასაკონტროლებლად.

გაყიდვების გარდა, სხვა მიმართულებითაც ფიქრობენ განვითარებას. მაგალითად, აპრილიდან ბავშვებისთვის მასტერკლასების ჩატარებას გეგმავენ. ბავშვები თავად ჩამოასხამენ შოკოლადს და საყვარელ ადამიანებს აჩუქებენ. ეს არაჩვეულებრივი იდეაც ერთ-ერთი სტუმრისგან წამოვიდა.

მოკლედ, იდეები და გეგმები ბევრია, გუნდიც მომართულია და რაც მთავარია, ამსხვრევენ სტერეოტიპს, რომ საქართველოს მხოლოდ ტრადიციულ დარგებში შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო.

თამთა მარიდაშვილი

Entrepreneur Staff

რედაქტორი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"