SOLIDO – ცოდნის, ნდობისა და სტრატეგიული ზრდის გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია SOLIDO ემსახურება ბიზნესებისთვის ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. კომპანიის დამფუძნებლის, სოფიო პაპუნაიშვილის თქმით, იდეა გაჩნდა პრაქტიკული გამოცდილებიდან, როდესაც დაინახეს, რომ ბევრ კომპანიას სჭირდება არა მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვა, არამედ სანდო ფინანსური პარტნიორი, რომელიც დაეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
"სწორედ ამიტომ SOLIDO ქმნის პროფესიულ მომსახურებასა და განათლებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ბიზნესს ეხმარება სტაბილურ განვითარებასა და ფინანსური პროცესების გამართულ მართვაში", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
სოფიო პაპუნაიშვილის თქმით, ბიზნესის დაწყება ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებას და ძლიერ რწმენას საკუთარი იდეის მიმართ.
"მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უკვე არსებობდა კონკურენცია, გვჯეროდა, რომ პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ახალი ხედვით შეგვეძლო განსხვავებული ღირებულების შექმნა. სწორედ ამ რწმენამ და განვითარების სურვილმა მოგვცა ძალა, დაგვეწყო SOLIDO, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორი ბიზნესისთვის".
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესის დაწყებისას ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის მოპოვება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება იყო კონკურენტულ ბაზარზე. თავდაპირველად ეს რთული და თითქმის მიუღწეველი ჩანდა, რადგან ახალი კომპანიისთვის ყველაზე რთულია, დაამტკიცოს თავისი სიძლიერე.
"თუმცა გვჯეროდა ჩვენი პროფესიონალიზმის, შრომისა და ხედვის. სწორედ ამ რწმენამ, მუდმივმა განვითარებამ და ხარისხზე ორიენტაციამ მოგვცა შესაძლებლობა, გადაგველახა ეს სირთულეები და SOLIDO ბიზნესისთვის სანდო პარტნიორად გვექცია".
სოფიო პაპუნიაშვილის თქმით, ხშირად ხდება ისე, რომ ქალს აქვს უფრო მაღალი კვალიფიკაცია, მეტი ცოდნა და გამოცდილება, მუშაობისას გამოირჩევა სტრატეგიული და ღრმა ხედვით, პრობლემებს აგვარებს გონივრულად და პროფესიულად, გადაწყვეტილებებს იღებს რაციონალურად და არასდროს წყვეტს სწავლასა და განვითარებას.
"მიუხედავად ამისა, სტერეოტიპულად საზოგადოებაში ხშირად მაინც უფრო მაღალი ნდობა ენიჭება მამაკაცს, განსაკუთრებით ბიზნესგარემოში. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ დონეზეც შეინიშნება. თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია თანდათან იცვლება – სულ უფრო მეტი ქალი იკავებს ლიდერულ პოზიციებს ფინანსებში, ბიზნესსა და მენეჯმენტში და საკუთარი პროფესიონალიზმით ამტკიცებს, რომ წარმატება და ეფექტური ლიდერობა სქესზე კი არა, ცოდნაზე, გამოცდილებასა და ხედვაზეა დამოკიდებული.
ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ის მამაკაცები, ვისაც ბიზნესგარემოში რჩევას ეკითხებოდნენ, რეალურად კონსულტაციას ჩემგან იღებდნენ, ხოლო შემდეგ მიღებულ პასუხებს საკუთარ კლიენტებს თავად გადასცემდნენ. გარედან ბევრი ადამიანი ამ პროცესის შიდა მხარეს ვერ ხედავდა. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვიცავდი პროფესიულ ეთიკასა და კოლეგიალურობას და არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, ეს გარემოება საჯაროდ ამეხსნა.
ამ გამოცდილებებმა ჩემს ხასიათში სიმტკიცე, პრინციპულობა და გამძლეობა ჩამოაყალიბა. ხშირად მიწევდა საკუთარი აზრისა და სწორი პოზიციის მტკიცება, რამაც ძლიერი და გამტანი ხასიათი შემძინა. დღეს უკვე ჩემს სიტყვას ფასი და ნდობა აქვს, და არ ვაძლევ არავის უფლებას, რომ გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი ვიყო – თუნდაც ირიბად ან შეფარულად", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ წარმატება არასდროს მოდის მარტივად – ის მოდის შრომით, პასუხისმგებლობითა და საკუთარ გზაზე ურყევი რწმენით. ის ხაზს უსვამს, რომ ბიზნესში ხშირად იქნება სირთულეები, გაურკვევლობები და მომენტები, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან რთულად ჩანს, მაგრამ სწორედ ასეთ დროს ყალიბდება ლიდერი – ადამიანი, რომელიც არ ჩერდება, აგრძელებს განვითარებას და ყოველი გამოწვევიდან ახალ გამოცდილებას იღებს.
ბრენდის სახელი "სოლიდო" სწორედ ამ ორი სიტყვის – "სოლიდურობისა" და "ლიდერობის" ნაერთია.
"დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვურჩევდი, ყოველთვის იფიქრონ დიდი მიზნებით, არ შეუშინდნენ პასუხისმგებლობას და მუდმივად იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. წარმატებული ბიზნესი იქმნება მაშინ, როდესაც ხედვას, ცოდნასა და შრომას აერთიანებთ.
ქალებსა და გოგონებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ, ვეტყოდი: ნუ შეგაშინებთ ეჭვები და სტერეოტიპები. ხშირად სწორედ ყველაზე დიდი შესაძლებლობები იმ ნაბიჯის მიღმაა, რომლის გადადგმაც ყველაზე მეტად გვიჭირს. თუ გაქვთ იდეა, ცოდნა და სურვილი – დაიწყეთ. იმოქმედეთ გაბედულად, ირწმუნეთ საკუთარი ძალის და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა და განვითარება. წარმატება მოდის მათთან, ვინც არ ნებდება და საკუთარი გზის შექმნას თავად ბედავს", – სოფიო პაპუნაიშვილი.
SOLIDO-ს დამფუძნებელი ანტრეპრენერს განმარტავს, როგორც ადამიანს, რომელიც ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ – ის არის პიროვნება, რომელსაც აქვს იდეა, ხედვა და გამბედაობა, რომ ეს იდეა რეალურ საქმიანობად და ღირებულებად გადააქციოს.
"ანტრეპრენერი არ უშინდება რისკს, მუდმივად ეძებს განვითარების გზებს და მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი გადაწყვეტილებებისა და შედეგებისათვის. ანტრეპრენერობა ნიშნავს ინიციატივას, შემოქმედებით აზროვნებას, შრომას და მიზნისკენ შეუჩერებელ მოძრაობას. ეს არის ადამიანების თვისება, რომლებიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, ავითარებენ ბიზნესს და ამით ხელს უწყობენ საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესს. მე ყველა გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციე და დავინახე, რომ თუკი პრობლემა არსებობს და მე ამ პრობლემის სხვებისთვის მოგვარებას შევძლებ, ესე იგი ეს არის მეწარმეობა და ეს სიმრავლე მე, როგორც მეწარმეს, სარგებელს მომიტანს".
სოფიო პაპუნაიშვილი ინსპირაციას მიღწეული შედეგით ტკბობაში, ახლის ძიებასა და ახალ გარემოებებსა და გამოწვევებში საკუთარი თავის აღმოჩენაში ხედავს.
"მუდმივი ძიება, პოვნის სურვილი, საკუთარი ხმისა და კვალის დატოვება იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი ინსპირაციაა საზოგადოებისთვის სასარგებლო და ჩემთვის საყვარელი საქმის კეთება. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი შრომა, ცოდნა და მიღწევები სხვებისთვისაც სარგებლის მომტანია და რეალურად ეხმარება ადამიანებსა და ბიზნესებს განვითარებაში, სწორედ ეს მაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციასა და ძალას, კიდევ უფრო მეტი შევქმნა და განვვითარდე".
კომპანიის დამფუძნებლის განვითარების ხედვა ეფუძნება პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაციას ფინანსურ და საგადასახადო სფეროში. მისი მიზანია, რომ კომპანია SOLIDO განვითარდეს არა მხოლოდ როგორც ადგილობრივი სანდო ფინანსური პარტნიორი, არამედ როგორც ცოდნისა და პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც აკავშირებს ქართულ ბიზნესგარემოს თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან.
"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავთ სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული კურსების გაფართოებას, ციფრული სასწავლო პლატფორმის განვითარებას და ფინანსურ-საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერება, პროფესიული კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას და ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბიზნესისთვის.
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ SOLIDO გახდეს რეგიონული მნიშვნელობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ფინანსურ კონსულტაციას, პროფესიულ განათლებას, კვლევასა და ინოვაციას, და ხელს უწყობს ბიზნესის უფრო სტრატეგიულ, გამჭვირვალე და მდგრად განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", – ამბობს სოფიო პაპუნაიშვილი, SOLIDO-ს დამფუძნებელი.