ტალანტის მასშტაბირება და თავისუფლების ფასი: ელისო დავლიანიძე თავისი ანტრეპრენერული გზის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრი კვალიფიციური ექსპერტისა და ბიზნესის მფლობელის გამოწვევების მთავარი მიზეზი ხშირად არა პროდუქტის ხარისხი, არამედ უჩინარობაა. სწორედ ამ უჩინარობის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა "იაგანი" კონტენტ მარკეტინგის ონლაინსკოლა, რომელიც ანტრეპრენერებსა და ფრილანსერებს საკუთარი ხმის პოვნასა და გაყიდვების გაზრდაში ეხმარება.

ელისო დავლიანიძე, სკოლის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ზუსტად იცის, რას ნიშნავს, როცა ღირებული სათქმელი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ მიაწვდინო ხმა შესაბამის აუდიტორიას.

"ონლაინკურსებით ბიზნესებსა და ფრილანსერებს ვასწავლი მიზნობრივი ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას კონტენტ მარკეტინგით, რომ შეძლონ სოციალური ქსელების რეალური პოტენციალის გამოყენება. თუნდაც დიდი სარეკლამო ბიუჯეტის, ძვირადღირებული აპარატურისა და გუნდის გარეშე", ამბობს ელისო Entrepreneur-თან ინტერვიუში.

სკოლის შექმნის იდეა პირადი გამოცდილებიდან და მოულოდნელი პარტნიორობიდან დაიბადა. ელისო და მისი მეუღლე, გიორგი, ერთმანეთს თავდაპირველად როგორც "კონკურენტები", შეხვდნენ. მათი საერთო გზა ჯანსაღი კვების ონლაინკურსებით დაიწყო, სადაც აღმოაჩინეს, რომ წარმატების 80% არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე იყო დამოკიდებული.

მალევე მათმა გამომწერთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა და ბიზნესკონტენტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ გარშემო მყოფებმა რჩევების კითხვა კალორიების ნაცვლად მარკეტინგზე დაიწყეს. ეს გახდა ნიშანი, რომ დრო იყო, მთავარ საქმედ სწორედ ეს გამოცდილება ექციათ.

"ბიზნესი ჩემთვის სარგებლის შექმნა და გაცვლაა. ჩემი ხედვით, ყველა ადამიანი, რომელიც თანხას გამოიმუშავებს, თავად არის ბიზნესი... უბრალოდ, ზოგს მხოლოდ 1 დამკვეთი, ანუ დამსაქმებელი ჰყავს, ზოგი კი იყენებს ტექნოლოგიებს და აშენებს გუნდს, რომ ეს სარგებელი მიაწვდინოს ერთდროულად ბევრს, ქვეყნის თუ მსოფლიოს მასშტაბით".

ელისოსთვის პირველი ნაბიჯები ანტრეპრენერობაში დიდ ფსიქოლოგიურ სიმამაცეს მოითხოვდა. მან დატოვა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი და სტაბილური სამსახური პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დროს. "უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო". გარშემო მყოფებისგან, მათ შორის, ლექტორებისგან, ხშირად ისმოდა ფრაზები, რომ ის "პოტენციალს ანიავებდა". იმ დროს ანტრეპრენერობა ბევრისთვის კარიერულ რეგრესს უდრიდა, წარმატების მტკიცებულება კი ჯერ არსად ჩანდა.

როდესაც საქმიანობის პროფილი შეიცვალეს და კვების ინდუსტრიიდან მარკეტინგის სწავლებაზე გადავიდნენ, ელისოს კიდევ ერთხელ მოუწია ყველაფრის ნულიდან დაწყებამ: ავტორიტეტის, აუდიტორიისა და გუნდის განულება. ეს იყო გაცნობიერებული რისკი, თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც წინ ელოდა – საერთაშორისო ცოდნის ქართული ბაზრის თავისებურებებზე მორგება.

"მიმწოლი" და მებრძოლი ანტრეპრენერისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაცებში დანებება და წარუმატებლობის მიღებაა. ხშირად გვიწევდა მსოფლიოში აპრობირებული ცოდნის ქართულ ბაზარზე სხვაგვარად მორგება ან სრულად ამოღება. გვიწევდა ველოსიპედის ხელახლა გამოგონება".

გენდერული სტერეოტიპები ელისოს საქმიანობაშიც იჩენდა თავს, თუმცა, მან მათთან ბრძოლას სხვა გზა ამჯობინა – მათი სასარგებლოდ გამოყენება. მისი ფილოსოფიით, თუ სათანადოდ არ გაფასებენ როგორც პროფესიონალს, ეს ხშირად წარმოგაჩენს ნაკლებად "საშიშ" კონკურენტად და გიხსნის მეტ შესაძლებლობას.

"საბოლოო ჯამში კი, ნებისმიერ წინასწარგანწყობას უდავო კომპეტენცია გადაწონის".

დღეს ელისო საკუთარი ოცნების კუნძულზე, ბალიზე ცხოვრობს და დისტანციურად საქმიანობს. მისთვის საკუთარი ბიზნესი თავისუფლების უმაღლესი მატერიალური გამოხატულებაა. იმუშაო: როცა გინდა, ვისთან ერთადაც გინდა და საიდანაც გინდა. ეს არის ის: დროის, ლოკაციისა და ფინანსური თავისუფლება, რომლისთვისაც ღირდა ყოველი გათენებული ღამე და რისკი.

"ან ირჩევ ნაკლებ პასუხისმგებლობას და ნაკლებ თავისუფლებას, ან მეტ პასუხისმგებლობას და მეტ თავისუფლებას. ზუსტად მეორე არჩევანის მაქსიმალიზმია ანტრეპრენერობა".

ელისო დავლიანიძის ინსპირაცია ადამიანების თვითრეალიზაციაში წვლილის შეტანაა. მას სჯერა, რომ მარკეტინგის სწავლება ადამიანის ცხოვრების ხარისხს ერთდროულად ბევრი მიმართულებით ცვლის. ფული შეიძლება ბედნიერების გარანტია არ იყოს, მაგრამ ის აგვარებს პრობლემების უმეტესობას. პრობლემების მინიმიზაცია კი გაახლოებს ბედნიერებასთან, რისი წყალობით მეტი რესურსი და დრო გრჩება ცხოვრებით ტკბობისთვის.

მისი უახლოესი მიზანია, გახდეს პასუხების წყარო მათთვის, ვინც ახლა გადის იმავე რთულ გზას, რაც მან გაიარა. ელისოს სურს, განახორციელოს პროექტები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია გლობალური მასშტაბის წარმატების მიღწევა გავლენიანი ნაცნობობის, საწყისი კაპიტალისა თუ ფორმალური ბიზნესგანათლების გარეშე.

"მინდა, რომ ბევრ რამეში ვიყო ბევრი გზის გამკვალავი ჩემი მოსწავლეებისთვის, ათა გავხდე ის: მაგალითი, მხარდამჭერი და პასუხების წყარო, რომელსაც მე ასე ვეძებდი".