Telora Longevity – უჯრედული რეგენერაცია და დაბერების პროცესების მართვა მეცნიერული მიდგომებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Telora-ს გუნდის მთავარი მიზანია Longevity პრაქტიკების დანერგვა საქართველოში, რაც ეხმარება ადამიანებს და იმას, რომ გაატარონ თავიანთი სიცოცხლის წლები ჯანმრთელად და ხარისხიანად. კომპანიის დამფუძნებლის, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის, მარიამ წივწივაძის თქმით, დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ძალიან მწირი რაოდენობაა ისეთი მანიპულაციებისა და პროდუქტებისა, რომლებიც ფოკუსირებულია ადამიანის დაბერების პროცესების შენელებაზე.
"მოსახლეობის 80%-ს არ აქვს ინფორმაცია, რომ მათ შეუძლიათ ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიით გაიაქტიურონ უჯრედული რეგენერაციის პროცესები, რაც თავისთავად ანელებს დაბერების პროცესებს. ტრადიციულად დღეს უმეტეს განვითარებად და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ყურადღება მახვილდება დაავადებების მკურნალობაზე მათი გაჩენის შემდეგ და არა პრევენციასა და უჯრედული ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაზე", – ამბობს ის.
მარიამ წივწივაძეს ეს იდეა მისი საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაუჩნდა. როგორც სიცოცხლის გახანგრძლივების (Longevity) მიმართულების მკვლევარი, აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ ინსტიტუტებთან, ატარებს ვორქშოფებსა და ლექციებს სხვადასხვა კონგრესზე ამ მეცნიერების განხრით. ინგლისში, ლონდონის King's College-ის სამეცნიერო-კვლევით კლუბთან მუშაობისას დაინახა, რომ ის უახლესი სამეცნიერო მიღწევები, რაც ლაბორატორიებში არსებობს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხშირად ხელმიუწვდომელი ან საკმაოდ ძვირადღირებულია.
"თუმცა გამოცდილებამ და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით განვითარებამ მიჩვენა, რომ დღეს ადამიანის ჯანრმთელობის ოპტიმიზაციისთვის მარტივი და ბიუჯეტური გზებიც არსებობს, რაც დასაწყისისთვის აქტიურად დავნერგე ჩემს პაციენტებში პრე- და პოსტოპერაციულად. შემდგომ კი ფართო მასშტაბით – უცხოელ პაციენტებთან, რადგან ცნობადობა Longevity-პრაქტიკებთან დაკავშირებით უფრო მაღალია უცხოურ ქვეყნებში.
ბაზარზე სრულიად ახალი გამოცდილების შემოტანა გვსურს, ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერების პრაქტიკული გამოყენება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც არა მხოლოდ გაზრდის სიცოცხლის წლებს, არამედ გააუმჯობესებს მის ხარისხს და უზრუნველყოფს ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ოპტიმიზაციას".
მარიამ წივწივაძის თქმით,Telora-ს შექმნა საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო – ქვეყანაში, სადაც სამედიცინო სისტემა ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ ფოკუსირება სხვადასხვა დაავადების პრევენციაზე ხდებოდეს. ის აღნიშნავს, რომ აქ მოსახლეობისთვის სრულიად უცხოა ისეთი გენეტიკური ანალიზების შეთავაზება, რომლებიც განსაზღვრავს მათი დნმ-ის ტელომერების სიგრძეს, რადგან ცნობადობა ამ მხრივ საერთოდ არ არსებობს.
"რადგან ბაზარზე ცნობადობა და მოთხოვნა Longevity პრინციპების მიმართ ნაკლები იყო, ინვესტიციების რისკი – მაღალი, ტექნოლოგიებისა და რეგულაციების შესახებ ცოდნა კი შეზღუდული, საჭირო გახდა საზოგადოებისა და კლინიკური პარტნიორების დარწმუნებაც. ჯანმრთელობის მართვა გენეტიკურ დონეზე ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ დიდი სიახლეა. მართალია, ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე დამიგროვდა, მაგრამ ასეთი ინოვაციური ბიზნესის წამოწყება მაინც რისკებთან იყო დაკავშირებული.
"Longevity მეცნიერება საკმაოდ კომპლექსური დარგია და ამასთან, ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან პაციენტს სწორი მიდგომით უმდა დაანახო, თუ როგორ იცვლება მათი უჯრედული დონე, როგორ იკლებს მათი ბიოლოგოური ასაკი ჩვენი მიდგომებით, რაც ქართველი მოსახლეობისთვის თავიდან ფანტასტიკის სფერო გახლდათ. ეს ყველაზე მეტად ართულებდა ამ დარგის დაფუძნებას ქვეყნის მასშტაბით, თუმცა გამბედაობა მაინც მოვიკრიბეთ და სწორი მიმართულებით გეზის აღებამ, რეალური შედეგების გააზრებამ დღეს უამრავი პაციენტის, ადამიანის სიცოცხლის ხარისხი და ცხოვრების წესი შეცვალა და უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა საზოგადოებაში საკუთარი ჯანმრთელობისა და ხარისხიანი ცხოვრების შენარჩუნების კუთხით", – აღნიშნავს ის.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მოსახლეობის, კლინიკური საზოგადოებისა და ინვესტორთა დაბალი ცნობადობა და საეჭვო დამოკიდებულება Longevity პრაქტიკების სანდოობისა და ეფექტურობის მიმართ.
"ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, ეფუძნებოდა სამეცნიერო კვლევის ნაკლებობას ადგილობრივ მონაცემებში, რეგულატორიული ჩარჩოების არასრულყოფილებას და კლინიკის ინფრასტრუქტურული თუ ოპერაციული უნარების შეზღუდულობას. ამ წინააღმდეგობასთან გამკლავება უფრო კომპლექსური პროცესი იყო. პირველ რიგში, დავიწყეთ სწორ სექტორზე კომუნიკაცია, მეცნიერულად ადაპტირებული საგანამანათლებლო კამპანიები, ჩავრთეთ კვლევითი ცენტრები და კლინიკები, პროფესიონალები, შევქმენით კვლევის პროტოკოლები და ლაბორატორიებთან ერთად შემოვიტანეთ საჭირო ბიომარკერული ანალიზები, რომლებიც მარტივად გვეხმარება უჯრედული ცვილელების დიაგნოსტირებაში. ასევე, აქტიურად დავნერგეთ ბიოჰაკინგის ისეთი მიდგომები, რომლებიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტურად ეხმარება ცხოვრების სტილის შექმნაში, რამაც ძალიან დიდი ნდობა მოგვაპოვებინა მათი მხრიდან".
მარიამ წივწივაძე ხაზს უსვამს, რომ Longevity პრაქტიკების დანერგვა მოითხოვდა მკაცრ მეცნიერებასა და მეთოდოლოგიას.
"გამოქვეყნებულმა შედეგებმა გააერთიანა პროფესიული საზოგადოება და ინსტიტუტები ჩვენს მხარეზე. თითოეული მონაცემი და გამოხატული პროფესიონალიზმი – ეს გახლდათ ჩვენი პასუხი სკეპტიციზმზე. საბოლოოდ ეს არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა იყო, არამედ საზოგადოების თანამონაწილეობის სასიკეთო ტრანსფორმაცია", – ამბობს ის.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ბიზნესში უდიდესი გაკვეთილი არის პასუხისმგებლობა – წარმატება მხოლოდ იდეით არ მოდის, ის იქმნება კარგად დაგეგმილი ნაბიჯებით, სიმტკიცითა და გულისხმიერებით.
"დამოუკიდებელმა საქმიანობამ მაჩვენა, რომ საქმე უნდა ვაკეთო ადამიანებისთვის, არა უბრალოდ, იდეისთვის. სწორად განვსაზღვრო ღირებულება, მოვუსმინო მომხმარებელს და ავაშენო ერთგული გუნდი. დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვურჩევდი: გააკეთეთ საქმე ადამიანებისთვის და არა მხოლოდ იდეისთვის, იქონიეთ სტრატეგიული კავშირები, შექმენით ნდობა, რომელიც კაპიტალია, მართეთ ხარისხიანად, იყავით გამჭირვალეები, რეგულარულად მოისმინეთ და გაეცით უკუკავშირი.
ქალებსა და გოგონებს ვურჩევდი საქმე დაიწყეთ დღეს! პატარა და მკაფიო ნაბიჯებით. თქვენს ინტუიციას, გამოცდილებას ღირებული მნიშვნელობა აქვს. არასოდეს დაელოდოთ "სრულყოფილ მომენტს". შეცდომები აღიქვით არა წარუმატებლობად, არამედ განვითარების ყველაზე სწრაფ გზად. თქვენი ცდა არა მხოლოდ თქვენი ნაბიჯია, არამედ მაგალითი სხვა ქალებისთვის, რომ ოცნება და საქმე ერთად ქმნის ცვლილებას", – ამბობს მარიამ წივწივაძე.
ის ანტრეპრენერად მიიჩნევს ადამიანს, რომელიც ხედავს პრობლემას იქ, სადაც სხვები დაბრკოლებას ხედავენ და ქმნის ამ პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს. მისი თქმით, ეს არის პიროვნება, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, აიღოს პასუხისმგებლობა, მართოს რისკები და არასდროს შეწყვიტოს ძიების პროცესი.
"ანტრეპრენერობა ჩემთვის უბრალოდ ბიზნესის მართვა არ არის, ეს არის ცხოვრების წესი და მუდმივი ძიების პროცესი".
მარიამ წივწივაძისთვის ინსპირაციის წყაროს საზოგადოებისთვის რეალური სარგებლის მოტანა წარმოადგენს.
"როდესაც ვხედავ, როგორ ცვლის ჩემი შრომა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ, აძლევს მათ შესაძლებლობას, იცხოვრონ უფრო დიდხანს, ჯანსაღად და იგრძნონ თავი ლამაზად, ეს დამატებით ენერგიას მმატებს. სილამაზისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივობის (Longevity) ხელშეწყობა ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის. სწორედ ესთეტიკისა და შინაგანი ჯანმრთელობის ჰარმონიაა ჩემი ინსპირაციის მთავარი წყარო, რაც მაძლევს ენერგიას, განუწყვეტლივ განვვითარდე და ჩემს საქმიანობაში კიდევ უფრო მეტი შევძლო", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის უახლოესი გეგმა და ხედვაა Longevity პრაქტიკების შეტანა ცხოვრების ჩვეულ გარემოში ისე, რომ ჯანმრთელი წლების გახანგრძლივება იყოს არა უბრალოდ იდეა, არამედ ყოველდღიური, ხელმისაწვდომი არჩევანი.
"უახლოეს წელს ვგეგმავთ სტრატეგიულ გაფართოებას: ვქმნით ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას ველნესცენტრებთან, კლინიკებსა და კომპანიებთან. პარალელურად ვმუშაობთ მაღალი ხარისხის უფასო საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებაზე , მათ შორის "ჯანსაღი ჩვევების სახელმძღვანელოსი", რათა Longevity-ს იდეა ყველასთვის მისაღები და გასაგები გავხადოთ და ჯანმრთელობა წარმოვაჩინოთ ინვესტიციად და არა ხარჯად. დავანახოთ ადამიანებს, როგორ შეუძლიათ აქტიურად მართონ საკუთარი ჯანმრთელობის ხანგრძლივობა", – მარიამ წივწივაძე, Telora Longevity-ს დამფუძნებელი.