"TICODE - BI სერვისები ბიზნესის გაძლიერებისთვის" - თინათინ ფოლადაშვილის ანტრეპრენერული თავგადასავალი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიებში არსებული დიდი მონაცემების დამუშავება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული - თინათინ ფოლადაშვილის TICODE სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება ბიზნესს პრობლემის გადაჭრაში.
TICODE კომპანიებს Business Intelligence-ის (BI) საშუალებით ნედლი მონაცემების ინტერაქციულ-ვიზუალურ შესაძლებლობად გადაქცევაში ეხმარება. თინათინი ამბობს, რომ მსგავსი შესაძლებლობა საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
სწორედ მისმა კომპანიამ შექმნა სივრცე BI სერვისების, დეველოპერებისა და ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ეს კი თავიდანვე მოითხოვდა გამბედაობას, რაც სწორედ TICODE -ის გუნდს აღმოაჩნდა.
"გაანალიზებული მონაცემებითა და ე.წ. BI დეშბორდებზე დაყრდნობით კომპანიებს გაუმარტივდებათ, უკეთ დაინახონ საკუთარი ბიზნესსაჭიროებები, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, შეამცირონ ხარჯები, რისკები, მოახდინონ პროგნოზირება და გაზარდონ შემოსავალი. ვეხმარებით მათ, მონაცემები აქციონ ბიზნესის მთავარ ძალად და წარმატების გასაღებად", - ამბობს თინათინ ფოლადაშვილი.
თინათინი იხსენებს, რომ დამოუკიდებლად, ნულიდან მსგავსი მასშტაბისა და პოტენციალის სფეროში მუშაობის დაწყება საკმაოდ რთული იყო. მისი თქმით, დაწყებული ფინანსური, დამთავრებული ადამიანური რესურსებით, ყველაფერი წინააღმდეგობებით იყო სავსე.
TICODE-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავიდან სტარტაპის ვებგვერდის შექმნამაც კი თავად მოუწიათ. თუმცა სტარტაპმა მალევე დაიწყო გაფართოება და დაფუძნებიდან ნახევარ წელიწადში გუნდს მარკეტინგისა და დეველოპმენტის მიმართულებით წევრები შემოუერთდნენ.
"დღეს ერთად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო Business Intelligence გამოცდილება საქართველოში", - გვეუბნება თინათინ ფოლადაშვილი.
ქალი სტარტაპერი იხსენებს, რომ გარემოში, რომელშიც ბიზნესსაქმიანობა დაიწყო, ნამდვილად ბევრი გენდერული თუ ასაკობრივი სტერეოტიპი იყო. თუმცა თინათინს ამ ყველაფერმა მხოლოდ გაუასმაგა მოტივაცია, რომ საკუთარი მიზნისკენ უფრო დიდი შემართებით ევლო.
დამოუკიდებლად ბიზნესსაქმიანობის დაწყებამ ბევრი გაკვეთილი ასწავლა. თინათინ ფოლადაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სხვებს გაუზიარებდა, არის საკუთარი მიზნისა და შესაძლებლობების რწმენა.
"გვჯეროდეს საკუთარი მიზნის და შესაძლებლობების. გავრისკოთ და ვცადოთ იმდენჯერ, სანამ არ გამოგვივა. სირთულეებისა და მარცხის დროს არ დავკარგოთ მოტივაცია - პირიქით, ისინი გადავაქციოთ საკუთარ გამოცდილებად და ძალად".
სწორედ ასეთი თვისებებით ხედავს ნამდვილ ანტრეპრენერსაც - "პიროვნება, ვისაც სჯერა საკუთარი იდეის, შესაძლებლობის, არ უშინდება სირთულეებს, რისკავს და აღწევს მიზანს".
TICODE-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოტივაციისა და ინსპირაციის წყარო მისთვის საქმისადმი სიყვარული და ენთუზიაზმია. თინათინის თქმითვე, მისი სურვილია, შექმნას სივრცე, სადაც შეეძლება საყვარელი საქმე აკეთოს და ადამიანები ამ მიზნის გარშემო გააერთიანოს.
"მსურს შევქმნა სივრცე, რომელიც გაართიანებს ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რომელთან მუშაობაც მსიამოვნებს და მაბედნიერებს", - გვეუბნება თინათინ ფოლადაშვილი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში თინათინი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ყველაზე მთავარი, რის მიღწევაც TICODE-ის გუნდს სურს, ქართულ ბიზნესსივრცეში BI სერვისების დანერგვა და პოპულარიზაციაა.
უახლოეს გეგმებზე საუბრისას კი ასე გვპასუხობს:
"ვგეგმავთ დავიწყოთ კონსულტაციები კომპანიებისთვის, ასევე ვორქშოფები და კურსები BI მიმართულებით. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში BI მიმართულების დანერგვასა და განვითარებას".