Get All Access for $5/mo

თიკა დუღაშვილი: წლის ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში, Entrepreneur-ის ჯილდოს მფლობელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

გაიცანით თიკა დუღაშვილი – 2018 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia გამარჯვებული, ნომინაციაში "წლის ქალი მეწარმე", რომელსაც ჟურნალმა Entrepreneur სპეციალური ჯილდო გადასცა და მხარდაჭერა აღუთქვა. თიკა არის გოგონა, რომელიც მიხვდა, რა სურთ, რა აკლიათ ქალაქის ქაოსურ ცხოვრებაში ჩაფლულ თანამედროვე ადამიანებს. ქალაქიდან სოფელში, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გადასახლდა და სრულიად ახალი კონცეფცია შექმნა – "ღვინის ეზო #1" დღეს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.

განვითარებადი ქვეყნის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენა ურბანიზაციაა. ადამიანები საცხოვრებლად ქალაქებისკენ მიიწევენ, ტოვებენ სოფლებს, მეურნეობას, ვენახებსა და ყანებს. ამ ყველაფერს კი ოფისები და კომპიუტერის ეკრანები ანაცვლებს. ქალაქი მიმზიდველი ჩანს, რადგან, როგორც წესი, იქ ცხოვრების ხარისხი უკეთესია, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი ინაცვლებს სოფლიდან ქალაქში, მით ქვეითდება ცხოვრების ხარისხი. ჩვენ შევეჩვიეთ სწრაფად ჭამასა და სიარულს, მტვერს, ხმაურსა და ქაოსს, რომელიც ქალაქში კიდევ უფრო მძაფრი და შემაწუხებელი ხდება. შედეგად, ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ რაღაც აკლიათ – ის, რაც ადრე სხვანაირად აბედნიერებდათ, ვიდრე კომფორტული სახლი და სავარძელი; დაკარგეს კავშირი ბუნებასთან, მოენატრათ ცვრიან ბალახზე გავლა, მამლის ყივილზე გაღვიძება, მოსავლის საკუთარი ხელით აღება. დიახ, დღეს უკვე ეს ტენდენციები შეინიშნება, თუმცა უმეტესად, მხოლოდ განვითარებულ სამყაროში. თაობა, რომელიც ამ ტენდენციას ყველაზე აქტიურად ქმნის, "მილენიალებად" მოიხსენიება. ოფისში მუშაობისგან დაღლილი "მილენიალები" ქალაქგარეთ მიილტვიან, შვებულებების დროს მაინც. თუ ამ ყველაფერს ეგზოტიკური კულტურის შეცნობა ემატება, ხომ მით უკეთესი, შესანიშნავი კომბინაციაა.

საკუთარი თავის ძიებაში

თიკას ბავშვობიდან ინტერესის მრავალი სფერო ჰქონდა, განსაკუთრებით კი წერა და მუსიკა უყვარდა. მუდმივად ამხნევებდა თავს, რომ ყველაფერს შეძლებდა და არ უნდა დანებებოდა. დევიზად ეს ფრაზა გაიხადა – "რაც გვეზარება, ის უნდა ვაკეთოთ".

მუდამ მოძრაობაში იყო. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, აქვს მრავალი სერტიფიკატი ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობისთვის, ადამიანის უფლებებსა და კულტურულ განსხვავებებზე.

განსაკუთრებით კი, ჟურნალისტიკა აინტერესებდა და ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა პირველი სტატია გამოაქვეყნა. იხსენებს, რომ ეს სტატია მშრალ ხიდზე ერთ-ერთ მხატვარზე და მის შემოქმედებაზე დაწერა. რადგანაც ადრე ინდივიდუალური ისტორიებით ნაკლებად ინტერესდებოდნენ, თიკა ერთი მხატვრის მონაყოლის მიხედვით, ზოგადად, მხატვრების ცხოვრებასა და პრობლემებზე საუბრობდა. გინდათ გაიგოთ, რამდენად ფასობდა მისი სტატიები? გვერდში შვიდ ლარს უხდიდნენ, მაშინ როცა ბებიის პენსიაც შვიდი ლარი იყო. ხანდახან ისტორიებს ავრცობდა და ორ გვერდად წერდა, რომ ჰონორარი მეტი აეღო, მაგრამ რედაქცია მაინც უმოკლებდა.

ჟურნალისტური გატაცება მხოლოდ გატაცებით არ დასრულებულა. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა. ტელევიზიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ხშირად საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს სხვადასხვა რედაქციას უგზავნიდა. ერთ დღესაც, მორიგი მიმოწერისას, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროდიუსერმა რეზიუმეს გაგზავნა სთხოვა, რის შემდეგაც გასაუბრებაზე ტელევიზიაში დაიბარეს და იმავე დღეს ინტერვიუს ასაღებად გააგზავნეს.

პირველი ინტერვიუ არც ისე სასიამოვნოდ ახსენდება. აეროპორტში დაათენდა რესპონდენტის მოლოდინში. არც ინტერვიუ გამოუვიდა – რესპონდენტმა რამდენიმე სიტყვით თავიდან მოიშორა. თუმცა არ გაჩერებულა, თავს ძალა დაატანა და კიდევ სცადა. გავიდა სამი თვე, გამოსაცდელი ვადა წარმატებით გაიარა და საბოლოოდ, სამსახურშიც აიყვანეს – ამჯერად, პროდიუსერის პოზიციაზე.

მის ცხოვრებაში "რუსთავი 2"-ის ეპოქა დაიწყო. უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაუდგა, პროფესიულად ძალიან განვითარდა. მისი პირველი პროექტი კი "უსმინე ცოცხალს" იყო. პროექტი ფონოგრამით სიმღერას პროტესტს უცხადებდა და ეძებდა ახალ მუსიკოსებს, რომლებიც ცოცხლად შეასრულებდნენ საკუთარ ნაწარმოებებს. თიკა თავად დადიოდა კაფეებში, ბარებში და სხვადასხვა ბენდს კრებდა, ეუბნებოდა, სიმღერებს ჩაგიწერთ, დიდ სცენაზე გახვალთო. ეს პროექტი იყო შესაძლებლობა, მუსიკოსების საკუთარი, საავტორო მუსიკა ფართო აუდიტორიისთვის გამოემზეურებინათ.

"უსმინე ცოცხალს" სხვა პროექტებიც მოყვა. ათი წლის შემდეგ კი თავგადასავლებისა და მუდმივად ახლის მაძიებელმა თიკამ გადაწყვიტა, "რუსთავი 2" დაეტოვებინა და თავი ტურიზმში ეცადა. ეს სფერო ყოველთვის აინტერესებდა, უყვარდა უცხოელებთან ურთიერთობა, მათთვის საქართველოს გაცნობა.

ჰოლანდიაში, გაცვლითი პროგრამის დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა, სადაც ხშირად ქართულ მუსიკას უშვებდა რადიოში, წერდა სტატიებს საქართველოზე, აწყობდა ქართულ ნაციონალურ საღამოებს. ორი წლის წინ კვალიფიციური გიდების მოსამზადებელი ტრენინგი გაიარა, ინგლისურშიც გადაემზადა და რამდენიმე ტურსაც გაუძღვა.

ახალ რელსებზე გადასვლა

ერთ შაბათ დღეს დაურეკეს, ყაზახი ტურისტები ჩამოვიდნენ და სოფლად სტუმრობა უნდათო. თავიდან იფიქრა, სოფელში მყოფ მამას გადავაბარებ, ის გაუმასპინძლდესო, მაგრამ ვერ მოითმინა და თავადაც გაემართა კახეთისკენ. სწორედ ეს დღე აღმოჩნდა გადამწყვეტი. სტუმრებიც და მასპინძლებიც იმდენად ბედნიერები დარჩნენ, რომ თიკამ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით განევითარებინა ტურისტული ბიზნესი. თიკა, მისი ოჯახის დახმარებით, მამა-პაპისეული კარ-მიდამოს განახლებას შეუდგა.

საბჭოთა დროს კირქვით დაფარული მარნის რესტავრაციით დაიწყეს. საკუთარი ხელებით აღადგინეს პირვანდელ სახემდე. ახლა ტურისტებს სხვა ისტორიებთან ერთად მარნის ისტორიასაც უყვებიან, სადაც კომუნისტებისგან მალულად, თიკას ბებია ლოცულობდა. მარანი ხომ წმინდა ადგილია ქართველებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თიკას ორიენტირი სერვისების მრავალფეროვნებაა. ტურისტს შეუძლია აირჩიოს გასტრო, აგრო თუ ეკოტური.

გასტროტურის შესაქმნელად, უძველესი ისტორიული რეცეპტები მოიძია და ოჯახის წევრებთან ერთად გააცოცხლა. საუკუნეების წინ მივიწყებული არომატები კი უკვე "ღვინის ეზო #1"-ის ყოველდღიური მენიუს შემადგენლობაშია. კერძების დაგემოვნებასთან ერთად, ტურისტებს შეუძლიათ თავად მიიღონ მონაწილეობა ყველა აქტივობაში. "იგრძნო თავი საკუთარ სახლში" – ეს "ღვინის ეზო #1"-ის დევიზია.

"ღვინის ეზო #1" ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს. გარდა ღვინისა და გასტროტურიზმისა, ობიექტი ტურისტებს ეკოტურებსაც სთავაზობს.

აგროტურის ფარგლებში კი, სტუმრები მოსავლის აღებაში, მათ შორის თხილისა და ხეხილის კრეფაში, რთველში მონაწილეობენ. ასევე სტუმრებს შეუძლიათ თავიანთ სახელზე ვაზი დარგონ, რომლისგან დაწურულ ღვინოს მომავალში ფოსტით საკუთარ მისამართზე მიიღებენ.

სახელობითი ღვინის ჩამოსხმა თიკას ახლა უკვე შეუძლია. "აწარმოე საქართველოს" კონკურსის ფარგლებში, გრანტი მოიგო და დანადგარები შეიძინა.

ტურისტებისთვის ასევე საოცარი გამოცდილებაა საწნახელში მრავალჟამიერის ჰანგებზე ღვინის დაწურვა. თიკა ადგილობრივ ანსამბლებს იწვევს ხოლმე. უნდა, ყველაფერი ავთენტური და ადგილობრივი იყოს, მათ შორის – ხმები და სახეები.

ვფიქრობ, სახალისო იქნება, ერთი ისტორია გიამბოთ: ერთხელაც, თიკას ოცი ამერიკელი პროგრამისტი ეწვია. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, ახალგაღვიძებულებს საქონლის სუნი ეგრძნოთ. თიკას მამამ კი, რომელსაც პირუტყვი მაშინ არ ჰყავდა, სასწრაფოდ გოჭები მოიყვანა...

თიკას კიდევ ძალიან ბევრი იდეა აქვს. მალე ევროპელი მოხალისეები აპირებენ ჩამოსვლას. მოხალისეთა როლი მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მაგალითად, სტუმრებს მათი თვალით დანახულ საქართველოს გააცნობენ. სამომავლოდ, თიკა ცხენების ტურის მოწყობასაც გეგმავს.

ეზოს პოპულარიზაციისთვის, მასპინძელი ძირითადად მედიასაშუალებებს მიმართავს, მათ შორის – სოციალურ ქსელებს, Live-ებს, ბლოგებს. გარდა ამისა, "ღვინის ეზო #1" რუსულენოვან ფილმში "ველოდებით სტუმრებს" მოხვდა, რომელსაც მსოფლიოს ორმოც ქვეყანაში აჩვენებენ. უმასპინძლა გერმანულ არხ ZDF-ს, რომელმაც მრავალი ფილმი გადაიღო და ეზოზე სტატია დაწერა. შედეგად, წინა წელს წარმოუდგენელი რაოდენობის სტუმარი ჰყავდა. იმდენად სწრაფად გავრცელდა ხმა ამ ადგილის შესახებ, რომ კორპორაციული კომპანიებისთვის ინფოტურის ჩატარებაც კი არ გახდა საჭირო. სამშობლოში დაბრუნებული სტუმრები ხშირად თავიანთ მეგობრებს, ნაცნობებს უზიარებენ შთაბეჭდილებებს და შემდეგ მათაც უჩნდებათ სურვილი, ეწვიონ ეზოს.

თიკა მუდმივად ზრუნავს აქტივობების განახლებაზე, რასაც თითოეული ტურისტული ჯგუფის ინტერესებს არგებს. ეს სამუშაო ყველაზე მეტად იმიტომ მოსწონს, რომ უფლება აქვს, გააკეთოს ის, რაც უცებ თავში აზრად მოუვა. შეუძლია იყოს მეტად შემოქმედებითი და ორიგინალური.

"აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბედნიერება ყოფილა, როდესაც სხვას არ უთანხმებ და შეგიძლია, როცა აენთები, უმალ გააკეთო", – ამბობს თიკა. "ღვინის ეზო #1" ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა და ვფიქრობ, კიდევ ბევრ კარგ სიახლეს უნდა ველოდოთ.

მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თიკა დუღაშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ტურისტებს შეუძლიათ თავი დააღწიონ ქალაქს, საცობებს, დაბინძურებულ ჰაერს.

"ტურისტებმა მოიწყინეს – იყვნენ უკვე პარიზში, რომში, დაისვენეს ფეშენებელურ სასტუმროებში, ისადილეს მაღალი კლასის რესტორნებში. ახლა სხვა გამოცდილებებისკენ ისწრაფვიან". როგორც თიკა აღნიშნავს, "ღვინის ეზო #1" სტუმრებს მხოლოდ აგრო-გასტრო-ეკოტურს არ სთავაზობს. ყველაზე მთავარი მაინც ურთიერთობაა. თუნდაც ქართული ტრადიციული სუფრა ხომ სითბოსა და საინტერესო ისტორიების გაზიარების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

ზუსტად ერთი წლის წინ დაწყებული საქმე დაუფასდა და აღიარებაც მოიპოვა. თიკა დუღაშვილი ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე Welcome to Georgia წლის მეწარმე ქალად დაასახელეს. თიკა დიდ მადლობას უხდის ჟურნალს Entrepreneur, რომელმაც საჩუქრად სარეკლამო მომსახურება გადასცა.

"ღვინის ეზო #1"-მა ასევე ქართული ბრენდის დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "წლის ოჯახური ბიზნესი" გაიმარჯვა და რეგიონულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

თამთა მარიდაშვილი

Entrepreneur Staff

რედაქტორი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია