თინათინ ჭკადუა და Rankers – სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარკეტინგი ხშირად აღიქმება როგორც ცალკეული კამპანიებისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტი, თუმცა თინათინ ჭკადუასთვის ის ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
სწორედ ამ ხედვით დააფუძნა მან სრული მომსახურების მარკეტინგისა და ბიზნესკონსალტინგის კომპანია Rankers, რომლის მიზანია მარკეტინგი ბიზნესისთვის სტრატეგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ინსტრუმენტად აქციოს.
კომპანიაში კონსალტინგი, მარკეტინგი და დიჯიტალი ერთიან სისტემად მუშაობს, სადაც თითოეული გადაწყვეტილება ბიზნესის რეალურ შედეგებსა და ზრდაზეა ორიენტირებული.
როგორ მუშაობს Rankers-ის უნიკალური მოდელი, რა სპეციფიკა აქვს B2B სექტორს და რა გლობალური გეგმები აქვს კომპანიას – ამ თემებზე Entrepreneur-თან თინათინ ჭკადუა საუბრობს.
ბევრი კომპანია კონსალტინგის, მარკეტინგისა და დიჯიტალის სერვისებს სხვადასხვა პარტნიორს უნაწილებს. თქვენ ამბობთ, რომ ხშირად სწორედ ეს ფრაგმენტაცია ხდება პრობლემა, რატომ?
იმიტომ, რომ, ძირითადად, თითოეული მუშაობს საკუთარ ამოცანაზე, მაგრამ არავინ მართავს პროცესს მთლიანობაში. შესაბამისად, სადღაც ჩნდება ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც გადაწყვეტილებები ერთმანეთთან აღარ არის დაკავშირებული.
ამავდროულად, თანამედროვე ბიზნესეკოსისტემაში ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა სტრატეგიისა და აღსრულების გამიჯვნაა.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
წარმოიდგინეთ სამი პარალელური რეალობა: მარკეტინგი მუშაობს მხოლოდ ვიწრო ან მოკლევადიან ტაქტიკაზე, თუმცა ვერ ხედავს ბიზნესის დიდ სურათს. პარალელურად, დიჯიტალ სააგენტოები უნაკლოდ მართავენ პლატფორმებს, თუმცა მათი საქმიანობა მოკლებულია კომერციულ კონტექსტს. ხოლო ბიზნესკონსულტანტების მიერ შექმნილი მაღალი დონის სტრატეგიები ხშირად თაროზე შემოდებულ დოკუმენტებად რჩება, რადგან მათ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობის ამღები პირი, უბრალოდ, არ არსებობს.
შედეგად, ვიღებთ იზოლირებულ აქტივობებს სინერგიის გარეშე, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის ROI-ზე.
Rankers ხშირად მუშაობს ისეთ რთულ სექტორებთან, როგორიცაა მშენებლობა და B2B. რა გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით და რა არის აქ წარმატების მთავარი პირობა?
კი ბატონო, ჩვენი კლიენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და B2B სეგმენტს წარმოადგენს – ბაზრებს, სადაც გაყიდვების ციკლი ხანგრძლივია, გადაწყვეტილების მიღება მრავალსაფეხურიან პროცესს მოიცავს და საბოლოო შედეგზე ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ასეთ გარემოში შაბლონური მარკეტინგი ეფექტიანი ვერ იქნება, ამიტომ წარმატებისთვის აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი და მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია.
თქვენ ერთდროულად მუშაობთ სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან. როგორ ეხმარება ეს გამოცდილება თქვენს კლიენტებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში?
ჩვენ ერთდროულად ვხედავთ ათობით კომპანიის მონაცემებს სხვადასხვა სექტორიდან.
ეს ნიშნავს, რომ როცა კლიენტი გვეკითხება : "გავაკეთოთ თუ არა ეს?" პასუხს ვცემთ არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ იმ პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით, რაც სხვადასხვა ბიზნესში უკვე ვნახეთ.
შესაბამისად, ჩვენი გამოცდილება კლიენტს საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს ძვირადღირებული ექსპერიმენტები და პირდაპირ ის მოდელები დანერგოს, რომელთა ეფექტურობაც პრაქტიკამ არაერთხელ დაადასტურა.
თქვენ ათობით კომპანიის შიდა სურათს ხედავთ, რა არის ის ერთი რამ, რაც ყველაზე ხშირად აფერხებს ზრდას საშუალო და მსხვილ კომპანიებში?
ზრდა ხშირად ჩერდება არა იმიტომ, რომ ბაზარი არ არის, არამედ იმიტომ, რომ კომპანია ცდილობს გაიზარდოს ძველი ინსტრუმენტებით ახალ პირობებში.
აგრძელებენ რესურსების ინვესტირებას ისეთ მოდელებში, რომლებიც 3 წლის წინ რევოლუციური იყო, დღეს კი მხოლოდ მინიმალურ შედეგს იძლევიან.
ბიზნესის მასშტაბირებისთვის დღეს უკვე აღარ კმარა მხოლოდ არსებული პროცესების კოსმეტიკური გაუმჯობესება, საჭიროა სრული სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია, რომელიც ეფუძნება არა ვარაუდებს, არამედ მონაცემთა ინტეგრირებულ არქიტექტურას.
დღეს ყველა AI-ზე საუბრობს. რით განსხვავდება Rankers-ის ტექნოლოგიური მიდგომა იმ ზოგადი ტრენდისგან, რომელსაც ბაზარზე ვხედავთ?
Rankers-ისთვის AI არ არის მხოლოდ ტრენდი ან დამოუკიდებელი კომპონენტი, არამედ ჩვენი საოპერაციო მოდელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც აჩქარებს კვლევას, აუმჯობესებს აუდიტორიის ანალიზს და გვაძლევს შესაძლებლობას, გადაწყვეტილებები მივიღოთ მონაცემებზე დაყრდნობით.
თუმცა საბოლოო სტრატეგიული გადაწყვეტილებები ყოველთვის ადამიანური ექსპერტიზით მიიღება.
ამ მოდელით ტექნოლოგია და სენიორ გუნდის გამოცდილება ერთად მუშაობს.
სწორედ ეს ბალანსი განსაზღვრავს ჩვენს ხელწერას: ვიყოთ ტექნოლოგიურად სწრაფები, მაგრამ სტრატეგიულად სიღრმისეულები.
რას გვეტყვით თქვენი ლიდერობის სტილზე, კომპანიისა და გუნდის მართვის მიდგომებზე?
ლიდერობა ჩემთვის ნიშნავს მენტორობას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ნიჭიერი ადამიანები საკუთარ მაქსიმუმს ავლენენ.
მე ვიტყოდი, 2026 წელს ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ლიდერის სუბიექტური ხედვა, არამედ გუნდის უნარი, იყოს ავტონომიური, სტრატეგიული და კრეატიული.
მენტორობას კი ინვესტიციასავით ვუყურებ: როცა გუნდი პროფესიულად იზრდება, ბიზნესის ზრდაც ბუნებრივად მოსდევს მას.
ჩემი მიზანია, Rankers იყოს ადგილი, სადაც ადამიანები არა უბრალოდ სამუშაოდ მოდიან, არამედ ხდებიან პროცესების თანაავტორები, სადაც მათი პროფესიული ამბიციები და კომპანიის კომერციული მიზნები მხოლოდ აძლიერებს ერთმანეთს.
Rankers ქართულ ბაზარზე ძლიერ პოზიციებზეა. რა არის შემდეგი ნაბიჯი?
ჩვენი ამბიცია ლოკალური ბაზრით არასდროს შემოფარგლულა. შემდეგი მიზანი ევროპა და ამერიკაა.
2026 წელს გეოგრაფია აღარ არის ბარიერი. მთავარი უპირატესობა ის ინტელექტუალური კაპიტალია, რომელსაც კომპანია ფლობს.
ჩვენ უკვე გვაქვს ვალიდირებული საოპერაციო მოდელი, რომელიც მუშაობს და ახლა გვსურს ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებისთვისაც რეალურ კომერციულ ღირებულებად ვაქციოთ.