წარმატებული ქალები განათლებაში: Cambridge Education Corner-ის დამფუძნებლების ანტრეპრენერული თავგადასავალი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გურანდა ხაბეიშვილსა და სალომე გურეშიძეს Cambridge Education Corner-ის დაწყებისას ერთი დიდი მიზანი ჰქონდათ - შეექმნათ ერთიანი სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერი ასაკის მსურველს, შეესწავლა ინგლისური ენა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებით.
მთავარი გამოწვევა საწყის ეტაპზე იმ ნიშის პოვნა იყო, რომელიც ძალიან მრავალფეროვან და კონკურენტულ გარემოში მათ სასწავლო ცენტრს სხვებისგან გამოარჩევდა. განათლების სფეროში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დაგროვებული გამოცდილებით გურანდამ და სალომემ გადაწყვიტეს, მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად პრაქტიკაზე მორგებული სასწავლო პროცესი შეეთავაზებინათ.
"მიგვაჩნია, რომ ენის შესწავლა უნდა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკაზე დაფუძნებული. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა მოსწავლეებისთვისაც. შესაბამისად, სწავლების იმ მიდგომებს ვიყენებთ, რომლებიც უზრუნველყოფს, მოსწავლეებმა ინგლისურად საუბრის უნარ-ჩვევა ინტერაქციულ გარემოში გაიუმჯობესონ", - ამბობს გურანდა ხაბეიშვილი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში სალომე გურეშიძე იხსენებს, რომ დაარსების დღიდან სხვადასხვა წინაღობის გადალახვამ მოუწიათ. თუმცა რაციონალური მიდგომებითა და საქმის სიყვარულით ყველაფერს წარმატებულად გაუმკლავდნენ.
გურანდას თქმით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ Cambridge Education Corner-ის დამფუძნებლებს აჩვენა, რომ მთავარი მიზნების სწორად დასახვა, შრომა და მონდომებაა. გარდა ამისა, გურანდასა და სალომესთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე, მათ მოსწავლეებზე ზრუნვა და მათი აზრის გათვალისწინება მთელ პროცესში.
"ამ ყველაფერთან ერთად კი საქმის დიდი სიყვარული, რადგან მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე შეუძლებელია საქმე ხარისხიანად, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით აკეთო. სწორედ ამიტომაც ჩვენი მთავარი წარმატების ფორმულა იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებთ".
სალომე ამბობს, რომ აუცილებელია მუდმივად სიახლეებზე ფიქრი და მომხმარებლებისთვის მუდმივად განახლებული, გამუჯობესებული სერვისების შეთავაზება.
Cambridge Education Corner-ის თანადამფუძნებლის თქმით, მათ საგანმანათლებლო ცენტრს სხვებისგან ესეც გამოარჩევს. ისინი მოსწავლეებს მუდამ განახლებად სასწავლო პროგრამას, სახელმძღვანელოებსა და რესურსებს სთავაზობენ.
"მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, ვამატებთ ახალ პროგრამებს. ყოველთვის ვცდილობთ სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა სწავლის პროცესი მათთვის მაქსიმალურად საინტერესო და მარტივი გავხადოთ", - გვეუბნება გურანდა ინტერვიუში.
Cambridge Education Corner-ის დამფუძნებლებისთვის ინსპირაცია მათივე მოსწავლეების წარმატებაა. როგორც სალომე ამბობს, მათი შრომის შედეგის დანახვა აძლევს ენერგიას, უფრო და უფრო მეტი აკეთონ ცენტრის განვითარებისა და სწავლების გაუმჯობესებისთვის.
"გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ცენტრის გახსნის დღიდან ჩვენთან არიან, საფეხურიდან საფეხურამდე იზრდებიან და ყოველი წლის ბოლოს საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე, რომლის მოსამზადებელი კურსიც ჩვენს პროგრამებშია ინტეგრირებული. კემბრიჯის უნივერსიტეტმა სწორედ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების გამო მოგვანიჭა აღიარება, რომ ჩვენ ვართ ამ საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრი", - ამბობს სალომე.
გარდა ამისა, მოტივაციის მომცემია მოსწავლეების პოზიტიური განწყობა და მათი დადებითი უკუკავშირი.
კითხვაზე, ვინ არის ნამდვილი ანტრეპრენერი და როგორი თვისებები გამოარჩევს მას სხვებისგან, გურანდა ასე გვპასუხობს:
"ანტრეპრენერი მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანია, ვისაც მომავლის ხედვა გააჩნია. ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეზე ძალიან არის შეყვარებული და შეუძლია საკუთარი ნიშა შექმნას; რომელსაც აქვს იშვიათი უნარ-ჩვევები; ის ლიდერია, რომელსაც შეუძლია სხვებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს. არ იღლება ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით და სხვების ცხოვრებაშიც თუნდაც მცირე წვლილის შეტანით".
სამომავლო გეგმებზე საუბრისას გურანდა და სალომე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ Cambridge Education Corner-ის დამფუძნებლები მუდამ ფიქრობენ სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ აქტიურად არიან ჩართული როგორც კვლევით, ისე საგანმანათლებლო პროცესებში.
Cambridge Education Corner-ის დამფუძნებლები უახლოეს მომავალში სასწავლო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავენ. მალე დააანონსებენ პროფესიული განვითარების შესაძლებლობის პროგრამებს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობენ გაცვლითი პროგრამების დანერგვაზეც - წელს ცენტრის მოსწავლეები გაემგზავრებიან გაერთიანებულ სამეფოში და ერთ-ერთ ასეთ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
"აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ტრენინგებში, რადგან ვფიქრობთ, რომ სწავლება არის სფერო, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება. შესაბამისად, აქტიურად ვართ ჩართული კვლევით საქმიანობაშიც განათლებისა და ენის სწავლების მიმართულებით", - ამბობენ გურანდა და სალომე ინტერვიუში.