USAID YES-Georgia ქალთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის თეა დაუთაშვილი | ნინო ხმიადაშვილი | სოფიო მანძულაშვილი-ხარებავა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" აგრძელებს თავის საქმიანობას ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
პროგრამა ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას კი ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.
პროექტი აქტიურად უჭერს მხარს სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ქალბატონებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესსა და საქმიანობას რეგიონებში ავითარებენ. ამ გამოწვევებითა და სიახლეებით სავსე გზაზე კი ამგვარი პროექტები მათ საჭირო თანამედროვე ცოდნით და სხვადასხვა "ინსტრუმენტით" ამარაგებს, რაც დიდ ბიზნესსამყაროში გზის უკეთ და უფრო ეფექტურად გაგნებაში ნიშანდობლივად დაეხმარებათ.
ამჯერად Entrepreneur-ი საკმაოდ შრომატევად დარგში − სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალბატონებს წარმოგიდგენთ, რომლებიც საკუთარი საქმიანობების წინსვლისთვის განვითარებას არ წყვეტენ და ცოდნა-უნარების მუდმივი განახლებით ახალ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის − პანდემიის პერიოდში. პროექტი USAID Yes-Georgia და მისი კომპონენტები კი სწორედ მათ სამსახურში დგას და აძლიერებს ქალებს. თუ როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ გამბედავი ქალბატონები, ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.
თეა დაუთაშვილი
მე თეა დაუთაშვილი ვარ. პროფესიით პედაგოგი. ამჟამად ვცხოვრობ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში. პანდემიის დაწყებიდან, როგორც კი გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, საცხოვრებლად სოფელში გადმოვედით. ჩვენ აქ სამოსახლო და მიწის ნაკვეთები გვაქვს. გადავწყვიტე, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ხელი მომეკიდა მეურნეობისათვის. ავიღე სუბსიდირებული სესხი "თიბისი ბანკიდან" და სამოსახლოს ტერიტორიაზე ჩავდგი სათბური, მინდორში კი 5 ჰექტარზე სიმინდი დავთესე. სამოსახლო ნაკვეთში მაქვს დარგული ჟოლოც. ამ ეტაპზე სათბურში მესამე მოსავალი − სალათის ფურცლები დავრგე, მწვანილისა და კიტრის შემდეგ. მოსავლის რეალიზაციას კი ადგილობრივ ბაზარსა და თბილისში ვახორციელებ.
ასევე, წელს გავაკეთე ჟოლოს ჩირი და ტყლაპი. უნდა გამოვხადო არაყიც. ვნახოთ, რა გამომივა. ჩემი პროდუქციისთვის ბრენდული სახელი ჯერ მოფიქრებული არ მაქვს, თუმცა მალე ესეც იქნება. სამომავლოდ, ვფიქრობ ჩირის დამზადების ტექნოლოგიის უკეთ შესწავლას და ჩემი ჩირის საზღვარგარეთ გატანასაც კი. ამ პროცესში კი ნამდვილად დამჭირდება მხარდაჭერა და ამისათვის სწორედ ეს პროექტი მეგულება. ისე კი, "ზოგი ჭირი მარგებელიაო", ნათქვამია. ასე მგონია, რომ არა ეს პანდემია, მე USAID YES-Georgia-ს შესახებ ვერაფერს გავიგებდი. ამ პროექტმა დიდი სტიმული, შემართება, საკუთარი თავის რწმენა, ფინანსებთან დამოკიდებულება, შეუპოვრობა, მიზნისათვის ბრძოლა მასწავლა. კიდევ ბევრი მონდომებული ქალი გავიცანი და ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ.
ნინო ხმიადაშვილი
მე ნინო ხმიადაშვილი ვარ, მცირე მეწარმე, 41 წლის. წარმოშობით ქალაქ თელავიდან გახლავართ, თუმცა ამჟამად ხაშურში, ქმარ-შვილთან ერთად ვცხოვრობ. პროფესიით ბიოლოგი ვარ. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა გარესამყარო, ბუნება და მცენარეები. რეალურად, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, საკუთარი მეურნეობა მქონოდა და ამ მხრივ განვითარების საშუალება მქონოდა. აქამდე ისე მოხდა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოვახერხე ჩემი ოცნების რეალიზება, თუმცა არ დავნებდი და 41 წლის ასაკში მაინც ავისრულე. დღესდღეობით მაქვს სათბური, სადაც სალათის ფურცელი მომყავს. ასევე, ჰექტარ ფართობზე მაქვს გაშენებული ჟოლო, რაშიც "აწარმოე საქართველო"-ს გრანტი დამეხმარა. ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, თუმცა ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივარ. დღეს კი ფაქტობრივად დამწყებ დონეზე ვარ. ამიტომ, ვცდილობ ყველაფერს, რაც ამ სფეროს ეხება, სიღრმისეულად გავეცნო და ჩემი მეურნეობა უფრო გავაფართოო, გავაძლიერო. ჟოლოს გაშენებაც ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი იყო და წინ კიდევ ბევრია.
ჩემი პროდუქციისთვის ბრენდული სახელის მოფიქრება და მინიჭება სამომავლო გეგმებშია. ვფიქრობ, სადა, ორიგინალური და ბუნებასთან დაკავშირებული სახელწოდება იქნება. ცხადია, ასევე, სამომავლო გეგმებს უკავშირდება გაფართოება, სათბურების დამატება და მოსავლის მრავალფეროვნების ზრდაც. ვფიქრობ, მომავალში, როდესაც ჩემი მეურნეობა მოძლიერდება, უფრო დეფიციტურ პროდუქციაზე გადავიდე, რაც ჩემს მოსავალს უფრო მეტად ფასეულს გახდის. ამისათვის, რასაკვირველია, დიდი შრომა და ფინანსური რესურსებია საჭირო. შესაბამისად, მუდმივად ვეძებ და ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საგრანტო კონკურსში, რომელიც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამოჩნდება.
ამჯერად კი USAID Yes-Georgia-ს პროექტი ძალიან კარგი და მრავლისმომცემი იყო, სადაც შევხვდი საინტერესო ადამიანებს. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სპიკერებისგანაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. მნიშვნელოვანი იყო ფინანსების მართვის მხრივ ინფორმაციის მიღება. ასევე, ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალდაწყებული ბიზნესისთვის და კიდევ უამრავი, ჩემთვის გამოსადეგი ინფორმაცია.
სოფიო მანძულაშვილი-ხარებავა
მე სოფიო მანძულაშვილი-ხარებავა ვარ, მცხოვრები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში. პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი. წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურაში მომიწია საქმიანობა − როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში. ბოლო 5 წელია აქტიურად ვარ ჩართული და მაქვს საკუთარი საოჯახო მეურნეობა. არა მარტო მე, არამედ მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმეში. ჩვენი მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი დამატებითი წყაროა ოჯახის ბიუჯეტისთვის.
ჩემი საქმიანობა არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული სამეურნეო პროდუქტით. მაქვს საკუთარი ვენახი და ვამზადებთ საოჯახო ქვევრის ღვინოს. ასევე, მყავს ფუტკარი და საქონელი, საკუთარ პროდუქციას კი ვიყენებ ისეთი საინტერესო მიმართულებით, როგორიცაა აგროტურიზმი. საკუთარ სახლში მაქვს შესაძლებლობა მივიღო ტურისტი, შევთავაზო ჩემი ღვინო ე.წ. სადეგუსტაციო ფორმით და გავუმასპინძლდე კახური ტრადიციული სამზარეულოთი. აღსანიშნავია, რომ სტუმრებში საკუთარი მეურნეობის ნატურალური პროდუქტები დიდ მოწონებას იმსახურებს, რომელზეც დიდი მოთხოვნაა.
ვფიქრობ, უკვე დროა ჩვენს საქმიანობას შევურჩიოთ სახელი და მალე ჩამოვყალიბდებით იმ ბრენდულ სახელწოდებაზე, რომლითაც მომხმარებლების წინაშე წარვდგებით. სამომავლოდ კი, ჩემი მიზანია, სახლი მოვაწყო საოჯახო სასტუმროდ და სტუმრებს მივცე შესაძლებლობა, ჩემთან და ჩემს მეურნეობაში რამდენიმე დღე გაატარონ. ასეთი დაინტერესება უკვე არსებობს. სტუმრებს სურთ, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა რთველში და აქ გარკვეული დრო დაყონ. რა თქმა უნდა, ამისათვის დამატებითი ფინანსური რესურსია საჭირო. ვგეგმავ, რომ მიმდინარე 2 წლის განმავლობაში ამ მიზანს მივაღწევ.
ამ მიზნების გზაზე კი USAID YES-Georgia-ს პროექტი ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. მნიშვნელოვანია ასეთი პროექტებში მონაწილეობა, რადგან იზიარებ ადამიანების ღირებულ გამოცდილებას, იძენ პარტნიორებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის ეს არიან ადამიანები, რომლებთანაც შესაძლებელია გრძელვადიანი ურთიერთობა.