Get All Access for $5/mo

USAID YES-GEORGIA მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული ქალი მეწარმეები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მოგეხსენებათ, USAID-ის პროგრამა YES-Georgia, რომელიც ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ და უფლებრივ გაძლიერებაზეა ორიენტირებული, ბიზნესის არაერთ სფეროს ფარავს და ერთ-ერთი გამორჩეული ჩართულობა პროგრამის მხრიდან, მასპინძლობის ინდუსტრიის ქალი წარმომადგენლების მხარდაჭერაში ვლინდება. Entrepreneur-ი თვალს ადევნებს პროგრამის ბენეფიციართა წარმატებებს და ამჯერად სწორედ საოჯახო სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების მმართველ ქალბატონებზე მოგითხრობთ.

ნია ხაჭაპურიძის საოჯახო სასტუმრო "ბოკნეთის" შექმნის იდეა მის ოჯახში დაიბადა, თუმცა ბევრი დაბრკოლების გამო 2019 წლამდე ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა. საკუთარ სოფელში დაბრუნებულმა ნიამ დამოუკიდებელი საქმის წამოწყება გადაწყვიტა და დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულ ტურისტულ ობიექტს ფლობს.

"ძამას ხეობის ტურისტული პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება და იპყრობს ტურისტთა ყურადღებას. "ბოკნეთის" დაფუძნებისას ვფიქრობდი მხოლოდ განთავსების შეთავაზებას დამსვენებლებისთვის, თუმცა მომხმარებელმა თავად მიკარნახა, რომ საჭირო იყო დამატებითი ტურისტული სერვისების შეთავაზებაც. ამიტომ დღეს უკვე ჩვენთან მოსულ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორებიცაა: განთავსება, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება, მანქანით მომსახურება და სხვადასხვა ტიპის მასტერკლასის ჩატარება. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც ჩვენს ფერმაშია მოყვანილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია "ბოკნეთის" საქმიანობა ნაკლებ ზიანს აყენებდეს ბუნებას, ამიტომ გარე განათებისთვის და წყლის გასაცხელებლად ვიყენებთ მზის ენერგიას, რაც ბაზარზე ეკომეგობრულ ტურისტულ ობიექტად წარმოგვადგენს", − აცხადებს ნია.

პანდემიურმა გამოწვევებმა "ბოკნეთი" ვერ შეაშინა და სასტუმრო წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. "ბოკნეთური საღამოები" ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან ადამიანს ერთმანეთის გაცნობისა და დაახლოების საშუალებას აძლევს. ამჟამად, "ბოკნეთი" რებრენდინგის პროცესშია და უახლოეს მომავალში სასტუმრო სტუმრებს სრულფასოვანი აგროტურისტული ობიექტის ამპლუაში უმასპინძლებს.

"USAID YES-Georgia-ს პროგრამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ორგანიზატორები ზრუნავენ არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მისი მმართველის პიროვნულ და ემოციურ განვითარებაზე, რაც აუცილებელია ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევაში. გარდა ამისა, პროგრამა აქტიურად გვეხმარება ფინანსური და მარკეტინგული მიმართულებით", − აღნიშნავს ნია ხაჭაპურიძე.

პროგრამის ბენეფიციარი − დარეჯან ბერძენიშვილი, ბრენდ "სკიჯის" დამფუძნებელი გახლავთ, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გურიაში ჩირის წარმოებით დაიწყო და დღეს უკვე სასტუმრო "სკიჯის სახლში" ტურისტებსა და ვიზიტორებს მასპინძლობს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დარეჯანის დიდი ხნის ოცნება იყო სოფლად, გურიაში დაბრუნება, სადაც მამაპაპისეულ, 150 წლის გურულ ოდაში, როგორც თავისთვის, ისე სოფლისთვის სასარგებლო საქმიანობას წამოიწყებდა. მან აღმოაჩინა, რომ მისი თუ სამეზობლოს ხილი, რომელიც შეუწამლავია და კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, მოუვლელობისგან ფუჭდებოდა და 2015 წელს მოზიდული მიკრო და მცირე გრანტებით ჩირის წარმოებას შეუდგა.

"ასე შეიქმნა ბრენდი "სკიჯი", რომელიც ძველი ქართული სიტყვაა და "ხმელ ყურძენს", იგივე "ქიშმიშს" ნიშნავს. სოფლად ცხოვრების მეორე წელს საოჯახო სასტუმროს შექმნის იდეა გაჩნდა, რადგან ტურიზმი გურიაში არ იყო განვითარებული, არადა, ბუნება, ჰაერი, ფოლკლორი, საჭმელი და ჩემი მცირე ბიზნესი უკვე ახალი მოცემულობა იყო. ამგვარად, დავიწყეთ ძველ, ორსართულიან გურულ ოდაში ორი ბიზნესის წარმოება", − გვიამბობს დარეჯანი, − "გავარემონტეთ და მოვაწესრიგეთ სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და იმაზე კომფორტული გავხადეთ, ვიდრე ჩვეულებრივი სოფლის სახლია, მაგრამ სოფლისთვის დამახასიათებელი ავთენტურობა შევუნარჩუნეთ. სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია − "სკიჯის სახლი" − სახლი, სადაც პირველად გაკეთდა "სკიჯი". დავიწყეთ გურიის ტურისტულ პოტენციალზე ხმამაღლა ლაპარაკი და სტუმრების მასპინძლობა. ჩვენც ამ სახლში ვცხოვრობთ − სტუმრებისათვის სწორედ ეს ფაქტია საინტერესო. ისინი მოდიან სოფლის ოჯახში, ცხოვრობენ და მონაწილეობენ იმ საქმიანობაში, რომლითაც ჩვენ ვართ დაკავებულნი − იქნება ეს ჩირის გაშრობა, სადილის მომზადება, ბოსტნის მოვლა და ა.შ. ვიზიტორებს ძალიან მოსწონთ სოფლის პროდუქტით დამზადებული კერძები. ყველაფერი ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე, ხოლო ჩვენი მასპინძლობის ამბავი უფრო ვრცელდება".

დღესდღეობით, დარეჯანის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს აგროტურიზმის ნიშაში, ესენია: საოჯახო სასტუმროს მართვა, ჩირის საწარმო, ციტრუსისა და სხვა კულტურების მოშენება და ტურისტებისათვის ადგილობრივი ავთენტური კოლორიტის გაცნობა.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ბიზნესის პოპულარიზაციაში გამოიხატება. ისინი გვერდით უდგანან ქალების საქმიანობას, აქტიურ ქალებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევენ, გვეხმარებიან ბიზნესის წამოწყებაში, მართვის სწავლასა და განვითარებაში. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ გვერდით ეს პროგრამაა და ამ პროგრამის ბენეფიციარი ქალები. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ", − აღნიშნავს დარეჯან ბერძენიშვილი, − "მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს სამი დამოუკიდებელი კოტეჯის და გასტრონომიული სივრცის "სკიჯის სამზარეულოს" მშენებლობა, სადაც მომზადდება ძველი გურული და საფირმო კერძები, რომლის მთავარი ინგრედიენტი ჩირია".

თამუნა გირგვლიანი USAID-ის პროგრამის YES-Georga ბენეფიციარი გახლავთ, რომელიც 2017 წლიდან სვანეთში, კერძოდ მის მშობლიურ სოფელ ლატალში ორიგინალური დიზაინის მქონე, 25 სტუმარზე გათვლილ საოჯახო სასტუმრო Village House-ს ამუშავებს. როგორც თამუნა გვიყვება, იგი თბილისში დაიბადა, თუმცა მშობლიურ სვანეთთან ბავშვობის მნიშვნელოვანი მოგონებები აკავშირებდა და საკუთარი სასტუმრო სახლის აშენებაზე დიდხანს ოცნებობდა.

თამუნა პროფესიით სტომატოლოგია და ამ მიმართულებით 25 წლის განმავლობაში იმუშავა. 2016 წელს მან ლატალში დაბრუნება და საკუთარი სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. ცხადია, გადაწყვეტილება მარტივი განსახორციელებელი არ ყოფილა და ბევრი წინააღმდეგობაც შეხვდა ამ გზაზე, თუმცა თამუნამ ოჯახის მხარდაჭერით მაინც მოახერხა ძველი, მამაპაპისეული სახლის განახლება და უკვე 2017 წლიდან პირველი სტუმრებიც მიიღო.

"ჩვენს სტუმრებს წარმოადგენენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ვიზიტორები უცხო ქვეყნებიდან. ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და 2018 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საგრანტო კონკურსის ბენეფიციარი გავხდი, ხოლო მიღებული დაფინანსებით სასტუმროს გაფართოება შევძელით, რამაც ბიზნესის ზრდას შეუწყო ხელი და 2019 წელს სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდა. ჩვენს სტუმრებს, ხარისხიანი სასტუმროს სერვისის გარდა, მრავალფეროვან მენიუსაც ვთავაზობთ, რომლის მოსამზადებლად ვიყენებთ ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტებს (გვაქვს საკუთარი ფერმა და ბაღ-ბოსტანი). ხშირად ვაწყობთ კულინარიულ მასტერკლასებს, რითაც გარკვეულწილად ჩვენი კუთხის კულინარიის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. სტუმრებს ვთავაზობთ სატრანსპორტო მომსახურებას − როგორც ადგილზე, ისე ტრანსფერს. ვუდგენთ ინდივიდუალურ ტურისტულ მარშრუტებს, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს ბუნებაში. გიდის დახმარებით ვთავაზობთ სვანეთის კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის გაცნობას. ასევე, ხშირად ვაწყობთ მუსიკალურ საღამოებს სასტუმროს დიდ და ლამაზ ბაღში", − აცხადებს თამუნა გირგვლიანი.

სასტუმრო Village House-ის მართვაში მთელი ოჯახია ჩართული. თამუნა სტუმრებს იღებს, დედა სამზარეულოში ეხმარება, მისი უფროსი ვაჟი კი სასტუმროს მარკეტინგითაა დაკავებული. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი გვიამბობს, პანდემიამ მისი ბიზნესი პრაქტიკულად გააჩერა. 2020 წელს სასტუმრომ საერთოდ ვერ იმუშავა, რა დროსაც თამუნა USAID YES-Georgia-ს პროგრამაში ჩაერთო და მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების განხრით მაღალკვალიფიციური განათლება მიიღო.

"ჩატარებულმა მაღალპროფესიულმა ონლაინტრენინგებმა სულ სხვანაირად დამანახა ჩემი შესაძლებლობები და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბიზნესის წარმართვის გზები. USAID YES-Georgia-მ მომცა დიდი სტიმული, რომ როგორც დამწყებმა მეწარმე ქალმა, ჩემი საქმიანობა გავაფართოო და განვავითარო. სწორედ ამ პროგრამის დახმარებით, გასულ წელს სასტუმრომ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა და საინტერესო იდეებიც გამიჩნდა. სასტუმროს ეზოში გვინდა ავაშენოთ პატარა კაფე-რესტორანი ღია ვერანდით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დამატებით სოფლის მოსახლეობაც დავასაქმოთ. მინდა დაუვიწყარი დღეები ვაჩუქო თითოეულ ჩემს სტუმარს, შევუქმნათ ოჯახური, თბილი ატმოსფერო და როდესაც წავლენ, დიდი სითბო, სიყვარული და უკან დაბრუნების სურვილი გავატანო", − აღნიშნავს თამუნა გირგვლიანი.

პროგრამის კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, კესო მახარაძემ გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ეთნო, გასტრო და აგროტურიზმზე ორიენტირებული ლოკაცია − TABERNE in Guria დააფუძნა, რომელიც 2500 კვ.მ-ზე განლაგებულ ავთენტურ, ორსაუკუნოვან გურულ ყოფით ნაგებობებს აერთიანებს. ამასთან ერთად ოჯახის საკუთრებაშია 1000 კვ.მ-ზე გაშენებული თხილის ბაღი, 700 კვ.მ-ზე გაშენებული ჩაის პლანტაცია, ტყის მასივი, საიდანაც ლოკაცია სასმელი წყლით მარაგდება, ხოლო ეზოს ნაწილი ეთმობა სეზონურ ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებსა და დეკორატიულ მცენარეებს.

"ძალიან მინდოდა გარდაცვლილი მეუღლისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება შვილებისთვის შემოსავლის წყაროდ გარდამექმნა, თან წარმომეჩინა საკუთარი ოჯახის საინტერესო ისტორია, კუთხის ავთენტურობა, გურული სამზარეულოს განუმეორებელი გემოები. მსურდა გარშემომყოფთათვის ვყოფილიყავი იმის მაგალითი, რომ სოფლად მცხოვრებ ქალს შეუძლია ჰქონდეს საინტერესო საქმე. ამ გეგმების ხორცშესხმა კი მხოლოდ ტურიზმის სექტორშია შესაძლებელი. 2020 წელს გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული მცირე გრანტი პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა და იმავე წლის შემოდგომიდან თანამონაწილეობის პრინციპით შევუდექი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 2021 წლის ზაფხულში სატესტო რეჟიმში დავიწყე ვიზიტორებისა და დაინტერესებული პირების მიღება-გამასპინძლება. ისინი ძირითადად სოც.ქსელების საშუალებით მპოულობდნენ და მიკავშირდებოდნენ", − გვიამბობს კესო მახარაძე.

ამჟამად, "ტაბერნე" სტუმრებს სამი სახის სერვისს სთავაზობს, ესენია: საკუთარ ბაზაზე არსებულ ბოსტანსა და ბაღებში მოწეული პროდუქტის დაკრეფა და გურული კერძების დამზადება იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც "ტაბერნეს" ეწვევა, ასევე გურული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გასტრონომიული მასტერკლასები; საფეხმავლო ტური ჩანჩქერზე, ტყეში, კანიონზე და ტური თიხის ნაკეთობების, კალათებისა და ჭილით ქსოვის ოსტატებთან. აღსანიშნავია, რომ ტურის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ვიზიტორს, რომელიც "ტაბერნეს" ეწვევა ან გამოთქვამს მხოლოდ ტურის შეძენის სურვილს. ყველა შემთხვევაში შეკვეთაზე შეთანხმება წინასწარ მოხდება.

"გასულ წელს სატესტო რეჟიმში მუშაობამ დამარწმუნა, რომ ვიზიტორების საჭიროებებისთვის აუცილებელია იზოლირებული სამზარეულო და სადეგუსტაციო სივრცე, რომლის მშენებლობა შარშანვე დავიწყე და ახლა დასრულების ფაზაშია. ახალი სეზონიდან შესაძლებელი გახდება უფრო მეტი ვიზიტორის მიღება და გამასპინძლება უამინდობის პირობებშიც. სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ "ტაბერნე" მათი აღმოჩენაა და სიამოვნებით დარჩებოდნენ გარკვეული ვადით აქ მიღებული პოზიტიური ენერგიისთვის და ამ ბუნებრივი სილამაზისთვის", − აღნიშნავს კესო მახარაძე, − "სამომავლოდ, გვსურს კეთილმოწყობილი სასტუმრო ნომრების დამატება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, რაც სტუმრებს უკვე ღამისთევით დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ვგეგმავთ გურული ჯიშის ვენახის გაშენებას და ეზოში მარნის კეთილმოწყობას, სადაც სტუმარი გაეცნობა ადგილობრივი ღვინის ნაირსახეობას და ადგილობრივი სუფრის კოლორიტს".

ხატია ხარძეიშვილმა, პროგრამის კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება მეუღლესთან ერთად თბილისიდან წყალტუბოში, წინაპრების დატოვებულ სახლში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა. მეღვინეობა ხატიას ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა, ამიტომ ამ საქმის ძირეულად შესწავლა და ინფრასტრუქტურის გამართვა პრაქტიკულად თავიდან მოუწია. ასე, 2017 წელს დაიბადა ოჯახური ბიზნესი − "მათეს მარანი".

"მარნის კონცეფციაზე მუშაობისას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა არა მორიგი სტანდარტული ტურისტული ობიექტი, რომელიც მხოლოდ ღვინოზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ ურთიერთობის, ემოციების, ტრადიციების, შთაბეჭდილებების გაზიარების სივრცე, ადგილი, რომლის გახსენება ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავდა უცხოელ სტუმარს ჩვენს ქვეყანაზე. ამ იდეას დღემდე საკმაოდ წარმატებით მივყვებით და ჩვენს ჩანაფიქრს ეტაპობრივად ვახორციელებთ. სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავს, თუმცა ძირითადი წილი მაინც ევროპის ქვეყნებზე მოდის. მომხმარებლის მოზიდვას და მათთან კომუნიკაციას ძირითადად ონლაინარხების საშუალებით ვცდილობთ", − აცხადებს ხატია ხარძეიშვილი.

ამ ეტაპზე, "მათეს მარანი" ხუთი დასახელების ღვინოს აწარმოებს და გარდა ამისა, სტუმრებს ბევრ საინტერესო აქტივობას, მარნის საინფორმაციო ტურს, ღვინის დეგუსტაციას, კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ საღამოებს და ტრადიციული სუფრის ელემენტებით გაჯერებულ ვახშამს სთავაზობს.

"USAID-ის პროგრამა YES -Georgia-ს ბენეფიციარი გასულ წელს გავხდი და მას შემდეგ ყოველთვის ვგრძნობ მათ უდიდეს მხარდაჭერას და გულშემატკივრობას. პროგრამამ საშუალება მომცა გავცნობოდი უამრავ სიახლეს, შევხვედროდით საინტერესო ადამიანებს, რაც ძალიან დაგვეხმარა მარნის ცნობადობის გაზრდაში და უფრო მეტი განვითარების საშუალება მოგვცა", − გვიამბობს ხატია, − "პანდემიამ და შემდეგ ომმა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით ამ რთული პერიოდის გადალახვა და უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებთ საქმიანობას. მცირე წარმოების გამო ექსპორტზე გასვლას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ მარნის გაფართოებაზე, იგეგმება იმერული ტიპის ღია მარნის მოწყობა, ასევე ვფიქრობთ გარე სამზარეულოზე კულინარიული მასტერკლასებისთვის და დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში საოჯახო სასტუმროს შექმნაზეც დავიწყოთ მუშაობა".

პროგრამა USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი, ქეთევან სიხარულიძე, გურიაში, სუფსის ხეობაში განლაგებულ სოფელ ბუკისციხეში საკუთარ საოჯახო სასტუმროსა და ღვინის მარანს − "შატო ბუკისციხეს" ფლობს და საკმაოდ წარმატებულად მართავს. როგორც თავად გვიამბობს, ამ სოფლის ისტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ქალაქური ტიპის დასახლებაც ყოფილა. ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, ბუკისციხე გამორჩეული იყო ღვინითა და კულინარიით, თუმცა დროთა განმავლობაში ადგილობრივი ყურძნის ჯიშების უმეტესობა დაიკარგა. სწორედ ამ დანაკლისის აღსადგენად, ქეთევანმა საკუთარი ოჯახური ტრადიციის გაგრძელება და მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა.

"ჩვენს ოჯახში მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები არაერთ ათწლეულს ითვლის. ერთ დროს მხოლოდ "ადესაზე" დარჩენილი გურულები დღეს უკვე 25-მდე ძველი გურული, აბორიგენული ჯიშით ვიწონებთ თავს. ჩვენს ვენახებში გაცოცხლებული და გაშენებულია ჩხავერი, ნაკაშიძის ჯანი, ალადასტური, საკმიელა, სხილათუბანი, მტევანდიდი, წითლანა, ორონა, ჭუმუტა, ბადაგი, ათინოური, კლარჯული, სამარხი, ხუშია, კამური, საფერავი გურული, ცვივანი, ტაკიძურა, მაური თეთრი, კამური შავი, ოცხანური საფერე... და ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომელმაც ღვინის დაყენების პროცესი ვაზის გასხვლიდან ღვინის დაგემოვნებამდე ხელოვნების რანგში აიყვანა. საუკეთესო ღვინის სახეობების დაგემოვნების სურვილმა მრავალი მეღვინე და სომელიე მოიყვანა ჩვენს მარანში, რამაც საჭირო გახადა მცირე საოჯახო სასტუმროს მოწყობა. ამიტომ მარნის თავზე მცირე, ხუთნომრიანი საოჯახო სასტუმრო მოვაწყვეთ და ამ ბიზნესს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მივუდექით", − აღნიშნავს ქეთევან სიხარულიძე.

ქეთევანი გვიამბობს, რომ USAID-ის პროგრამა YES-Georgia დაეხმარა და ასწავლა მას, თუ როგორ განევითარებინა ბიზნესი, როგორ მოეწვია სტუმარი და რა სახის სიახლეები შეეთავაზებინა ვიზიტორებისათვის. ასევე, პროგრამის ტრენინგების ფარგლებში, იგი გაერკვა ფინანსების მართვაში, დამატებითი ფინანსების მოსაზიდად პროექტების მომზადებაში და ბიზნესის გაძლიერების სტრატეგიაში. "მომავლისთვის ვფიქრობთ პანდემია ხელს აღარ შეგვიშლის და მარანსა თუ სასტუმროში ვიზიტორთა რაოდენობა მოიმატებს, ხოლო ჩვენ მათ საინტერესო ტურებს შევთავაზებთ სხვადასხვა მიმართულებით", − აცხადებს ქეთევანი.

USAID-ის პროექტი YES-Georgia ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგკურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპდაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?

ინდუსტრიული ტრენდები

Fast & Shine - ავტოდითეილინგის პიონერი საქართველოში

"2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა"