"ვიღებ ყველა სირთულეს, როგორც წარმატების შესაძლებლობას" - თათა პავლიაშვილის "რეფრეშ აუტო"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თათა პავლიაშვილმა "რეფრეშ აუტოს" დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ავტომობილების ბიზნესში რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, თუ სად და რა ტიპის პრობლემა ჰქონდა თითქმის ყველა იმპორტიორ კომპანიას. მან დაინახა შესაძლებლობა, რომ ხარვეზი აღმოეფხვრა და ასეც მოიქცა.
ქალი ანტრეპრენერი იხსენებს, რომ საქმე ძირითად შემთხვევაში ეხებოდა მომხმარებლისთვის ნაკლებად გამჭვირვალე შესყიდვებს და შემდეგ მთელი პროცესით მათი კმაყოფილების არცოდნას. თათა ამბობს, რომ კომპანიებს პრობლემები არამხოლოდ ლოჯისტიკის, არამედ ზოგადი პროცესების მართვის კუთხითაც ჰქონდათ.
"ჩემი მიზანი იყო ამ ხარვეზების აღმოფხვრა და იმპორტის სფეროში ეფექტური სერვისების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ჩვენი მომხმარებლები იღებენ სრულიად გამჭვირვალე პროცესს სასურველი ავტომანქანის შეძენისას, რაც ავტოიმპორტის ინდუსტრიაში ახალ სტანდარტადაც შეიძლება მივიჩნიოთ".
Entrepreneur-თან ინტერვიუში თათა ამბობს, რომ მისი კომპანია ავტომობილების იმპორტში მუშაობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით და მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ესენია: სატრანსპორტო საშუალებების უფრო ფართო ასორტიმენტზე ან ვინტაჟურ ან იშვიათ მანქანებზე წვდომა და ხარჯების დაზოგვა.
მისი განმარტებით, "რეფრეშ აუტოში" მისულ ადამიანებს შეუძლიათ ისეთი მოდელების შეძენა, რაც ქართულ ბაზარზე არ არის და არსებულ ავტოცენტრებში მათი შეკვეთა ვერ მოხერხდებოდა. გარდა ამისა, მომხმარებლებს წვდომა აქვთ ვინტაჟურ, იშვიათი მოდელის ავტომობილებზე და, რაც მთავარია, ყოველივე ეს მაქსიმალურად მყიდველზე მორგებული ფასებით.
"ბიზნესის დაწყება ხშირად მოითხოვს დიდ გამბედაობას და შინაგან ძალას. ბიზნესის წამოწყება შეიძლება იყოს პირადი გადაწყვეტილება და უნდა შეადგენდეს განჭვრეტის, სიმტკიცისა და გამძლეობის უნიკალურ კომბინაციას, რაც, ვფიქრობ, დამფუძნებლების მთავარი უნარებია", - ამბობს თათა ინტერვიუში.
ყველაზე დიდ გამოწვევად ბაზარზე არსებულ კონკურენციას ასახელებს. თათა იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე გიგანტი კომპანიების გვერდით მისი ბიზნესის ამუშავება გადაულახავ პრობლემადაც კი ეჩვენებოდა.
"თუმცა ბევრი შრომის, ბაზრის საფუძვლიანი შესწავლისა და სხვადასხვა ამერიკულ კომპანიებთან პარტნიორობის ჩამოყალიბების გზით შევძელით მომხმარებლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება", - იხსენებს "რეფრეშ აუტოს" დამფუძნებელი.
თათა ამბობს, რომ ამ სფეროში ხშირია გენდერული სტერეოტიპები - განსაკუთრებით, თუკი ქალი მენეჯერულ პოზიციაზეა. მისი მისამართით მოუსმენია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "ქალმა მანქანა როგორ უნდა მასწავლოს", "ქალის მოვალეობა რაც არის, ის აკეთე" და ა.შ.
დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა ან მეტად განუვითარა ისეთი თვისებები, როგორიცაა ფინანსები, დროის მენეჯმენტი, პრიორიტეტების სწორად დალაგება. თათა ფიქრობს, რომ "რეფრეშ აუტომ" აჩვენა მუდმივი განვითარებისა და სწავლის მნიშვნელობა, ინოვაციებისკენ სწრაფვა.
"საკუთარი გამოცდილებით დამწყებ ბიზნესმენებსა და მომავალ მენეჯერებს კი ვურჩევდი, იყვნენ მომთმენნი, რადგან წარუმატებლობა არის ზრდისკენ სწრაფვა და არა დაბრკოლება. მე ვიღებ ყველა სირთულეს, როგორც წარმატების შესაძლებლობას", - ამბობს თათა ინტერვიუში.
თათას თქმით, მისი მოტივაცია ავტომობილების სიყვარული და ის გამოწვევებია, რასაც ყოველდღიურად ხვდება. გარდა ამისა, მისთვის ინსპირაციის წყაროა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაცია მწვანე მომავლისთვის და კმაყოფილი მომხმარებელი.
თათა პავლიაშვილისა და "რეფრეშ აუტოს" გეგმებში, პირველ რიგში, გაფართოებაა - ქვეყანაში რამდენიმე ფილიალის დამატება. გარდა ამისა, თათა გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას და ტრენინგების ჩატარებას როგორც ავტოექსპერტების, ისე დილერებისთვის. შორს მიმავალი მიზანი კი საერთაშორისო ბაზრის ათვისებაა.