Womenpreneur: ლიზი ხაბაზაშვილი, Concierge Tbilisi "თუ გინდა აკეთო ღირებული საქმე, წამოიწყე ის, რაც თავად გჭირდება"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.
ლიზი ხაბაზაშვილი
Concierge Tbilisi, დამფუძნებელი
რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?
ხშირად გვესმის, რომ თუ გინდა აკეთო ღირებული საქმე, წამოიწყე ის, რაც თავად გჭირდება. მე ეს საჭიროება 2014 წელს ვიგრძენი. კარიერა მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის, თუმცა დგება მომენტი, როდესაც გინდა გასცდე კორპორაციულ მარწუხებს და აღმოაჩინო პერსონალური საზღვრები. გინდა დასძლიო თანამედროვეობის გამოწვევა – დროის უქონლობა (Work-life balance). მთავარი კი ის არის, რომ გამიჩნდა დაუოკებელი სურვილი, შემექმნა პროდუქტი, რომელიც ცვლის გარემოს, მომხმარებლის ქცევას და გაძლევს საშუალებას, იპოვო კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები.
რასაც ახლა ვაკეთებ, ძალიან ჰგავს ჩემს ძველ საქმიანობას საინვესტიციო სააგენტოში. მქონდა ურთიერთობა ინვესტორებთან, ვგეგმავდით ბიზნესფორუმებს, ვზრუნავდით, რომ სტუმრებისათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეგვექმნა. ეს გამოცდილება ვთარგმნეთ საკონსიერჟო მომსახურებაში, სადაც ოცნებების ლიმიტს დამკვეთი ადგენს.
თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?
ჩემთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია წესების დარღვევის, გიჟური იდეების, თავისზე ძლიერი ადამიანების შემოკრების. ბიზნესმენი ცდილობს უპირატესი პოზიციის მოპოვებას უკვე არსებულ ბაზარზე, ხოლო მეწარმე თვითონ ქმნის ბაზარს ინოვაციური პროდუქტისთვის.
რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
"კონსიერჟ თბილისი" პიონერი და ერთადერთია ქართულ ბაზარზე საკონსიერჟო მომსახურების დანერგვაში. Concierge Tbilisi-ის მიერ გაწეული მომსახურება ქმნის დამატებით ღირებულებას კონკრეტული მომხმარებლისათვის, რასაც იგი ქართულ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიისაგან "ერთი მიმართვით" ვერ მიიღებდა.
მეშვიდე წელია, ბაზარზე ოთხი ძირითადი მიმართულებით ვოპერირებთ და ერთი ქოლგის ქვეშ ვაერთიანებთ:
• ინდივიდუალურ და კორპორაციულ საკონსიერჟო მომსახურებას
• MICE-ღონისძიებებს და ინდივიდუალურ ღონისძიებებს
• უნიკალურ გამოცდილებებს (ტურებს)
დღეს კომპანიას სამი მმართველი პარტნიორი მართავს. "თრინითი" − ასე ვუწოდებ ჩვენს ერთიანობას. ჩემთან ერთად, რუსკა ქურდოვანიძისა და ნინო სხირტლაძის კომპანიის დამსახურებაა სტაბილურობა და კრიზისის დაძლევა.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
ჩემთვის მთავარი მოტივატორი ახალი გამოწვევებია და თუ ვერ ვხედავ, თავად ვქმნი, იმისთვის, რომ განვვითარდე. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, 5 ათასი დოლარის ინვესტიციით დაწყებული ბიზნესი თვითონაც არარეალურად მეჩვენება. წლიდან წლამდე 500%-იანი ზრდა გვქონდა... ავიაბილეთების 24-საათიანი მომსახურების სააგენტოც კი დავაფუძნეთ.
პანდემიასაც მოვერგეთ და სამი ახალი მიმართულება შევთავაზეთ ბაზარს:
- ვირტუალური ღონისძიებები - ფიზიკური ღონისძიებების ჰარმონიული ტრანსფორმაცია ონლაინ სივრცეში, ჰიბრიდული ვირტუალური გამოცდილების შექმნა
- ბიზნეს ნარატივი - აუდიტორიაზე მორგებული მაღალი ხარისხის კორპორაციული მასალების მომზადება: გამომსვლელის მოხსენება, პრეზენტაცია, წლიური ანგარიში. მაღალი ხარისხის აუდიო/ვიდეო პროდუქციის დამზადება: ვიდეო, ფოტო, პოდკასტი და ა.შ
- დიზიანი და ვიზუალიზაცია -დამკვეთის ბრენდირებისა და კორპორაციული იდენტობის მორგება ღონისძიების შინაარსსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.
მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?
იღბალთან დაკავშირებით, ცალსახა პასუხის გაცემა მიჭირს. ბევრი წარმატებული მეწარმე არის ჩემ გარშემო, ვინც დაუღალავი შრომით მიაღწია შედეგს, თუმცა იღბალმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მყავს საუკეთესო მშობლები და შვილი (როგორც ყოველ თქვენგანს), მივიღე კარგი განათლება, ვიზრდებოდი ცოდნით მდიდარ გარემოში და ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
დიდ წინაღობად მიმაჩნდა ქართველი მომხმარებლის ქცევის შეცვლა. ყოველთვის მეგობრის შეწუხება საკუთარი ინტერესების გამო არც ისე ეთიკურია, მაშინ როდესაც არსებობს კონსიერჟი, რომელიც კომპეტენტურ პასუხს გაგცემს და ზედმეტ სტრესს აგარიდებს.
როდესაც ქმნი შენს პროდუქტს, მნიშვნელოვანია იცოდე განსხვავება შენს სამიზნე აუდიტორიასა და ნამდვილ სამიზნე აუდიტორიას შორის. სწორად შერჩეული მომხმარებელი წარმატების საწინდარია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ასობით ჩატარებული ღონისძიებისა და განხორციელებული პროექტის შემდეგ, ვხვდები, რომ მომხმარებელი ჩვენთან ერთად გაიზარდა. ჩვენ არ შეგვიძლია ერთნაირად მოვემსახუროთ ყველა კლიენტს და არც მათ სჭირდებათ იგივე სერვისის მიღება. მაგრამ უცვლელია მომსახურების სტანდარტი და ხარისხის კონტროლი.
რუტინული მენეჯმენტის დროს, თავს იჩენს უამრავი დეტალი და ზოგჯერ დიდ სურათს ვეღარ ვხედავთ. წარმატების საწინდარია, დავინახოთ ჩვენი საქმიანობა როგორც მიკრო, ასევე მაკროდონეზე.
ახალგაზრდა მეწარმეები ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან, როდესაც გამოწვევების წინაშე დგებიან. სინამდვილეში კი, გამოწვევის შესაძლებლობად გადაქცევაა მთავარი.
რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?
პროგნოზი და წინასწარ დაგეგმვა დიდი გამოწვევაა დამწყები მეწარმეებისათვის, მაგრამ მდგრადი განვითარება ნებისმიერი ბიზნესის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისათვის უმთავრესია.
რომელ ინდუსტრიაშიც უნდა ვიყოთ, მნიშვნელოვანია, მუდმივად პულსზე გვეჭიროს ხელი. იყავით ინფორმირებულები და ისწავლეთ ინდუსტრიაზე ადაპტირებული ცვლილებების შეტანა.
მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში: პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მხოლოდ ონლაინივენთის შეთავაზება არ აღმოჩნდა საკმარისი და ქართველ მომხმარებელს ერთ პროდუქტად შევთავაზეთ ჰიბრიდული ივენთის ორგანიზება, რაც ფიზიკური და ვირტუალური ღონისძიების გაერთიანებას გულისხმობს.
მთელი კარიერის განმავლობაში იქნება აღმასვლა თუ დაცემა. მინდა, ყველა დამწყებ ანტრეპრენერს ვუსურვო, იყვნენ თამამები საკუთარ წამოწყებებში, მაშინაც სჯეროდეთ თავისი იდეის, როდესაც სხვებს არ სჯერათ, გამოიჩინონ დიდი მოთმინება, იმუშაონ საკუთარ თავზე და ბევრი იშრომონ წარმატების მისაღწევად, რომელიც იმაზე ადრე მოვა, ვიდრე წარმოუდგენიათ.