Get All Access for $5/mo

8 ნიშანი, რომელთა მიხედვითაც წარმატების ოქროს ბილიკს მიუყვებით თქვენი მოგების ფონზე გაწეული ზედდებული ხარჯები გონივრულად მოჩანს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ხანგრძლივი ანტრეპრენერული მოგზაურობის შუა ნაწილში რთული განსასაზღვრია, რამდენად წარმატებულია თქვენი იდეა. მით უმეტეს, საშუალებები, რომლითაც მას ახორციელებთ. თუმცა, თუკი ჩამოთვლილი 8 ნიშნიდან რომელიმე მაინც შეგიმჩნევიათ, სავარაუდოდ, სწორ გზაზე დგახართ.

საკუთარი ბიზნესი აღგაფრთოვანებთ

ისინი, ვინც ბიზნესს ფულის გამო ან ოჯახისა და მეგობრების გულის მოსაგებად იწყებენ, როგორც წესი, "გადაიწვებიან" ან განვითარებას წყვეტენ ხოლმე. თქვენი ბიზნესის კონცეფცია თქვენსავე ანტრეპრენერული მოგზაურობის დასაწყისიდან ბოლომდე ამაღელვებელი უნდა იყოს (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამბობენ, ასეთ საქმეს ბოლო არ უჩანსო).

შეგიძლიათ თქვათ, რომ საკუთარი კომპანიით აღფრთოვანებული ხართ, თუკი მის შესახებ მეგობრებს განუწყვეტლივ ესაუბრებით. ერთი სული გაქვთ, როდის წახვალთ დილით სამსახურში. გულში უკვე ნაცნობი სითბოც გეღვრებათ, როდესაც თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ, თუნდაც წვრილმან ამოცანას გადაჭრით. თუკი საკუთარი ბიზნესის კეთების სახალისო ნაწილი სადღაც გაქრა, მაგიდას მიუჯექით და ჩამოწერეთ ის მიზეზები, რის გამოც კომპანია დააარსეთ. რა მიზნები გქონდათ თავიდან? მიაღწიეთ რომელიღაც მათგანს ან თუნდაც მიუახლოვდით მათ?

ხალხი თქვენზე ლაპარაკობს

თუკი თქვენი მთავარი იდეა კარგია და მარკეტინგული თვალსაზრისითაც კარგადაა "შეფუთული", ხალხი მის შესახებ ილაპარაკებს. დააკვირდით სოციალურ მედიაში მიმდინარე დიალოგებს. თუ კვირაში ასობით პოსტის დაწერა არ გიწევთ მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების დასაგროვებლად, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიგდით.

მომხმარებლებმა, კლიენტებმა და თაყვანისმცემლებმა შესაძლოა თქვენს ბრენდზე ხმის ამოუღებლად, მაისურის ჩაცმით, სტიკერით და თქვენი ლოგოთი, ან სლოგანით გაფორმებული პინით "ისაუბრონ". თუ მათ სურვილი უჩნდებათ საკუთარ მეგობრებს პირველებმა აუწყონ "დიდი სიახლის" შესახებ, ესე იგი შესაძლოა თქვენი ბიზნესიც სწორედ ეს დიდი სიახლეა.

თქვენი მოგების ფონზე გაწეული ზედდებული ხარჯები გონივრულად მოჩანს

თავდაპირველად დომენებისთვის, ლოგოს დიზაინის, პროდუქტის პროტოტიპისა და სტარტაპისთვის საჭირო სხვა საწყისი ხარჯებისთვის თანხები შეიძლება დაგენანოთ კიდეც. ჯიბე თანდათან გითხელდებათ და ხშირად ფიქრობთ, ოდესმე თუ მაინც დაგიბრუნდებათ დაბანდებული ფული. იმისათვის, რომ მომგებიანი გახდეს, ბიზნესს ხშირად 12-იდან 36 თვემდე დრო სჭირდება და თუკი ამ დროის განმავლობაში ან მის ბოლოს თქვენი განკარგვადი შემოსავალი იზრდება, სწორ გზაზე დგახართ. კომპანიის ფინანსები ფრთხილად აღრიცხეთ. როდესაც თქვენი სესხები და ზედდებული ხარჯები შემაშფოთებლად არ გამოიყურება, თქვენი საქმე კარგად მიდის.

თუკი ჩადებული კაპიტალის ამოღების დროის შემცირება გსურთ, გახსოვდეთ, რომ კარგი ბრენდინგი დიდხანს გაგყვებათ. ჩემი ძმა და ბიზნესპარტნიორი – მეთიუ, და მე, სულ რამდენიმე კვირაში მომგებიანი კომპანიის პატრონები გავხდით, როდესაც ნასესხები ფულით, კარგი დიზაინით, გამორჩეული სავიზიტო ბარათების, რეკლამის დამკვეთებისთვის ცნობარებისა და ვებგვერდების დამზადება დავიწყეთ.

თუ ინოვაციური პროდუქციის გასაყიდად ემზადებით, ისეთ გვერდებს შეავლეთ თვალი, როგორებიცაა Kickstarter და Indiegogo. ნიადაგი მოსინჯეთ და შედარებისა და კვლევის დახმარებით მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტი შესთავაზეთ. დაბოლოს: ყოველთვის შეეცადეთ დაბალი ფასი შეინარჩუნოთ. Fiverr-ისა და Upwork-ის მსგავსი ვებგვერდები შედარებით დაბალანაზღაურებადი ფრილანსერების მოძებნაში დაგეხმარებიან.

თუ ცვლილებებთან ადაპტირება შეგიძლიათ, ან გსურთ

წარმატებულ ანტრეპრენერებს ესმით, რომ ბიზნესის სამყარო თხევად მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებას ჰგავს. იგივე ეხება იმ სფეროებს, რომლებშიც მათი პროდუქცია და სერვისებია "მოთავსებული". ნებისმიერი ბიზნესი, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა, დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს. და ვინც ცვლილებას გაურბის, მომხმარებლებზე შთაბეჭდილების მოხდენისა და ხანგრძლივი დიდების მოხვეჭის შესაძლებლობებზე უარს საკუთარ თავს ეუბნება.

მაგალითად, საქმიანობის მრავალ სფეროში ციფრული რევოლუცია მიმდინარეობს. მაგალითად, საგამომცემლო საქმიანობაში – ეს საავტორო გამომცემლობისა და ელექტრონული წიგნის განვითარების გზით ხდება. განათლებაში კომპიუტერიზებული მათემატიკისა და კითხვის პროგრამები მკვიდრდება, ხელოვნება კი გრაფიკული დიზაინითა და სხვა სიახლეებით ივსება. დიდი საგამომცემლო სახლები, რომლებიც ტრადიციულ გამოცემებთან ერთად ელექტრონულ წიგნებს არ უშვებენ, და მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს მეცადინეობის დროს კომპიუტერისა და ტაბლეტების გამოყენებას უშლიან, რეტროგრადებად მიიჩნევიან. ნათელია, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზას მაშინ ადგახართ, როცა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებებს ფეხს უწყობთ.

მზაობა კრიტიკის მისაღებად

ვერცერთი ანტრეპრენერი ვერ გაიზრდება, ვერც საკუთარ ბიზნესს გააფართოებს, თუკი კრიტიკას უფასო რჩევად არ აღიქვამს. უკუკავშირს ხანდახან უსიამოვნო ფორმა აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში იმ სფეროზე მიგვითითებს, რომელიც დასახვეწი გვაქვს. თუკი კრიტიკის მიღება და მისი დადებითად გამოყენება შეგიძლიათ, იმ ბიზნესმენებზე ბევრად წინ ხართ, ვისაც ამის უნარი არ გააჩნია. იქონიეთ "სქელი კანი", მოიშორეთ უსარგებლო აზრები და შეითვისეთ რჩევები, რომლებიც თქვენი ბიზნესის დასახვეწად გამოგადგებათ.

შეცდომებიდან სწავლობთ

წარმატებული ადამიანები უშეცდომოები არ გეგონოთ. ისინი, უბრალოდ, საკუთარი შეცდომებიდან სწავლობენ. მათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა სწორედ იმდენად შეუძლიათ, რამდენადაც კრიტიკის მიღება. ისევე, როგორც კრიტიკა, შეცდომები შენიღბული გაკვეთილებია. იმის ნაცვლად, რომ მარცხით გამოწვეულ განცდებში გადაეშვათ, შეეცადეთ მისგან გაკვეთილი გამოიტანოთ: რისი გაკეთება შეგეძლოთ უკეთ? რომელი პრობლემის თავიდან არიდება გამოგივიდოდათ?

გახსოვდეთ: ყველა შესაძლო შეცდომის დაშვების დრო არ გაგაჩნიათ. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ, გარშემო არსებულიდან ისწავლოთ – გამოცდილებიდან, რომელიც თქვენს ბიზნესს საერთოდ არაფერი დაუჯდება. ურთიერთობა დაამყარეთ კოლეგებთან და ის საკითხები განიხილეთ, რომელთაც ისინი სხვაგვარად მოაგვარებდნენ. თუკი დაშვებული შეცდომებიდან გაკვეთილს იღებთ, ესე იგი წარმატების გზას ადგახართ.

მადლიერი ხართ იმისთვის, რაც გაქვთ, მაგრამ მეტი გსურთ

საკუთარი პროგრესით კმაყოფილი ვერასოდეს იქნებით, თუკი არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. საწყის ეტაპზე დარწმუნდით, რომ კარგად განასხვავებთ იმ რესურსებს, რომლებიც უკვე გაქვთ, მათგან, რომელთა მოზიდვაც გსურთ. საკუთარ თავს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანგარიში ჩააბარეთ – ასე მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმ გამარჯვებებს, რომელთა მოსაპოვებლად ბევრი იმუშავეთ.

მადლიერება იმისადმი, რაც უკვე გაქვთ, არა მხოლოდ თქვენ და თქვენს კომპანიას მუხტავს დადებითი ენერგიით, არამედ საშუალებას გაძლევთ, საკითხები პერსპექტივაში დაინახოთ, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ.

არაფერს ნანობთ

ანტრეპრენერულ სამყაროში როცა გადაეშვით, სავარაუდოდ, აცნობიერებდით, რომ ამ სფეროში აღმასვლა და ვარდნა ერთმანეთს ხშირად ენაცვლება. მეტი შანსია წარმატებისთვის ჯილდო მოიმკათ, თუკი გააცნობიერებთ – მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყებამ ბევრი სირთულე მოგიტანათ, თქვენს განსაკუთრებულ სფეროში საქმიანობის დაწყებას მაინც არ ნანობთ. ადამიანებს, რომლებიც ნამდვილ ანტრეპრენერებად იბადებიან, თავიანთ საქმეში დიდი შრომის დაბანდება უყვართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორია შედეგი. კომპანიის დაფუძნებისთვის საჭირო ვნება და ენერგია სრულიად საკმარისი მიზეზია, რომ გარემოებების მიუხედავად, წინ იმოძრაოთ.

ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ, "ცოდნა" – ათასობით ანტრეპრენერს, ვისი ბიზნესიც ამ 8 ნიშნიდან ერთით მაინც ხასიათდება, მომავალში საკუთარ ბრწყინვალე წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია