Get All Access for $5/mo

ამერიკელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ევანგელისტებს შორის ინტერვიუ კოლინ დონოჰიუსთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

რა ნიშნავს იყო პიროვნება, რომელსაც უზღვავი ენერგია და დაუშრეტელი ენთუზიაზმი აქვს

კოლინი ისე გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში, რომ ამ ქვეყანაში ადრე არასოდეს იყო ნამყოფი. მეუღლემ გასული საუკუნის 90-იანი წლების ისტორიები უამბო და ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ ნამდვილად აღტაცებული დარჩა იმით, რაც აქ დახვდა.

"არასოდეს ვყოფილვარ ქვეყანაში, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მაჩვენებელი აქვს და ამავე დროს, ასეთი უსაფრთხოა. უცხოელისთვის, რომელიც ამერიკელ კლიენტებთან მუშაობს, ეს წარმოუდგენელი თავისუფლებაა. აქ ყველაფერი ნაკლები ღირს შეერთებულ შტატებთან შედარებით. ამავე დროს, ყველაფერი გასაოცარია და გაცილებით საინტერესო. შენი თვალით ხედავ, რომ ახალ პროექტებზე მუშაობა არ წყდება. რამდენიმე წელიწადი გადის და გარშემო სრულიად ახალი ობიექტები ჩნდება − "ფაბრიკა" იქნება ეს, "ტექნოპარკი", "8000 მოსავალი" თუ "ღვინის ქარხანა". შეერთებულ შტატებში, ჩემი ქალაქი როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ისეთია დღესაც, არ იცვლება. თბილისში კი ცხოვრება დუღს, სულ ახალი და ახალი ჩნდება და ხდება. აქ იმდენად დაბალი ფასებია, რომ შემიძლია ჩემს თავს მივცე უფლება, მოხალისის როლში მეც ბევრი რამ გავაკეთო, საკუთარიც შევქმნა, რომ ამ ყველაფერს კიდევ რაღაც შევმატო".

როდესაც კოლინი პირველად ჩამოვიდა, მხოლოდ ორ წელიწადს გეგმავდა დარჩენას, როგორც მისი მეუღლის მასკის პროგრამა მოითხოვდა, და შემდეგ ისევ შეერთებულ შტატებში უნდა დაბრუნებულიყო. ის დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველამ რაღაც დადებითი უნდა გააკეთოს. მისი სურვილია, აქედან წასვლამდე ისეთი საჩუქარი დატოვოს საქართველოსთვის, რომ მისი წვლილით რაღაცის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
"პირველად სამთავრობო პროექტებს გავეცანი, Startup Grind-ით დავიწყე, მაგრამ ჩემთვის, სტარტაპ ეკოსისტემის ცენტრს თავად სტარტაპების დამფუძნებლები წარმოადგენენ. ეკოსისტემის მმართველი ძალა მთავრობა და დონორები კი არა, ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და ნულიდან ქმნიან მზარდ კომპანიებს".

ბევრ ადამიანთან, სტარტაპთან თუ ეკოსისტემის მოთამაშესთან დაამყარა ურთიერთობა, რის საფუძველზეც საკუთარი წარმოდგენა შეექმნა საქართველოს შესახებ, ასევე იმ დაბრკოლებებსა და პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას აქვს.

"საკმაოდ გონიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ვიცი, რაიმე რომ შეცვალო, აუცილებლად უნდა უსმინო სხვებს და მათგან ისწავლო. იდეები და სტრატეგიები ადამიანებისგან უნდა მოდიოდეს, რომლებიც ყველაზე ღრმად ერკვევიან ამ გარემოსა და მის პრობლემებში. თუ რაიმე კარგად გამომდის, ეს იმის დამსახურებაა, რომ კარგი ადამიანები შემხვდა, ვისაც მოვუსმინე და სწორი დასკვნები გამოვიტანე".

ქართული სტარტაპ ეკოსისტემის პირველი შეკრების ინიციატივა

კოლინს მიაჩნია, რომ ამ სფეროში გადამწყვეტი მომენტი, სტარტაპ ეკოსისტემის გასვლითი, ორდღიანი სემინარი იყო, რომელშიც ეკოსისტემის 30-მა აქტიურმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კოლინმა ამ ღონისძიებას მოხალისის რანგში გაუკეთა ორგანიზება, ფონდმა "კრისტალმა" კი მონაწილეობის ხარჯები დაფარა. მონაწილეთა უმრავლესობა სტარტაპდამფუძნებლები იყვნენ, კიდევ რამდენიმე − ეკოსისტემის წარმომადგენელი.

"ამ სემინარზე განსაკუთრებული ის იყო, რომ მნიშვნელოვან კონსენსუსს მივაღწიეთ ერთ საკითხში. კერძოდ, თუ სად იმყოფებოდა ეკოსისტემა და სინამდვილეში, სად უნდა ყოფილიყო. ამან მიბიძგა უფრო მეტი გამეკეთებინა, პერსპექტიულ სტარტაპებს მეტად დავხმარებოდი წარმატების მიღწევაში, რომ ისინი სხვებისთვისაც გამხდარიყვნენ შთაგონების წყარო".

ქართული წარმატებული სტარტაპის შექმნის აქტიური მცდელობა

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი წარმატება Pulsar AI-სთანაა დაკავშირებული. "ვცდილობდი დამედგინა, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს რა წარმატებები ჰქონდათ და ჯორჯ არისონი (ირაკლი აბაშიძე) ვიპოვე. არისონის გაცნობა მის ერთ-ერთ ინვესტორს ვთხოვე. იგი სადილზე მოსვლას დათანხმდა, რომელიც ჩვენს Startup Grind Global-ში მოყვანილი სტარტაპებისთვის გვქონდა ორგანიზებული". გიორგი ტუხაშვილმა Pulsar AI-ის რვაკაციან დელეგაციაში მოხვედრას შეუწყო ხელი, რომელიც საქართველოდან სილიკონის ველზე მიემგზავრებოდა. გიომ და კოლინმა "დინამიკურმა დუეტმა" Pulsar და არისონი ერთმანეთს წარუდგინეს და ამით დაიწყო მოვლენათა მთელი ჯაჭვი, რომელიც შესაძლოა, ქართული სტარტაპის წარმატების პირველ ისტორიად იქცეს.

"თქვენ საოცნებო გუნდი გყავთ Pulsar-ში, რომელიც საუკეთესოა. უძლიერესი და კარგი რეპუტაციაც აქვს, და ჯორჯმა $300 მილიონზე მეტი მოიზიდა, ბევრ ვენჩურულ კაპიტალისტს იცნობს და საავტომობილო ვერტიკალთანაც აქვს დიდი კავშირები. ვამაყობთ, რომ ისინი ერთმანეთს გავაცანით. Pulsar-ის აღმასრულებელი დირექტორი სან-ფრანცისკოში გადავიდა, რათა კომპანიის ზრდაზე ადგილზე იმუშაოს. განვითარების საკითხებზე სამუშაოები კვლავ საქართველოში რჩება და ჩანს, რაღაც ძალიან ფასეულში გადაიზრდება".

დონოჰიუ ორიოდ სიტყვას ამბობს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს, როდესაც მოხალისე ხარ. "ჩემი და გიოს დასაფინანსებლად ბევრი ფული იქნებოდა საჭირო, მაგრამ რადგან არც დონორებზე ვიყავით დამოკიდებული და არც კორპორაციებზე, წავედით და ეს საქმე გავაკეთეთ. არავინ გაიღებს ფინანსებს, მათ შორის ის კომპანიებიც, რომლებიც სტარტაპს თავიანთ საქმიანობაში იყენებენ. GITA-მ მოახერხა, რომ სტარტაპები წამოსულიყვნენ სილიკონის ველზე, მაგრამ ჩვენი დრო და მგზავრობა საკუთარი ჯიბიდან უნდა დაგვეფინანსებინა".
კოლინისთვის ამ მოხალისეობის სანაცვლოდ მიღებული ჯილდო ის წარმატებაა, რომელიც ამ საქმით იქმნება. წლევანდელ ზაფხულს ჯორჯ არისონი Pulsar-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა და მათ ამერიკელი და ქართველი ინვესტორებისგან საწყისი ფინანსებიც მოიპოვეს. მიაჩნია, რომ Pulsar კარგი მაგალითია ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა იგი Unicorn კომპანია.

ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხარვეზების აღმოფხვრის აქტიური მცდელობა

დონოჰიუს აქტიური ძალისხმევით, პოტენციური კერძო ინვესტორები ესწრებიან შეხვედრებს, რომელიც სტარტაპის ინვესტირების საკითხებში საფუძვლიანად გარკვევაში ეხმარებათ.

სტარტაპ სფეროში, კერძო ინვესტირებისადმი მიდგომა და მასზე შეხედულება განსხვავებულია იმ ტიპური სამშენებლო პროექტებისგან, რომლებიც ასე ხშირია ქართველ ინვესტორთათვის. "ერთ ძალიან მდიდარ ქართულ ჯგუფთან ერთად პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. ისინი აცხადებდნენ, რომ სტარტაპებში სურდათ ინვესტირება, მაგრამ ამას სრულიად არასწორად აკეთებდნენ, მოლოდინი იყო სრულიად შეუსაბამო. ისინი კითხულობდნენ, ინვესტირების შემთხვევაში, რამდენ "კვერცხს" მიიღებდნენ თვეში. ვცდილობდი ამეხსნა, რომ "მოზვერზე" იყო საუბარი, მისგან კვერცხს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ბოლოს, როდესაც ბაზარზე გაიტანდნენ, ყველა კარგად მიირთმევდა და კმაყოფილიც დარჩებოდა. ეს არის განსხვავება შემოსავალსა (ადგილობრივი მოდელი) და აქტივების ზრდის სიჩქარეს შორის. თუ სტარტაპისგან იღებთ შემოსავალს, ეს სავარაუდოდ, სტარტაპი არ არის, ან რაღაცას არასწორად აკეთებთ. თუ ეს რეალური სტარტაპია (ზრდის მაღალი ტემპით, მასშტაბების გაზრდის უნარით, და ა.შ.), თქვენ პირველ ეტაპზე მხოლოდ იქით უნდა განახორციელოთ ინვესტირება მის ზრდაში. მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება მართლაც კარგია, მაგრამ ისინი სტრატაპები არ არიან".

"სიამოვნებით გავუწიე ორგანიზება კერძო ინვესტორებისთვის საჩვენებელ პროექტს, სადაც ჩვენ სულ რამდენიმე ადამიანი გვყავდა, რომლებმაც სრულიად მოკრძალებული თანხები დააბანდეს სტარტაპში. ხშირად, ქართველ ინვესტორებს სურთ, ერთადერთი ინვესტორები იყვნენ და სანაცვლოდ, დიდი რაოდენობით აქციები მიიღონ. ამგვარი მიდგომა განწირულია წარუმატებლობისთვის. კერძო ინვესტორთა მიზანი კარგი კომპანიების მოძებნა და მოკრძალებული წილის მიღება უნდა იყოს იმ წამოწყებებისგან, რომლებსაც ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ. საუკეთესო პრაქტიკა მცირე ინვესტიციების ჩადებაა უფრო მეტ კომპანიაში, ვიდრე მეტისმეტად ბევრისა ერთში. გათვლა არ გაამართლებს, თუ მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე დადებთ ძალიან დიდ ფსონს".

კოლინს ზუსტი პასუხი არ აქვს შეკითხვაზე, თუ რამდენ ხანს დარჩება საქართველოში. "ამ ეტაპზე საქართველოში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მაგრამ აშშ-ში ხანდაზმული მშობლები მყავს, უნდა დავბრუნდე, რომ გარკვეულ ეტაპზე მათზე ვიზრუნო. როდესაც წავალ, დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები ან გავაგრძელებ ამ ადამიანების დახმარებას, თუ ისინი აშშ-ში ჩამოვლენ!"

"აქ ყოფნა უზომოდ საინტერესოა, და აქ, მართლაც რამდენიმე გასაოცარი ადამიანია, რომლებსაც მინდა წარმატების მიღწევაში დავეხმარო. შეერთებულ შტატებში კონსალტინგის ბიზნესი მქონდა და ამ საქმეს ჩამოვცილდი. ახლა უნდა მოვიფიქრო, როგორ ვირჩინო იქ თავი, მაგრამ იმედი მაქვს, შემდგომ ახალ საქმიანობაში სტარტაპების მხარდაჭერაც იქნება".

საქართველოს სტარტაპების გლობალურ რუკაზე პოზიციონირებაში დახმარება

ამჟამად, კოლინი და მისი გუნდი ამბიციურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც მათი აზრით, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. მიმდინარე წლის ნოემბერში ისინი თბილისში Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობენ, რომელშიც საერთაშორისო სტარტაპები, ინვესტორები და ეკოსისტემის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნიდან − აღმოსავლეთ ევროპით დაწყებული, ცენტრალური აზიის რეგიონით დამთავრებული. გუნდის მიზანია Startup Grind Europe-Asia Connect-ის საშუალებით, ყველაზე მასშტაბური Startup Grind კონფერენცია ჩაატარონ, რომელიც თავისი მასშტაბით იქნება მესამე სილიკონის ველისა და ლონდონის ღონისძიებების შემდეგ.

"გულწრფელად რომ ვთქვა, დიდი ღონისძიებები არ მიყვარს. 30 კარგ ადამიანთან ერთად მირჩევნია ერთ ოთახში ყოფნა და ერთმანეთისგან რაიმეს სწავლა, ვიდრე 3000-თან ერთად, რომლებიც თეატრში ერთიმეორის მიყოლებით სხედან. მაგრამ ამ ღონისძიებას იმისათვის ვაკეთებთ, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხდეს სტარტაპების გლობალურ რუკაზე. ნამდვილად მჯერა, რომ შეიძლება საქართველო იმ სტარტაპებისთვის გახდეს სასურველი ადგილი, რომლებსაც თავიანთი კომპანიის განვითარებისთვის კარგი და არცთუ ძვირადღირებული ადგილის მოძებნა სურთ. სილიკონის ველი საოცარი ადგილია, მაგრამ ინსტრუმენტებმა, რომლებიც ტექნოლოგიურმა საზოგადოებამ შექმნა, ადამიანებს საშუალება მისცა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დააარსონ კომპანია. რატომ უნდა იცხოვროთ სან-ფრანცისკოში, სადაც წელიწადში $200,000-იც კი არ არის საკმარისი ოჯახის შესანახად, როდესაც ამისი მცირე ნაწილით დიდებულად შეძლებთ თბილისში ცხოვრებას". დონოჰიუს იმედი აქვს, რომ საქართველო შეძლებს ამ კონფერენციის გამოიყენებას ქვეყნის გლობალური პროპაგანდისთვის, მთელი მსოფლიოდან ნიჭიერი ადამიანებისა და ინვესტორების მოსაზიდად.

"ჩემს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ვარ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც კარგი საქმის გაკეთება სურდა და გაკეთება კიდეც. არ დავიწყეთ დონორის, მთავრობის ან სპონსორის ლოდინი. Startup Grind თვითონაც სტარტაპი იყო. ჩვენ ბევრი ვცადეთ, უამრავი დრო და საკუთარი ფული ჩავდეთ, რომ რაღაც გამოგვსვლოდა. სხვებსაც იმავეს ვეტყოდი − ნურავის დაელოდებით; უბრალოდ დაიწყეთ და ნახეთ, რა გამოვა".
დაბოლოს, კოლინი აღნიშნავს: "ჩემი ცხოვრება ნამდვილად გაამდიდრა იმ გასაოცარ ადამიანებთან ურთიერთობამ, რომლებთანაც აქ მომიწია მუშაობა. აქ უკეთესი ადამიანების გვერდით ვმუშაობ, ვიდრე შეერთებულ შტატებში წარმომედგინა. გიო ტუხაშვილს (ჩემი თანადირექტორი Startup Grind-ში და თანადამფუძნებელი Winefinder-ში) და მე ერთი ძველი ხუმრობა გვაქვს − ჩვენ პატარა საქმეებს ვაკეთებდით, რომლებიც დიდ შესაძლებლობებად იქცა. საკუთარ თავს ხშირად ვეუბნებოდით: "კარგია, რა სწრაფად დაიძრა". რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ იმუშავებს, როგორც იმედოვნებდით და პრობლემებიც მრავლად იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის კეთებას იწყებთ და კარგ ადამიანებს მოიზიდავთ, აუცილებლად გამოვა".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი