Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერი VS მეწარმე ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

მე ანტრეპრენერი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია გავარკვიო, რას ემსახურება ჩემი კომპანია. რა იდეას ემსახურება იგი და რა მისია აქვს.

დიახ, ჩვენ, როცა ვიბადებით, უკვე გვაქვს მისია − ერთმანეთი უნდა გავაბედნიეროთ, თუმცა ამას ხშირად არ, ან ვერ ვახერხებთ. მოზრდილები კი თავად ვირჩევთ საკუთარ მისიას, ხოლო ზოგჯერ ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის საკუთარი მისიის შესახებ... ამ საკითხს ახლა არ განვავრცობ და მთავარ თემას დავუბრუნდები. ვიდრე საკუთარ საქმეს დავიწყებდი, ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, ხარისხიანად და ზედმიწევნით კარგად შემესრულებინა დაკისრებული მოვალეობა.

მას შემდეგ, რაც საკუთარი სტარტაპი მაქვს, "ხარისხიანად" და "კარგად" საქმის შესრულების კრიტერიუმები არ მაკმაყოფილებს. სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ მომხმარებლებზე ვფიქრობ და იმ ცხოველებზე, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

ჰო, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემს სტარტაპს "კატიანი და მეგობრები" ჰქვია და მისი არსებობა მნიშვნელოვანია ცხოველების მოყვარული საზოგადოებისთვის, მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივად გადაქცევისთვის.

დიახ, მე არ ვფიქრობ ფულის შოვნაზე, ბევრი ფულის შოვნაზე და უფრო ბევრი ფულის შოვნაზე. მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ეს სტარტაპი მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ იმ ცხოველებზე, რომელთა უზომო სიყვარულმაც შემაქმნევინა ეს სტარტაპი. შექმნის პროცესში ვსწავლობდი და ვიგებდი თანდათან და არა მანამდე, ახლაც ვსწავლობ და ვიგებ. წინასწარ არაფერი ვიცოდი. ეს იყო და ჯერ ისევ არის ერთგვარი ექსპერიმენტი... რადგან ანტრეპრენერული სტარტაპი არის საქმე, ბიზნესი − როგორც გენებოთ ისე უწოდეთ, რომელიც სრული განუსაზღვრელობის პირობებში ქმნის ახალ პროდუქტსა თუ სერვისს.

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე.


ვის შეიძლება ვუწოდოთ მეწარმე?

მეწარმეები ორგანიზაციული პოლიტიკისა და ურთიერთობების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ მშვენივრად იციან როგორ შექმნან შემოსავალი, როგორ აკონტროლონ ზარალი, როგორ დაიცვან ექსპერიმენტული ჯგუფები კორპორაციის ზემოქმედებისგან. მათ იციან, რაში დააბანდონ ფული და როგორ იშოვონ ფული, მეტი ფული და კიდევ უფრო მეტი ფული.

თავისთავად, მეწარმეობა ძალიან კარგია, რადგან მეწარმეები ქმნიან დიდ კორპორაციებს და ასაქმებენ უამრავ ადამიანს. ამასვე აკეთებენ ანტრეპრენერებიც.

დროის მანქანა არ გვაქვს, მაგრამ ნება მიბოძეთ 2004 წელში დაგაბრუნოთ. სწორედ ამ დროს, სამმა მეორეკურსელმა სტუდენტმა სილიკონის ველზე ახალი სოციალური ქსელის პროექტი შექმნა. იმ დროისთვის ქსელი სულ რამდენიმე კამპუსს მოიცავდა. ის არც ბაზრის ლიდერი იყო და არც სტუდენტებისთვის განკუთვნილი პირველი სოციალური ქსელი. უკვე არსებობდა სხვა ქსელები, რომლებსაც ბევრად მეტი ფუნქცია ჰქონდა.


ახალ ქსელს სულ რაღაც 150 000 რეგისტრირებული ჰყავდა და ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა. ამის მიუხედავად, იმავე წლის ზაფხულში ახალგაზრდებმა პირველი ვენჩურული კაპიტალი მოიზიდეს, რომელიც 500 000 დოლარს შეადგენდა. დაახლოებით ერთ წელიწადში კი დამატებით 12, 7 მილიონი დოლარი მიიღეს.

დიახ, მარკ ცუკერბერგზე, დასტინ მოსკოვიცზე, კრის ჰიუზიზე და მათ ქსელზე − ფეისბუქზე გესაუბრებით. მაგალითების მოყვანა კიდევ ბევრის შეიძლება და ჩვენ ირგვლივ საკმარისია მივიხედ-მოვიხედოთ, რომ განსაკუთრებულ ანტრეპრენერულ ხასიათებსა და მიდგომებს ამოვიცნობთ.

მოდი, ასე ვთქვათ: ანტრეპრენერი არ ქმნის მხოლოდ პროდუქტს, ან ტექნოლოგიურ საოცრებას, ან ბრწყინვალე იდეას, ან ველოსიპედს თავიდან. ანტრეპრენერი უფრო მეტად ამ ყველაფრის ნაზავია. ყოველივე ამის ერთობლიობაა და ზედ დამატებული − ინოვაციური მიდგომა.

საჭიროა სიტყვა "ინოვაციის" ფართოდ გააზრებაც. ინოვაცია შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერულ აღმოჩენას, არსებული ტექნოლოგიის ახლებურ გამოყენებას, ახალ ბიზნესმოდელს, რომელიც ფარდას ახდის დამალულ ფასეულობებს, ან უბრალოდ მომხმარებლებთან განსხვავებულ კომუნიკაციას. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, კომპანიის წარმატებას საფუძვლად უდევს ინოვაცია.

ჩემი მეზობელია ერთი, ბონდო ჰქვია. უბნის მაღაზია აქვს გახსნილი. ბონდო ყოველ დილით, შვიდის ნახევარზე აღებს მაღაზიას და იწყებს მომხმარებლების მომსახურებას. ბონდო არაფრის შეცვლას არ ცდილობს. ის უბრალოდ დგება, იცვამს ტანსაცმელს, იხეხავს კბილს, ან არ იხეხავს, და ხსნის მაღაზიას. ღამის თორმეტზე კეტავს. ზამთარში ათზეც. ბონდოსთვის იმდენად უმნიშვნელოა გარშემო ყველაფერი, რომ მაღაზიის წინ ურნასაც კი არ დგამს, რომ სიგარეტის კოლოფზე შემოხსნილი ცელოფნები ჩაყარონ მყიდველებმა. და არის ასე მიმოფანტული ხოლმე.

ბონდო მეწარმეა. ის არ ფიქრობს გარემოს შეცვლაზე. მისთვის სულერთია საკუთარი მაღაზიის წინ ურნა იდგება თუ სიგრეტის ნამწვები ეყრება. ვინაიდან ის არაფრის შეცვლას არ ცდილობს ირგვლივ, ამიტომ ბონდო ჩვეულებრივი მეწარმეა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეწარმისთვის სულერთია ყველაფერი. სხვანაირი, უფრო მოწესრიგებული მეწარმეებიც არსებობენ. უბრალოდ, ეს მაგალითი მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე, რათა განსხვავება დავინახოთ ანტრეპრენერსა და მეწარმეს შორის.

ზოგადად, ბევრს ვფიქრობ უცხოურ სიტყვებზე, რომლებიც დამკვიდრებულია ჩვენთან. ყოველდღიურ საუბარში შესაძლოა ბევრი უცხო სიტყვა გამოვიყენოთ მეგობრებთან დიალოგისას, თუმცა ვისწავლე საკუთარი საუბრის მოსმენა და ჩემი თავის კონტროლი.

თანაც ჩემი მეგობარი, გოგა ჩანადირი, რომელიც ყველაზე მაგარი ქომაგია ქართული ენის, შეიძლება გამებუტოს, თუკი რომელიღაც არაქართული სიტყვა წამომცდება. მაგრამ არსებობს სიტყვები, რომლებსაც უბრალოდ არ გააჩნია ქართული შესატყვისი. არ გააჩნია და მორჩა. წერტილი. თუმცა წერტილამდე კიდევ იმას გეტყვით, რომ ამ სიტყვის ქართული შესატყვისის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებდით მას, რადგან არანაკლებ სხვებისა გვიყვარს ჩვენი მშობლიური ენა.

აქვე აუცილებლად ვახსენებ იმას, რომ კერძო დასახელებები არ ითარგმნება. მაგალითად "ვიქტორიას საიდუმლოს" ვერ დავაწერთ Victoria's Secret-ს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითია მსგავსი. გარდა ამისა, ენა ცოცხალი ორგანიზმია და ის ჩვეულებრივ იმკვიდრებს უცხო სიტყვებს. და ენის გამდიდრებისთვის ახალი სიტყვების დამკვიდრება სულაც არ არის რომელიღაც უარყოფითი მოვლენა.

P.S.: სიტყვას ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. სიტყვის ძალა ჩემთვის "ცხენის ძალასთან" ასოცირდება. თავად ამ ტერმინის დამკვიდრებას ჯეიმს ბატს უნდა ვუმადლოდეთ.

ჯეიმს ბატი ჩემთვის ანტრეპრენერია. დიახ, იგი ნახშირის საბადოებზე მომუშავე ცხენებს აკვირდებოდა. აწონა ნახშირი, რომელსაც ცხენი ეზიდებოდა, დაინიშნა დრო, გაამრავლა და გამოიყვანა ცხენის ძალა. აღმოჩნდა რომ ერთი ცხენი საშუალოდ 150 კგ. ნახშირს ეზიდებოდა 30 მეტრზე ერთ წუთში. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოვლენას ჯეიმსმა სხვაგვარად შეხედა. რა, მანამდე არ არსებობდნენ ნახშირის საბადოებზე მომუშავე ცხენები? მაგრამ რატომღაც მხოლოდ ჯეიმსმა შეძლო "ცხენის ძალის" გამოთვლა. მან შეცვალა. მან დაამკვიდრა. მან ახალი შექმნა არსებული მოვლენიდან. ამიტომ ანტრეპრენერი ვერასოდეს იქნება მეწარმე.

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.
სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი