ანტრეპრენერული გაკვეთილები ჯეფ ბეზოსისგან ყოველი წამოწყებული საქმის უკან იმალება მთავარი "დამნაშავე" – ინსპირაცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყოველი წამოწყებული საქმის უკან იმალება მთავარი "დამნაშავე" – ინსპირაცია. ჩვენზე შთაბეჭდილებები შეიძლება მოახდინონ როგორც პიროვნებებმა, ისე შემთხვევებმა. თითქოს ველით, როდის გამოჩნდება "სასწაული", რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. დღესდღეობით, უამრავი წარმატებული ადამიანი საუბრობს, თუ ვინ ან რა გახდა მათი შთაგონების წყარო. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა ანტრეპრენერებისთვის. ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი და სხვა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჯეფ ბეზოსი – Amazon.com-ის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც კომპანიის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. თუკი გავიხსენებთ იმას, რომ Amazon-ი წლების წინ წიგნების პატარა მაღაზია იყო, ხოლო ახლა მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო სივრცეა, მაშინ მივხვდებით, რომ მის მფლობელს აშკარად ეთქმის სიტყვა ბიზნესსამყაროში.
ჯეფ ბეზოსი იმ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება. იგი რჩევების გაცემისგან თავს არასოდეს იკავებს და ცდილობს, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებები ახალგაზრდა სტარტაპერებში უხვად დაარიგოს.
მაშ ასე, კომფორტულად მოკალათდით სავარძლებში და გაეცანით მსოფლიო დონის ამერიკელი ანტრეპრენერის რჩევებს.
მაშინ, როცა კომპანიები კონკურენტებზე ფოკუსირდებიან, ჯეფ ბეზოსს მიაჩნია, რომ ეს სარგებლისმომტანი არაა. იგი ახალგაზრდა ანტრეპრენერებს ურჩევს, მთელი ყურადღება მომხმარებლებზე გადაიტანონ. ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა, პირდაპირ ასახავს მისეულ განწყობებს: "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აკვიატებული ფოკუსირებაა მომხმარებლებზე. ჩვენი მიზანია, ვიყოთ სამყაროში პირველ ადგილზე მყოფი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მათზე". ბეზოსს მიაჩნია, რომ მისი კომპანიის წარმატების საიდუმლო მომხმარებლები არიან. სწორედ ამიტომ, მთელი რესურსის მათკენ გადამისამართებას ემხრობა.
Amazon-ის დამფუძნებელი მცირე ჯგუფების დიდი ქომაგია. ფიქრობს, რომ საქმე დიდ ჯგუფებში არ კეთდება – იქ, სადაც უამრავი ადამიანი ერთი კონკრეტული ამოცანის გადაჭრას ლამობს, ბეზოსის აზრით, ეფექტურობა ნულს აღწევს. ის, რასაც მმართველი პრაქტიკული გამოცდილებით მიხვდა, ფსიქოლოგიის კვლევის საგანი არაერთხელ გამხდარა. ამ სფეროს სპეციალისტებისთვის სოციალური გაზარმაცების ეფექტის შესწავლა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. კომპანიების ერთ-ერთი საზრუნავი ჯგუფების ისე დაკომპლექტებაა, რომ რაც შეიძლება მინიმალური რესურსით მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ.
ჯეფ ბეზოსი ისეთი მახასიათებლების ტარებას ითხოვს, რომლებიც თითქოს ერთმანეთის გამომრიცხველია.
შეიძლება თუ არა ადამიანი ერთდროულად იყოს როგორც ჯიუტი, ისე მოქნილი? მან ეს საკითხი შემდეგნაირად განმარტა: "თუკი ჯიუტი არ ხარ, ადვილად შეწყვეტ ექსპერიმენტების ჩატარებას, თუკი არ ხარ მოქნილი, აუცილებლად მოგიწევს კედელთან შეჯახება და ვერ შეძლებ პრობლემის სხვა მხრიდან დანახვას". მისი აზრით, ახალგაზრდა ანტრეპრენერის წარმატების გასაღები სწორედ ესაა: იცოდე, როდის იყო ჯიუტი, ხოლო როდის – მოქნილი.
მილიარდერი ფიქრობს, რომ დღესდღეობით, როცა სამყარო ინტერნეტმა მოიცვა, არ უნდა დაგვავიწყდეს უმთავრესი – ურთიერთობები ადამიანებთან. მისი აზრით, კავშირები არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი. ის, რომ მომხმარებლები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს – იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, მხოლოდ სარგებლის მოტანის კუთხით უნდა განვიხილოთ. ასევე, უნდა გავიაზროთ, რომ აუცილებელია გვქონდეს კარგი რეპუტაცია მომხმარებლებთან.
ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ თუკი ანტრეპრენერებს სურთ თავიანთი ბიზნესი განავითარონ, აუცილებლად უნდა ფოკუსირდნენ გრძელვადიან გეგმებზე. თავად ის, არასდროს ინტერესდება კომპანიის მოკლევადიანი ფინანსური ანგარიშებით, რადგან მთელ ყურადღებას მომავლის გეგმების დასახვასა და გაანალიზებას უთმობს.
Amazon-ის დამფუძნებელი ახალგაზრდა ანტრეპრენერებს მოუწოდებს, რომ იყვნენ თავდაჯერებულები და ჰქონდეთ საკუთარი ხედვისა და მიზნების რწმენა. ხშირად მიმართონ ექსპერიმენტებს, რადგან ეს აუცილებლად მოიტანს ინოვაციურ იდეებსა და ახალ გეგმებს.
ახლა, როცა საკმარისი საბაბი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მან მაქსიმუმი გააკეთა, ჯეფ ბეზოსი ამტკიცებს, რომ ფინიშამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მას სურს დაწეროს ისტორია და ურჩევს დამწყებებს, რომ მისდიონ მის ნაკვალევს. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ვენდოთ უდიდეს ანტრეპრენერს, რომელმაც თავისი წარმატების ფორმულა ერთ წინადადებაში გაგვიზიარა: "იშრომეთ, გაერთეთ და შექმენით ისტორია".